Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 36

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 36

ორსულობის გინეკოლოგიური 36-ე კვირიდან იწყება მშობიარობისწინა პერიოდი, საბოლოოდ ჩამოყალიბებულია ნაყოფის საშვილოსნოსშიდა მდებარეობა, ნორმაში ეს თავით წინმდებარეობაა. ნაყოფის დრენაკლულობის ნიშნები აღარ შეიმჩნევა. ამ პერიოდში ნაყოფის განვითარებაში ჩამორჩენა იშვიათია, პირიქით, თუ გვხვდება ნორმიდან გადახრა, ეს „ჭარბწონიანი“ პატარებია, რაც მშობიარობის მზადების პერიოდში არც თუ სახარბიელო მონაცემად ითვლება.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-36 კვირის ბოლოს ნაყოფის ანთროპომეტრული მაჩვენებლებია:

მთლიანი სიგრძე 466-474 მმ, წონა - 2612-2622 გრ.,

თავის გარშემოწერილობა - 324-326 მმ., თავის ბიპარიეტალური ზომა/შუბლ-კეფის ზომა - 90/114 მმ, 

მუცლის გარშემოწერილობა 318 მმ.,

ბარძაყის ძვლის სიგრძე - 69-70 მმ., მხრის ძვლის სიგრძე - 62 მმ.

პლაცენტის სისქე - 3.56 სმ, სიმწიფის ხარისხი -2, ამნიონური სითხის ინდექსი -138


ამ ვადაზე ნაყოფს თითქმის მთელი საშვილოსნოსშიდა სივრცე აქვს „დაკავებული“. მას გარკვეულწილად უჭირს დედის უკვე ვირწო საშვილოსნოში მოძრაობა, ამიტომ იგი ცდილობს კომფორტულად განთავსდეს, გადატრიალდეს და გადმოტრიალდეს მხოლოდ სხეულის სიგრძივი შუახაზის ირგვლივ, ძირითადი პოზის შეუცვლელად, თითქმის ვეღარ ვარჯიშობს და მოძრაობს ძველებურად. ხუმრობით ამბობენ ნაყოფი „დასერიოზულდება“-ო ამ კვირიდან. ნაყოფის საშვილოსნოსშიდა მდებარეობა უცვლელი რჩება, ეს მისი თავით წინა მდებარეობაა, როდესაც მისი პატარა თავი მიმართულია საშვილოსნოს ყელისკენ და საშოსკენ, რადგან ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ნორმაში პირველი თავი უნდა გამოძვრეს დედის სამშობიარო გზებიდან.

ამ კვირის ბოლოსთვის თითქმის მთლიანად ქრება დღენაკლულობის ანატომიური ნიშნები, ასევე მთავრდება ნერვული ცენტრების, სასუნუთქი, გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციური მომწიფება და „მომზადება“ დაბადების შემდგომი ფუნქციონირებისთვის: ფილტვებში სურფაქტანტის ოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ ახალშობილმა დამოუკიდებლად ისუნთქოს, გულის რითმია საშუალოდ 140 დარტყმა/წუთში (ვარიაბელობა 120-150 დარტყმა/წუთში), ტონები მკაფიოა, გულის კუნთის შეკუმშვის „სიმძლავრე“ საკმარისია იმისთვის, რომ გადასროლილმა სისხლმა „მოიაროს“ მთელი სხეულის სისხლძარღვოვანი კალაპოტი, ჩამოყალიბებულია გულის სარქველების სისტემა, ჯერ ღიაა მარჯვენა და მარცხენა წინაგულებს შორის მცირე ოვალური ხვრელი და ნაყოფის გულს აქვს არტერიული ე.წ. ბოტალის სადინარი, რომლითაც აორტა დროებით შეერთებულია ფილტვის არტერიასთან, თუმცა დაბადებისთანავე ამ „დროებითი“ შენების გადაწყობა მოხდება - წინაგულებს შორის არსებული ხვრელი და ბოტალის სადინარი სამუდამოდ დაიხურება.

ნაყოფს, თუ განვითარების ამ ვადაზე ვსაუბრობთ, უკვე გადალახული აქვს წონაში ჩამორჩენის რისკი, მისი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი სრულიად ჩამოყალიბებულია, კანი ხავერდოვანი სტრუქტურისაა, კუნთოვანი მასა და ჩონჩხის ძვლები განვითარებულია. ამიტომ განვითარების პრობლემებს შორის ფიქსირდება უფრო მეტად ნაყოფის „ჭარბი“ წონა, ითვლება, რომ თუ ამ ვადაზე ნაყოფის წონა სამ კილოგრამს უახლოვდება ან აჭარბებს, მაშინ ორსულმა ბალანსირებული კვების რეჟიმის პირობებში მცირე დიეტა უნდა დაიცვას, რადგან „დიდწონიანი“ პატარას მშობიარობა არც თუ სახუმარო საქმე იქნება.

© 2015 ყველა უფლება დაცულია