ორსულობის დასაწყისი - ემბრიონული პერიოდი

ორსულობის გინეკოლოგიური კვირა 4 - ემბრიონული პერიოდის დასაწყისი
მიმდინარეობს ორსულობის ემბრიონული 2 კვირა / ორსულობის გინეკოლოგიური 4 კვირა / ტრიმესტრი - I.

ამ კვირიდან იწყება ემბრიონული პერიოდი, რომელიც ორსულობის გინეკოლოგიურ მე-10 კვირამდე გაგრძელდება.

დედის საშვილოსნოში ჩაზრდის ანუ იმპლანტაციის შემდგომ ბურთის ფორმის ჩანასახისთვის პირველი რიგის ამოცანაა დედის სისხლძარღვოვან სისტემასთან მჭიდრო ინტეგრაციის და გარემოს ზემოქმედებისგან დამცავი სისტემების შემქნა.

 4 კვირა - ემბრიონი

ამისთვის მისი გარე შრის უჯრედებისგან - ტროფობლატებისგან - ე.წ. არაჩანასახოვანი ორგანოების ფორმირება იწყება. ეს ორგანოები ჩანასახის დამხმარე ორგანოებია, ემბრიონულ პერიოდში მათი საშუალებით ხორციელდება მისი კვება, სუნთქვა (ჟანგბადის მოწოდება) და ორსულობის შემანარჩუნებელი ჰორმონების სინთეზირება.

ტროფობლასტები პირველ ეტაპზე გამოიმუშავებენ ნივთიერებებს, რომელთა გავლენითაც ლოკალურად იმპლანტაციის ადგილას დედის საშვილოსნოს ლორწოვანში "გამავალი" კაპილარების კედლები იშლება. შედეგადაც წარმოიქმნება პატარა ღრუ ე.წ. ლაკუნა, რომელიც დაშლილი სისხლძარღვებიდან ჩაღვრილი დედის სისხლითაა სავსე. ემბრიონული პერიოდის პირველ ეტაპზე სწორედ ამ ლაკუნაში ცურავს და დედის სისხლით იკვებება ჩანასახი.

ტროფობლასტებს თანდათან გამოეზრდებათ მორჩები, რომლებიც საშვილოსნოს უფრო მსხვილი სისხლძარღვების კედლებში ჩაზრდას იწყებენ, მათ მოიხსენიებენ როგორც პლაცენტის წინამორბედ ქორიონულ ბუსუსებს. ეს ბუსუსები უყრიან საფუძველს ორსულობის „მენეჯერი“ სპეციალური ორგანოს - პლაცენტის განვითარებას, რომელიც დასრულებული სახით მხოლოდ ორსულობის გინეკოლოგიური მე-12 კვირისთვის ჩამოყალიბდება.

ტროფობლასტები სულ უფრო ინტენსურად გამოიმუშავებენ "საკუთარ" ჰორმონს - ქორიონულ გონადოტროპინს - რომლის კონცენტრაცია დედის სისხლსა და შარდში მუდმივად მატულობს. ამ ჰორმონის ფუნქციას, დედის ორგანიზმში გამომუშავებულ პროგესტერონთან ერთად, წარმოადგენს ორსულობის შენარჩუნებაზე „მუდმივი ზრუნვა“. ამავე დროს, ორსულობის ტესტზე მეორე წითელი ხაზი სულ უფრო მკვეთრად ჩანს, რასაც სწორედ ამ ჰორმონის კონცენტრაციის ზრდა განაპირობებს, და კვირის ბოლოსთვის ორსულობის ტესტის სიზუსტე უკვე 80-90%-ია.

ემბრიონის ე.წ არაჩანასახოვანი ორგანოებიდან ფორმირებას ასევე იწყებს ყვითრის პარკი - yolk sac და ამნიონური პარკი - amniotic sac.

4 კვირა - ყვითრის პარკი

ყვითრის პარკი - yolk sac - სივრცეა,სადაც წარმოიქმნება ჩანასახის პირველი სისხლის უჯრედები - ერითროციტები. ამ ეტაპზე ემბრიონისთვის აუცილებელია ჰქონდეს საკუთარი ერითროციტები, რომლებიც დედის სისხლიდან ჟანგბადს გადაიტანენ მისი პატარა სხეულის უჯრედებამდე. ყვითრის პარკი არსებობს იქამდე, ვიდრე მის ფუნქციებს სრულად არ "გადაიბარებს" ჩამოყალიბებული პლაცენტა.

4 კვირა - ამნიონური პარკი

ჩანასახის გარე, ტროფობლასტურ, და შიდა, საკუთრივ ემბრიონულ, შრეებს შორის წარმოიქმნება ღრუ ე.წ ამნიონური პარკი - amniotic sac,რომელშიც სითხის დაგროვება იწყება. ამ სითხემ უნდა დაიცვას ემბრიონი მექანიკური ტრამვების, ტემპერატურის ცვლილებებისა და გარემოს სხვა უარყოფითი ზემოქმედებებისგან. მას შემდეგ, რაც ის "გამოაღწევს" საშვილოსნოს კედლიდან და გადმოეკიდება საშვილოსნოს ღრუში (ეს ყოველივე შემდეგ კვირაში მოხდება), განსაკუთრებთ გაიზრდება ემბრიონის დაცვის საჭიროება. ამიტომ „მზადდება“ ამ კვირაშივე დაცვის ამგვარი სისტემა. ამნიონური პარკი შენარჩუნდება მშობიარობამდე, ვიდრე ის არ გასკდება ან არ გახეთქავენ და ამნიონური სითხე "წყლების დაღვრის" სახით არ გამოიდევნება საშვილოსნოდან.

ემბრიონული პერიოდის დასაწყისში ეს არაჩანასახოვანი ორგანოები საკმაოდ არასრულყოფილი და მყიფეა. პლაცენტის საბოლოო ჩამოყალიბებამდე, რომელიც პატარას განვითარებად ორგანიზმს ე.წ. პლაცენტური ბარიერის სახით იცავს, ჩანასახი განსაკუთრებით დაუცველია გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემბრიონულ პერიოდში ანუ 3 თვემდე (12 კვირამდე) დედამ თავი შეიკავოს ტოქსიური ნაერთების მიღებისგან (იგულისხმება მოწევა, ალკოჰოლის და ნარკოტიკული ნაერთების მიღება, ზოგიერთი წამლის გამოყენება, ტოქსიური აქროლადი ნაერთების გარემოში, მაგალითად ახალშეღებილ შენობაში, ყოფნა და ა.შ.).

4 კვირა - ემბრიონის ხვრელი

ჩანასახის უჯრედთა მეორე ჯგუფი - რუხი უჯრედები ე.წ. ემბრიობლასტები - პრიმიტიული ზოლის მსგავსი ხვრელის გავლით თავდაპირველი ბურთისებური წარმონაქმნის კედლის ერთ ლოკაციაში გადაინაცვლებს, გადაჯგუფდება და აქ იწყება თავად ემბრიონის ფორმირება.

დასრულებული სახით ემბრიონის ჩამოყალიბებას ეთმობა ემბრიოგენეზის მთლიანი პერიოდი, რა დროსაც ემბრიობლასტები ჯერ დიფერენცირდება, რათა პატარას ყველა ორგანოს წინამორბედი ჩანასახოვანი წარმონაქმნი შექმნას. შემდგომში ყალიბდება ამ ორგანოების წარმომქმნელი სპეციალური უჯრედების გროვები, რომლებიც თანდათან სტრუქტურირდება ანუ  იღებს ფორმებს, იყოფა განყოფილებებად და სეგმენტებად, ზოგიერთი მათგანი იწყებს პრიმიტიულ ფუნქციონირებასაც. ამ პროცესს ორგანოგენეზად მოიხსენიებენ.

ამ კვირაში ორგანოგენეზის პროცესის დასაწყისი ეტაპი მიმდინარეობს:

4 კვირა - ორშრიანი ემბრიონი

გადაჯგუფებული ემბრიობლასტები ჯერ "განლაგდება" ერთ სიბრტყეში, შედეგ გარდაიქმნება ორშრიანად - შედგება ეპიბლასტისგან (გარეთა შრე) და ჰიპობლასტისგან (შიდა შრე),

4 კვირა - სამშრიანი ემბრიონი

ხოლო კვირის ბოლოსთვის ხდება სამშრიანი და შედგება სამი ძირითადი ფირფიტისგან:

ყველაზე გარეთა ფირფიტას ექტოდერმას უწოდებენ, მისგან შემდეგ კვირებში წარმოიქმნება ნერვული სისტემის, კანის და მისი დანამატების (თმების), თვალების, კბილების ჩანასახები;

შუა ფირფიტა - მეზოდერმა - საფუძველს ჩაუყრის კუნთოვანი სისტემის, თირკმლების, სისხლძარღვებისა და გულის ჩანასახების განვითარებას;

ყველაზე შიდა ფირფიტისგან - ენდოდერმასგან - წარმოქმნება მუცლის ღრუში განთავსებული შინაგანი ორგანოების ჩანასახები.

 

ემბრიონის ანთროპომეტრია

ამ კვირაში ემბრიონი ყაყაჩოს მარცვლის ზომა ხდება.

სივრცულად ყვითრის პარკი, ამნიონურ პარკი და თავად ჩანასახი ერთ ბურთისებრ წარმონაქმნს წარმოადგენს, რომელსაც სანაყოფე კვერცხის სახელით მოიხსენიებენ და ექოსკოპიური კვლევით მისი დანახვა უკვე შესაძლებელია.

სანაყოფე კვერცხის დიამეტრი 0.35 - 3.0 მმ-ს აღწევს, თავად ჩანასახის სიგრძე და წონა კი ჯერ ვერ იზომება.

 

ცვლილებები ქალის ორგანიზმში

ორსულობის გინეკოლოგიური მე-4 კვირის მანძილზე მომავალმა დედამ შესაძლოა მუცლის არეში მცირე ჩხვლეტები (სუსტი ტკივილი) იგრძნოს ან საშოდან მცირე სისხლიანი გამონადენი შეამჩნიოს. ეს ე.წ. ცრუ მენსტრუაციაა, რაც ჩანასახის დედის საშვილოსნოს ლორწოვანში იმპლანტაციის და შემდგომში სისხლძარღვოვანი ლაკუნების ჩამოყალიბების პროცესის თანმხლები მოვლენაა. ხშირად ის ერევათ "ჭეშმარიტ" მენსტრუაციაში, თუმცა ცრუ მენსტრუაცია გამოირჩევა ხანმოკლეობით (გრძელდება სულ 1-3 დღე), ძალიან მცირე, თანაბარი ოდენობის გამონადენით (ხშირად სისხლშერეული, ვარდისფრად შეფერილი ლორწოს სახე აქვს).

ამ კვირაში იმატებს სასქესო ორგანოებიდან გამონადენის მოცულობა, მაგრამ მისი შემადგენლობა, თუ ვარდისფრად შეფერილი არ არის, ან ლორწოვანი ან ოდნავ მოთეთროა. თუ გამონადენი მოყვითალო, მომკვრივო ხასიათისაა, თან ახლავს ქავილი, გარეთა სასქესო ორგანოების შეწითლება - ეს სასქესო ორგანოების ინფექციის ნიშნებია, რისი არსებობაც ორსულობასთან „შეუთავსებელია“ და საშიშია, ამიტომ საჭიროა ექიმ-გინეკოლოგთან სწრაფი ვიზიტი, ინფექციის სახეობის დასადგენად დეტალური კვლევა და შესაბამისი თერაპიის ჩატარება.

ორსულობის პირველი ნიშნები ანუ სუბიექტური სიმპტომატიკა მადის, სუნების აღქმის, განწყობილების ცვლილებების სახით კვლავ სახეზეა, თუმცა ჯერ კვლავ შედარებით მცირე ინტენსივობით აღიქმება.