Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 34

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 34

ორსულობის გინეკოლოგიური 34-ე კვირის განმავლობაში ნაყოფი განაგრძობს ზრდას, მის ორგანიზმში მიმდინარე მთავარი პროცესების სქემა უცვლელია - სხეულის ყველა ნაწილი და ორგანო მატულობს წონაში და სიგრძეში. ამ კვირაში განსაკუთრებული ინტენსივობით ემზადება ნაყოფის საჭმლის მომნელებელი სისტემა დამოუკიდებელი კვებისთვის და გარედან მიღებული საკვების გადამუშავებისთვის - იწყება მრავალფეროვანი საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამომუშავება. ნაყოფის მოძრაობა კიდევ უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ხდება, დედამ წინასწარ იცის როდის დაიწყებს დღის თუ ღამის მანძილზე პატარა მოძრაობით აქტივობას.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-34 კვირის ბოლოს ნაყოფის ანთროპომეტრული მაჩვენებლებია:

მთლიანი სიგრძე 445-450 მმ, წონა - 2248-2150 გრ.,

თავის გარშემოწერილობა - 314-317 მმ., თავის ბიპარიეტალური ზომა/შუბლ-კეფის ზომა - 86/110 მმ, 

მუცლის გარშემოწერილობა 299-306 მმ.,

ბარძაყის ძვლის სიგრძე - 66-67 მმ., მხრის ძვლის სიგრძე - 59 მმ.

პლაცენტის სისქე - 3.39 სმ, სიმწიფის ხარისხი -1, ამნიონური სითხის ინდექსი -142


ნაყოფის ზრდის ტემპები დაბადებამდე სტაბილური სიჩქარით მიმდინარეობს - იზრდება ნაყოფი სიმეტრიულად და სინქრონულად (ასეთი სიმეტრიული ზრდა მთელი შემდგომი სიცოცხლის მანძილზე აღარ შეიმჩნევა), მატულობს ერთნაირი ჯერადობით მთლიანი წონა, სიგრძე, კუნთების და ძვლების წონა/მოცულობა, შინაგანი ორგანოების მოცულობა/მასა. ეს პროცესები არ უსწრებს და არ ჩამორჩება ერთმანეთს ნაყოფის ორგანიზმის არც ერთ ნაწილში.

რაც შეეხება ფუნქციურ განვითარებას, ნაყოფის ორგანიზმში ამ ვადაზე გამოკვეთილად აქტიურად პროგრესირებს საჭმლის მომნელებელი სისტემა. ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მონელება იწყება პირის ღრუდან და მთავრდება მსხვილ ნაწლავში. ამ უზარმაზარ“ გზაზე“ საკვების გადასამუშავებლად გამოიყოფა სხვადასხვა სახის სითხეები ე.წ. საჭმლის მომნელებელი წვენები - ესენია ნერწყვი, კუჭის წვენი, ნაღველი და ა.შ. თითეულ მონაკვეთში საჭმლის მომნელებელი წვენები შეიცავენ ფერმენტების განსხვავებულ და განსაკუთრებულ სახეობებს იმის შესაბამისად, რომელი სახეობის საკვები ნივთიერება უნდა დაიშალოს. ნაყოფის საჭმლის მომნელებელ სისტემაში ამ ეტაპზე მხოლოდ სანაყოფე წყლები ხვდება, მასში საკვები ნივთიერებები თითქმის არ არის, ამიტომ ნაყოფს ჯერ საჭმლის მომნელებელი წვენები არ სჭირდება, მიუხედავად ამისა, ამ კვირიდან ნაყოფის საჭმლის მომნელებელი აპარატი იწყებს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას, რომლებიც გარკვეული ფერმენტების ნაირსახეობებს შეიცავენ, ესენია ლიპაზა, ქიმოტრიპსინი, ტრიპსინი, ამილაზა, ლატაზა, მალტაზა. ამით ნაყოფის ორგანიზმი ემზადება დედის რძის გადასამუშავებლად, რადგან ფერმენტების სწორედ ეს ნაკრებია საჭირო ქალის რძეში არსებული საკვები ნივთიერებების დაშლისა და შეთვისებისთვის.

ორსულობის ამ ვადაზე ნაყოფის მოძრაობითი აქტივობა ისეთი პროგნოზირებადი ხდება, რომ დედამ წინასწარ იცის დღის თუ ღამის რომელ მონაკვეთში უნდა ელოდოს პატარას გააქტივებას. გინეკოლოგები ურჩევენ კიდეც ორსულ ქალებს დაითვალონ პატარას მოძრაობები, ამისთვის დაკვირვების პერიოდად განისაზღვრება დღის 12 საათიდან 6 საათამდე პერიოდი, ორსული ითვლის ნაყოფის ყველა მოძრაობას, მიღებული ციფრი გასაშუალდება დროსთან მიმართებაში და ითვლება, რომ ნორმალური მაჩვენებელი 10 წუთში 1 მოძრაობა უნდა გამოვიდეს. თუმცა ნაყოფის ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე, შესაძლოა მისი მაღალი აქტივობების პერიოდი სულაც არ ემთხვეოდეს დღის ამ მონაკვეთს, ამ შემთხვევაში ორსული ჯერ უნდა დააკვირდეს და განსაზღვროს დღე-ღამის ის მონაკვეთი, როდესაც მის პატარას უფრო მეტად ღვიძავს ანუ მეტად აქტიურია.

© 2015 ყველა უფლება დაცულია