თუ განაყოფიერება შედგა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ორსულობა დაიწყო ანუ დადგა ორსულობის ემბრიონული 1 კვირა / ორსულობის გინეკოლოგიური 3 კვირა / ტრიმესტრი - I.
კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწმით მიღებული პირველი უჯრედი - ზიგოტა - იწყებს ინტენსიურ დაყოფას და ფალოპის მილის ამპულიდან საშვილოსნოსკენ გადაადგილებას:
განაყოფიერებიდან 30 საათში უკვე 2 უჯრედია, 40 საათში - 4 უჯრედი. ასეთი ქაოტური დაყოფა გრძელდება სამი დღე.
მე-4 დღეს ზიგოტისგან წარმოქმნილი 12-30 უჯრედისგან შემდგარი „გროვა“ერთგვარ ფორმას იღებს და თუთის ნაყოფს მოგვაგონებს. მას ქვია მორულა.
დაყოფის პარალელურად ზიგოტასგან წარმოშობილი უჯრედების ეს კომპლექსი გადაადგილდება ფალოპის მილში საშვილოსნოს ღრუსკენ. მორულას სტადიაზე ჩანასახი „ჩავარდება“ საშვილოსნოს ღრუში, სადაც ის თავისუფლად „დაცურავს“ კიდევ 2 დღე.
მე-6-7 დღეს უჯრედების რაოდენობა 250-ს აღწევს, ისინი სფერულად განლაგდებიან და ჩანასახი ბურთს ჰგავს. მას ბლასტოცისტა ეწოდება, მისი დიამეტრი 0,1-0,35 მმ-ია.
ბლასტოცისტას უჯრედები დაყოფის გარდა თანდათან დიფერენცირდება ანუ სხვადასხვა ფუნქციებს იღებს და გარკვეულ „საკუთარ“ სივრცულ ადგილს იკავებს:
გარეთა შრის უჯრედები ტროფობლასტებად გარდაიქმნება, რათა შემდგომში „დაადნოს“ საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი, მიემაგროს მას და საფუძველი ჩაუყაროს ემბრიონის მხარდამჭერ ორგანოებს.
შიდა შრის უჯრედები წარმოქმნიან თავად ემბრიონს.
ბლასტოცისტა დიფერენციაციის დასრულების შემდგომ იწყებს იმპლანტაციის პროცესს.
იმპლანტაცია ჩანასახის საშვილოსნოს კედელთან მიმაგრების პროცესია:
უკვე 0,35 მმ დიამეტრის მქონე ბლასტოცისტას გარეთა უჯრედების ანუ ტროფობლასტების მიერ გამოყოფილი ფერმენტების მეშვეობით მიმდინარეობს მისი ჯერ საშვილოსნოს კედელთან მიწებება, ხოლო შემდეგ ამ მონაკვეთის ენდომეტრიუმის დაშლა და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის უჯრედებს შორის ღრმად შეღწევა.
საშვილოსნოს კედელზე წარმოიქმნება „იარა“, რომელიც თანდათან ამოივსება ახალი ეპითელური უჯრედებით და ბლასტოცისტა აღმოჩნდება „ღრმად ჩამონტაჟებული“ საშვილოსნოს კედელში. ამის შემდგომ მას უკვე ჩანასახად ანუ ემბრიონად მოიხსენიებენ.
იმპლანტაციის შემდგომ ჩანასახის გარეთა, ტროფობლასტურ უჯრედები კვლავ აგრძელებენ დედის საშვილოსნოს კედლის რღვევას, მათ წარმოექმნება წანაზარდები, რომლითაც ჩანასახი საშვილოსნოს ამ მონაკვეთის სისხლძარღვოვან კალაპოტში აღწევს.
ამ მომენტისთვის დედის და ბავშვის სისხლის მიმოქცევის სისტემა ერთიანდება. თუ განაყოფიერებიდან იმპლანტაციამდე ბლასტოცისტა საკვერცხიდან გამოყოლილი „საგზლით“ იკვებებოდა, იმპლანტაციის მომენტიდან ჩანასახის კვების და ჟანგბადით მომარაგების პროცესზე პასუხისმგებლობას სრულად იღებს დედის ორგანიზმი.
საშუალოდ იმპლანტაციის პროცესი 40 საათს მოიცავს და სრულად მთავრდება განაყოფიერებიდან მე-7-9 დღისთვის.
იმპლანტაციის „წარმატებულად დამთავრების“ შემდეგ ჩანასახის ტროფობლასტური უჯრედები იწყებენ ჰორმონის - ქორიონული გონადოტროპინის - გამომუშავებას. ეს ჰორმონი ხვდება დედის სისხლში. მისი მოქმედების შედეგად დედის ყველა ორგანო იწყებს ორსულობის პროცესისთვის „გადაწყობას“.
ეს ჰორმონი გამოიყოფა დედის შარდთან ერთად და ტესტირების მეთოდით მისი აღმოჩენა და, შესაბამისად, ორსულობის დადასტურება შესაძლებელი ხდება. გასათვალისწინებელია, რომ ამ ვადაზე ჰორმონის შედარებით მცირე კონცენტრაციის გამო ორსულობის ტესტზე მეორე წითელი ხაზის გამოჩენა აღინიშნება მხოლოდ 60% შემთხვევებში.
ორსულობის გინეკოლოგიური მე-3 კვირა ორსულობის გარიჟრაჟია, დედის ორგანიზმში იწყება ცვლილებების ერა: ხდება ნივთიერებათა ცვლის, ორგანოების ფუნქციონირების „გადაწყობა“ და ორსულობასთან ადაპტირება. ამ პროცესებს მართავს როგორც დედის ენდოკრინული სისტემის, ასევე უკვე ჩანასახის მიერ გამოიყოფილი ჰორმონები. ამგვარი ჰორმონული ცვლილებების შედეგებს მომავალი დედა აღიქვამს ორსულობის პირველი ნიშნების სახით, თუმცა ეს ჩივილები იმდენად სუბიექტურია, რომ მათი დაფიქსირება რაიმე ინსტრუმენტული გამოკვლევითაც კი ჯერ შეუძლებელია.
პირველ რიგში თვალში საცემი ხდება მადის ცვლილებები - ხშირ შემთხვევებში მადა იმატებს, შესაძლოა მუდმივ შიმშილის გრძნობაშიც გადაიზარდოს, ზოგიერთ შემთხვევაში პირიქით - მადა მკვეთრად მცირდება. მადასთან ერთად სუნების შეგრძნებაც მკვეთრდება და უკუღმართდება .
იცვლება ქალის ფსიქიკური სტატუსი - იმატებს გაღიზიანებადობა, იმპულსურობა, ხშირად უმიზეზოდ და სპონტანურად იცვლება გუნებ-განწყობა - ტირილის განწყობას ცვლის ამაღლებული მხიარულება ან უმიზეზოდ სევდიანი მოტივები აღმოცენდება.
ამ დროს თავს იჩენს ჰორმონული რეკონსტრუქციის ყველაზე შედარებით ობიექტური ცვლილება - მკერდის გამკვრივება - მკერდი თითქოს იმატებს როგორც მოცულობაში, ასევე წონაში ანუ მძიმდება. აღსანიშნავია, რომ მკერდის გამკვრივება დაწყებული იყო ორსულობის გინეკოლოგიურ მე-2 კვირაში (ოვულაციის პერიოდში), თუმცა თუ ორსულობა არ დადგა, მე-3 კვირაში მას უკვე უნდა დაებრუნებინა "ჩვეული პარამეტრები და შეგრძნებები".
ქალის საკვერცხეში გახეთქილი ფოლიკულის ადგილზე ფორმირდება ე.წ. ყვითელი სხეული, რომელიც შედგება ლუთეინური უჯრედებისგან, ეს უჯრედები გამოიმუშავებენ ჰორმონს - პროგესტერონს.
თუ მე-3 კვირის დასაწყისისთვის ორსულობა არ დადგა, ყვითელი სხეული თანდათან განილევა, შესაბამისად, პროგესტერონის სინთეზი მცირდება და ოვულაციიდან 10-12 დღის შემდეგ დაიწყება შემდეგი მენსტრუალური ციკლი.
თუ ორსულობა დადგა, ყვითელი სხეული განაგრძობს მომწიფებას და გადადის ახალ ფაზაში, რომელსაც ორსულობის ყვითელ სხეულად მოიხსენიებენ. ის „ცოცხლობს“ ორსულობის გინეკოლოგიურ მე-12 კვირამდე, განაგრძობს პროგესტერონის გამომუშავებას და წყვეტს არსებობას იმ მომენტისთვის, როდესაც დედის საშვილოსნოში სრულფასოვანი პლაცენტა ფორმირდება საკუთარი ჰორმონების სინთეზირების ფუნქციით.
პროგესტერონი ორსულობის მთავარი ჰორმონია, მისი მოქმედებით დედის საშვილოსნოს ლორწოვან გარსში ხდება იმგვარი ცვლილებები, რომლებიც იმპლანტაციის წარმატებით განხორციელების მთავარი პირობაა - ლორწოვანი სქელდება, ფაშარი ხდება და მასში იზრდება სისხლის მიმოქცევა.
რადგანაც შემდგარი განაყოფიერება არ არის აბსოლუტური პირობა იმისათვის, რომ ორსულობა შედგა და წარუმატებელი იმპლანტაციის შედეგად შესაძლოა უკვე განაყოფიერებული კვერცხუჯრედისგან მიღებული ჩანასახი დაიღუპოს, პროგესტერონი, როგორც იმპლანტაციის პროცესის წარმმართველი მთავარი ჰორმონი, ორსულობის შემანარჩუნებელ ფაქტორად სახელდება და ქალის ორგანიზმში მისი ნაკლებობისას ორსულობის შესანარჩუნებლად აუცილებელი ხდება მისი დამატებითი მიღება აბების სახით.
© Copyright
Orsuli.ge | ყველა უფლება დაცულია | დამზადებულია WEB>Source>
-ში.