Orsuli.ge - ბაზალური ტემპერატურა

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ბაზალური ტემპერატურა

რას „ზომავს“ ბაზალური ტემპერატურა?

ბაზალური ტემპერატურა სხეულის ის ტემპერატურული მაჩვენებელია, რომელიც იზომება პირის ღრუში და/ან სწორ ნაწლავში და/ან საშოში, ის განსხვავდება იღლიაში გაზომილი ტემპერატურისგან.

ბაზალური ტემპერატურა თითქმის ზუსტად განსაზღვრავს ქალის ოვულაციის (მომწიფებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს ლულებში გადმოსროლის)  და შესაბამისად დაორსულებისთვის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდის დადგომას.

ქალის ორგანიზმში მთელი მენსტრუალური ციკლის მანძილზე მნიშვნელოვნად იცვლება ჰორმონების კონცენტრაცია, რის გამოც ცვალებადობს ბაზალური ტემპერატურაც. მენსტრუალური ციკლის დასაწყისში, ოვულაციის დადგომამდე, ბაზალური ტემპერატურა  37 °С-ზე დაბალია, როგორც კი დგება ოვულაციის პერიოდი, ტემპერატურა მკვეთრად იმატებს მინიმუმ 0,4 °С-ით. სწორედ ამ დროს კვერცხუჯრედი საკვერცხიდან გამოიყოფა და მოძრაობს საშვილოსნოსკენ ფალოპის მილებში, სადაც ან განაყოფიერდება და დაიწყება ორსულობა ან არ განაყოფიერდება და დაიწყება მენსტრუალური სისხლდენა. თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა, რასაც მოსდევს მენსტრუალური ციკლის ლუთეინური ფაზა, ბაზალური ტემპერატურა იკლებს და უბრუნდება ნორმალურ ციფრებს - 37 °С-ს, ხოლო თუ კვერცხუჯრედი განაყოფიერდა და ორსულობა დაიწყო, ტემპერატურა კვლავ მაღალი რჩება.

როგორ გავზომოთ სწორად ბაზალური ტემპერატურა?

დღის მანძილზე სხეულის ტემპერატურა ცვალებადობს მრავალი ფაქტორის ზეგავლენით: სტრესის, საკვების მიღების, ფიზიკური აქტივობის და სხვათა გამო, ამიტომ საჭიროა ტემპერატურა გაიზომოს დილას გაღვიძებისთანავე აბსოლუტური მოსვენების (მწოლიარე) მდგომარეობაში. ზუსტად ამიტომ დაერქვა სახელწოდებაც - ბაზალური ანუ ძირითადი ტემპერატურა. გაზომვა შესაძლებელია ჩვეულებრივი თერმომეტრით პირის ღრუში, თუმცა ყველაზე სარწმუნოა სწორ ნაწლავში გაზომილი ტემპერატურის ციფრები.

შესაძლებელია თუ არა სწორად ვერ გავზომოთ ბაზალური ტემპერატურა?

რიგი ფაქტორები ცვლიან  ჩვეული ბაზალური ტემპერატურის მაჩვენებელს, ესენია:

ორალური კონტრაცეპტივების და ჰორმონული პრეპარატების, ასევე ალკოჰოლის, მიღება;

დილის გარდა დღის სხვა პერიოდში გაზომვა;

 გასაზომად გამოსაყენებელი თერმომეტრის შეცვლა (განსაკუთრებით ვერცხლისწყლიანი თერმომეტრების შემთხვევაში).

ამიტომ რეკომენდებულია ბაზალური ტემპერატურის მეთოდის გამოყენების მანძილზე გაზომილი მაჩვენებლის სანდოობისათვის ქალმა არ მიიღოს კონტრაცეპრივები და ალკოჰოლი, ზუსტად დაიცვას ტემპერატურის გაზომვის პროცედურები და გამოიყენოს ერთიდაიგივე თერმომეტრი.

 გინეკოლოგები და რეპროდუქტოლოგები ამ მეთოდის გამოყენების დროს ქალს სთხოვენ შეავსოს ე.წ. ტემპერატურული კალენდარი, სადაც ყოველდღიურად მოხდება გაზომილი ბაზალური ტემპერატურის ციფრების ჩაწერა, ამის შემდგომ სპეციალისტები ქალისთვის ააგებენ ე.წ. ტემპერატურულ გრაფიკს, ამ გრაფიკის მიხედვით ზუსტად დაფიქსირდება მენსტრუალური ციკლის რომელ დღეებში  დგება ოვულაციის პერიოდი (როდესაც დაფეხმძიმების შანსი 98%-მდეა გაზრდილი), ამ ჩანაწერით ასევე ყველაზე ადრე და უტყუარად დადგინდება შედგა თუ არა მოცემულ ციკლში ორსულობა.


© 2015 ყველა უფლება დაცულია