Orsuli.ge - ახალშობილის რეფლექსები

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ახალშობილის რეფლექსები

დაბადებისთანავე ახალშობილებს უვლინდებათ თანდაყოლილი რეფლექსური (მექანიკური, გაუაზრებელი) რეაქციები, რომლებიც მათ „დასწავლილი“ აქვთ ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში და ეხმარებათ ადაპტირდნენ და გადარჩნენ სრულიად ახალ გარემოში.

ახალშობილის ნერვული სისტემის შეფასებისას ექიმი-პედიატრები და ბავშვთა ნევროლოგები სწორედ ამ თანდაყოლილ რეფლექსებს (და კიდევ კუნთთა ტონუსს) სწავლობენ და მათი დადებითი შეფასება ასე იწერება: „ახალშობილის კუნთთა ტონუსი და ფიზიოლოგიური რეფლექსები გამოხატულია და ნორმის ფარგლებშია“.

ახალშობილთა თანდაყოლილი რეფლექსები, რომლებიც ეხმარებიან მას ჟანგბადის უწყვეტ მიღებაში:

სუნთქვის რეფლექსი - ახალშობილის სუნთქვის რეფლექსი თანდაყოლილია და ყოველგვარი ძალდატანებისა და გაცნობიერების გარეშე მიმდინარეობს. ეს რეფლექსი სიცოცხლის ბოლომდე აქვს ადამიანს.

თავის მობრუნების რეფლექსი - ახალშობილს თუ მუცელზე დავაწვენთ, ის ცდილობს თავის მობრუნებას ისე, რომ ცხვირის ნესტოები თავისუფალი ქონდეს. რეფლექსი ჩაქრება, როდესაც ჩვილი თავის დაჭერას ისწავლის.

ახალშობილთა თანდაყოლილი რეფლექსები, რომლებიც ეხმარებიან მას კვებაში:

წოვის რეფლექსი - ტუჩებზე ან ენაზე რაიმე საგნის შეხებისას ახალშობილი იწყებს პირით და ენით წოვით მოძრაობებს. რეფლექსი ნარჩუნდება 12 თვემდე.

ხორთუმისებური რეფლექსი - პირის კუთხესთან თითის დარტყმა იწვევს ტუჩების რკალის შეკუმშვას და მათ წინ წამოწევას (ხორთუმივით). რეფლექსი ნარჩუნდება 2-3 თვემდე.

მკერდის ძებნის რეფლექსი -  რაიმე საგნის პირის კუთხესთან ან ლოყასთან მიდებისას, ახალშობილი თავს აბრუნებს საგნის მიმართულებით და ცდილობს მის პირში ჩადებას. რეფლექსი ნარჩუნდება 4-5 თვემდე.

ყლაპვის რეფლექსი - ახალშობილი ენაზე შეხებისას აკეთებს ყლაპვით მოძრაობებს. რეფლექსი ნარჩუნდება 12 თვემდე.

ბაბკინის რეფლექსი - თუ ახალშობილს ხელის გულზე, ცერა თითის ფუძესთან, ან მხრის სახსარზე დავაჭერთ ხელს, ის იმავე მხარეს თავს მოაბრუნებს და პირს გააღებს. რეფლექსი ნარჩუნდება 3-5 თვემდე.

ტონუსური კისრის რეფლექსი - ამ რეფლექსს მოფარიკავის პოზასაც უწოდებენ. თუ ახალშობილს დავაწვენთ ზურგზე და თავს მივუბრუნებთ, იმ მხარეს, საითაც თავი ექნება მიბრუნებული გაჭიმავს ხელს და ფეხს, ხოლო მეორე მხარეს კი კიდურებს მოხრის. რეფლექსი ნარჩუნდება 8 თვემდე.

ახალშობილთა თანდაყოლილი თავდაცვითი რეფლექსები:

რობინსონის - ხელის ტაცების რეფლექსი - ახალშობილი ხელის მტევანთან მიახლოებულ საგნებზე ჩაჭიდებას ცდილობს, აკეთებს ტაცების მოძრაობას და ისე მაგრად ჩაეჭიდება საგანს, რომ შესაძლებელია ამ საგნით მისი აწევა და ჰაერში დაკიდება. რეფლექსი ნარჩუნდება 5 თვემდე.

ბაბინსკის რეფლექსი - თუ ახალშობილს შიშველ ტერფზე თითს სიგრძეზე დაუსვამთ, ის ჯერ ცერს წამოწევს(აბზეკს), შემდეგ დანარჩენ ოთხ თითს მარაოსებრად გაშლის და ერთად მოხრის.  რეფლექსი ნარჩუნდება 6 თვემდე.

მოროს რეფლექსი - თუ ახალშობილს ავიტაცებთ ან  ხელს დაკაკუნებთ მასთან ახლოს ზედაპირზე, სადაც ის წევს, ახალშობილი გააკეთებს ხელების შემოხვევის მოძრაობას თითქოს უნდა ჩაებღაუჭოს რამეს. რეფლექსი ნარჩუნდება 4 თვემდე.

გალანტის რეფლექსი - ახალშობილს ხერხემლის გასწვრივ თითს თუ ჩამოვუსვამთ, ის მოიდრიკება მთელი სხეულით და იღებს ემბრიობის პოზას. რეფლექსი ნარჩუნდება  3 თვემდე.

პერესის რეფლექსი - თუ ახალშობილს კეფის კუთხიდან კისრის მალების წანაზარდებზე თითს გავაყოლებთ მისი რეაქცია იქნება: (1)ხანმოკლე აპნოე (სუნთქვის შეჩერება,  (2)ტირილი,  (3)ლორდოზი-თეძოს აწევა, (4)ზემო კიდურების მოხრა, (5)გენერალიზებული ჰიპერტონია, (6)ანალური ხვრელის გამოზნექა- დეფეკაცია. რეფლექსი ნარჩუნდება 3 თვემდე.

თვალის გუგის რეფლექსი - ძლიერი შუქის მინათება იწვევს ახალშობილის გუგების დავიწროებას, ხოლო სიბნელეში მისი გუგები ფართოვდება. ეს რეფლექსი ნარჩუნდება მთელი სიცოცხლე.

თვალის ხამხამის რეფლექსი - ძლიერი შუქის მინათება ან სახეზე შებერვა იწვევს ახალშობილში თვალების ხამხამს. ეს რეფლექსიც ნარჩუნდება მთელი სიცოცხლე.

ახალშობილთა თანდაყოლილი მოძრაობითი რეფლექსები: ეს რეფლექსები იმ მოძრაობების გაგრძელებაა, რომელსაც ნაყოფობის დროს პატარა ასრულებდა საშვილოსნოში, სადაც იგი ცურავდა, ამისთვის კი იყენებდა საშვილოსნოს კედლებს, როგორც საყრდენს, რაზეც ფეხების ტერფების მიბჯენით იღებდა ბიძგს მეორე მხარეს გასაცურად.

საყრდენის რეფლექსი - ახალშობილს თუ დავიჭერთ საყრდენის მიმართულებით, დავინახავთ რომ შეეცდება ტერფებით მიებჯინოს საყრდენს. რეფლექსი ნარჩუნდება  2 თვემდე.

სიარულის რეფლექსი - თუ ბავშვს ავიყვანთ ხელში და დავიჭერთ საყრდენთან ახლოს, დავინახავთ რომ დაიწყებს ფეხების რითმულ მოძრაობას საყრდენის მიმართულებით. რეფლექსი ნარჩუნდება  2-3 თვემდე.

ბაუერის ცოცვის რეფლექსი - თუ ახალშობილს დავაწვენთ მუცელზე და ხელით შევეხებით მის ფეხის გულებს, ის გამოიყენებს ჩვენს ხელს საყრდენად და შეასრულებს ფეხებით უკუკვრას. რეფლექსი ნარჩუნდება 1,5-2 თვემდე.


© 2015 ყველა უფლება დაცულია