ემბრიონული პერიოდის დასასრული

ორსულობის გინეკოლოგიური კვირა 10 - ორგანოგენეზის დასრულება

10 კვირა

მიმდინარეობს ორსულობის ემბრიონული 8 კვირა / ორსულობის გინეკოლოგიური 10 კვირა / ტრიმესტრი - I.

ამ კვირას მთავრდება საშვილოსნოსშიდა განვითარების ემბრიონული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მომავალი ბავშვის ყველა ანატომიური სტრუქტურა ყალიბდება და ორგანიზმის უმთავრესი სისტემები იგება.   პატარას აგებულების ე.წ. „ძირითადი ნახაზი“ არსებობს ანუ ორგანოგენეზის პროცესი მთავრდება:

ორგანოგენეზის დასრულება ნიშნავს იმას, რომ:

ემბრიონის ყველა გარეგანი სტრუქტურისა და შინაგანი ორგანოს ჩანასახოვანი წინამორბედის ანატომიური აგებულება შეესატყვისება მოზრდილი ადამიანის აღნაგობის ზოგად პრინციპებს.

უფრო კონკრეტულად, ზოგიერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოს - თავის და ზურგის ტვინის, გულის, ღვიძლის, თირკმელების - ანატომიური კარკასის „მშენებლობა“ დამთავრებულია და ისინი ფუნქციონირებენ კიდეც. სხვა ორგანოების ჩანასახოვანი ქსოვილები „თავის ადგილას არიან მოთავსებული“, სადაც ისინი შემდგომში მთელი სიცოცხლის მანძილზე იქნებიან განლაგებული და მათი შენების გეგმა დასრულებულია, თუმცა ისინი მომავალში ტრანსფორმაციებს გაივლიან და ფუნქციონირებას დაიწყებენ, ზოგიერთი მათგანი, მაგალითად ფილტვები, დაბადების შემდგომ.

პლაცენტასა  და ნაყოფს შორის სისხლის მიმოქცევა და ნივთიერებათა მიმოცვლა ახალ დონეზე გადადის, ის უკვე დამოუკიდებელი სისტემაა და ქვია ფეტო-პლაცენტური სისხლის მიმოქცევის სისტემა. პირველადი პლაცენტა, რომელიც ემბრიონულ პერიოდში მოიხსენიებოდა ქორიონად და მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებდა საკუთარ ფუნქციებს, ახლა "თავის თავზე იღებს" ყველა პასუხისმგებლობას - კვებოს, ჰორმონებით არეგულიროს და დაიცვას შემდგომ პერიოდში ნაყოფად სახელდებული პატარა. ყვითრის პარკი უკუგანვითარდება, რაც ემბრიონული პერიოდის დასრულების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიშანია.

ემბრიონის თავის ტვინის ქსოვილოვანი შენება მოზრდილი ადამიანის დამახასიათებელი ნიშნების ბოლო კომპონენტებს იძენს - მისი ნახევარსფეროების ზედაპირი ღარების და ჩანაჭდევების განვითარების ხარჯზე რელიეფური ხდება და მთლიანად იფარება ქერქით.

თავის ტვინის ქერქი ანუ რუხი ნივთიერება თავის ტვინის ის ნაწილია, სადაც კონცენტრირდება ნერვული უჯრედები ანუ ნეირონები. აქ ყალიბდება ადამიანის უმაღლესი ნერვული განვითარების ცენტრები. მათ მუშაობასთან დაკავშირებულია ისეთი ფუნქციები, როგორიცაა მეტყველება, აზროვნება, სწავლება, შრომითი საქმიანობა და სხვა. ქერქის სწორ ჩამოყალიბებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის შემდგომში ნორმალური გონებრივი განვითარებისთვის.

თავის ტვინის რელიეფურობა ზრდის მასზე "გადაკრული" ქერქის ფართობს, შესაბამისად, იზრდება ადამიანის შესაძლებლობა ნეირონების რაც შესაძლოა უხვი რაოდენობა "დაეტიოს" პატარა თავში და ამ უჯრედებს შორის კავშირების მძლავრ სისტემას ფლობდეს.

ნერვული, ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემების ჩამოყალიბება ემბრიონს თავისი განვითარების ბოლო ეპიზოდზე საშუალებას აძლევს საკუთარ მოძრაობით აქტივობებს შესძინოს მაღალგანვითარებულობის კიდევ ერთი მახასიათებელი - მიზანმიმართულობა. მისი მოძრაობა, გარდა კოორდინირებულობისა,  სულ უფრო მრავალფეროვანი და მიზანმიმართული ხდება ანუ იგი სულ უფრო მოძრაობს არა უმიზნოდ და ქაოტურად, არამედ საკუთარი ინსტინქტებისა და გარკვეული გარე სტიმულების საპასუხოდ. ეს უკვე პრიმიტიული ქცევაა.

რომელი მოძრაობები შეუძლია ემბრიონს იმ მომენტში, როდესაც ის ნაყოფი ხდება?

ის ერთდროულად და უკვე ცალ-ცალკე შლის და ხრის კიდურებს და თავს, ძალიან უყვარს ხელის თითების სახესთან მიტანა, ზოგიერთ მაღალმგრძნობიარე ფოტოზე დაფიქსირებულია, რომ პატარა თითს წოვს.

მას ასევე მოსწონს "თავისუფალი ცურვა", რომლის დროსაც ორივე კიდურს ამოძრავებს. დაფიქსირებულია, რომ ემბრიონი სანაყოფე პარკის კედელს ეხეთქება, ბრუნდება და მოპირდაპირე კედლამდე შეუჩერებლად მიცურდება, თუმცა შეხების და ვიბრაციის ხარისხი იმდენად მცირეა, რომ დედას ჯერ არ შეუძლია ამ მოძრაობების აღქმა.

ამ პერიოდში ემბრიონი ყლაპვით აქტივობებს იწყებს, იგი სანაყოფე წყლებს ყლაპავს. მის თირკმელს უკვე პირველადი შარდის გამომუშავება შეუძლია, რომელიც ციცქნა შარდის ბუშტში გროვდება და გარეთ - სანაყოფე პარკში - გამოიყოფა. მოზრდილის შარდისგან განსხვავებით ეს სითხე არ შეიცავს საკვების დაშლის პროდუქტებს, მისი გამოყოფა არ ემსახურება მავნე ნივთიერებების გარეთ გამოდევნას, არამედ ის ნაყოფის ორგანიზმსა და სანაყოფე წყლებს შორის სითხის მიმოქცევასა და ბალანსს ემსახურება.

ემბრიონის "მოფუნქციონირე" ორგანოებიდან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღვიძლი, მასში წარმოიქმნება პატარას სისხლის უჯრედები, რომლებიც ორსულობის ამ კვირაზე ისეთ სპეციფიურ თვისებებს იძენს, როგორიცაა სისხლის ჯგუფისადმი და რეზუს-ფაქტორის ნიშნისადმი კუთვნილება. ამ ვადაზე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ბავშვის სისხლის ჯგუფის და რეზუსის დადგენა.

ემბრიონული პერიოდის ბოლოს პატარას ფეხის ტერფები და თითები ამთავრებს სტრუქტურულ განვითარებას. კარგად ჩანს ფეხილგულების რელიეფი, ფეხის თითების პატარა ძვლები, სახსრები და ე.წ. "სენსორული ბალიშები".

ემბრიონს სხეულზე უჩნდება პირველი თმოვანი საფარველი მოვარდისფრო ღინღლის სახით.

 

ემბრიონის ანთროპომეტრია

ამ კვირაში ემბრიონი 

იაპონური ფორთოხლის ზომა ხდება.

სანაყოფე კვერცხის დიამეტრი უკვე 39-44 მმ-ია, თავად ჩანასახის მთლიანი სიგრძე, რომელიც იზომება თავიდან სხეულის ბოლომდე ანუ კუდუსუნამდე, აღწევს 29-31 მმ-ს, წონა კი შეადგენს 4 გრ-ს.

ცვლილებები ქალის ორგანიზმში

ორსულობის გინეკოლოგიური მე-10 კვირის განმავლობაში 

ორსულობის ამ კვირაზე საშვილოსნოს ზომა იმდენად მომატებულია, რომ ის უკვე ვეღარ „ეტევა“ მცირე მენჯის ღრუში, საშვილოსნოს გუმბათი ამოსცდება მენჯის ძვლებს და მისი ხელით გასინჯვა მალე შესაძლებელი გახდება. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ორსულობასთან დაკავშირებული მუცლის შებერილობის და სიმძიმის შეგრძნება. პერიოდულად შესაძლებელია ორსულმა საზარდულის არეში დაჭიმულობაც იგრძნოს, რაც საშვილოსნოს მყესების დაჭიმვის შედეგია.

ამ კვირას უკვე სხეულის მასის მატებაც ობიექტურია და შეადგენს დაახლოვებით 1-1.5 კგ-ს, მუცელი მცირედ გაზრდილია, მომრგვალებულია, ორსული ქალი უკვე მძაფრად შეიგრძნობს მოჭერილი ქვედა ტანსაცმლისგან გამოწვეულ დისკომფორტს.

სულ უფრო უკან იხევს ორსულობის პირველი ნიშნები და შეგრძნებები, ადრეული ტოქსიკოზის არსებობის შემთხვევაში მისი სიმპტომატიკაც კლებულობს. თავის ტვინში წარმოქმნილი აგზნების კერა ე.წ. „ორსულობის დომინანტა“ ორგანიზმის მართვაში „იხვეწება“, თუმცა ხშირად მომატებული აგზნებადობის გამო შესაძლოა ორსულ ქალს დაეღვეს ძილის და ღვიძილის პერიოდულობა, ხშირია ღამის საათებში გამოღვიძება, თუ ეს მოვლენა გამყარდა, მთელი ორსულობის განმავლობაში შესაძლოა ადგილი ქონდეს ღამის რომელიმე ერთ საათზე გამოღვიძებას (ყველაზე ხშირად ეს 3-4 საათია). ამიტომ ასეთი სიმპტომატიკის გამოჩენისას საჭიროა ორსულმა ისწავლოს დამშვიდება, ძილის წინ მიმართოს მსუბუქ სედაციურ (დამამშვიდებელ) საშუალებებს, როგორიცაა ვალერიანის, პიტნის ნაყენები.

სასქესო ორგანოებიდან გამონადენზე დაკვირვება ისევ აუცილებელია, ასევე მნიშვნელოვანია ჰიგიენური ნორმების დაცვა. საშიშროება, რომელიც მომდინარეობს სასქესო ინფექციების განვითარებისგან, შესაძლოა აცილებულ იქნას, თუ გამონადენის პათოლოგიური ხასიათის გამო დროულად მივმართავთ გინეკოლოგს. საშოში განვითარებულმა ინფექციურმა პროცესმა შესაძლოა აღმავალი გზით „მიაღწიოს“ საშვილოსნოსთან და მასში მზარდ პატარას შეუქმნას საფრთხე, ასეთ ინფექციებს მიეკუთვნება ქლამიდია, ტრიქომონა, გონოკოკი, ჰერპეს-ვირუსი და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, რომელთა გამოსავლენადაც საშოს ნაცხის კვლევას და სისხლის ანალიზს დანიშნავს ექიმი-გინეკოლოგი პირველივე კონსულტაციაზე.

ცალკე ყურადღება უნდა გავამახვილოთ სისხლიან გამონადენზე, რომელიც ყველა შემთხვევაში პათოლოგიურია. სისხლის ალისფერი წვეთების გამოჩენაც კი ნიშნავს გინეკოლოგთან დაუყოვნებლივ სასწრაფო ვიზიტის აუცილებლობას, მოყავისფრო გამონადენის არსებობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს გინეკოლოგიურ გასინჯვასთან ან სქესობრივ აქტთან, მიანიშნებს საშვილოსნოს ყელის ეროზიაზე და დაკავშირებულია ორსულობის ამ ვადით განპირობებულ საშვილოსნოს ყელის გაფაშრებასა და სისხლსავსეობასთან, ამ დროსაც დაუყოვნებლივ არა, მაგრამ უახლოვეს პერიოდში საჭიროა გინეკოლოგთან კონსულტაცია.