Orsuli.ge - ნაყოფის ჰიპოქსია

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ნაყოფის ჰიპოქსია

ნაყოფის ჰიპოქსია მდგომარეობაა, როდესაც ნაყოფს დედა-პლაცენტა-ჭიპლარი მიმოქცევაში მოცირკულირე სისხლიდან არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობით ჟანგბადი და ჟანგბადის დეფიციტის პირობებში ირღვევა ნაყოფის ზრდისა და განვითარების პროცესი. 

პატარას ჟანგბადის მოპოვება საშვილოსნოსშიდა განვითარების დროს დამოუკიდებლად არ შეუძლია, რადგან მისი ფილტვები ჯერ (დაბადებამდე) არ ფუნქციონირებს, ამიტომ მისთვის ჟანგბადის ერთადერთი წყაროა პლაცენტიდან მოწოდებული დედის სისხლი. თუ რაიმე მიზეზით დაირღვევა ნაყოფისთვის დედის სისხლის მიწოდება ან შემცირდება დედის სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია,  ნაყოფს უვითარდება ჟანგბადის დეფიციტი ანუ ჟანგბადოვანი „შიმშილი“.

ჟანგბადოვანი „შიმშილი“ ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების პროცესისთვის საკმაოდ საშიშ მდგომარეობად ითვლება, რადგან მას შეუძლია გამოიწვიოს როგორც დედის და ნაყოფის სიცოცხლისთვის საშიში გართულებები, ასევე ძალიან შორს მიმავალი შედეგები, რომლებიც უხშირესად ბავშვს მხოლოდ დაბადების შემდგომ უვლინდება.

ნაყოფის ჰიპოქსიით გამოწვეული შედეგების სიმძიმე დამოკიდებულია ჰიპოქსიური მდგომარეობის დაწყების დროს, ხარისხსა და ხანგრძლივობაზე:

ორსულობის ადრეულ ვადაზე (მე-6-12 კვირა) დაწყებულ ჰიპოქსიას შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფის ორგანოების ანატომიური  დეფექტები  (განსაკუთრებით თავის ტვინის ქსოვილის - ბავშვთა ცერებრული დამბლა), გვიან ვადაზე განვითარებული (მე-12 კვირიდან) ჰიპოქსია უფრო განვითარების ფუნქციური გადახრების (მცირე წონა, ეპილეფსია, აუტიზმი, ფილტვის უმწიფრობა, ბრონქულ ასთმა) განვითარებას განაპირობებს.

ხარისხის და ხანგრძლივობის მიხედვით  ჰიპოქსია იყოფა

ნაყოფის მწვავე  ჰიპოქსიად - როდესაც ჟანგბადის დეფიციტი ხანმოკლეა, მაგრამ ძალიან ღრმა (მიწოდება მცირდება 35%-მდე და მეტად). ასეთი მდგომარეობის დროს იქმნება ნაყოფის სიკვდილის საფრთხე;

ნაყოფის ქრონიკულ ჰიპოქსიად - როდესაც ჟანგბადის დეფიციტი სახეზეა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და მიწოდება მცირდება 75%-მდე ან ნაკლებად. ასეთი მდგომარეობა ორსულობის ვადიდან გამომდინარე იწვევს ან უჯრედების და ქსოვილების ჯგუფის სიკვდილს (რა დროსაც ყალიბდება ორგანოების ანატომიური დეფექტები - მანკები) ან ზრდის შეფერხებას (რა დროსაც ნაყოფი ჩამორჩება წონაში და სხვა ანთროპომეტრული პარამეტრებით თავის ასაკს) ან განვითარების ფუნქციური პათოლოგიების ჩამოყალიბებას (ორგანოები სტრუქტურულად ნორმალურადაა განვითარებული, მაგრამ უჭირს თავისი ფუნქციების შესრულება).

ნაყოფის ჰიპოქსიის გამომწვევი მიზეზები ძირითადად უკავშირდება ან დედის ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებს ან პლაცენტის და ჭიპლარის პათოლოგიებს, რომლებიც იწვევენ ფეტო-პლაცენტურ უკმარისობას, ესენია:

ორსულთა ანემია;

ორსულის სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმელების დაავადებები;

ორსულის შაქრიანი დიაბეტი;

ორსულის ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია;

ორსულის ადრეული მძიმე ტოქსიკოზი;

ორსულის ჰესტოზი (გვიანი ტოქსიკოზი);

ორსულის სასქესო ინფექციები გამწვავების პერიოდში;

ორსულის და ნაყოფის რეზუს-კონფლიქტი;

პლაცენტის ადრეული აცლა

პლაცენტის ნაადრევი მომწიფება, კალციფილატები

პლაცენტის ინფარქტი/სისხლჩაქცევა

ჭიპლარის მარყუჟი

ჭიპლარის გამოვარდნა

ჭიპლარის კვანძები

ჰიპოქსიის დაწყებისას ნაყოფის ორგანიზმი ცდილობს მის კომპენსირებას, რისთვისაც სისხლის ცენტრალიზაცია ხდება ანუ სისხლის უმეტესი ნაწილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს - ტვინს და გულს უნაწილდება, სხვა პერიფერიულ ორგანოებში კი სისხლნაკლებობაა, წნევა ეცემა და ეს სიგნალი საკმარისია იმისთვის, რომ გულმა შეკუმშვების რითმი ააჩქაროს, რათა სისხლი უფრო სწრაფად მიაწოდოს ჰიპოქსიურ უბნებს. ამ დროს ჟანგბადის უკმარისობაში „აღმოჩენილ“ უჯრედებში ძლიერდება ენერგეტიკული ცვლა, რომელიც უჟანგბადოდ მიმდინარეობს, მაგრამ უსასრულოდ ეს „ექსტრემალური ცვლილებები“ ვერ გაგრძელდება, რადგან უჟანგბადო ენერგეტიკული პროცესების შედეგად უჯრედებში გროვდება დაუშლელი და ტოქსიური რძემჟავა პროდუქტები, რაც ჰიპოქსიის გახანგრძლივების პროცესში იწვევს უკვე უჯრედების სიკვდილს. ჰიპოქსიისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარე ნერვული ქსოვილის უჯრედებია, გახანგრძლივებული ჰიპოქსიისას პირველი მათი დაზიანება იწყება. შემდეგ რეაგირებს გულის უჯრედები, მიოციტების შეკუმშვის პროცესი დუნდება და გულის რითმი მცირდება.

როგორ დიაგნოსტირდება ნაყოფის ჰიპოქსია?

ნაყოფის ჰიპოქსიის დიაგნოსტირების პირველი და უტყუარი სიმპტომია გულის რითმის დარღვევა:

კომპენსირების ეტაპზე გულის რითმი იზრდება და აჭარბებს 170 დარტყმა/წუთში (16 კვირამდე) და 160 დარტყმა/წუთში (16 კვირიდან);

დეკომპენსირების ეტაპზე გულის რითმი მცირდება და ნაკლებია 120 დარტყმა/წუთში;

გულის რითმი აღარ არის რითმული და ტონები მოყრუებულია.

ნაყოფის ჰიპოქსიის დიაგნოსტირების კიდევ ერთი ნიშანია ნაყოფის მოძრაობის ამპლიტუდის შეცვლა :

კომპენსირების ეტაპზე ნაყოფის მოძრაობა აქტიურდება - ხშირდება და ძლიერდება (20 კვირიდან შესამჩნევია ორსული ქალითვის);

დეკომპენსაციის ეტაპზე ნაყოფის მოძრაობა ძალიან მცირდება და ხანდახან წყდება კიდეც.

ნაყოფის ჰიპოქსიის კიდევ ერთი ნიშანი გვიან ვადაზე არის სანაყოფე წყლებში მეკონიუმის (ნაყოფის პირველადი განავლის) გამოჩენა (26-ე კვირის შემდეგ), სანაყოფე წყლების რაოდენობის შემცირება - მცირეწყლიანობა (მე-18 კვირის შემდეგ).

ნაყოფის ჰიპოქსიის დადასტურება შესაძლებელია გინეკოლოგთან ვიზიტის დროს გულის ტონების სტეტოსკოპით მოსმენით, ექოსკოპიური (დოპლეროგრაფიული) კვლევით, კარდიოტოკოგრაფიით .

ნაყოფის ჰიპოქსიის მკურნალობა მოიცავს:

◊  დედის ორგანიზმში არსებული, ნაყოფის ჰიპოქსიის გამომწვევი მიზეზების მკურნალობას (მდგომარეობის სტაბილიზაციამდე წოლით რეჟიმს);

◊  საშვილოსნო-პლაცენტური და პლაცენტა-ნაყოფის სისხლძარღვების გამაფართოვებელი პრეპარატების მიღებას;

◊  საშვილოსნოს ტონუსის დამაქვეითებელი პრეპარატების დანიშვნას;

◊  ოქსიგენოთერაპიას - ჟანგბადის შემცველი პრეპარატების დამატებით მიღებას (მწვავე ჰიპოქსიისას ჟანგბადის ინჰალაცია ე.წ. ჟანგბადის ბალიშიდან, ქრონიკული ჰიპოქსიისას - თხევადი სტაბილიზირებული ჟანგბადით თერაპია);

◊  თუ ორსულობის ვადა 30 კვირაზე მეტია და ნაყოფის მომწიფების დონე დამაკმაყოფილებელია - ინიშნება საკეისრო კვეთა.

ადრეულ ვადაზე - 12 კვირამდე - ნაყოფის ჰიპოქსიის დიაგნოსტირება საკმაოდ გართულებულია, თუმცა ამ ვადაზე დადგენა ყველაზე საჭიროა, რადგან სწორედ ამ დროს არსებული ჰიპოქსია იწვევს ფატალურ შედეგებს - ნაყოფის ორგანოების დეფექტებს და ყველაზე ცუდ შემთხვევაში - ნაყოფის სიკვდილს. ამიტომ რეკომენდებულია 12 კვირამდე ორსულმა ქალმა აუცილებლად გაიაროს კონსულტაცია გინეკოლოგთან, რომლის დროსაც გაირკვევა ეკუთვნის თუ არა იგი ე.წ. რისკ-ჯგუფს. ჰიპოქსიის რისკ-ჯგუფში შედიან ორსულები, რომლებსაც აქვთ სასუნთქი სისტემის (ბრონქული ასთმა, ცხვირი წიაღების ქრონიკული ანთება, ტუბერკულოზი და სხვ), გულ-სისხლძარღვთა სისტემის (გული მანკი, ჰიპოტენზია - წნევის დაქვეითება ან ჰიპერტენზია - წნევის მატება და სხვ), სისხლის (ანემია, შედედების მატება და ვენური სტაზი, ჰემოლიზური ანემია და სხვ), თირკმლების (პიელონეფრიტი და სხვ), ენდოკრინული სისტემის (შაქრიანი დიაბეტი, ჩიყვი და სხვ) დაავადებები. ჰიპოქსიის რისკ-ჯგუფში შემავალ ორსულებში ინიშნება ნაყოფის ჰიპოქსიის პროფილაქტიკური თერაპია, მ.შ. ოქსიგენოთერაპია.

გვიან ვადაზე - 18 კვირიდან - ნაყოფის ჰიპოქსიის დიაგნოსტირება შესაძლებელია ინსტრუმენტული მეთოდებით - დოპლეროგრაფიით და კარდიოტოკოგრაფიით.

დოპლეროგრაფიის საშუალებით ფასდება სისხლის მიმოქცევის დონე სისხლძარღვოვან აუზებში - საშვილოსნო-პლაცენტა, პლაცენტა-ჭიპლარი და ჭიპლარი-ნაყოფი. დოპლეროგრაფიის კვლევის ობიექტებია: საშვილოსნოს არტერიები, პლაცენტის არტერიები და ვენები, ჭიპლარის არტერიები და ვენები, ნაყოფის ყველაზე მთავარი სისხლძარღვები - გულიდან გამომავალი აორტა და თავის ტვინის არტერიები.

დოპლერით კვლევა თან ერთვის ჩვეულებრივ გეგმიურ ექოსკოპიურ კვლევას - ორსულობის გინეკოლოგიურ 18-24 -ე კვირის ვადაზე და 30-32-ე კვირის ვადაზე, რომლის დროსაც  ტარდება დამატებითი მონიტორინგი - დუპლექსურ რეჟიმში ფასდება სისხლძარღვების გამავლობა და მასში სისხლის დინების სიჩქარეები, ტრიპლექსურ რეჟიმში - ფასდება სისხლძარღში მოძრავი სისხლის ერითროციტების მოძრაობის სიჩქარე.

დოპლეროგრაფიული კვლევა გულის რითმის შეფასებასთან ერთად იძლევა ნაყოფის ჰიპოქსიის დადასტურებული დიაგნოსტირების საშუალებას.

კარდიოტოკოგრაფიის საშუალებით უფრო დეტალურად ფასდება ნაყოფის გულის რითმის დარღვევა, ეს ნაყოფის გულის ელექტროკარდიოგრამაა.

კარდიოტოკოგრაფიული კვლევისას ითვლება გულის რითმის საშუალო სიხშირე (ბაზალური რითმი), რომელიც ნორმაში 120-160 დ/წთ-შია, გულის რითმის ვარიაბელობა, მიოკარდიული რეფლექსი (ნაყოფის მოძრაობის დროს სიხშირის გაზრდა, ნორმაში 20 დ/წთ-ით).

ნაყოფის ჰიპოქსიაზე მიუთითებს: გულის ბაზალური რითმის მატება (≥160 დ/წთ) ანუ ტაქიკარდია, ასევე კლება (≤120დ/წთ) ანუ ბრადიკარდია, მიოკარდიული რეფლექსის არარსებობა - გულის რითმი არ იცვლება ნაყოფის მოძრაობის დროს.



ხშირად დასმული კითხვები

  • რას იწვევს ორგანიზმში ჟანგბადის დეფიციტი?

    ჟანგბადის მიწოდების  კლება ანუ ჰიპოქსია განაპირობებს უჯრედებში ენერგეტიკული მეტაბოლიზმის მოშლას, რაც გამოიხატება ატფ-ს (ეს ნივთიერება უჯრედების ენერგეტიკული „საწვავია“) სინთეზის დარღვევით, ეს კი თავის მხრივ იწვევს:

    (1) უჯრედების ფუნქციონირების მოშლას, (2) მათ სწრაფ დაბერებასა და სიკვდილს, (3) ახალი უჯრედების წარმოქმნის შეჩერებას.

    ჰიპოქსიის დროს პირველ რიგში ზიანდება ტვინის, ღვიძლის და გულის კუნთის უჯრედები, რაც იწვევს ზოგიერთი დაავადების - ნერვული სისტემის განვითარების დეფექტების, ინსულტის, სკლეროზის, ალცჰეიმერის დაავადების, გულის უკმარისობის, სისხლის მიმოქცევის მოშლის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების და სხვა - პროვოცირებას.

  • ყველა ორსულს უვითარდება ჰიპოქსიური მდგომარეობა?

    ყველა ორსულს არ უვითარდება ჰიპოქსიური მდგომარეობა, თუმცა პირველ ტრიმესტრში (12 კვირამდე) და მესამე ტრიმესტრში (26-36 კვირას) განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა ჟანგბადზე და პრაქტიკულად ჯანმრთელი ორსული ქალების 80%-ს, რომლებიც ცხოვრობენ ურბანულ (ქალაქის ტიპის) დასახლებებში, მსუბუქი ჰიპოქსია აღენიშნება, შესაბამისად მათი ნაყოფიც განიცდის მსუბუქ ჰიპოქსიას.

    ორსულებში ჰიპოქსია კიდევ უფრო მძიმდება ანემიის  ფონზე, ვენური  დაავადებების, პრე-ეკლამპსიის (მაღალი არტერიული წნევა, შარდში ცილების გამოჩენა) დროს, გულის მანკების, ასთმის და ქრონიკული ინფექციების (ტოქსოპლაზმოზი, ქლამიდია, ტრიქომონიაზი, გონორეა, წითურა და სხვ.) მქონე ორსულებში. ყველა ეს ორსული ჰიპოქსიის რისკის ჯგუფში ხვდება და მათთვის აუცილებელია ჟანგბადის დამატებითი მიწოდება.

  • როგორ მივხვდეთ იქამდე, ვიდრე ჩატარდება შესაბამისი კვლევები, რომ ორსული ქალის ორგანიზმი განიცდის ჰიპოქსიას?

    ჰაერის უკმარისობის შეგრძნება - ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია, რომლითაც გამოიხატება ორგანიზმის ჟანგბადის ნაკლებობა, ამავე გენეზის სიმპტომებს წარმოადგენს მთქნარება, სუნთქვის გახშირება, ჩასუნთქვის გაძნელება, ხვრინვა.

    ჰიპოქსიის დიაგნოსტიკა ხდება კანის შეფერილობის შეცვლითაც - კანი ხდება ფერმკრთალი, გამოიხატება სისხლძარღვები, ჰიპოქსიის დამძიმებისას - კანი მორუხო ან მოლურჯო ელფერს იძენს; და ფრჩხილების ქვეშ მდებარე რბილი ქსოვილების მოლურჯო შეფერილობის გამოჩენით.

    ჰიპოქსია ნერვული სისტემის მხრივ გამოვლინდება - აგზნებადობის მომატებით და/ან დაღლილობის შეგრძნებით, ძილიანობით (ადამიანის კონსტიტუციური წყობიდან და ჰიპოქსიის ხარისხიდან გამომდინარე).

    ჰიპოქსია ინტენსიურდება გაზის გამათბობლების გამოყენების და ჰაერის ტემპერატურის მომატების პირობებში.

  • შესაძლებელია თუ არა და რომელი პრეპარატებით ხდება ნაყოფის ჰიპოქსიის პროფილაქტიკა?

    დედის ორგანიზმის და შესაბამისად ნაყოფის ჰიპოქსიის პროფილაქტიკა შესაძლებელია დამატებითი ოქსიგენოთერაპიის გზით.

    დღეისათვის ცნობილია გარემოდან ორგანიზმისთვის ჟანგბადის მიწოდების სამი გზა:

    ყველაზე დიდი მოცულობით ჟანგბადს ორგანიზმი ფილტვიდან იღებს, გარკვეულ ოდენობას კი - კუჭის ლორწოვანი გარსიდან (ე.წ. „ლაყუჩისებრი სუნთქვა“) და კანიდან.

    ფილტვის გზით აეროვანი ფორმის მქონე ჟანგბადი შეიწოვება სისხლში, შესაბამისად ფილტვისთვის მაღალკონცენტრული ჟანგბადის მიწოდება ოქსიგენოთერაპიის ერთ-ერთი გზაა. ამისთვის გამოიყენება ჟანგბადის ბალიშებიდან ინჰალაცია, თუმცა ამ მეთოდს აქვს შეზღუდვა - ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ის იწვევს ფილტვის ქსოვილის დაზიანებას და ფილტვის გადაბერვას, ამიტომ რეკომენდებულია მწვავე ჰიპოქსიის ხანმოკლე ეპიზოდების სამკურნალოდ. ერთადერთი ალტერნატივა გაძლიერდეს ფილტვის გზით ჟანგბადის მიწოდება  ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მცენარეებით მდიდარ გარემოში რეგულარული სეირნობაა.

    კუჭის ლორწოვანის გზით ჟანგბადის შეწოვის სტიმულირება ხდება ჟანგბადის შემცველი, სითხეში გახსნილი მარილოვანი ნაერთების მიღების მეთოდით. ამ მარილოვან ნაერთებში ჟანგბადი სტაბილურადაა შებოჭილი (ამიტომ ქვია სწორედ ამ მარილებისგან დამზადებულ პრეპარატებს თხევადი სტაბილიზირებული ჟანგბადი), მათი დაშლა ხდება მხოლოდ კუჭის მარილმჟავა არეში მოხვედრის შედეგად, ამ დროს გამოთავისუფლებული ჟანგბადის მოლეკულები კუჭის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებში შეიწოვება მარტივი დიფუზიის საშუალებით.

    ჟანგბადის შეწოვის უნარი აქვს კანსაც, ამიტომ თანამედროვე კანის საცხების სერიებს ამატებენ ჟანგბადის შემცველ მარილებს და ასეთ ხაზებს ჟანგბადოვანი კოსმეტიკა (oxygen cosmetic) ეწოდება. თუმცა მათი მოქმედება შემოფარგლულია უფრო ლოკალური დანიშნულებით - კანის ჰიპოქსიის დაძლევით.

    მაშასადამე, ქრონიკული ჰიპოქსიური მდგომარეობის პროფილაქტიკისთვის ყველაზე გამოსადეგ, ხანგრძლივი და უსაფრთხო მოქმედების ოქსიგენოთერაპიის საშუალებებს თხევადი ჟანგბადის ფორმები წარმოადგენს. ბრიტანულ ფარმაკოპეაზე დაყრდნობით, ჟანგბადის სტაბილიზაციისთვის გამოყენებული აქტიური ნაერთებიდან ყველაზე უსაფრთხოა და  ეფექტურია ნატრიუმის ქლორიტი (Sodium Chlorite - NaClO2), რომლის მიღება მაღალტექნოლოგიური პროცესია და ითხოვს -380◦C  ტემპერატურაზე კრიოგენიზაციას, შესაბამისად ყველაზე გავრცელებულია ამ მარილის ბაზაზე დამზადებული ოქსიგენოპრეპარატები. გასული საუკუნის 70-ან წლებამდე ამავე მიზნით გამოიყენებოდა კალიუმის მარილიც, თუმცა კალიუმის ჭარბი მიღების შედეგად წარმოქმნილი რისკების გამო ეს ნაერთი ამოღებულ იქნა ხმარებიდან.

© 2015 ყველა უფლება დაცულია