Orsuli.ge - ორსულობის პირველი ნიშნები

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ორსულობის პირველი ნიშნები

ქალის მიერ ორსულობის პირველი ობიექტური ნიშნები და შეგრძნებები აღიქმება მაშინ, როდესაც მისი პატარა უკვე ემბრიონია, შესაძლოა მისი გული უკვე ცემდეს კიდეც, მაგრამ დედა ჯერ „ეჭვებშია“. ფილოსოფიური საკითხია, რატომ ვერ აღიქვამს ქალი ობიექტურად ჩასახვის მომენტს, რატომ ვერ აკონტროლებს იმას, განაყოფიერდეს თუ არა, თუმცა ამას მეორე მხარეც აქვს - ორსულობას ობიექტურად აღიქვამს დედა მაშინ, როდესაც ეს უკვე წარმატებული და განხორციელებული რეალობაა - როდესაც მის პატარას ყველა ორგანოს ჩანასახი აქვს და ის სიცოცხლისუნარიანად გამოიყურება. მანამდე კი ორსულობის შესახებ „მეტყველებს“ ქალის სხეულის ენა.

ორსულობის ობიექტური ნიშნები

ჩვეული მენსტრუალური სისხლდენის გადაცდენა - ამენორეა

ეს ნიშანი ორსულობის ობიექტური არსებობის ყველაზე უტყუარ მტკიცებულებად ითვლება ისტორიულადაც და თანამედროვე მედიცინის ენაზეც. თუმცა ზუსტი „კი“ ან „არა“-სთვის მაინც რჩება შემდეგი „თუ“-ები:

თუ მოცემულ ორსულობამდე არარეგულარული იყო მენსტრუალური ციკლი (ეს ნიშანი უბრალოდ ვერც მოხვდება ყურადღების ცენტრში), მაშინ გადაცდენა შესაძლოა არ უკავშირდებოდეს ორსულობას;

თუ ქალის ორგანიზმში აღინიშნება ჰორმონალური დარღვევები და  სასქესო ორგანოების სხვადასხვა დაავადებები (ძირითადად ინფექციური), მაშინ გადაცდენა შესაძლოა ამ მიზეზებით იყოს გამოწვეული და არა ორსულობით;

პირიქითაც, შესაძლოა გამოჩნდეს მცირე სისხლიანი გამონადენი, რომელიც ვითარდება ქალების 20-30%-ში და უკავშირდება ჩანასახის იმპლანტაციას (ჩანერგვას) საშვილოსნოს ლორწოვანში  და ეს სისხლდენა ქალის მიერ აღქმული იყოს, როგორც მენსტრუალური (ოღონდ ეს სისხლდენა ცოტა იმაზე ადრე განვითარდება, ვიდრე მოსალოდნელია მენსტრუალური სისხლდენისას).

სხეულის ბაზალური ტემპერატურის მატება

ორსულობის ერთ-ერთი ობიექტური მახასიათებელია სხეულის ტემპერატურის მატება 36.5-36.8˚C-მდე, თანმდევი თავის ტკივილის, სახსრებში მტვრევის, დაუძლურების შეგრძნებებით. თუმცა ყველაზე ინფორმატიულია ამ დროს ბაზალური ტემპერატურის მაჩვენებელი, რომელიც იმატებს ფერტილურ („მაღალი ნაყოფიერების“) პერიოდში 37.1-37.4 ˚C-მდე და შემდეგ, უშუალოდ მენსტრუალურ სისხლდენამდე რამდენიმე დღით ადრე იკლებს, მაშინ როდესაც ორსულობის შემთხვევაში ის მაღალი რჩება მთელი ორსულობის განმავლობაში.

მუცელსა და მკერდზე ვენური ქსელის ინტენსიფიკაცია

ორსულობის დასაწყისში მუცლის ქვედა არეში შესამჩნევი ხდება ვენური ქსელი, ვენური ქსელი თანდათან ვლინდება მკერდის არეშიც. ეს უკავშირდება ორსულობის დროს სხეულის განსაკუთრებით „სტრატეგიულად მნიშვნელოვან“ ადგილეში სისხლის მოცულობის და მიკროცირკულაციის ინტენსივობის მატებას.

ორსულობის ყველაზე პირველი შეგრძნებები

შეგრძნება 1 - მკერდის შეშუპება და მკერდის თავების მტკივნეულობის მატება

თუ გავიხსენებთ მენსტრუაციის წინა ე.წ.  პრედმენსტრუალურ პერიოდს, რომლის დროსაც ქალების უმრავლესობას აქვს მკერდის შეშუპებისა და ერთგვარი მტკივნეულობის შეგრძნება, ორსულობის დაწყებისას ზუსტად ასეთ შეგრძნებებს უნდა ველოდოთ, ოღონდ ის უფრო მკვეთრად გამოხატული იქნება და უფრო ადრე დაიწყება, ვიდრე ეს იქნებოდა მენსტრუალური სისხლდენის წინ. ამ შეგრძნებას იწვევს მთელი რიგი ჰორმონალური ცვლილებები, რომელთა შედეგადაც მიმდინარეობს  სარძევე ჯირკვლის ლატენტური მდგომარეობიდან ფუნქციურ ფაზაში გადასვლის პროცესი. ამას ემატება მკერდის თავების მტკივნეულობის მატებაც, განსაკუთრებით შეხებაზე, რაც უკავშირდება მექანიკური სტიმულაციის საპასუხოდ ჰორმონის - ოქსიტოცინის გამომუშავებას.

თუმცა ნორმადაა მიჩნეული ისიც, თუ მკერდი ინტაქტური (უცვლელი) რჩება და ასე ადრეულ ეტაპზე არ იწყებს „განვითარებას“, ოდნავ მოგვიანებით - I ტრიმესტრის მანძილზე - ეს სიმპტომატიკა აუცილებლად გამოვლინდება.

შეგრძნება 2 - მუცლის ქვედა სივრცეში, ბოქვენის თავთან სიმაგრის ან დაჭიმულობის შეგრძნება

შესაძლოა მუცლის ქვედა არეში, იქ, სადაც მდებარეობს საშვილოსნო, დაფიქსირდეს ერთგვარი სიმაგრის, კვანძის ან დაჭიმულობის შეგრძნება. ეს შეგრძნება უფრო განმეორებითი ორსულობის დროს ვითარდება, თუმცა პირველი ორსულობის დროსაც შესაძლოა იყოს და უკავშირდება საშვილოს კედელში ჩანასახის იმპლანტაციის პროცესს.

შეგრძნება 3 - გახშირებული მოშარდვის შეგრძნება

ამ დროს განსაკუთრებით ხშირდება მოშარდვის მოთხოვნის შეგრძნება, რაც ხშირად არც კი მთავრდება მოშარდვის აქტით და თვლიან, რომ განპირობებულია მზარდი საშვილოსნოს შარდის ბუშტზე ზეწოლით.

შეგრძნება 4 - სუნისა და გემოს გაუკუღმართება

განსაკუთრებული მოთხოვნა ან პირიქით - საშინელი ზიზღი ჩნდება ჩვეულებრივ (ყოველდღიურ მოხმარებაში არსებულ) და/ან განსაკუთრებულ საკვებ  პროდუქტებზე. უცბათ შესაძლოა გაჩნდეს სურვილი ან ზიზღი რაღაც სრულიად ჩვეულებრივის, მაგრამ ეს სურვილი უჩვეულოდ დაუძლეველია და მეორე მომენტში სრულიად ქრება. ამ შეგრძნებას უკავშირებენ ორსულობისადმი ქალის ორგანიზმის ადაპტაციის პროცესში წარმოშობილ საკვებ მეტაბოლიტებზე მოთხოვნის სპექტრის ცვლილებებს,  სპეციალური ჰორმონალური სტატუსი კი ხელს უწყობს იმ საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნის სიმკვეთრის მატებას, სადაც შედის საჭირო ნივთიერებები, ზოგიერთებზე კი პირიქით კლებას მიუღებლობამდე.

შეგრძნება 5 - დილის გულისრევის შეგრძნება

დილის „შეუძლოდ ყოფნის“ კომპლექსში შესაძლოა წამყვანი იყოს გულისრევის შეგრძნება, რომელიც ადრეული ტოქსიკოზის მახასიათებელია და ჩნდება მე-5-7 კვირისთვის და უმრავლეს შემთხვევაში ქრება მე-12 კვირისთვის. თუმცა შესაძლებელია ეს სიმპტომატიკა მე-5 კვირაზე ადრეც, პირველივე კვირებიდანვე, გამოჩნდეს.

შეგრძნება 6 - გუნებ-განწყობილების ელვისებური ცვალებადობა, ტირილის შეგრძნება

გაურკვეველი, მაღალი ამპლიტუდის ემოციები: ხან სრულიად დადებითი, ამაღლებული, ბედნიერებით სავსე, რასაც შესაძლოა თან მოჰყვეს სასოწარკვეთილების, გაურკვეველი უბედურების განცდა ყოველგვარი მიზეზებისა და მოტივაციის გარეშე ტირილის ეპიზოდებით. ეს ემოციური ტალღებიც უკავშირდება ორსულობის თანმხლებ ჰორმონალურ ცვლილებებს  და ქვეცნობიერ შიშებს მკვეთრი სიახლის - ახალი სიცოცხლის - წინაშე.

შეგრძნება 7 - დაღლილობისა და ძილიანობის შეგრძნება

ეს შეგრძნება შესაძლოა ორსულობის ერთ-ერთი პირველი მაუწყებელი იყოს და სხვა შეგრძნებებთან კომპლექსში თითქმის გამონაკლისის გარეშე სდევს თან ორსულობის დასაწყისს. ამ დროს ხომ ენერგიის ძალიან დიდი მარაგი იხარჯება ჩასახული ახალი სიცოცხლისათვის ხელშემწყობი გარემოს მოწყობასა და თავად მის განვითარებაზე.


© 2015 ყველა უფლება დაცულია