Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 35

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 35

ორსულობის გინეკოლოგიური 35-ე კვირით მთავრდება ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების მე-8 თვე, შესაბამისად დღენაკლულობისთვის დამახასიათებელი ანატომიური ნიშნები იწყებს გაქრობას - ფრჩხილები ჩამოდის ბოლომდე და ფარავს მისთვის განკუთვნილ ე.წ. საწოლს, ყურის ხრტილები მკვრივდება და დამახასიათებელ მოყვანილობას იძენს, ტვინის ქალა აღარაა უფრო დიდი ზომების, ვიდრე სახის ქალა, ქრება ე.წ. ლანუგო - ინტენსიური ღინღლი მხრებსა და ზურგზე. ამ კვირიდან პლაცენტის სიმწიფის ხარისხი უკვე 2-ია.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-35 კვირის ბოლოს ნაყოფის ანთროპომეტრული მაჩვენებლებია:

მთლიანი სიგრძე 454-462 მმ, წონა - 2383-2414 გრ.,

თავის გარშემოწერილობა - 318-322 მმ., თავის ბიპარიეტალური ზომა/შუბლ-კეფის ზომა - 88/112 მმ, 

მუცლის გარშემოწერილობა 309-315 მმ.,

ბარძაყის ძვლის სიგრძე - 67-68 მმ., მხრის ძვლის სიგრძე - 61 მმ.

პლაცენტის სისქე - 3.47 სმ, სიმწიფის ხარისხი -2, ამნიონური სითხის ინდექსი -140


ორსულობის ეს კვირა ნაყოფის განვითარების პროცესისთვის ისეთივე პერიოდის დასაწყისია, როგორც მხატვრისთვის პორტრეტზე ბოლო შტრიხების დატანის დრო. ნაყოფის ზრდა ჩვეული ინტენსივობით და სინქრონულობით მიმდინარეობს, ის კვლავ თავით ქვემოთაა, მოცულობაში მატებასთან ერთად მოძრაობითი აქტივობების ამპლიტუდა მცირდება, თუმცა სიხშირე კვლავ უცვლელია. ნაყოფის პორტრეტში ცვლილებები ე.წ. დღენაკლულობის ნიშნების ალაგებით გამოიხატება:

პირველ რიგში იცვლება თავის პროპორციები - თავის ქალის ის ნაწილი, რომელშიც თავის ტვინია განლაგებული, ამ ვადამდე უფრო მოზრდილი იყო, ვიდრე სახის ქალის ნაწილი. ამ კვირიდან, იზრდება რა ყვრიმალები, შუბლის ძვლები და ქვედა ყბის ძვალი, სახე აღარ ჩანს მომცრო და იკავებს თავის ოვალის ნახევარს.

იწყებს გაქრობას ლანუგო, ასე მოიხსენიებენ იმ ინტენსიურ ღინღლს, რომლითაც დაფარულია ნაყოფის ზურგი და მხრები. ეს „ევოლუციის დანატოვარია“, სავარაუდოდ იმის კომპენსაციაა, რომ ნაყოფს თერმორეგულაცია ჯერ არ შესწევს და როგორც ცხოველებს, მასაც სითბოს შენარჩუნებისთვის აქვს მცირე თმოვანი საფარველი.

მკვრივდება ყურის ნიჟარების ხრტილები, წარმოიქმნება ძალიან სახასიათო და გენეტიკურად „გადმოცემული“ მოყვანილობა, ხშირად ამ მოყვანილობას თითების ანაბეჭდსაც ადარებენ, რადგან ის ძალიან ინდივიდუალური და უნიკალურია.

ამ კვირაში იწყებს ე.წ. „ჩამოსვლის“ პროცესს ფრჩხილები, რომლებიც ამ ვადაზე ჯერ არ ფარავს მისთვის განკუთვნილ, თითების ბოლოში განთავსებულ საწოლს.

ნაყოფის ნაწლავებში იზრდება მისი პირველადი განავლის - მეკონიუმის რაოდენობა. მას შემდეგ, რაც ნაყოფმა სანაყოფე წყლების ყლაპვა დაიწყო, მის ნაწლავებში ამ სითხეში შეტივტივებული საკუთარი კანის ჩამოფრცქვნილი უჯრედები დაგროვდა, ამ უჯრედების დაშლას ჯერ ნაღველი განახორციელებდა, წინა კვირიდან პროცესში ჩაერთო საჭლმის მომნელებელი ფერმენტებიც, სწორედ ასე განვითარდა მეკონიუმის ფორმირების პროცესი. მართალია ნაყოფის სწორი ნაწლავი უკვე ჩამოყალიბებულია, მეკონიუმის გარეთ გამოყოფა არ ხდება დაბადებამდე. ამ კვირის განმავლობაში ან შემდგომ პერიოდში სანაყოფე წყლებში მეკონიუმის გამოჩენა პათოლოგიის ნიშანია და მიანიშნებს ნაყოფის ჰიპოქსიაზე.

© 2015 ყველა უფლება დაცულია