Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 29

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 29

ორსულობის გინეკოლოგიური 29-ე კვირის განმავლობაში ნაყოფი ინტენსიურად იზრდება, ამიტომ სულ უფრო მცირდება მის ირგვლივ არსებული სივრცე, პატარა იძულებული ხდება თავისუფლად ცურვის მაგივრად მხოლოდ კიდურები ამოძრაოს, ჯერ სხეულის ღერძის ირგვლივ მობრუნება შესაძლებელია. ნაყოფის გულის კუნთის ზრდის კვალდაკვალ მცირდება გულისცემის რითმი და უკვე 120-150 დარტყმა/წუთში შეადგენს.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-29 კვირის ბოლოს ნაყოფის ანთროპომეტრული მაჩვენებლებია:

მთლიანი სიგრძე 380-386 მმ, წონა - 1153-1300 გრ.,

თავის გარშემოწერილობა - 271-275 მმ., თავის ბიპარიეტალური ზომა/შუბლ-კეფის ზომა - 75/94 მმ, 

მუცლის გარშემოწერილობა 250-253 მმ.,

ბარძაყის ძვლის სიგრძე - 56-57 მმ., მხრის ძვლის სიგრძე - 51 მმ.

პლაცენტის სისქე - 2.96 სმ, სიმწიფის ხარისხი -0, ამნიონური სითხის ინდექსი -145

 


ამ ვადაზე სანაყოფე წყლების რაოდენობა კვლავ საშუალოდ 145 მლ-ს შეადგენს, ნაყოფის წონა კი ერთ კილოგრამს ასცდა, შესაბამისად მისი საცხოვრებელი „სივრცე“ კიდევ უფრო შეიზღუდა და მოძრაობის სახეც იცვლება. აქამდე (20 კვირამდე) ნაყოფს შეეძლო ცურვა, ახლა ჯერ კიდევ შეუძლია საკუთარი სხეულის ღერძის ირგვლივ შემოტრიალება ანუ თუ ერთ მომენტში თავით ქვემოთაა, შესაძლოა მთლიანად შემობრუნდეს და თავით ზემოთ აღმოჩნდეს, ასევე ჯერ „ეტევა“ გარდი-გარდმო. თუმცა საშვილოსნოსშიდა სივრცის სივიწროვე აიძულებს მას ხშირად თავით ქვემოთ იმყოფებოდეს და მხოლოდ კიდურები ამოძრაოს, სულ უფრო მცირდება სივრცული გადაადგილებების სიხშირე. ამ დროს ჭიპლარის ზონარი თავისუფლად მოძრაობს და გადაბრუნ-გადმობრუნების შემთხვევაში თუ აღმოჩნდა ნაყოფზე შემოხვეული, პატარა საკუთარი ხელებით და მოძრაობებით „ითავისუფლებს თავს“ მისგან ანუ საშიშროება ჭიპლარის მარყუჟის წარმოქმნის ჯერ არ არსებობს.

ნაყოფის ცხვირი აქამდე ამოვსებული იყო ლორწოთი, ეს ლორწოვანი საცობები უშლიდა ხელს სანაყოფე წყლების მოხვედრას ცხვირის ღრუში, ის მხოლოდ ყლაპვითი მოქმედებებით ანუ პირის ღრუს საშუალებით ხვდებოდა კუჭში და ბრონქებში. ამ ვადაზე ცხვირის ღრუ ლორწოვანი საცობებისგან სრულად თავისუფლდება და სანაყოფე წყალი ამორეცხავს ღრუს და მის ლაგუნებს, ამით საშუალებას აძლევს ცხვირის ლორწოვანის რეცეპტორებს შეიგრძნონ და გაარჩიონ გარემოში არსებული გამღიზიანებლები, მაგალითად სუნები.

ნაყოფის გულ-სისხლძარღვთა სისტემა განვითარების მხრივ კიდევ „ერთ ნაბიჯს დგამს წინ“ და გულის კუნთის სისქეში ზრდის პარალელურად მცირდება გულისცემის სიხშირეც, იგი ამ ეტაპიდან წუთში 120-150 დარტყმას შეადგენს. სისხლძარღვებში ე.წ. შერეული სისხლი მოძრაობს, რომელიც წარმოიქმნება ჭიპლარის არტერიებიდან „მოსული“ არტერიული სისხლისგან (ეს დედის სისხლია) და ნაყოფის ორგანოებიდან მოტანილი ვენური სისხლისგან (ეს ნაყოფის საკუთარი სისხლია). ასეთი ტიპის სისხლის მიმოქცევა შესარჩუნდება დაბადებამდე, უფრო კონკრეტულად ჰაერის პირველ ჩასუნთქვამდე.

© 2015 ყველა უფლება დაცულია