Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 37

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 37

ორსულობის გინეკოლოგიური 37-ე კვირის ბოლოსთვის ნაყოფი სრულიად „მზადაა“ იმისთვის, რომ მოევლინოს ქვეყანას - კანი დაფარულია მცირე ოდენობის საცხით, რომელიც მშობიარობისას მას დაიცავს სამშობიარო გზების ქსოვილებთან ხახუნისგან, მას აქვს საკვები ნივთიერებების მარაგი, რაც დაეხმარება დამოუკიდებელ კვებაზე გადასვლისას ადაპტაციის პროცესში, ნერვული სისტემა მომზადებულია ახალ „გამოწვევებთან შესახვედრად“, სასუნთქი და გულსისხლძარღვთა სისტემების განვითარების დონე მას საშუალებას მისცემს დედის ორგანიზმის „მხარდაჭერის“ გარეშე ისუნთქოს და იფუნქციონიროს.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-37 კვირის ბოლოს ნაყოფის ანთროპომეტრული მაჩვენებლებია:

მთლიანი სიგრძე 479-486 მმ, წონა - 2820-2859 გრ.,

თავის გარშემოწერილობა - 329-330 მმ., თავის ბიპარიეტალური ზომა/შუბლ-კეფის ზომა - 92/116 მმ, 

მუცლის გარშემოწერილობა 327 მმ.,

ბარძაყის ძვლის სიგრძე - 71-72 მმ., მხრის ძვლის სიგრძე - 63 მმ.

პლაცენტის სისქე - 3.44 სმ, სიმწიფის ხარისხი -2, ამნიონური სითხის ინდექსი -135


ამ ვადიდან ნაყოფი უკვე „სადაცაა“ დაიბადება და გახდება დამოუკიდებელი ადამიანი - ახალშობილი. მისი ორგანიზმი მომზადებულია ახალ სამყაროსთან შესახვედრად. ნაყოფი ასევე „აღჭურვილია“ იმ ანატომიური თუ ბიოქიმიური რესურსებით, რომლებიც მას დედის სამშობიარო გზების გადალახვაში დაეხმარება:

ნაყოფი მუდმივად იმგვარ პოზაშია (ანუ თავით ქვევითაა ჩაკიდებული), რომ სამშობიარო აქტივობის დაწყებისთანავე, ზედმეტი მოძრაობების გარეშე ჩაეშვას საშოში. ეს ყველაზე მოსახერხებელი პოზაა, პირველი ჭინთვის დროს ჯერ თავი გადალახავს სამშობიარო გზების „ბარიერებს“, რადგან ნაყოფის სათუთი სახე და თავის ქალას კოლოფი დიდიხნით არ მოხვდეს სამშობიარო გზების შეკუმშვით წარმოქმნილ „წნეხში“. თავის ქალის ძვლოვანი კარკასი უზრუნველყოფს ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოს -თავის ტვინის - დაზიანებისგან დაცვას, ამასთან ქალას ძვლებზე „დატოვებული“ ელასტიური უბნების (ყიფლიბანდების) ხარჯზე თავის ქალის კოლოფს შესაძლებლობა ექმნება საჭიროებისამებრ „შეიკუმშოს“, შემდგომში სხეულის უფრო „დრეკადი“ და ნაკლებად დაზიანებადი ნაწილი - ტანი მოხრილი კიდურებით - „გამოიდევნება“;

ნაყოფის კანი დაფარულია სპეციალური საცხით, რომელიც უზრუნველყოფს მშობიარობისას ხახუნის შემცირებას, ასევე იცავს ნაყოფის წარზიდულ ნაწილებს დაზიანებებისგან;

ნაყოფის კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილში, ასევე მისი შინაგანი ორგანოების ქსოვილები „გაჯერებულია“ საკვები სამარაგო ნივთიერებებით, ეს მარაგები დაეხმარება ახალშობილს ახალ, მისთვის „სტრესულ“ საკვებ გარემოში, ვიდრე მისი კუჭ-ნაწლავის სისტემა ადაპტირება დედის რძით კვების პირობებთან, იფუნქციონიროს სრულყოფილად;

ნაყოფის ნერვული სისტემა მომწიფებულია და „აღჭურვილია“ თანდაყოლილი რეფლექსური პასუხებით, რომელიც დაეხმარება მას ცნობიერი რეაქციების განვითარებამდე განახორციელოს მისი ცხოველქმედების ძირითადი - თავდაცვითი და კვებითი - ფუნქციები;

ნაყოფის სასუნთქი სისტემა შეიცავს სურფაქტანტის იმ რაოდენობას, რომელიც საკმარისია პირველი ჩასუნთქვისას ფილტვების ჰაერით გავსების პროცესის წარმატებულად განხორციელებისთვის და შემდგომში დამოუკიდებლად სუნთქვისთვის, გულის სტრუქტურები „გადაეწყობა“ რა ახალ რეალობასთან, სისხლძარღვოვან სისტემაში ჩამოყალიბდება ორი წრე - ფილტვის და აორტის წრეები, ფილტვის წრე უზრუნველყოფს სისხლის ჟანგბადით გაჯერებას, აორტის წრე კი ამ სისხლის ყველა ორგანომდე, ქსოვილამდე და უჯრედამდე მიტანას.

ამ კვირის ბოლოს პლაცენტის სიმწიფის ხაროსხი 2-ია, მისი სისქეა 34.35 მმ-ია, ეს უკვე დაბერებული პლაცენტაა, ამ დამატებითმა ორგანომ, რომელიც მხოლოდ ქალებს და მხოლოდ ორსულობისას უჩნდებათ, თითქმის ამოწურა თავისი მისია და მხოლოდ „ელოდება“ მშობიარობის პროცესს, იქამდე კი შემანარჩუნებელ ფუნქციონირებას განაგრძობს.

© 2015 ყველა უფლება დაცულია