Orsuli.ge - ორსულობის დადგენა

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ორსულობის დადგენა

ორსულობის დადგენა შესაძლებელია ორსულობის ყველაზე ადრეულ ეტაპებზე, ვიდრე დადგება მოსალოდნელი მენსტრუალური სისხლდენის პირველი დღე და დაფიქსირდება მისი გადაცდენა, მხოლოდ ყველა ამ მეთოდს თავისი „აქილევსის ქუსლი“ აქვს, ეს მათი სიზუსტის ხარისხია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო ადრეულ ვადაზე ვცდილობთ ორსულობის დიაგნოსტირებას, მით უფრო მაღალია ალბათობა იმისა, რომ არ იყოს ზუსტი მიღებული მონაცემი.

ორსულობის დადგენა, ისევე როგორც თავად ორსულობის დადგომა, მჭიდროდ უკავშირდება მენსტრუალური ციკლის ფაზებს. ორსულობა იწყება მხოლოდ ოვულაციურ ფაზაში, ოვულაციამდე ორსულობა ვერ დადგება, რადგან მხოლოდ ამ ფაზის დადგომისას გამოდის კვერცხუჯრედი საკვერცხედან და მიემართება საშვილოსნოს მილში, სპერმატოზოიდი კი საკვერცხემდე ვერ აღწევს, მას შეუძლია მხოლოდ საშვილოსნოს მილამდე აძვრეს და აქ გაანაყოფიეროს კვერცხუჯრედი.

ოვულაცია იწყება მენსტრუალური ციკლის

მე-7 დღიდან (თუ ქალის მენსტრუალური ციკლი  21±2 დღეა),  

მე-9-11 დღიდან (თუ ქალის მენსტრუალური ციკლი  28±4 დღეა),

მე-14 დღიდან (თუ ქალის მენსტრუალური ციკლი  34±2 დღეა) და გრძელდება სულ 3 დღე.

კვერცხუჯრედის გამოსვლის პარალელურად ოვულაციის დროს ქალის ორგანიზმში სხვა ცვლილებებიც მიმდინარეობს - საშვილოსნოს ენდომეტრიუმი სქელდება და ფაშრდება, ფოლიკული, საიდანაც გამოვიდა კვერცხუჯრედი, გადაიქცევა ყვითელ სხეულად და გამოყოფს ჰორმონებს (პროგესტერონს), იმატებს ბაზალური ტემპერატურა.

ამ სამი დღის მოვლენათა ქრონოლოგია განსაზღვრავს იმას, დაიწყო თუ არა ორსულობა, ამიტომ ორსულობის დადგენის ადრეული მეთოდები ამ პერიოდის ცვლილებების დიაგნოსტიკაზეა დაფუძნებული.

ამის შემდგომ თუ ოვულაციის ფაზაში ორსულობა დადგა ანუ კვერცხუჯრედი განაყოფიერდა ქალის ორგანიზმში მოვლენების განვითარება აღარ ხდება ვიდრე განაყოფიერებული, უკვე მრავალუჯრედიანი ჩანასახი საშვილოსნოს კედელში არ დაიწყებს იმპლანტაციას, ამიტომ შემდგომი ცვლილებები, რომლითაც ასევე შეიძლება ორსულობის დიაგნოსტირება, უკავშირდება იმპლანტაციას, რომელიც განაყოფიერებიდან 8-10 დღეში ხდება.

იმპლანტაცია ხდება მენსტრუალური ციკლის

მე15-17 დღეს (თუ ქალის მენსტრუალური ციკლი  21±2 დღეა),  

მე-17-21 დღეს (თუ ქალის მენსტრუალური ციკლი  28±4 დღეა),

მე-22-24 დღეს (თუ ქალის მენსტრუალური ციკლი  34±2 დღეა).

 

ორსულობის დადგენის სამედიცინო მეთოდები

სამედიცინო მეთოდებით ორსულობის დადგენა მხოლოდ იმპლანტაციის შემდგომაა შესაძლებელი. იმპლანტაციამდე ბავშვის ორგანიზმი უშუალო შეხებაში არაა დედის ორგანიზმთან, ის „თავისთვის“ მოძრაობს საშვილოსნოს მილში ან ცურავს საშვილოსნოს ღრუში, ამიტომ მისი არსებობის შესახებ უტყუარი ინფორმაციის მიღება დედის ორგანიზმისგან შეუძლებელია მივიღოთ.

იმპლანტაციის შემდგომ კი დედის სისხლში და შარდში აღმოჩნდება ჩანასახის მიერ გამომუშავებული ჰორმონი - ქონიონული გონადოტროპინი. ამ ნივთიერების აღმოჩენაზეა დაფუძნებული ორსულობის დადგენის სამედიცინო მეთოდიკა.

სისხლის ანალიზი

ეს მეთოდი თითქმის 100% სიზუსტით ადგენს ორსულობას. ვენური სისხლი ანალიზისთვის ბარდება იმპლანტაციის მოსალოდნელი თარიღის დადგომიდან 48 საათში და შემდგომ. სისხლში ისაზღვრება ჰორმონის - ქორიონული გონადოტროპინის - არსებობა (თვისობრივი ანალიზი) და რაოდენობა. ანალიზის პასუხი 24 საათში ხდება ცნობილი. ჰორმონის აღმოჩენა სისხლში ნიშნავს ორსულობას, მისი რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით შესაძლებელია ორსულობის ვადის დადგენა.

შარდის ანალიზი

ეს მეთოდი მარტივია და სახლში შესაძლოა ჩატარდეს სულ 10 წუთში. ამ მეთოდითაც ისაზღვრება ჰორმონის - ქორიონული გონადოტროპინის - არსებობა (მხოლოდ თვისობრივი ანალიზი), მაგრამ ეს წინა მეთოდისგან განსხვავებით შარდში ხდება. ორსულობის ვადასთან ბმაში ვადის ზრდის პარალელურად იზრდება მეთოდის სიზუსტეც: იმპლანტაციის მოსალოდნელი თარიღიდან 48 საათში მეთოდის სიზუსტე - 25%-ია, მე-6 დღეს (ანუ მოსალოდნელ მენსტრუაციამდე 4 დღით ადრე) – 40%, მე-8-10 დღეს (ანუ მოსალოდნელი მენსტრუაციის დღეს) – 90%. სიზუსტის 100% მიიღწევა იმპლანტაციიდან მე-21 დღეს ანუ მენსტრუაციის გადაცდენიდანდაახლოვებით ერთ კვირაში.

ბაზალური ტემპერატურის მონიტორინგი

ამ მეთოდის სიზუსტეს განსაზღვრავს ის, თუ დაორსულებამდე რამდენი თვით ადრე დაიწყო ბაზალური ტემპერატურის მონიტორინგი. ზუსტი მონაცემების მისაღებად საჭიროა 2-3 თვიანი ჩანაწერების არსებობა, რათა წინასწარ განსაზღვრული იყოს ორსულობის არარსებობის დროს რომელ დღეს იკლებს ტემპერატურა და თუ ამ დღის შემდეგ ტემპერატურა კვლავ მაღალი რჩება, შესაძლებელია 70%-ით ზუსტად პროგნოზირება იმისა, რომ ქალი ორსულადაა. თუ არ არსებობს ასეთი ჩანაწერები, მაშინ ტემპერატურის კლებას უნდა ველოდოთ მენსტრუალური ციკლის მე-17 დღეს (თუ ქალის მენსტრუალური ციკლი  21±2 დღეა), მე-20 დღეს (თუ ქალის მენსტრუალური ციკლი  28±4 დღეა), 23-ე დღეს (თუ ქალის მენსტრუალური ციკლი  34±2 დღეა). ამ ვადის შემდეგ ბაზალური ტემპერატურის მაღალი ციფრები (37.1-37.4 °С) აჩვენებს იმას, რომ 70% სიზუსტით ორსულობა დადგა.

ქალის შეგრძნებების მონიტორინგი

ქალის შეგრძნებებიდან ყველაზე ზუსტად ორსულობის პროგნოზირება ხდება იმპლანტაციური სისხლდენის გამოჩენით. განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს ლორწოვანში ჩანერგვისას მისი სისხლძარღვების მთლიანობა ირღვევა და იმპლანტაციის მოსალოდნელ დღეებში ძალიან მცირე სისხლდენა ვითარდება. ეს არის მოყავისფრო გამონადენი, რომელიც მომენტალურად გამოჩნდება, ხშირად თან ახლავს მუცლის არეში შეტევისებრი ტკივილი და ასევე მომენტალურად შეწყდება. იმპლანტაციური სისხლდენა ქალების 20-30%-ს უვითარდება, ამიტომ მისი არგამოჩენა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქალი ორსულად არაა.

ტოქსიკოზის ნიშნები უფრო ხშირად უვითარდებათ ორსულ ქალებს (გულისრევის შეგრძნება, ღებინება, სუნების აუტანლობა, მადის გაუკუღმართება) - თითქმის 90% შემთხვევაში, მაგრამ მათი გამოჩენა ხდება ჩასახვიდან 2 კვირაში ანუ 21-28-ე დღეს და შესაძლებელია სხვა მდგომარეობებმაც გამოიწვიოს, მაგალითად ენტეროვირუსმა, თან ახლდეს პრედ-მენსტრუალურ სინდრომს, შესაბამისად მხოლოდ ამ სიმპტომატიკაზე დაყრდნობით 50% სიზუსტითაა შესაძლებელი ორსულობის დადგენა.

ორსულ ქალებს მკერდის გამკვრივება ასევე ხშირად უვითარდება (92% შემთხვევაში), თანაც საკმაოდ ადრეულ ვადაზე (ჩასახვიდან მე-6-8 დღეს ანუ მენსტრუალური ციკლის მე-19-24 დღეს), მაგრამ ამ სიმპტომის გამოჩენა პრედ-მენსტრუალური სინდრომის დროსაც ფიქსირდება და ძნელი გასარჩევია, ზუსტად ორსულობას უკავშირდება იგი თუ მენსტრუალური ციკლის ლუთეინურ ფაზას, თუმცა ორსულობის დროს მაინც უფრო ადრეულად ჩნდება, ვიდრე პრედ-მენსტრუალური სინდრომის დროს და შესაძლოა პირველი სიმპრომიც კი აღმოჩნდეს ქალის დაორსულების დადგენის „საქმეში“.

ორსულობის დადგენის ხალხური მეთოდები

ეს მეთოდები ეფუძნება ემპირიულ დაკვირვებებს და ძნელი სათქმელია, რამდენად ზუსტია ან როდის უნდა ჩატარდეს, თუმცა განსაკუთრებით აზიურ ქვეყნებში მათი გამოყენებით ორსულობის დადგენას ხშირად ცდილობენ ქალები.

მეთოდიკის ერთი ნაწილი შარდის გამოყენებას ეფუძნება: მაგალითად, შარდის მოდუღების შემდეგ წარმოქმნილი თეთრი ფთილები მიანიშნებს ორსულობაზე, შარდიან საფენზე იოდის დაწვეთებით თუ მიიღება იისფერი შეფერილობა - ქალი ორსულადაა, თუ მიიღება ცისფერი შეფერილობა - არ არის ორსულად.

მეთოდიკის მეორე ნაწილი ეფუძნება იმას, რომ ქალი ამოუხსნელი მექანიზმებით ზუსტად გრძნობს დაორსულების ფაქტს. ამას იგი ხშირად სიზმრის სახით ხედავს. გადმოცემების თანახმად სიზმარში თევზის, წყლის ნახვა ორსულობაზე მიანიშნებს. ასევე ზოგიერთ ძველ კულტურაში იყენებენ ე.წ. „შეთქმის“ მეთოდს - იღებენ ხახვის ორ თავს ან ხორბლის 2 მარცვალს, ერთ მათგანზე შეუთქვამენ ორსულობას, მეორეზე - ორსულობის არარსებობას. ორივე მათგანს ათავსებენ წყალში. იმის მიხედვით, რომელი „შეთქმული“ ხახვის თავი ან ხორბლის მარცვალი უფრო სწრაფად გაღივდება, წინასწარმეტყველებენ ორსულადაა თუ არა ქალი.

ექოსკოპიური კვლევა

ექოსკოპიური კვლევა 100% სიზუსტით ადგენს ორსულობას, თუმცა მხოლოდ ჩასახვიდან სამი კვირის თავზე ანუ  წინა მენსტრუაციის პირველი დღიდან თუ ავითვლით მე-28 დღიდან (თუ ქალის მენსტრუალური ციკლი  21±2), მე-35 დღიდან (თუ ქალის მენსტრუალური ციკლი  28±4 დღეა), 41-ე დღიდან (თუ ქალის მენსტრუალური ციკლი  34±2 დღეა). ეს თარიღები ემთხვევა მენსტრუალური სისხლდენის გადაცდენიდან ერთი კვირის თავს. ექოსკოპიური კვლევის მეთოდებიდან ყველაზე უფრო ზუსტია ტრანსვაგინალური კვლევა (ექოს აპარატი შეყავთ საშოში). კვლევის დროს მაღალმგრძნონიარე აპარატით შესაძლებელია საშვილოსნოს ლორწოვანში იმპლანტირებული 5 მმ-მდე ჩანასახის დანახვა.

თუმცა ამ მეთოდის მაღალი სიზუსტის მიუხედავად არსებობს მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე შეზღუდვები - ითვლება, რომ დაბალ ვადაზე, ჩასახვიდან მე-3 კვირამდე ანუ მენსტრუალური სისხლდენის პირველი დღიდან თუ ავითვლით მე-5 კვირამდე ტრანსვაგინალურმა ექოსკოპიამ შესაძლოა ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის რისკები გაზარდოს, სწორედ ამიტომ ადრეულ ვადებზე მისი გამოყენება შეზღუდულია განსაკუთრებით იმ ქალებში, ვისაც სამედიცინო ისტორიაში ორსულობის ხშირი მოშლა აღენიშნებათ.

საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებით ორსულობის დასადგენად ქალს პირველი ექოსკოპიური კვლევა უტარდება მენსტრუალური სისხლდენის გადაცდენიდან 1-2 კვირაში.



ხშირად დასმული კითხვები

  • ორსულობის დადგენის რა მეთოდებს ვიყენებთ მენსტრუალური სისხლდენის გადაცდენამდე?

    ვიდრე ველოდებით შემდეგ მენსტრუაციას, ორსულობის დასადგენად შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩამოთვლილი მეთოდები შემდეგი ქრონოლოგიით:

    წინა მენსტრუალური სისხლდენის პირველი დღე დავაფიქსიროთ და ავითვალოთ - 

    მე-17-23 დღეს დავაკვირდეთ ხომ არ გამოჩნდა სისხლიანი გამონადენი და/ან დაიწყო მკერდის გამკვრივება;

    მე-20 დღიდან გავზომოთ ბაზალური ტემპერატურა 3 დღის მანძილზე (მაჩვენებელი სტაბილური იქნება);

    21-ე დღიდან დავაკვირდეთ შეგრძნებებს - ხომ არ გაჩნდა სუნების აუტანლობა ან დილის გულისრევა/პირღებინება;

    23-ე დღიდან გავიკეთოთ სისხლის ანალიზი ქორიონულ გონადოტროპინზე (ან ტროფობლასტურ ბეტა-გლობულინზე);

    24-ე დღიდან ჩავიტაროთ ორსულობის ტესტი (2-2 დღის შუალედით 4-ჯერ მაინც და 2-ჯერ ან მეტჯერ ზედიზედ მივიღოთ დადებითი პასუხი);

     

  • რომელი მეთოდის გამოყენებით და რა ვადაზე გავიგებთ 100% სიზუსტით იმას, რომ ორსულად ვართ?

    ვიდრე ველოდებით მენსტრუალურ სისხლდენას, მხოლოდ ორსულობის ტესტის და სისხლის ანალიზით ქორიონულ გონადოტროპინზე ან ტროფობლასტურ ბეტა-გლობულინზე დადებითი პასუხის შემთხვევაში შეგვიძლია 100%-ით ვთქვათ, რომ ორსულად ვართ. ყველაზე ადრე, მოსალოდნელ მენსტრუაციამდე ერთი კვირით ადრე შეგვიძლია დავიწყოთ ამ მეთოდების გამოყენება. როგორც წესი, სისხლის ანალიზი უფრო ადრე ადასტურებს ორსულობას, ვიდრე ორსულობის ტესტი. თუ ან ერთი, ან მეორე მეთოდით მიღებული პასუხი დადებითი იქნება, ეჭვის ადგილი, რომ ორსულობა არ არის მხოლოდ 0.1%-ია.

    თუ მენსტრუალური სისხლდენა არ დაიწყო, იმავე დღიდან 2-2 დღიანი შუალედებით შეგვიძლია დავიწყოთ ორსულობის ტესტის ჩატარება. თუ ტესტის პასუხი ზედიზედ 2-ჯერ მაინც დადებითი იქნა, ეს ნიშნავს, რომ 99.9% ორსულობა დადგა. თუმცა სასურველია ყოველ ჯერზე სხვადასხვა მწარმოებლის ორსულობის ტესტი გამოვიყენოთ, რადგან ან ვადის გასვლის ან შენახვის პირობების დაუცველობის გამო გაფუჭების შემთხვევაში, პასუხი ცრუდ უარყოფითი არ დაგვიფიქსირდეს.

    მენსტრუალური სისხლდენის გადაცდენიდან ერთი კვირის თავზე შესაძლებელია ექოსკოპიური კვლევის ჩატარებაც, რომელიც ზუსტად 100% სიზუსტით ხედავს იმპლანტირებულ 5 მმ ჩანასახს და ადგენს ორსულობას.

    სხვა დანარჩენი მეთოდები მხოლოდ დამხმარეა და მათი გამოყენებით ორსულობის ალბათობის გამყარება ხდება და არა 100% სიზუსტით დიაგნოსტირება.

  • სად ჯობია დადგინდეს ორსულობა - კლინიკაში თუ სახლში?

    ერთმნიშვნელოვნად სახლში, მსოფლიო პრაქტიკით ყველაზე სასურველი და რეკომენდებულია დავაკვირდეთ ჩვენი სხეულის შეგრძნებებს, დავუცადოთ მენსტრუალურ სისხლდენას, თუ გადაცდენა დაფიქსირდება, მშვიდად ჩავიტაროთ ორსულობის ტესტი.

    კლინიკაში ჩატარებული კვლევები - სისხლის ვენიდან აღება, ტრანსვაგინალური ექოსკოპიური კვლევა - დამატებით სტრესთანაა დაკავშირებული და მისი აცილება აბსოლუტურად შესაძლებელია, სწორედ ამისთვის შეიქმნა სახლის პირობებში ჩასატარებელი ორსულობის ტესტები.

  • თუ ქალს არ სურს ორსულობა, ჰქონდა დაუცველი სექსი, ამიტომ სწრაფად უნდა გაიგოს არის თუ არა ორსულად, ხომ არ გვიანდება მენსტრუაციის წამოსვლის ცდაში?

    იმპლანტაციამდე ორსულობის დადგენა შეუძლებელია, იმპლანტაცია ხდება მოსალოდნელ მენსტრუაციამდე 7-14 დღით ადრე, ამ ორ კვირაში ჩანასახი ძალიან პატარაა იმისთვის, რომ ექოსკოპიური კვლევით დანახულ იქნას, მაშასადამე საშვილოსნოს ლორწოვანის გამოფხეკა (აბორტი) შესაძლოა სულ ტყუილად ჩატარდეს (ორსულობა არც კი იყოს დამდგარი), ამიტომ ასეთი მანიპულაციის ჩატარება ამ ეტაპზე შესაძლოა უსარგებლო და ზიანის მომტანი ინვაზიური ჩარევა აღმოჩნდეს ორგანიზმისთვის.

    ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის მეთოდები გამოიყენება ჩასახვიდან 12 კვირის განმავლობაში, ამიტომ რეკომენდებულია მოცდა, ვიდრე ექოსკოპიური კვლევით არ დადასტურდება ორსულობა.

    გარდა ამისა, თუ ქალს დაუცველი  სექსი ჰქონდა და არ სურს ორსულობა, არსებობს პოსტკოიტალური (სექსის შედგომი) კონტრაცეპტივები, რომელთა მიღებით ორსულობის გამორიცხვა შესაძლებელია დაუცველი სექსიდან 72 საათის (3 დღის) განმავლობაში.

    ! თუმცა არ შეგვიძლია არ ვთქვათ, რომ ჩასახვის მომენტიდან საშვილოსნოში ცხოვრობს ახალი სიცოცხლე, იქნებ თავი შევიკავოთ მისი მოკვდინებისგან.

© 2015 ყველა უფლება დაცულია