Orsuli.ge - ორსულობის ტესტი

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ორსულობის ტესტი

ორსულობის ტესტი ქალის შარდში არსებული ჰორმონის - ქორიონული გონადოტროპინის არსებობას ადგენს. ეს ჰორმონი გამოიყოფა ჩანასახის უჯრედების მიერ მას შემდეგ, რაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს კედლის ლორწოვანში ჩაიზრდება ანუ იმპლანტირდება. ჰორმონის რაოდენობა ორსული დედის ორგანიზმში თანდათან იზრდება ორსულობის ვადის მატების პარალელურად, სისხლიდან ის ხვდება შარდში და გამოიყოფა დაუშლელად, რადგან მისი დანიშნულებაა ქალის ენდოკრინული და ნერვული სისტემებისთვის ორსულობის დადგომის სიგნალის მიტანა და არა რომელიმე მეტაბოლურ პროცესში ჩართვა.

ჩვეულებრივ ორსულობის ტესტებს ქალის შარდში ქორიონული გონადოტროპინის გამოვლენა მენსტრუაციული ციკლის დაგვიანებამდეც შეუძლიათ, მაგრამ მათი სიზუსტე ამ ვადაზე 60%-ია, ჯერ ჰორმონის დონე ისე მცირეა, რომ ტესტის ქიმიურ ნაერთებს მისი „დაჭერა“ არ შეუძლიათ. მოსალოდნელი მენსტრუაციის დღეს ტესტის სიზუსტე 90%-მდე იზრდება, თითქმის 100% სიზუსტე ანუ ჰორმონის ის, კონცენტრაცია, რომელსაც ყველა შემთხვევაში გამოავლენს ტესტის „დეტექტორი ქიმიური ნაერთი“, მიიღწევა მენსტრუაციის გადაცდენიდან ერთი კვირის თავზე.

თუ ტესტზე უარყოფითი პასუხი ფიქსირდება,  ეს ჯერ კიდევ არ გამორიცხავს ორსულობას, შეიძლება ქალის ორგანიზმში ჯერ არ არის ჰორმონის საკმარისი რაოდენობა, ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია რამდენიმე დღე მოცდა და ტესტის ხელმეორედ ჩატარება.

ყველა ორსულობის ტესტი არ არის ერთნაირი, ზოგიერთი მათგანი უფრო მგრძნობიარეა და შესაბამისად უფრო ძვირიც ღირს. ზემგრძნობიარე ტესტებს ორსულობის დადგენა მაშინაც შეუძლიათ, როდესაც ორგანიზმში ჰორმონის რაოდენობა სულ მცირეა. ტესტის ინსტრუქციის გაცნობისას შესაძლებელია განისაზღვროს ტესტის მგრძნობელობა, რომელიც გამოიხატება ციფრებით - 10, 20, 25 ,30..50 mME/ml და შეესატყვისება ქორიონული გონადოტროპინის კონცენტრაციას შარდში. რაც უფრო მაღალი მგრძობიარეა ტესტი, მით უფრო დაბალი ციფრია მითითებული მის ანოტაციაში. მაგალითად ტესტი მაჩვენებლით 10 ყველაზე მაღალმგრძნობიარეა.

არსებობს ორსულობის დასადგენი ტესტების რამოდენიმე სახეობა:

ე.წ. „სტრიპ“ ტესტი, რომელსაც მოყვება მარკერ–ზოლი, განკუთვნილი შარდით სავსე ჭურჭელში ჩასაყოფად -  ერთჯერადია, მგრძნობელობა 25-50 mME/ml

პლანშეტური ტესტი ანუ ტესტ-კასეტა შარდისთვის საწვეთურით, რომლის მეშვეობითაც ტესტის სპეციალურად აღნიშნულ არეში ხდება შარდის დაწვეთება - ერთჯერადია, მგრძნობელობა 10-25 mME/ml

ჭავლური ტესტი, რომლის გამოყენებაც შესაძლოა პირდაპირ შარდის ჭავლით დასველების შედეგად - ერთჯერადია,  მგრძნობელობა 10-25 mME/ml

ელექტრონული ტესტი - მრავალჯერადია, მგრძნობელობა 10 mME/ml

თითოეული ტიპის ტესტებს მოყვება დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა ჩატარდეს სწორად ტესტი. ტესტის გამოყენებამდე აუცილებელია  მისი ანოტაციის გაცნობა და ზედმიწევნით დაცვა, რადგან არასწორად გამოყენებულმა მაღალმგრძნობიარე ტესტმაც კი შეიძლება არასწორი პასუხი გვიჩვენოს.

როგორ  უნდა გამოვიყენოთ ორსულობის ტესტი?

ნებისმიერი ტიპის ტესტის გამოსაყენების შემთხვევაში მთავარია ვიცოდეთ, რომ ჰორმონის განსაზღვრა სასურველია მოხდეს დილის პირველ შარდში. ამასთან, ტესტის ჩატარებამდე საჭიროა გარეთა სასქესო ორგანოების მობანა მხოლოდ თბილი წყლით (არავითარ შემთხვევაში რაიმე ქიმიური საპნით ან გელით), პირველი პატარა პორცია შარდის გამოშვება და სატესტოდ შარდის მეორე პორციის გამოყენება.

სტრიპ-ტესტის გამოყენების დროს შარდის მეორე პორციას ვაგროვებთ პატარა სტერილურ ჭურჭელში, ვყოფთ ტესტის თეთრ კიდეს მაჩვენებლამდე max შარდში, ვუცდით 10-20 წამი, შემდეგ ტესტის ჩხირს ვათავსებთ სუფთა, მშრალ, ჰორიზონტალურ ზედაპირზე, 5-10 წუთის შემდეგ პირველი წითელი ხაზის გასწვრივ თუ წარმოიქმნა (შეიფერა წითლად) მეორე ხაზი, ეს ნიშნავს, რომ ტესტის პასუხი დადებითია და ორსულობა სახეზეა.

ამ ტესტის უარყოფითი მხარეებია: შარდში დიდი ხნით მოთავსებისას შესაძლოა ჰორმონის აღმომჩენი ქიმიური ნაერთით გაჟღენთილი ქაღალდი გაჯირჯვდეს და წითელი ხაზი აღარ გამოჩნდეს, შენახვის დროს ქაღალდი დაზიანდეს და ტესტი გაფუჭდეს (განსაკუთრებით ნესტიან გარემოში).

ტესტ-კასეტის გამოყენების დროს მეორე პორცია შარდიდან  მოყოლილი სპეციალური პიპეტით ვიღებთ რამოდენიმე წვეთს და ვაწვეთებთ ტესტზე განთავსებულ სპეციალურ ხვრელში (ე.წ. ფანჯარაში). ვიცდით 5 წუთს და თუ ამავე ფანჯარაში გამოჩნდა ორი წითელი ხაზი, ტესტის პასუხი დადებითად ითვლება.

ტესტ-კასეტა დამზადებულია პლასტმასისგან, ამიტომ გამძლეა, არ სველდება და ჯირჯვდება და მეტი სიზუსტით აღმოაჩენს ჰორმონს შარდში.

ჭავლური ტესტის გამოყენების დროს არაა საჭირო შარდის წინასწარ შეგროვება, მისი პირდაპირ შარდის ჭავლზე მიშვერა საკმარისია ტესტირებისთვის, რადგან ტესტის შიგნით მოთავსებულია ბოჭკოვანი ღერძი ბევრი წვრილი მილაკებით, ეს მილაკები შარდის ჭავლით ივსება და შეგროვილი სითხე თავისით მიემართება ზემოთ რეატივის შემცველ მიდამომდე, სადაც ჰორმონს 2 წუთის შემდეგ იჭერს სპეციალური ქიმიური ნაერთი და ჩნდება ორი წითელი ხაზი. ეს ტესტი გაცილებით მაღალმგრძნობიარეა, ვიდრე წინა ორი, ამიტომ მას მენსტრუაციის გადაცილებამდე ადრეც წარმატებით იყენებენ ორსულობის დასადგენად.

ელექტრონული ტესტი ყველაზე მაღალმგრძნობიარე ტესტია და თანაც მრავალჯერადი. შარდის ჭავლის გამოყენებით ტესტირება გრძელდება 2 წუთი. განსხვავებით ჭავლური ტესტისგან, მასზე არ ჩნდება წითელი ხაზები, არამედ იწერება pregnant, რაც დადებით პასუხს ნიშნავს და  non pregnant, რაც უარყოფით პასუხზე მეტყველებს, ამიტომ არ უწევს ქალს მკითხაობა, სწორად დაინახა თუ არა მეორე წითელი ხაზი.

რამდენად სანდოა  ორსულობის ტესტის შედეგი?

ორსულობის ტესტების სიზუსტე 99%  -ია და მისი პასუხი თითქმის შეუმცდარია, როდესაც დადებით პასუხს აჩვენებს, მაგრამ შეიძლება მცდარი იყოს, როდესაც უარყოფით პასუხს აფიქსირებს. სწორედ ამიტომ რეკომენდირებულია რამდენიმე დღიანი შუალედებით ტესტის ხელმეორედ ჩატარება. ამისთვის ყოველ მესამე დღეს 4-ჯერ მაინც უნდა ჩატარდეს ტესტი. თუ 4-ვე შემთხვევაში ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა ე.ი. ორსულობა 100%-ით არ დასტურდება (არ გამოვრიცხოთ ჩვენს ქვეყანაში ვადაგასული ტესტების არსებობა, ამიტომ ყოველ ჯერზე სხვადასხვა მწარმოებლის ტესტი შევიძინოთ სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში). საკმარისია ტესტმა ზედიზედ 2-ჯერ დადებითი პასუხი აჩვენოს (თუ ეს პირველი 2 მცდელობაა, აღარაა საჭირო მე-3-4 მცდელობების ჩატარება), რომ ორსულობა 100%-ით დადასტურებულად ჩაითვლება.

ამასთან, ყველა ქალმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სახლის პირობებში ჩატარებული ტესტი არ არის ექიმთან ვიზიტის ექვივალენტი. თუკი ტესტი იძლევა დადებით შედეგს, ქალის შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ექიმთან ვიზიტი და ორსულობის შემდგომი ლაბორატორიული და ექოსკოპიური დადასტურება.

როდის უნდა ჩავიტაროთ ორსულობის ტესტი?

ორსულობის ტესტი ყველაზე ადრე შეგვიძლია ჩავიტაროთ იმპლანტაციის მოსალოდნელი თარიღიდან 48 საათში - ეს წინა მენსტრუაციის პირველი დღიდან თუ ავითვლით მე-17 დღეა (თუ ქალის მენსტრუალური ციკლი  21±2 დღისგან შედგება), მე-22 დღეა (თუ ქალის მენსტრუალური ციკლი  28±4 დღისგან შედგება), მე-26 დღეა (თუ ქალის მენსტრუალური ციკლი  34±2 დღისგან შედგება). ამ ვადაზე ტესტის პასუხის სიზუსტე - 25%-ია.

იმპლანტაციიდან მე-5 დღეს (ანუ წინა მენსტრუაციის პირველი დღიდან 20/25/30 დღეს) – ტესტის უტყუარობა 40%-ს შეადგენს.

მოსალოდნელი მენსტრუაციის დაწყების დღეს ჩატარებული ორსულობის ტესტის სიზუსტე 90%-ს აღწევს.

99% სიზუსტით ტესტის შედეგების მიღება შეგვიძლია მენსტრუაციის გადაცდენიდან დაახლოვებით ერთ კვირაში.

შეიძლება თუ არა ორსულობის ტესტი შეცდეს?

ორსულობის ადრეულ ვადაზე შესაძლოა ორსულობის ტესტი შეცდეს, ვინაიდან ამ ვადაზე გასატესტი ჰორმონის რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდება. თუმცა არსებობს სხვა სიტუაციები, როდესაც ტესტის პასუხები არ უკავშირდება ორსულობას.

ტესტის უარყოფითი შედეგი მცდარი აღმოჩნდება, როდესაც: ტესტი ორსულობის ნაადრევ ვადაზე ტარდება, ტესტი ვადაგასულია ან დაზიანებული, ტესტის ჩატარებამდე მიღებულ იქნა ჭარბი რაოდენობით სითხე და ამან გამოიწვია შარდის განზავება.

ტესტის დადებითი პასუხი  მცდარია და არ უკავშირდება ორსულობას (0.1% შემთხვევაში), თუ ჰორმონის პროდუცირებას იწვევს საშვილოსნოში წარმოქმნილი სიმსივნური პროცესი.


© 2015 ყველა უფლება დაცულია