ემბრიონული პერიოდი - ინტენსიური ორგანოგენეზი

ორსულობის გინეკოლოგიური კვირა 7 - ორმაგი ზრდა

მიმდინარეობს ორსულობის ემბრიონული 5 კვირა / ორსულობის გინეკოლოგიური 7 კვირა / ტრიმესტრი - I. 

ამ ვადაზე ემბრიონი ზრდის ტემპს "აორმაგებს" და თავადაც მოცულობაში თითქმის ორმაგდება.

სპეციალურად ორსულობის პერიოდისთვის ქალის ორგანიზმში ჩამოყალიბებული სრულიად ახალი ორგანოს - ქორიონის ანუ პირველადი პლაცენტის სისქე კვირის ბოლოს 1,1 სმ-ს აღწევს. ეს ორგანო ჩანასახს გაცილებით ინტენსურად აწვდის ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს, რაც მისი ასეთი სწრაფი ზრდა-განვითარების წინაპირობაა.

საშვილოსნო-პლაცენტური სისხლის მიმოქცევის ეს სრულიად ახალი სისტემა (რომელიც ორსულობამდე არ არსებობდა და ორსულობის შემდგომ უკვალოდ ქრება), უნიკალურია თავისი შენებით და ფუნქციებით. ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდების გარდა, ის ემბრიონის ყოველმხრივ დაცვას, გარემოსთან მის შერჩევით ურთიერთობას და პატარას არსებობის თითქმის ყველა ასპექტის კონტროლს უზრუნველყოფს.

პირველადი პლაცენტა აქამდე მხოლოდ ემბრიონის მიერ პროდუცირებული ორსულობის ჰორმონის - ქორიონული გონადოტროპინის - სინთეზს იწყებს, ამიტომ ამ ჰორმონის კონცენტრაცია ორსულობის ვადის ზრდასთან პარალელურად მატულობს.

კლინიკურად ამ ჰორმონის ეტაპობრივ მატებაზე დაკვირვება უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის განისაზღვროს ორსულობის მიმდინარეობა და პროგნოზი. დედის სისხლში მისი კონცენტრაციის ნორმალური დონე მყარი მაჩვენებელია იმისა, რომ ორსულობა ფიზიოლოგიურად ანუ ნორმის ფარლებში ვითარდება. ამიტომ ხშირად ამ კვირაზე ექიმი-გინეკოლოგი დედის სისხლში ჰორმონის კონცენტრაციის მაჩვენებლებს აკონტროლებს.

ემბრიონის სხეულის ნაწილებიდან ყველაზე სწრაფად იზრდება და ინტენსიურად ვითარდება ემბრიონის თავი და ემბრიონის ხერხემალი, რაც ადამიანის მაღალგანვითარებულობის განმაპირობებელი ორგანოების - თავის და ზურგის ტვინის - აქტიურ ფორმირებასთან პირდაპირ ბმაშია.

ემბრიონის თავის მოცულობა მთლიანი სხეულის მოცულობის ნახევარზე მეტია.

ნერვული მილის ე.წ. თავის შემსხვილებულ ფორმაციებში (მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროებში) წარმოიქმნება ოთხი ბორცვაკი , რომელიც საფუძველს უდებს თავის ტვინის ნახევარსფეროების ოთხ  - შუბლის, თხემის, კეფის, საფეთქლის - განყოფილებებს.

იზრდება და ვითარდება ემბრიონის ხერხემალი, ყალიბდება კისრის ჩანადრეკი, იკვეთება ხერხემლის მალების კონტურები.

ხერხემლის ბოლო ნაწილი წანაზარდის სახით გადმოკიდებულია სხეულიდან და პატარა კუდს ქმნის ანუ ჩანასახი ჯერ "კუდიანია". სულ მალე, როდესაც პატარა ნაყოფი გახდება, ეს კუდი უკუგანვითარდება და პატარა ძვლით იქნება წარმოდგენილი. ამ ძვალს კუდუსუნი ქვია.

ნერვული მილის ქვედა ნაწილი  (თავის შემსხვილების ქვევით) მთლიანად მოთავსდება ემბრიონის ხერხემალში და ის იწყებს განვითარებას ზურგის ტვინის სახით.

წარმოიქმნება ნერვებიც. ეს თავის და ზურგის ტვინში არსებული უჯრედების  წანაზარდებია, მათ აქსონები და დენდრიტები ქვია. ისინი  ემბრიონის ყველა კუნთსა და შინაგან ორგანოში „ჩაიზრდებიან“, რათა თავის და ზურგის ტვინი მათ „სამართავ“ სტრუქტურებთან დააკავშირონ.

ერთადერთი ორგანო, რომელსაც, გარდა ასეთი ცენტრალური ინერვაციისა, აქვს დამოუკიდებელი ე.წ. ავტონომიური ნერვული მართვის სისტემა, უფრო ადრე წარმოშობილი გულია. გულს ადამიანის მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე შეუძლია ცენტრალური ნერვული სისტემიდან მოსული იმპულსების გარეშეც ანუ დამოუკიდებლად შეიკუმშოს.

ემბრიონის მოძრაობითი აქტივობა, ნერვული სისტემის და კუნთების განვითარების პარალელურად, მატულობს, თუმცა ეს დედისთვის ჯერ კიდევ შეუმჩნეველი მოვლენაა და ჩანს მხოლოდ ექოსკოპიური კვლევის დროს.

ინტენსიურად მიმდინარეობს თვალების შენება, თავის ტვინის წინა ნაწილიდან გამოიზრდება ნერვული უჯრედების წანაზარდები და საფუძველს უყრის მხედველობის ნერვების და თვალების ბადურა გარსის განვითარებას.

სახის ქსოვილებისგან ყალიბდება ქუთუთოების ნაკეცები, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ ფარავენ თვალებს.

ვითარდება სახის ძვლები, რომლებიც ამ ეტაპზე უფრო ხრტილოვანი ფაქტურისაა და მასზე გადაკრულია სიფრიფანა კანი, საიდანაც მკაფიოდ ჩანს გამჭირვალე კანქვეშ განლაგებული წვრილი ვენები.

"ჩანახატის დონეზე" გამოისახება ცხვირის და ყურების კონტურები, ყვრიმალების შემაღლებული ბორცვაკები, შუბლის თაღი.

ემბრიონის კიდურები ლასტებს გავს. მართალია ხელების ძვლები თითქმის ჩამოყალიბებულია და მტევნებზე ჩანს თითების ხრტილოვანი ჩრდილები და თითთაშუა ჩანადრეკები, თუმცა თვითონ თითები ჯერ არაა ბოლომდე დაყოფილი, თითების დისკოებითაა წარმოდგენილი და ერთიანი კანის აპკით გაერთიანებული. ფეხები განვითარებით ოდნავ ჩამორჩება, ტერფის წვრილი ძვლები ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია და კანის ერთიანი აპკითაა შემოსილი.

ასეთი კიდურების მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ ერთდროულად, ამიტომ პატარას ამ ეტაპზე ხელების და ფეხების ასე ვთქვათ "ლასტებივით მოსმა" შეუძლია.

ემბრიონს ამ კვირის ბოლოს აქვს თითქმის ყველა შინაგანი ორგანოს ჩანასახი.

ნაწლავის მილი განაგრძობს დაყოფას:

წინამდებარე ნაწილისგან წარმოიქმნა პირის ღრუ, ხახა, საყლაპავი მილი და კუჭი.

შუა ნაწილი თანდათან იდრიკება ჭიპლარისკენ, თუმცა ისევ დაკავშირებულია ყვითრის პარკთან.

ბოლო, უკანამდებარე ნაწილი აღარაა ყრუდ დახურული, არამედ ახლადწარმოქმნილი სწორი ნაწლავისა და შარდ-სასქესო სინუსის მეშვეობით უკავშირდება გარემოს, სადაც საკუთარი ცხოველქმედების პროდუქტების გამოყოფას ოდნავ მოგვანებით დაიწყებს.

სასუნთქი სისტემის ჩანასახი ისევ მხოლოდ ტრაქეითა და ბრონქებითაა წარმოდგენილი. პატარას ჯერ არ სჭირდება სუნთქვა, ამიტომ არ აქვს ფილტვები. მის მაგივრად სუნთქავს დედა, სწორედ დედის ფილტვებიდან მიღებული ჟანგბადი მოაქვს პლაცენტის და ჭიპლარის გავლით ემბრიონის ერითროციტებს მის უჯრედებთან.

პირველადი თირკმლების ჩანასახების გვერდით ყალიბდება სასქესო ლილვაკები. ეს სასქესო ჯირკვლების - საკვერცხეებისა და სათესლეების - ჩანასახებია. სწორედ აქ ამთავრებენ თავის საიმიგრაციო გზას სასქესო უჯრედები, რომლებიც ორსულობის გინეკოლოგიური მე-5 კვირიდან დიფერენცირდებიან ყვითრის პარკში და ამ კვირიდან ემბრიონის სასქესო ჯირკვლებისკენ „გრძელ მოგზაურობას“ დაიწყებენ. ეს სქესის განსაზღვრის ბოლო აკორდია, ამის შემდგომ აბსოლუტური სიზუსტით დაფიქსირდება ემბრიონის ფიზიოლოგიური განვითარების სქესობრივი კოორდინატები ანუ ვითარდება ან ბიჭი ან გოგო.

 

ემბრიონის ანთროპომეტრია

ამ კვირაში ემბრიონი მოცვის ნაყოფის ზომა ხდება.

სანაყოფე კვერცხის დიამეტრი უკვე 14-27 მმ-ია, თავად ჩანასახის სიგრძე, რომელიც უკვე თვალსაჩინოდ იზომება თავიდან კუდუსუნამდე, აღწევს 7-10 მმ-ს, წონა ჯერ კიდევ ნაკლებია 1გრ-ზე, თუმცა უახლოვდება საზომ ერთეულად ქცევას, ხშირად 0.8-0.9 გრ-ია.

 

ცვლილებები ქალის ორგანიზმში

ორსული ქალის ორგანიზმში „ბობოქრობს“ ორსულობის მდგომარეობისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა:

ორსულთა ადრეული ტოქსიკოზი უფრო მძაფრდება, ამიტომ ხშირად სხეულის მასის კარგვა იწყება. ამ დროს სასურველია სპეციალური კვების რეჟიმის ჩამოყალიბება - გულისრევა/ღებინება ციკლური ხასიათისაა და დღის მანძილზე ზოგიერთ მონაკვეთებში უფრო მცირედაა გამოხატული, თუ დავაკვირდებით ამ „ნათელ“ პერიოდებს და მივიღებთ ამ დროს მსუბუქ საკვებს და სითხეს მრავალჯერადად, მაგრამ მცირე ულუფებით, შევინარჩუნებთ პატარასთვის აუცილებელ კვებით სტატუსს.

ტოქსიკოზი მსუბუქია, თუ გულისრევის შეგრძნება დღის მანძილზე 3-5-ჯერ აღინიშნება, მძიმეა ტოქსიკოზი დღეში 12-ჯერ და მეტჯერ ღებინების ეპიზოდებით, ეს ხშირად ორსულის ჰოსპიტალიზაციის (საავადმყოფოში დაწვენის) ჩვენებაა.

ტოქსიკოზის კიდევ ერთი გამოვლინებაა კანის ქავილი, რომელიც ხანდახან მთელ სხეულზე ვრცელდება. ამ მოვლენასთან „ბრძოლის“ საშუალებებია ნატურალური ტანისამოსის ჩაცმა და კანის დამატენიანებელი საშუალებების (ლოსიონების) ხმარება. თუ ქავილის შედეგად წარმოიქმნა ეროზიული (გაწითლებული ადგილები, სადაც კანის საფარველი დაზიანებულია) უბნები, საჭიროა მათი ანტისეპტიკური ხსნარებით (ბეტადინი, ბრილიანტის მწვანე ე.წ. ზელიონკა) დამუშავება.

ორსული ქალის ემოციური სტატუსი დაქვეითებულია - სახეზეა განწყობის ხშირი ცვალებადობა, გაღიზიანებულობის, ტირილის, შინაგანი შიშების მოვლენები, მაგრამ მათ თანდათან აკომპენსირებს შინაგანი სიხარულის განცდა და დედობრივი ინსტინქტი - საკუთარ სხეულში ჯანმრთელი პატარა გამოზარდოს.

სასქესო ორგანოებიდან გამონადენი კვლავ უხვია, მაგრამ ღია რძისფერი, ერთგვაროვანი კონცენტრაციით და მცირეოდენი მომჟავო სუნით. გამონადენის სიუხვის გამო საჭიროა საცვალი თეთრეულის ხშირი ცვლა და/ან ერთჯერადი ყოველდღიური საფენების ხმარება. ამ დროს ჰიგიენური პროცედურების ზედმიწევნით შესრულება ორსულს, შესაბამისად მის პატარასაც, სასქესო ინფექციების განვითარებისგან იცავს.

ორსულობის ამ ვადაზე ორსული ქალების ნაწილი ამჩნევს, რომ მისი მუცელი იზრდება, თუმცა ეს საშვილოსნოს ზრდის ხარჯზე არ ხდება, ამ ვადაზე საშვილოსნო თავისი ემბრიონით ჯერ კიდევ პატარაა, მუცლის შებერილობა კი უკავშირდება ყაბზობას და ნაწლავების გაზებით გადაბერვას.

ხშირია შარდვის გახშირება, რაც ორსულობის დამახასიათებელი კიდევ ერთი სიმპტომია. ამის მიზეზი მოცირკულირე სისხლის მოცულობის ზრდა და პროგესტერონის ზეგავლენით საშარდე სისტემის კუნთოვანი აპარატის ტონუსის კლებაა.