ემბრიონული პერიოდი - გულისცემის დასაწყისი

ორსულობის გინეკოლოგიური კვირა 6 - თავკომბალა

მიმდინარეობს ორსულობის ემბრიონული 4 კვირა / ორსულობის გინეკოლოგიური 6 კვირა / ტრიმესტრი - I.

ამ ვადაზე დასრულდება ემბრიონის დამხმარე ორგანოების - ქორიონის (პირველადი პლაცენტის), ჭიპლარის, ყვითრის პარკის და ამნიონური პარკის განვითარება.

წინა კვირებში ჩამოყალიბებული ქორიონის ბუსუსები ე.წ. „საცეცები“ უკვე მჭიდროდ და გაცილებით ვრცელ ფართობზე არის ჩაზრდილი დედის საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ამომფენ სისხლძარღვოვან ქსელთან და იწყება ამ წარმონაქმნების ცალკე ორგანოდ გაერთიანება, მას პირველად პლაცენტა უწოდებენ. პარალელურად, თავად ემბრიონის სისხლის მიმოქცევის სისტემა ვითარდება ინტენსიურად და დედასთან საერთო და დაბადებამდე განუყოფელ ე.წ. ფეტო-პლაცენტური სისხლის მიმოქცევის სისტემის შექმნას  უყრის საფუძველს. პლაცენტა გააგრძელებს შემდგომში განვითარებას და „მომწიფებას“, რაც ექოსკოპიური კვლევის პასუხში აისახება როგორც პლაცენტის სიმწიფის ხარისხი.

6 კვირა - ემბრიონი

ჭიპლარის ჩამოყალიბებით სრულდება ემბრიონის დედის საშვილოსნოს კედელში „ჩასახლების“ პროცესი, ის უკვე „გადმოკიდებულია“ საშვილოსნოს ღრუში, რითიც ეძლევა თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობა და უფრო გართო სივრცე მოცულობაში გაზრდისთვის.

ყვითრის პარკის  კედელთან ჩალაგებული კუნძულები აგრძელებენ ემბრიონის პირველი სისხლის უჯრედების - ერითროციტების და სასქესო გონადობლასტების წარმოქმნას.

ემბრიონის ირგვლივ სითხით ამოვსებული სივრცის - ამნიონური პარკის - გარშემო იწყება უჯრედების შრის აგება. ეს ორგანო შემდგომში, მთელი ორსულობის განმავლობაში, მშობიარობამდე, ვიდრე ის არ გასკდება ან გახეთქავენ, დაიცავს ნაყოფს გარეგანი მექანიკური, ტემპერატურული და სხვა ზემოქმედებისგან.

6  კვირა -თავკომბალა

ემბრიონს, რომელიც ჰგავს თავკომბალას, გამოეკვეთება თავი, რომელიც საკმაოდ უცნაური ფორმისაა და დიდია, მასზე განლაგებას იწყებს სახის ნაკვთები ე.წ. „შავი ლაქების“ სახით:

6 კვირა - ლაყუჩისმაგვარი უბნები

ემბრიონს უკვე აქვს თვალების ბორცვაკები, რომლებიც ჯერ არაპროპორციულად დიდია და ჯერ საერთოდ არ გავს ადამიანის თვალს. ემბრიონს „ემჩნევა“ცხვირის ნესტოების ჩაღრმავებები და მისი ე.წ. ლაყუჩისმაგვარი უბნებიდან იწყებს ფორმირებას გარეთა ყურის ხვრელები.

6 კვირა - მხრის და ფეხის კვირტები

ემბრიონის მომავალი ხელების და ფეხების ადგილას წამოეზრდება ბორცვაკები, რომლებსაც მოიხსენიებენ როგორც მხრის კვირტს - Arm bud და ფეხის კვირტს - Leg bud:

ეს წანაზარდები გამოიყოფიან ორივე მხარეს - მარცხნივ და მარჯვნივ - ანუ "თავის ადგილას",  ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ მხრის კვირტების განვითარება უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ფეხის კვირტების.

6 კვირა - ემბრიონის გული 

წინა კვირის ბოლოს ორი უმსხვილესი სისხლძარღვის შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ჯერ მხოლოდ ორკამერიანი ემბრიონის გული , რომელიც შედგება ერთი წინაგულისა და ერთი პარკუჭისგან და სულ რაღაც 2-4 მმ-ია, განაყოფიერებიდან 23-დღეს იწყებს ძგერას და სისხლს გადაისვრის ჩანასახის სისხლძარღვოვან კალაპოტში.

გულისცემის სიხშირე ამ ვადისთვის 100-160 დარტყმაა/წუთში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი გული ჩვენსაზე ორჯერ ხშირად იკუმშება. ძალიან მაღალმგრძნობიარე ექოსკოპიური კვლევით ემბრიონის გულისცემა ამ ვადაზე შესაძლოა დაფიქსირდეს კიდეც.

6 კვირა - ნერვული მილის და ნაწლავის მილის დაყოფა

გრძელდება ემბრიონის ნერვული სისტემის განვითარება: წინა კვირაში წარმოშობილ ნერვულ მილში დიფერენცირდება ორი - ზურგის და თავის ტვინის - სეგმენტები.

თავის ტვინი წარმოადგენს უკვე ორ ტვინოვან პარკუჭს, რომელთაგანაც შემდგომში ჩამოყალიბდება თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები.

ემბრიონის ნაწლავის მილი სამ განყოფილებად იყოფა:

მისი წინა ნაწილიდან ყალიბდება წანაზარდები, ეს სასუნთქი სისტემის (ბრონქების და ტრაქეის) ჩანასახებია.

შუა განყოფილება ჯერ-ჯერობით შეერთებულია ყვითრის პარკთან,

ხოლო უკანა ნაწილი მთავრდება დახშობილი მონაკვეთით ე.წ. ალლანტოისით, რომლისგანაც შემდგომში სწორი ნაწლავი ჩამოყალიბდება.

ემბრიონს სომიტების უჯრედების დიფერენციაციის შემდგომ კუნთოვანი წარმონაქმნები უვითარდება. ამის შედეგად კვირის ბოლოს ის კრთომებს ანუ გვერდითი მიმართულებით მცირე მოძრაობებს იწყებს, მაგრამ ეს მოძრაობები ძალიან მცირე აპლიტუდისაა და შეუძლებელია აღქმულ იქნას დედის მიერ.

 

ემბრიონის ანთროპომეტრია

6 კვირა - ემბრიონის ზომა

ამ კვირაში ემბრიონი ოსპის მარცვლის ზომა ხდება.

სანაყოფე კვერცხის დიამეტრი უკვე 6-14 მმ-ია, თავად ჩანასახის მთლიანი სიგრძე, რომელიც უკვე თვალსაჩინოდ იზომება თავიდან კუდუსუნამდე, აღწევს 4-6 მმ-ს, წონა ჯერ კიდევ ვერ იზომება, შესაბამისად იწერება, როგორც 1გრ-ზე ნაკლები.

 

ცვლილებები ქალის ორგანიზმში

ორსულობის გინეკოლოგიური მე-6 კვირის განმავლობაში ქალის სხეულის წონა არ იზრდება, ზოგიერთ შემთხვევაში მცირდება კიდეც, რაც უკავშირდება ორსულობის ისეთ პირველ ნიშნებს, როგორიცაა მადის დაქვეითება/გაუკუღმართება და გულისრევა/ღებინება.

ლიტერატურაში გამოყოფილია „ორსულობის მე-6 კვირის სიმპტომატიკის სახელით ცნობილი სიმპტომოკომპლექსი, რომელიც ორსულთა უმრავლესობაში ამა თუ იმ სიმძაფრით ვლინდება. ესენია: დღის ძილიანობა, მომატებული დაღლილობა, ნერწვდენა, დილაობით გამოხატული გულისრევის შეგრძნება. სიმპტომატიკა უკავშირდება ამა თუ იმ ხარისხით გამოვლენილ ორსულთა ადრეულ ტოქსიკოზს, რომელიც ამ ვადაზე ორსულთა 80%-ში ვითარდება.

ღებინება, გულისრევის შეგრძნებისგან განსხვავებით, უფრო ატიპიური მოვლენაა, არ ითვლება პათოლოგიად, თუ არ არღვევს ორსულის კვების რეჟიმს.

გულისრევის შეგრძნება არ საჭიროებს რაიმე ჩარევას. ღებინების შემთხვევაში (თუ ის ინტენსიურია და ყოველდღიურია), საჭიროა ექიმ-გინეკოლოგთან ვიზიტი, რათა არ მოხდეს სითხის და საჭირო საკვები ნივთიერების კარგვის შედეგად მათი დეფიციტის წარმოქმნა.

მკერდი კვლავ მგრძნობიარეა და გაზრდილია ზომაში, იწყება ძუძუს დვრილების გადიდება და ფერის შეცვლა.

საშვილოსნოს ზომები მცირედ მომატებულია, პირველადი პლაცენტა ცალკე ორგანოდ ჩამოყალიბებას იწყებს, ამიტომ მუცლის დაჭიმულობის და „დაქაჩვის“ სიმპტომატიკა აღარ უნდა იყოს გამოხატული, თუ მსგავს მოვლენებს გრძნობს ქალი, ეს უფრო საშვილოსნოს კუნთების ტონუსის მომატების მახასიათებელია და საჭიროებს დაკვირვებას და ექიმთან კონსულტაციას, რათა თავიდან ავიცილოთ ორსულობის შეწყვეტა ანუ ნაადრევი აბორტი.

ორსულის ჰორმონული ფონი (პირველ რიგში ე.წ. ორსულობის შემანარჩუნებელი ჰორმონი - პროგესტერონი) ხელს უწყობს საშვილოსნოს კუნთების ტონუსის დაქვეითებას და საშვილოსნოში სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას.

თუმცა სისხლში არსებული ჰორმონების კონცენტრაციის მატება ორგანიზმის სხვა კუნთოვანი აპარატის ჰიპოტონუსსაც და სისხლსავსეობის მატებასაც იწვევს, მაგალითად:

შესაძლოა ადგილი ქონდეს არტერიული წნევის მატებას, რაც განაპირობებს ორსულობის ისეთ თანმდევ სიმპტომებს, როგორიცაა თავბრუსხვევა, გულის წასვლის მსგავსი მდგომარეობა;

დიაფრაგმის კუნთოვანი აპარატის ტონუსის დაქვეითება ხშირად იწვევს კუჭიდან მიღებული საკვების უკან გადმოსროლას საყლაპავ მილში, ამიტომ ვითარდება გულძმარვა;

ნაწლავის კედლის ტონუსის დაქვეითება კი იწვევს შეკრულობას და მეტეორიზმს (მომატებულ გაზების დაგროვებას);

საშარდე სისტემის კუნთოვანი აპარატის ჰიპოტონუსის შედეგად შესაძლოა განვითარდეს უნებლიე შარდვა, ასევე ხელსაყრელი პირობები იქმნება საშარდე სისტემაში ე.წ. აღმავალი ინფექციების განსავითარებლად, რომელთა წყარო გარეთა სასქესო ორგანოების ჰიგიენის დარღვევაა, ამიტომ ორსულებს ურჩევენ ჰიგიენური პროცედურების გამკაცრებას და სპეციალური ანტისეპტიკური დასაბანი საშუალებების ხმარებას.

ორსულებში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებები აისახება კანზეც, რომელიც ხდება უფრო ფორიანი, იქერცლება, იზრდება საოფლე და ქონის ჯირკვლების პროდუქტიულობა, ამის შედეგად შესაძლოა გაჩნდეს ფერისმჭამელები და გამონაყარი.

ორსული ქალის საშოს ლორწოვანი ჰორმონების ზეგავლენით ხდება რა სისხლსავსე, მასში იზრდება გლიკოგენის რაოდენობა, რასაც თან ახლავს რძემჟავა ბაქტერიების გამრავლება და უფერო, ლორწოვანი გამონადენის მომატება, ეს დამცავი მექანიზმია აღმავალი ინფექციების საწინააღმდეგოდ, რადგან ამ ბაქტერიების მიერ გამოყოფილი რძემჟავა და წყალბადის ზეჟანგი ხელს უშლის პათოგენური ბაქტერიების გამრავლებას.

მაგრამ ორსულის იმუნური სტატუსის დაქვეითების შედეგად შესაძლოა შესუსტდეს საშოს ეს დამცავი ფუნქცია და პათოლოგიური მიკრობების გამრავლების ფონზე განვითარდეს კოლპიტი, რომელსაც ამოვიცნობთ მოყვითალო-მოთეთრო, ხაჭოსებრი გამონადენის არსებობით. ამასთან ინფექციის სახეობის მიხედვით გამოდენის სახეც იცვლება, მაგალითად თეთრი, ხაჭოსებრი გამონადენი უფრო კანდიდოზს ანუ სოკოვან ინფექციას ახასიათებს. ორსულებში ძალიან ხშირია კანდიდოზი, რადგან იმუნური სისტემის ნაწილებიდან ყველაზე მეტად ანტიფუნგალური ე.წ. უჯრედული იმუნიტეტი ქვეითდება, მას გამონადენის გარდა გარეთა სასქესო ორგანოების ქავილის და წვის შეგრძნებებით ამოვიცნობთ.

ამ ვადაზე სისხლიანი გამონადენი ყველა შემთხვევაში პათოლოგიურია, ამიტომ „წვეთი სისხლის“ დაფიქსირების შემთხვევაშიც საჭიროა ექიმ-გინეკოლოგთან სასწრაფო ვიზიტი.