დაორსულების პერიპეტიები - ოვულაცია

ორსულობის გინეკოლოგიური კვირა 2 - ოვულაციის პერიოდი

2 კვირა - ოვულაცია/სპერმატოზოიდების შტურმი

მენსტრუალური სისხლდენის დაწყებიდან საშუალოდ მე-12-15 დღეს სრულად მომწიფებული ფოლიკულის გახეთქვის შედეგად მომწიფებული კვერცხუჯრედი გადმოისროლება საშვილოსნოს ფალოპის მილებში. სწორედ ამ პროცესს ეძახიან ოვულაციას.

ოვულაციის თარიღის გამოთვლა თითქმის ზუსტად ხდება რეგულარული 28-დღიანი ციკლის მქონე ქალებში და ის მენსტრუალური სისხლდენის დაწყებიდან მე-12-15 დღის პერიოდში მერყეობს.

თუ ქალს აქვს შედარებით მოკლე, 21 დღიანი ციკლი, მაშინ ოვულაცია უფრო ადრე, მე-9-11 დღეს ხდება.

ძალიან ხარგრძლივი 34 დღიანი ციკლის შემთხვევაში ოვულაციის თარიღი შესაძლოა ციკლის მე-17-21 დღეც იყოს.

არარეგულარული ციკლის მქონე ქალებში ძალიან რთულია ოვულაციის შედარებით ზუსტი თარიღის პროგნოზირება და ითვლება, რომ ოვულაცია ციკლის მეორე კვირის შუა რიცხვებიდან მესამე კვირის ბოლომდე პერიოდში ხდება.

 

ცვლილებები ქალის ორგანიზმში

ორსულობის გინეკოლოგიური 2 კვირის განმავლობაში ქალის ორგანიზმში ოვულაცია ანუ კვერცხუჯრედის "გამოთავისუფლება" ხდება, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს ფერტილიზაცია.

2 კვირა - ფოლიკულის გახეთქვა

ოვულაციის დაწყების მომენტში ფოლიკულის, რომელიც ყოველდღიურად 2 მმ-ით იზრდება, დიამეტრი 18-21 მმ-ს აღწევს. ჰიპოფიზის მიერ გამოყოფილი მალუთეინიზირებელი ჰორმონის - მოქმედების შედეგად ფოლიკულის შიგნით არსებული სითხის წნევა იზრდება, ამას მოსდევს ფოლიკულის გახეთქვა და კვერცხუჯრედის გადმოსროლა.

2 კვირა - კვერცხუჯრედის დამცავი უჯრედების შრე

ოვულაციამდე კვერცხუჯრედი იფარება სპეციალური დამცავი უჯრედების შრით. ეს უჯრედები და მათ მიერ გამოყოფილი ლორწო ქმნიან ბარიერს, რომელიც საკვერცხიდან გადმოსროლის შემდგომი მოგზაურობის განმავლობაში იცავს ამ მნიშვნელოვან უჯრედს დაზიანებისგან და რომელში შეღწევაც სპერმატოზოიდის „მთავარი ამოცანაა“ რათა გაანაყოფიეროს ის და შეუვსოს გენეტიკური ინფორმაციის „დანაკლისი“.

2 კვირა - ფიმბრიების მიერ კვერცხუჯრედის დაჭერა

საკვერცხიდან გამოსროლილ კვერცხუჯრედს „იჭერს“ საშვილოსნოს ე.წ ფალოპის მილების ბოლოში არსებული ფიმბრიები. ეს ცილიარული ანუ „ფოჩებისებრი“, მოციმციმე წარმონაქმნებია, რომლებიც საკვერცხის ირგვლისაა განლაგებული და ირხევა საშვილოსნოს მიმართულებით.

2 კვირა - კვერცხუჯრედის გადაადგილება 2 კვირა - ფალოპის მილის კედლების მოციმციმე წარმონაქმნები 

ამის შემდეგ კვერცხუჯრედი ფალოპის მილში იწყებს გადაადგილებას ამ მილის კუნთოვანი შრის შეკუმშვის და ლორწოვანი გარსის მოციმციმე წანაზარდების რხევის შედეგად. ის გადაადგილდება საშვილოსნოს ღრუს მიმართულებით.

2 კვირა - კვერცხუჯრედი ამპულაში

ფალოპის მილის შუა მონაკვეთი შედარებით განიერი და თხელკედლიანია, ჰქვია ამპულა, სწორედ ამპულაში ჩერდება კვერცხუჯრედი  და დაჰყოფს 24 საათს - თავისი „ზრდასრული ცხოვრების“ ყველაზე გრძელ პერიოდს. ის აქ ელოდება სპერმატოზოიდს. მიმდინარე მენსტრუალური ციკლის საშუალოდ 28 დღის მანძილზე მხოლოდ ამ 24 საათის განმავლობაში არსებობს კვერცხუჯრედის განაყოფიერების ყველაზე დიდი „შანსი“.

2 კვირა - სპერმატოზოიდი

მოქმედების „მეორე გმირი“ ანუ მამაკაცის სასქესო უჯრედი - სპერმატოზოიდი - ჰგავს თავკომბალას და გამოირჩევა ძალიან მაღალი მოძრაობის უნარით. ამისთვის მას აქვს ე.წ. კუდი, რომლის რხევის შედეგად ის აღმავალი მიმართულებით მიემართება ჯერ საშვილოსნოს ყელში, შემდეგ საშვილოსნოს კედლის გასწვრივ, საიდანაც ხვდება ფალოპის მილში, მის ამპულაში, სადაც მას "ელოდება" კვერცხუჯრედი.

ამ გრძელ და დაბრკოლებებით სავსე 10 საათიან გზაზე სპერმატოზოიდების დიდი ნაწილი იღუპება, მაგრამ ჯანმრთელი სპერმის შემთხვევაში 400-500 სპერმატოზოიდი მაინც აღწევს ამპულას, სადაც შესაძლებელია კვერცხუჯრედთან შერწყმა და საკუთარი პოტენციალის განხორციელება.

2 კვირა - სპერმატოზოიდის შეღწევა კვერცხუჯრედში

კვერცხუჯრედთან მიახლოვებული სპერმატოზოიდები გამოყოფენ ფერმენტებს, რომელთა საშუალებითაც იწყება კვერცხუჯრედის დამცავი ლორწოვანი გარსის დაშლა. გარსის სრული დარღვევის შედეგად მხოლოდ ერთი,  „ყველაზე ყოჩაღი“  სპერმატოზოიდი შეაღწევს კვერცხუჯრედის შიგნით. კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმის პროცესს სამედიცინო ენაზე ფერტილიზაცია ეწოდება.

ამ მომენტში შესაძლოა ვთქვათ, რომ განაყოფიერება შედგა და ორსულობა დაიწყო.

როგორც წესი, პირველი სპერმატოზოიდის შეღწევის შემდეგ კვერცხუჯრედის გარსი იკუმშება და სხვა სპერმატოზოიდს აღარ აქვს შესაძლებლობა შეაღწიოს კვერცხუჯრედის შიგნით.

შემდეგი 10-30 საათის განმავლობაში კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის გენეტიკური მასალა გაერთიანდება და წარმოიქმნება ახალი გენეტიკური შინაარსის მატარებელი პირველი სრულფასოვანი მთლიანი უჯრედი - ზიგოტა - რომელსაც აქვს 46 ქრომოსომა და მომავალი პატარას პირველსაწყისია.

 

 

მომავალი პატარას სქესი

ზიგოტა ორივე მშობლის გენეტიკურ მასალას აერთიანებს და შეიცავს 46 ანუ 23 წყვილ ქრომოსომას. მათგან 44 ქრომოსომა ერთმანეთის მსგავსია სივრცული აგებულებით, უბრალოდ მათში განსხვავებული ინფორმაცია "წერია".

2 კვირა - X და Y ქრომოსომები

განსხვავება იჩენს თავს მხოლოდ ერთ წყვილ ქრომოსომაში, რომელთაც სასქესო ქრომოსომები ეწოდება. ერთი მათგანი შედარებით გრძელი ჯაჭვებისგან შედგება და X ქრომოსომა ეწოდება, ხოლო მეორე სახეობის ანუ Y ქრომოსომა მოკლე ჯაჭვებისგან აეწყობა.

ყველა ბავშვს ქალისგან მხოლოდ X ქრომოსომა შეიძლება გადაეცეს, რადგან ქალის ყველა უჯრედის ბირთვი ორ ერთნაირ X ქრომოსომას მოიცავს ანუ ის მხოლოდ XX-ია.

მამაკაცს კი ორი განსხვავებული ქრომოსომას აქვს - ერთი X (რომელიც მას თავის დროზე დედისგან გადაეცა), მეორე Y (ეს ექსკლუზიურად მისი მამის ქრომოსომაა).

მხოლოდ ეს ერთადერთი Y ქრომოსომა არსებობა განსაზღვრავს იმას, რომ ადამიანი სქესით დაბადებისას მამაკაცია.

ყველა კვერცხუჯრედში არის ერთი X ქრომოსომა. სპერმატოზოიდების წარმოქმნისას კი ზოგიერთ სპერმატოზოიდში მამისეული X ქრომოსომა გადანაწილდება, ზოგიერთში - Y ქრომოსომა.

მომავალი ბავშვის სქესს განსაზღვრავს ის, თუ რომელი სპერმატოზოიდი გაანაყოფიერებს კვერცხუჯრედს:

ზიგოტის წარმოქმნისას თუ კვერცხუჯრედში Y-ქრომოსომიანი სპერმატოზოიდი შეაღწევს, მაშინ ბავშვი მამაკაცი იქნება, თუ X ქრომოსომიანი - ქალი. მაშასადამე მომავალი ბავშვის გენეტიკური სქესი განაყოფიერების მომენტშივე ისაზღრება და დამოკიდებულია ფერტილიზაციის პროცესში მონაწილე სპერმატოზოიდის სახეობაზე.

მომავალი ბავშვის სქესის პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა დაგეგმვის შანსი არსებობს:

კვერცხუჯრედი ამპულაში მხოლოდ 24 საათს ცოცხლობს, სპერმატოზოიდების სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 3-5 დღეა. აქედან გამომდინარე, დაორსულება ოვულაციამდე 2-3 დღით ადრე განხორციელებული სქესობრივი აქტის შედეგადაც  შესაძლებელია, რადგან სპერმატოზოიდებს შეუძლიათ „დაუცადონ“ კვერცხუჯრედს ფალოპისს მილის ამპულაში.

Y-ქრომოსომიანი სპერმატოზოიდები უფრო "სწრაფები" არიან, მაგრამ ცოცხლობენ შედარებით მცირე ხანს, როდესაც X-ქრომოსომიანი სპერმატოზოიდები უფრო ნელა მოძრაობენ, მაგრამ უფრო ხანგრძლივად ცოცხლობენ.

ამ თვისებების გათვალისწინებით, ოვულაციის დღეს (კვერცხუჯრედის ამპულაში მოთავსების პერიოდში) განხორციელებული სქესობრივი აქტით მამრობითი სქესის პატარას დაბადების შანსი იზრდება, ხოლო ოვულაციამდე 2-3 დღით ადრე დაგეგმილი სქესობრივი აქტი მდედრობითი სქესის პატარას ჩასახვის მაღალ ალბათობას განაპირობებს.

 

სუბიექტური შეგრძნებებიდან ამ კვირაში ქალი განსაკუთრებულ და შესამჩნევ ცვლილებებს ვერ აფიქსირებს, თუმცა ესტროგენის მზარდი კონცენტრაცია განაპირობებს მის ე.წ. „გალამაზებას“ - გუნება-განწყობა ამაღლებულია, ოვულაციის მომენტისთვის ხდება მკერდის გაზრდა-გამკვრივება, მადის მომატება, იზრდება ქალის სქესობრივი ლტოლვა.

ამავდროულად, საშვილოსნოში მიმდინარეობს პოტენციურ ორსულობაზე აქტიური "გადაწყობის" პროცესი - იზრდება საშვილოსნოს ლორწოვანის სისქე, ის უფრო ფაშარი და სისხლსავსე ხდება და ამით თითქოს ქალის ორგანიზმი „წინასწარ ზრუნავს“, რათა ორსულობის დადგომის შემთხვევაში ჯერ მყიფეუჯრედების გროვას ზრდისა და განვითარებისთვის მაქსიმალურად "კომფორტული პირობები" შეექმნას.