ემბრიონის ე.წ. არაჩანასახოვანი მხარდამჭერი ორგანოები ამ კვირაში საბოლოოდ დიფერენცირდება, კერძოდ, მათი სრული სივრცული და ფუნქციური განცალკევება დასრულდება.
წინა კვირას წარმოქმნილ ორგანოებს: ქორიონს - primitive placenta, ამნიონურ პარკს - amniotic sac, ყვითრის პარკს - yolk sac, ემატება კიდევ ერთი არაჩანასახოვანი ორგანო - პირველადი ჭიპლარი, რომელიც ტროფობლასტების ე.წ. ჭიპლარის "ფეხი"-სგან წარმოიქმნება.
ემბრიონი, რომელიც მის მკვებავ არესთან მჭიდროდ იყო ინტეგრირებული ანუ უშუალოდ საშვილოსნოს კედელში ჩაზრდილ მდგომარეობაში არსებობდა, ამ კვირიდან იწყებს საშვილოსნოს კედლიდან გამოცალკევებას. სწორედ ამისთვის სჭირდება მას ჭიპლარის შექმნა, რომლითაც ის შემდგომში „გადმოეკიდება“ საშვილოსნოს ღრუში, მოთავსდება ამნიონურ პარკში (amniotic sac), იტივტივებს ამნიონურ სითხეში და საშვილოსნოსშიდა ცხოვრების მთელი შემდგომი პერიოდის მანძილზე საშვილოსნოს კედელთან დაკავშირებული დარჩება მხოლოდ პატარა „ღეროთი“ და ამ მზარდ "ღეროში" გამავალი სისხლძარღვების საშუალებით „გააგრძელებს ურთიერთობას“ დედის სისხლძარღვოვან სისტემასთან.
ქორიონის ბუსუსები პატარა წანაზარდებიდან დედის სისხლძარღვებში ჩაზრდილ „გამოცდილ“ წარმონაქმნებამდე ვითარდება, რომელთა ქსელი იტოტება და მოცვის ფართი იზრდება. ეს სრულფასოვანი პლაცენტის, როგორც დამოუკიდებელი ორგანოს, შექმნის წინაპირობებია.
ყვითრის პარკი (yolk sac), რომელიც აქამდე მონაწილეობდა ემბრიონის სისხლის უჯრედების - ერითროციტების - წარმოქმნაში, კიდევ ერთ ფუნქციას იძენს: აქ პირველადი სასქესო უჯრედების ე.წ. გონობლასტების შექმნა იწყება. გონადობლასტები სასქესო უჯრედების - კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის - წინამორბედი უჯრედებია. ყველა ადამიანს დაბადებისას აქვს გონადობლასტების მისი სქესიდან გამომდინარე სახეობა და გარკვეული, ამოწურვადი რაოდენობა. დაბადებისას ეს უჯრედები ადამიანის სასქესო ორგანოებშია განლაგებული, თუმცა დაბადებამდე ისინი ამ „შესატყვის“ სასქესო ორგანოებში არ წარმოიქმნება. მათი დიფერენციაციის ადგილი ყვითრის პარკია, საიდანაც ეს უჯრედები გინეკოლოგიური ორსულობის მე-7 კვირას იწყებენ მათ „საიმიგრაციო გზას“, რომელსაც ასრულებენ წყვილ სასქესო ორგანოებში.
თავად ემბრიონი მკვეთრად იცვლის „გარეგნობას“, ის ჩანასახოვანი ფირფიტების სახით აღარაა წარმოდგენილი, უკვე წაგრძელებული და სამგანზომილებიანი არსებაა.
აქვს ორი - თავის და ფეხების - პოლუსები, რომელთაგან თავის პოლუსი თანდათან მსხვილდება.
გამოესახება ე.წ. შუახაზი, რომლითაც ის ორ სიმეტრიულ - მარცხენა და მარჯვენა - ნაწილებად იყოფა. ეს შუახაზი ზუსტად სხეულის შუა ადგილზე ამობერილი ზონარია, მას ქორდა ეწოდება.
ემბრიონი იკავებს მოხრილ პოზას, რითიც გამოიკვეთება მისი ზურგის და მუცლის მხარეები, კერძოდ, ზურგის მხარე ამოღუნულია, მუცლის კი - შიგნით შეწეული.
მიმდინარეობს ორგანოგენეზის პროცესები:
შუა ფირფიტის ანუ მეზოდერმის უჯრედებისგან ყალიბდება ე.წ. ქორდა ანუ ჩანასახის ხრტილოვანი წინამორბედი, საიდანაც შემგომში ხერხემალი ვითარდება.
პარალელურად შუა ხაზის ანუ ქორდას გასწვრივ, მთელ სიგრძეზე ზედა ფირფიტის ანუ ექტოდერმის უჯრედებისგან ყალიბდება ნერვული ფირფიტა. ეს ფირფიტა, რომელიც ნერვული უჯრედებისგან იქმნება, იდრიკება და ჯერ ნახევარ-წრიულ მილს წარმოქმნის, შემდგომში ამ ნახევარ-რკალის ბოლოები უერთდება ერთმანეთს და შეადგენს შეკრულ ნერვულ მილს, ეს „მომავალი“ ზურგის და თავის ტვინია.
ექტოდერმის დანარჩენი უჯრედები დიფერენცირდება სომიტებად - კანის და კუნთების წინამორბედ უჯრედებად. სომიტები ლაგდება ქორდის და ნერვული მილის მარჯვენა და მარცხენა მხარეს მწკრივად და სიმეტრიულად.
შუა ფირფიტის ანუ მეზოდერმის უჯრედებისგან, ქორდის გარდა, ყალიბდება სისხლძარღვები, ყველაზე დიდი დიამეტრის სისხლძარღვის გამსხვილების შედეგად გულის ჩანასახი იქმნება. გული ემბრიონის შუა ცენტრალურ ნაწილში ყალიბდება და ამ ვადაზე ემბრიონის ყველაზე დიდი ორგანოა.
შიგნით მდებარე ფირფიტისგან ანუ ენდოდერმისგან კიდევ ერთი მილი - ნაწლავის მილი ყალიბდება.
ამ კვირაში ემბრიონი სეზამის მარცვლის ზომა ხდება.
სანაყოფე კვერცხის დიამეტრი უკვე 6 მმ-ია, თავად ჩანასახის მთლიანი სიგრძე, რომელიც უკვე თვალსაჩინოდ იზომება თავიდან სხეულის ბოლომდე, აღწევს 2.5-3.5 მმ-ს, წონა ჯერ კიდევ ვერ იზომება, შესაბამისად იწერება, როგორც 1გრ-ზე ნაკლები.
ორსულობის გინეკოლოგიური მე-5 კვირის განმავლობაში სახეზეა ისეთი თვალსაჩინო ცვლილება, რომლებიც ობიექტურად მოასწავებს ქალის ორსულობას, ესაა ამენორეა ანუ მენსტრუაციის გადაცდენა (არმოსვლა), მას ფიზიოლოგიურ ამენორეასაც უწოდებენ.
ამ კვირაში ორსული ქალის სისხლში და შარდში ქორიონული გონადოტროპინის კონცენტრაცია ისეთ ნიშნულს აღწევს, რომ როგორც ლაბორატორიული კვლევით (ორსულის სისხლის ანალიზით), ასევე სახლში გასაკეთებელი ორსულობის ტესტის (შარდის ანალიზით) საშუალებით თითქმის 100% სიზუსტით დგინდება გვაქვს თუ არა სახეზე ორსულობა.
ტესტის ცრუ-დადებითი პასუხი არ არსებობს, რადგან ტესტის მეორე ხაზს აწითლებს მხოლოდ ერთი ნივთიერება - ჰორმონი ქორიონული გონადოტროპინი, რომელსაც ექსკლუზიურად ჩანასახის უჯრედები გამოიმუშავებენ. თუ არ მოხდა განაყოფიერება და არ განვითარდა ჩანასახი, ეს ჰორმონი ქალის ორგანიზმში უბრალოდ არ იარსებებს.
შესაძლოა ორსულობის ტესტის ჩატარების ინსტრუქციის ზუსტი დაუცველობის ან ტესტის უხარისხობის გამო ტესტის პასუხი არასწორად უარყოფითი აღმოჩნდეს, ამიტომ ამენორეის, ორსულობის ობიექტური ნიშნის არსებობის შემთხვევაში, თუ 3-ჯერადად ჩატარებული ტესტი კვლავ უარყოფით პასუხს გვაჩვენებს, საჭიროა მივმართოთ ლაბორატორიას და ჩავიტაროთ სისხლის ანალიზი ქორიონული გონადოტროპინის კონცენტრაციაზე, ეს იქნება კითხვაზე - "ვართ თუ არა ორსულად?" - ზუსტი პასუხი.
ორსული ქალის სუბიექტური შეგრძნებები ამ კვირაში მძაფრდება:
გუნება-განწყობილების ცვლილებები უკვე იპოქონდრიაში გადადის, ჩნდება თავის ტკივილები და ღამის უძილობა, ძლიერდება სისუსტე და დღის ძილიანობა, მადა ან ძალიან მცირდება ან იმატებს, მისი „თავისებური“ მოთხოვნები ხანდახან ფანტაზიის სფეროსაც სცდება, სუნების მიმართ გამძაფრებული რეაქციები ყოველდღიური მოვლენა ხდება, იმატებს ნერწყვდენა.
შესაძლოა დაიწყოს ორსულთა ადრეული ტოქსიკოზის სიმოტომატიკის გამოვლენა, რაც გამოიხატება დილის გულისრევით, ხანდახან თანდართული ღებინებით. ამ სიმპტომებს არ აპროვოცირებს საკვების მიღება, მას არ ახლავს თან სიცხე ან ინფექციური ტოქსიკოზი, ვლინდება რეგულარულად, ყოველდღიურად. ამით განსხვავდება ის სხვა სახის მოწამვლებისაგან.
აღსანიშნავია, რომ ტოქსიკოზის გარეშე ყოველდღიური გულისრევა/ღებინება ორსულ ქალს არ აღენიშნება. თუ ტოქსიკოზი მსუბუქია, ორსული გრძნობს მხოლოდ გულისრევის შეგრძნებას. რაც უფრო ძლიერდება ტოქსიკოზი, მით უფრო ძლიერდება გულისრევის შეგრძნება და რეგულარული ხდება ღებინება. ყოველდღიური ღებინების დროს ორსულ ქალს სჭირდება სასწრაფო კონსულტაცია ექიმ-გინეკოლოგთან, რადგან ამ დროს განვითარებული სითხის დანაკარგი და საკვები ნივთიერებების დეფიციტი საფრთხეს უქმნის ნაყოფს, ამიტომ ექიმის დანიშნულებით ორსულს უტარდება სითხის და საკვები ნივთიერებების ალტერნატიული გზებით შევსების პროცედურები.
ორსულთა ადრეული ტოქსიკოზის განვითარება უკავშირდება დედის ორგანიზმში ენერგეტიკული ცვლის გაძლიერებას, რომლის ფარგლებშიც ჟანგბადის დეფიციტის გამო ვერ ესწრება გლუკოზის სრულად დაშლა და ორგანიზმში აცეტონი გროვდება. ეს პროცესი ჩვეულებრივ ორსულობის გინეკოლოგიური მე-10 კვირისთვის ნორმალიზდება, რა დროსაც ორგანიზმი კომპენსატორულად აბალანსებს საკუთარ ენერგეტიკულ მოთხოვნილებას და შუალედური პროდუქტების ტოქსიური დოზებით დაგროვება აღარ ხდება. ამ პირობებში სრულად და თავისთავად ქრება ტოქსიკოზის სიმპტომები.
მკერდის ანუ სარძევე ჯირკვლების ცვლილებები, განსაკუთრებით ზომაში მატება, იმდენად თვალსაჩინოა, რომ ობიექტურადაც დასტურდება, მაგალითად უკვე ნახევარი ან ერთი ზომით დიდი ბიუსგალტერის ჩაცმა ხდება საჭირო. ამ პერიოდში ქალი „ელოდება“ მენსტრუაციას, შესაძლოა გრძნობს მუცლის „დაქაჩვას“, ტკივილს, სიმძიმეს, მაგრამ ეს სიმპტომატიკა პრედმენსტრუალური სინდრომის გარდა ორსულობის დასაწყისსაც ახასიათებს, რადგან საშვილოსნოს კედელში ინტეგრირებულ ჩანასახთან ერთად იზრდება საშვილოსნოს ლორწოვანი შრე და მთლიანად საშვილოსნო, ესაა მუცელში განვითარებული „დისკომფორტის“ მიზეზ-შედეგობრივი ასოციაცია.
© Copyright
Orsuli.ge | ყველა უფლება დაცულია | დამზადებულია WEB>Source>
-ში.