ემბრიონული პერიოდი - ჩანახატი დამთავრებულია

ორსულობის გინეკოლოგიური კვირა 9 - ემბრიონი "ხორცს ისხამს"

9 კვირა

მიმდინარეობს ორსულობის ემბრიონული 7 კვირა / ორსულობის გინეკოლოგიური 9 კვირა / ტრიმესტრი - I.

ემბრიონული პერიოდი დასასრულს უახლოვდება, შესაბამისად, ემბრიონის სხეულის ნაწილების და ორგანოების აგებულების ძირითადი სქემა მთავრდება, უკვე ჩამოყალიბებული ორგანოების ფუნქციონირების ერთგვარ "სატესტო რეჟიმში გაშვება" იწყება.

პირველადი პლაცენტა პირველად ჭიპლართან ერთად უკვე 95%-ით უზრუნველყოფს ჩანასახს საკვებით და ჟანგბადით.

ემბრიონის პირველადი პლაცენტა ანუ ქორიონი სულ უფრო იზრდება სისქეში, ის უკვე 1.22 სმ-ია. ქორიონი ფუნქციურადაც "დატვირთულად მუშაობს", თანდათანობით საკუთარ თავზე იღებს ემბრიონის ე.წ. მხარდამჭერი ორგანოს - ყვითრის პარკის - ფუნქციებს, რათა ემბრიონული პერიოდის ბოლოსთვის ის მთლიანად ჩაანაცვლოს. ყვითრის პარკის გაქრობა პატარას განვითარების შემდგომი ეტაპის, კერძოდ, ნაყოფის პერიოდის დაწყების ერთ-ერთი ნიშანია.

გრძელდება ემბრიონის გარეგნობის ცვლილებები "გა-ადამიანურებისკენ":

ემბრიონის საკუთრივ სხეული იწყებს დაგრძელებას და ფორმირებას. მისი თავი აღარაა მთლიანი მოცულობის ნახევარზე მეტი, თუმცა სხეულის მოცულობის მნიშვნელოვან ნაწილად მაინც რჩება.

ჩანასახს უკვე ეტყობა მკერდის ძვალი და ნეკნების რკალი, ამით საფუძველი ეყრება გულმკერდის ღრუს ჩამოყალიბებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ემბრიონის ძვლები ჯერ ხრტილოვანი შენებისაა, მათი გაძვალება ანუ კალციუმის ჩალაგება უფრო მოგვიანებით დაიწყება.

ემბრიონის ხელების ანატომიური განვითარება მთავრდება - პატარას ჩამოყალიბებული აქვს ყველა სახსარი, მათ შორის თითების წვრილი ძვლები და სახსრები. ამიტომ მას უკვე შეუძლია ხელების სრულფასოვნად მოძრაობა. ხელის თითებზე ვითარდება თითების ბალიშები, რომლებზეც შემდგომში ფრჩხილები უნდა ჩამოიზრდოს.

ემბრიონის ფეხები შედარებით ნელა ვითარდება. მენჯ-ბარძაყის და მუხლის სახსრები ჩამოყალიბებულია, ამიტომ ემბრიონს უკვე შეუძლია ფეხების გაშლა-მოხრა. მაგრამ უფრო ქვედა ნაწილების - ტერფების და ფეხის თითების - ძვლები და სახსრები ჯერ განუვითარებელია, ამიტომ პატარა კიდურებს მუხლის ქვევით კვლავ ერთიანად ამოძრავებს, ასევე ჯერ არ არის ფორმირებული ფეხის თითების ბალიშები.

იცვლება ემბრიონის სახის მოხაზულობები:

მას სახის ძვლების უყალიბდება, რომელთაც ჯერ ხრტილოვანი შენება აქვთ. შესაბამისად პატარას საკუთარი უნიკალური ნაკვთების კონტურები გამოესახება. შემდგომში ამ ძვლებში კალციუმი ჩალაგდება ანუ დაიწყება მათი გაძვალება, სახის ეს "ჩანახატი" კი უცვლელი დარჩება.

თვალები აღარაა სახის ყველაზე დიდი ნაკვთები, თვალის კაკლები შეიწევა ცხვირისკენ და განთავსდება ჩაღრმავებულ თვალის ფოსოებში. ქუთუთოები მთლიანად ფარავს თვალებს და ასე თვალდახუჭული იქნება პატარა დედის მუცელში ორსულობის გინეკოლოგიურ 27-ე კვირამდე. იწყება ემბრიონის თვალის პიგმენტის ჩალაგების პროცესი.

"თავის ადგილზეა" ყურები, ფორმირებას იწყებს მისი უნიკალური ფორმის ყურის ნიჟარები. კარგად ჩანს ცხვირისა და ტუჩის კონტურები. ცხვირის ნესტოები ღიაა და ამოვსებულია სანაყოფე სითხით. ემბრიონი ჯერ არ სუნთქავს, ამიტომ მას დაბადებამდე სასუნთქი გზების ღიაობა არ სჭირდება.

ორსულობის ამ კვირის ყველაზე დიდი გამოწვევაა ემბრიონის კუნთოვანი აპარატის განვითარება. მთელს სხეულზე სიფრიფანა კანის მიღმა ჩნდება კუნთოვანი ქსოვილის "ამობურცულობები", ამბობენ, რომ პატარა "ხორცს ისხამს". შესაბამისად, ფერმკრთალდება ვენური ქსელი და ჩანასახის მუცელზე გამოსახული ყველაზე დიდი ორგანოს - ღვიძლის წითელი "ლაქა".

ემბრიონი "სატესტო რეჟიმში" პირველი კოორდინირებული მოძრაობების განხორციელებას იწყებს. წინა კვირაში დასრულდა მოძრაობაზე პასუხისმგებელი ნერვული სისტემის წარმონაქმნების - ნერვულ ქსოვილში შიდა კავშირების და ნათხემის - ჩამოყალიბება, ამ კვირაში "დაიტესტება" ეს რთული ნეირონთა სისტემა, სწორედ ამის შედეგად, თუ ორსულობის გინეკოლოგიური  მე-7-8-კვირებზე ემბრიონის მოძრაობები ქაოტური იყო, მე-9 კვირაზე უკვე მოძრაობებს კოორდინირებულობის ნიშნები ეტყობა:

ემბრიონი ხრის თავს ყველა მიმართულებით, ხელების ამოძრაობებს სხეულისკენ და მათ წარზიდავს ძირითადად გარეთ, ფეხებს შლის მუცლის ხაზის გასწვრივ, თითქოს იზმორება და ეს მოძრაობები უკვე ერთდროულად შეუძლია.

აღწერილია ტუჩის კუნთების მცირე მოძრაობებიც, შესაბამისად მიიჩნევა, რომ ემბრიონი თავისი პირველი ინსტინქტური წოვითი მოძრაობების განხორციელებას ამ ვადაზე იწყებს.

ემბრიონს სახეზე ხელების "აფარებაც" შეუძლია, მოსწონს კიდეც თითებზე განვითარებული "სენსორული ბალიშებით" სახის ნაკვთების შეხება-"დათვალიერება".

ემბრიონის გული წინა კვირას ოთხკამერიანი გახდა, ის ახლა აქტიურად პულსირებს, მისი შეკუმშვების ნორმალური რითმი მცირედ იზრდება და წუთში 155-175 დარტყმას შეადგენს. ემბრიონის გულის მუშაობა მის სისხლძარღვებში სისხლის ცირკულირებას უზრუნველყოფს, თუმცა ემბრიონული პერიოდის თავისებურებაა, რომ სხეულის ზედა ნაწილში სისხლის მიწოდება უფრო ინტენსიურია, ვიდრე ქვედა ნაწილში.

მუცლის ღრუში საჭმლის მომნელებელი ორგანოები ვითარდება, ძირითადად ნაწლავების სიგრძეში ზრდა მიმდინარეობს, შედეგად, ემბრიონის მუცელი მომრგვალო ფორმას იღებს. მუცლის ღრუს ყველაზე დიდ ორგანოდ  ღვიძლი რჩება.

ემბრიონი ასევე "სატესტო რეჟიმში" საკუთარი ჰორმონების გამომუშავებას იწყებს, რათა დამოუკიდებლად შესძლოს გარემოს გამღიზიანებლებზე (ძირითადად მაღალ ბგერებზე, სინათლეზე, ტკბილ საკვებზე და დედის ემოციებზე) საკუთარი პასუხის გენერირება.

ამ ეტაპზე ემბრიონი გამოყოფს ადრენალინს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - განიცდის შიშს, სიხარულს და სხვა პრიმიტიულ ემოციებს და მათზე საპასუხოდ შეუძლია ააჩქაროს გულის რითმი და გააძლიეროს მოძრაობითი აქტივობები.

 

ემბრიონის ანთროპომეტრია

ამ კვირაში ემბრიონი ყურძნის მარცვლის ზომა ხდება.

სანაყოფე კვერცხის დიამეტრი უკვე 33-36 მმ-ია, თავად ჩანასახის მთლიანი სიგრძე, რომელიც უკვე თვალსაჩინოდ იზომება თავიდან სხეულის ბოლომდე ანუ კუდუსუნამდე, აღწევს 21-23 მმ-ს, წონა კი შეადგენს 2 გრ-ს.

 

ცვლილებები ქალის ორგანიზმში

ორსულობის გინეკოლოგიური მე-9 კვირის განმავლობაში ორსული ქალის ორგანიზმში ორსულობასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური და ფსიქიკური გადაწყობის პროცესი „გაურკვევლობიდან“ „ახალ რეალობასთან შეგუებისკენ“ იცვლება:

ჰორმონულ ცვლილებებზე ორგანიზმის პასუხი აღარაა ისეთი სტრესული, შინაგანი ორგანოების მუშაობა მწყობრში დგება, ნერვული სისტემა მშვიდდება, მცირდება კანის მიერ ოფლის და ქონის გამოყოფის ინტენსივობა, ადრეული ტოქსიკოზის სიმპტომატიკა "უკან იხევს" და ორსული ქალის ე.წ. გალამაზების პროცესი იწყება.

ამ ვადაზე ორსულთა ადრეული ტოქსიკოზის სიმპტომატიკა მცირდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ წყდება. დედის ორგანიზმში მიიღწევა ნივთიერებათა ცვლის ის ბალანსი, როდესაც ტოქსიური შუალედური ნაერთების დაგროვება აღარ მიმდინარეობს.

არტერიული წნევის ლაბილობა (ცვალებადობა) აღარ აღინიშნება, ამიტომ მცირდება თავბრუსხვევა და თავის ტკივილები. მცირდება სისუსტე და პირიქით ძალების მოზღვავების მომენტები ხშირდება.

ჰორმონული ფონიც ბალანსდება, შესაბამისად, კუნთების და სპინქტერების ჰიპოტონუსი მცირდება, ამიტომ "უკან იხევს" ისეთი შემწუხებელი სიმპტომატიკა, როგორიცაა ყაბზობა, მეტეორიზმი, შარდვის გახშირება, უნებლიე შარდვა, გულძმარა და სხვა. 

იმუნური სისტემის სტატუსის დაქვეითება კვლავ აქტუალურს ხდის რეკომენდაციას - ორსულმა ქალებმა თავშეყრის ადგილებში პირბადეები ატარონ.

სასქესო ორგანოებიდან გამონადენი კვლავ უხვია, მაგრამ ღია რძისფერი, ერთგვაროვანი კონცენტრაციით და მცირეოდენი მომჟავო სუნით. გამონადენის სიუხვის გამო საჭიროა საცვალი თეთრეულის ხშირი ცვლა და/ან ერთჯერადი ყოველდღიური საფენების ხმარება. ამ დროს ჰიგიენური პროცედურების ზედმიწევნით შესრულება ორსულს, შესაბამისად მის პატარასაც, სასქესო ინფექციების განვითარებისგან იცავს. 

გინეკოლოგიური გასინჯვით ორსულობის გინეკოლოგიურ მე-9 კვირაზე ფიქსირდება საშვილოსნოს სხეულის ზომების 8 სმ-მდე მატება, აღინიშნება საშვილოსნოს სისხლსავსეობა, ყელის დაგრძელება და შერბილება, ცერვიკალური არხის შეკუმშვა და ბლანტი ლორწოთი ამოვსება. გინეკოლოგიური გასინჯვის დროს ობიექტურად სწორედ ამ ნიშნებით დიაგნოსტირდება ორსულობა.

თუმცა მხოლოდ გასინჯვით არ შემოიფარგლება სადიაგნოსტიკო პროცესი და ექოსკოპიური კვლევით ორსულობის ფაქტის 100%-იანი დადასტურება ხდება საშვილოსნოს წიაღში ემბრიონის არსებობის და მისი გულისცემის დაფიქსირების საშუალებით.