ემბრიონული პერიოდი - ემბრიონი

ორსულობის გინეკოლოგიური კვირა 8 - ემბრიონის "გაადამიანურება"
8 კვირა
მიმდინარეობს ორსულობის ემბრიონული 6 კვირა / ორსულობის გინეკოლოგიური 8 კვირა / ტრიმესტრი - I.

ემბრიონული პერიოდი დასასრულს უახლოვდება, შესაბამისად ემბრიონი ადამიანებისთვის დამახასიათებელ ფორმების და ფუნქციების შეძენას იწყებს ანუ იგი „გაადამიანურდება“.

ორსულობის ამ ვადაზე ემბრიონის ნერვული სისტემის იმ სტრუქტურების  შენება იწყება, რომელთა საშუალებითაც იგი ე.წ. უმაღლესი ნერვული მოქმედებების შესრულებას შეძლებს. სწორედ ეს უმაღლესი ნერვული მოქმედებები გამოარჩევს ადამიანს ცხოველთა სამყაროსგან.

პირველ რიგში ემბრიონს სამყაროს აღქმისთვის საჭირო სენსორული ორგანოები და სტრუქტურები უვითარდება. კერძოდ, წინა კვირაში "ყველგან ჩაზრდილი" შესაბამისი ნერვების დაბოლოვებებზე სპეციალური სენსორული სტრუქტურები ე.წ. რეცეპტორები ყალიბდება, რომელთა საშუალებითაც შემდგომი სამყაროს მრავალმხრივი აღქმა გახდება შესაძლებელი:

ენაზე ჩნდება გემოვნებითი დვრილები, ცხვირის ღრუში - ყნოსვითი რეცეპტორები, თვალის ბადურა გარსზე ფერების გამრჩევი რეცეპტორები, რომლებიც ჩხირებისა და კოლბების სახელწოდებითაა ცნობილი, შუა ყურში ყალიბდება დაფის აპკი და პატარა ძვლები, რომლებიც შემდგომში პასუხისმგებელი ხდება ხმოვანი ტალღების აღქმაზე,

კანზე წარმოიქმნება ტაქტილური ანუ შეხების, ტემპერატურის აღმქმელი რეცეპტორები, კუნთებში და შინაგან ორგანოებში - ამ ორგანოების მუშაობის "აღქმაში" ჩართული ნერვული დაბოლოვებები და სხვა.

პარალელურად ცენტრალური ნერვული სისტემის ქსოვილის შემქმნელი ნეირონების ბადე ვითარდება:

თავის და ზურგის ტვინში განლაგებული ნეირონები, რომლებიც წინა კვირაში წანაზარდების სახით დაუკავშირდა ჩანასახის სხეულის ყველა ნაწილს, ახლა იწყებს შიდა, უნიკალური კავშირების განვითარებას. ახალი წანაზარდების ეს შიდა ქსელი "აბლაბუდასავით" მოედება მთელს ნერვულ ქსოვილს და მრავალფეროვან ურთიერდამაკავშირებელ გზას შექმნის, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება ნერვული იმპულსების პარალელური გადაცემა და მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი რთული კოორდინირებული ფუნქციების შესრულება.

ამ ვადაზე ცენტრალური ნერვული სისტემის ორი უმნიშვნელოვანესი ნაწილი - ნათხემი და მოგრძო ტვინი - დიფერენცირდება

ადამიანის ნერვული სისტემის ეს ორი ყველაზე ძველი ნაწილი, შეაერთებს რა ზურგის ტვინსა და თავის ტვინს როგორც ანატომიურად, ასევე ფუნქციურად, შემდგომში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სამყაროს შეგრძნების და მომავალი ადამიანის მასთან დამოკიდებულების ჩამოყალიბების პროცესში. მათი განვითარების ხარისხი განაპირობებს რამდენად ფართო წარმოსახვა და მრავალფეროვანი აღქმის უნარები ექნება მომავალ ადამიანს ანუ მარტივად რომ ვთქვათ - რამდენად „მგრძნობიარე“ იქნება პატარა.

ამ კვირიდან ემბრიონის სხეული, რომელსაც აქამდე რკალისებრად მოხრილი ფორმა ჰქონდა, "წელში გამართვას" იწყებს. მისი სხეულის ძირითადი ნაწილები -თავი, სხეული და კიდეურები - გამოკვეთილია, კუდი იწყებს გაქრობა.

ამ კვირის ბოლოსთვის პატარას სახის ნაკვთების „ჩანახატი“ დგება - ცხვირის ნესტოების რკალები ყალიბდება, ქუთუთოები თითქმის მთლიანად ფარავს თვალებს, ზედა და ქვედა ყბის ძვლების კონტურები იკვეთება, რაც სახის ოვალის ფორმების შექმნას უყრის საფუძველს.

ხელის მტევნებზე თითები იწყებს განცალკევებას, ცერა თითი ცდილობს  სხვა თითებისადმი პერპენდიკულარული დგომა განავითაროს. ცერა თითის ასეთი დგომა მხოლოდ ადამიანს ახასიათებს, ეს განაპირობებს მრავალი ისეთი მოქმედების განხორციელების (მაგალითად შრომის იარაღების, საბრძოლო იარაღების ჭერა და მოხმარება) შესაძლებლობას, რაც ცხოველებისთვის შეუძლებელია.

ემბრიონი უკვე აქტიურად და განსხვავებულად მოძრაობს საშვილოსნოსშიდა სივრცეში:

ხერხემალზე კისრის სეგმენტის ჩამოყალიბების შედეგად მას შეუძლია თავი გადახაროს სხვადასხვა მიმართულებით,

ემბრიონს სხეულის მოძრაობითი აქტივობის შედეგად ასევე შეუძლია უკვე შეიცვლოს ადგილმდებარეობა საშვილოსნოს ღრუში, სადაც იგი „დაცურავს“, თუმცა ზომით ჯერ პატარაა და საშვილოსნოს კედლებამდე „ვერ აღწევს“, ამიტომ დედა ჯერ კიდევ ვერ შეიგრძნობს მის დარტყმებს.

ემბრიონს მხრის და იდაყვის სახსრების უვითარდება, შედეგად მას ხელებიმოხრ შეუძლია. ფეხის ტერფები, ისევე როგორც ბარძაყისა და მუხლის სახსრებიც ჩამოყალიბებულია, შესაბამისად, ემბრიონი ამოძრავებს და ხრის ფეხებსაც, შეუძლია ისინი "შემოიწყოს" მუცელზე.

ამ კვირაში ემბრიონის გული სტრუქტურულად ჩაყალიბების პროცესს ასრულებს - ოთხკამერიანი ხდება - და მთელი ცხოვრების მანძილზე ამგვარი სქემატური აგებულებით განაგრძობს ფუნქციონირებას:

წინაგულსა და პარკუჭში ჩაიზრდება ამ ღრუების სიმეტრიულ მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად გამყოფი ძგიდე, ამგვარად ორ-კამერიანი გული ხდება ოთხ-კამერიანი ანუ მარჯვენა და მარცხენა წინაგულისა და ასევე მარჯვენა და მარცხენა პარკუჭისაგან შედგება.

გულის ძგიდე შემდგომში საშვილოსნოსშიდა და დაბადებისშემდგომი განვითარების პროცესში მრავალ ტრანსფორმაციას განიცდის, მთლიანად დაიხურება, თუმცა ახლა გულის ოთხი განყოფილება ერთმანეთისგან ბოლომდე იზოლირებული ჯერ არ არის.

ადამიანის გული  სტრუქტურული დახვეწის მრავალ პროცესს გაივლის, თუმცა გულის ოთხგანყოფილებიანობის ამ ვადაზე შექმნილი ზოგადი სქემა ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე უცვლელი რჩება.

ამავდროულად გულის შეკუმშვები იმდენად ძლიერი ხდება, რომ გულისცემის მოსმენა შესაძლებელი ხდება გინეკოლოგიური სტეტოსკოპითაც კი და გულისცემის სიხშირე ნორმაში შეადგენს 140-170 დარტყმა/წუთში.

 

ემბრიონის ანთროპომეტრია

ამ კვირაში ემბრიონი ლობიოს მარცვლის ზომა ხდება.

სანაყოფე კვერცხის დიამეტრი უკვე 21-24 მმ-ია, თავად ჩანასახის მთლიანი სიგრძე, რომელიც უკვე თვალსაჩინოდ იზომება თავიდან სხეულის ბოლომდე ანუ კუდუსუნამდე, აღწევს 12-15 მმ-ს, წონა კი გადალახავს 1 გრ-ს.

 

ცვლილებები ქალის ორგანიზმში

ორსულობის გინეკოლოგიური მე-8 კვირის განმავლობაში ორსულთა ადრეული ტოქსიკოზის ნიშნები თითქმის ყველა ორსულ ქალს ახსენებს თავს: მადის ცვლილებები, ემოციური ლაბილობა, სუნების აუტანლობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება, უფრო მძიმე ტოქსიკოზის შემთხვევაში კი ღებინებაც - არღვევს ქალის ჩვეულ ცხოვრების რითმს.

თუმცა ქალის ტვინში „ძალებს იკრებს“ აღგზნების კერა, რომელსაც ორსულობის დომინანტა“ ეწოდება, ის ბლოკავს სხვა, ორსულობისთვის ნაკლებ მნიშვნელოვან და არასასიამოვნო სიგნალებს და ამით ქალის სხეულს უპირველეს ამოცანად ბავშვის გამოზრდას უყენებს. ეს აღიქმება ორსული ქალის მიერ ერთგვარი სასიამოვნო ეიფორიის ეპიზოდებით.

ემბრიონი სწრაფად ვითარდება, მასაში მოიმატა და მოცულობაში გაორმაგდა, მაგრამ საშვილოსნოს და მისი „ბინადარის“ საერთო მოცულობა ჯერ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქალს მუცელი „დაეტყოს“.

ქალის კუნთოვანი აპარატი - ჩონჩხის კუნთებიდან დაწყებული სპინქტერებით დამთავრებული - ჰიპოტონურია ანუ მოდუნებულია, ამიტომ კუჭი ვეღარ იკავებს საკვებს, რომელიც გადადის საყლაპავში და ვითარდება გულძმარვა, ნაწლავის კუნთები ვეღარ უზრუნველყოფს ნორმალურ პერისტალტიკას და ვითარდება შეკრულობა და მეტეორიზმი (გაზების დაგროვება), შარდის ბუშტი ვეღარ აკავებს შარდს და ვითარდება ხშირი მოთხოვნილება მოშარდვაზე. ეს ნორმალური, ფიზიოლოგიური, ორსულობისთვის დამახასიათებელი მოვლენებია და ორსულს მოუწევს „ამასთან ერთად ცხოვრება“ კიდევ 8 თვე.

სამაგიეროდ ზომაში იმატებს  და  თვალსაჩინოდ გარდაიქმნება სარძევე ჯირკვლები, მათ სტრუქტურაში აქტიურად ყალიბდება სარძევე სადინარების ქსელი. დვრილების სტრუქტურა მკვრივდება, ფართი იზრდება და ფერი იცვლება.

პირველი ტრიმესტრის კიდევ ერთი გლობალური ცვლილება ორსული ქალის იმუნური სისტემის შესუსტებაა. ეს ფიზიოლოგიური მოვლენაა და ემსახურება ორსულობის შენარჩუნების პროცესს.

ქალის ორგანიზმისთვის ემბრიონი  „უცხო“ ანტიგენებით დასახლებული სხვა ორგანიზმია, ქალის იმუნური სისტემა ორსულობამდე ყველა უცხო ანტიგენის წინააღმდეგ ანტისხეულებს გამოიმუშავებდა, რათა ყველა უცხო აგენტი გამოედევნა. ამით ორგანიზმი მთლიანობას ინარჩუნებდა და ინფექციების, ტრამვების დროს თავდაცვას ახორციელებდა. მაგრამ ახლა ქალის ორგანიზმს სხვა მოცემულობა აქვს - მან  ეს“უცხო“ პატარა უნდა გამოზარდოს. ამ ამოცანის შესასრულებლად ორსულობის დროს ჯერ კიდევ ამოუცნობი მექანიზმებით დედის იმუნური პასუხი სუსტდდება იმგვარად, რომ „უცხოს“ მიმართ ტოლერანტულობა იზრდება. მაგრამ ინფექციური ფონი „არსად არ მიდის“, ამიტომ ორსულმა ქალმა ინფექციებისგან თავი განსაკუთრებულად უნდა დაიცვას.  ამისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით ორსულებისთვის შემუშავდა რეკომენდაცია, რომლის საფუძველზეც ორსული ქალებისთვის რეკომენდებულია თავშეყრის ადგილებში ერთჯერადი პირბადეების ტარება.

გინეკოლოგიური გასინჯვით ორსულობის გინეკოლოგიურ მე-8 კვირაზე ფიქსირდება საშვილოსნოს სხეულის ზომების 7-8 სმ-მდე მატება, აღინიშნება საშვილოსნოს სისხლსავსეობა, ყელის დაგრძელება, ცერვიკალური არხის შეკუმშვა და ბლანტი ლორწოთი ამოვსება. გინეკოლოგიური გასინჯვის დროს ობიექტურად სწორედ ამ ნიშნებით დიაგნოსტირდება ორსულობა.

თუმცა მხოლოდ გასინჯვით არ შემოიფარგლება სადიაგნოსტიკო პროცესი და ექოსკოპიური კვლევით ორსულობის ფაქტის 100%-იანი დადასტურება ხდება საშვილოსნოს წიაღში ემბრიონის არსებობის და მისი გულისცემის დაფიქსირების საშუალებით.

ორსულების მცირე ნაწილში ორსულობისთვის დამახასიათებელი სუბიექტური შეგრძნებები შესაძლოა ძალიან მცირედ იყოს გამოხატული, რადგან ჰორმონულ ცვლილებებზე ყველა ორგანიზმის რეაგირების ხარისხი ძალიან ინდივიდუალურია. მათ შესაძლოა ორსულობის ნორმალური მიმდინარეობის ირგვლივ ეჭვები დაებადოთ, თუმცა ამგვარ ეჭვებს არ აქვს საფუძველი, ჰორმონული ცვლილებები იმგვარადაა „მოწყობილი“, რომ შესაძლოა ცვლილებები კომპენსირდეს და ორსულს ადრეული ტოქსიკოზისთვის დამახასიათებელი შეგრძნებები სრულიად არ გამოუვლინდეს. ეს კარგია და მისასალმებელია კიდეც. თუ ორსულობა ექოსკოპიური კვლევით დადასტურებულია, ანალიზების პასუხები ნორმის ფარგლებშია, ორსულ ქალს შეუძლია მშვიდად დაელოდოს შემდეგ გეგმიურ ვიზიტს გინეკოლოგთან, არაა მიზანშეწონილი ხშირი ექოსკოპიური კვლევების და თვითნებური გადაწყვეტილებით დამატებითი ანალიზების ჩატარება.

ორსული ქალის სასქესო ორგანოებიდან გამონადენის მოცულობა და სახე არ იცვლება, ისეთივეა, როგორც წინა კვირას, ყურადღების გამახვილებაა საჭირო მხოლოდ მოყვითალო, მოთეთრო-ხაჭოსებრი ან სისხლიანი გამონადენის გამოჩენისას, ამ დროს საჭიროა სასწრაფო არაგეგმიური ვიზიტის განხორციელება გინეკოლოგთან.