ორსულობის გინეკოლოგიური 32-ე კვირის განმავლობაში ნაყოფი აქტიურად იზრდება და ორსული ქალის წონაში მატება ახლა ძირითადად მხოლოდ ნაყოფის ზრდას უკავშირდება. ნაყოფი იწყებს დაბადებისთვის მზადებას, მის ორგანიზმში იწყება ჰორმონების - ვაზოპრესინის და ოქსიტოცინის გამომუშავდება - რომლებიც დედის სარძევე ჯირკვლებს ამზადებს რძის გამომუშავებისთვის და ორსული ქალის ტვინში „მშობიარობის დომინანტას“ ჩამოყალიბებას იწვევს.
ორსულობის გინეკოლოგიური მე-32 კვირას მეოთხე სკრინინგული ექოსკოპიური კვლევის ვადა იწურება (თუ ეს კვლევა ჯერ არ ჩატარებულა).
ორსულობის გინეკოლოგიური მე-32 კვირის ბოლოს ნაყოფის ანთროპომეტრული მაჩვენებლებია:
მთლიანი სიგრძე 423-424 მმ, წონა - 1800-1930 გრ.,
თავის გარშემოწერილობა - 296-304 მმ., თავის ბიპარიეტალური ზომა/შუბლ-კეფის ზომა - 82/104 მმ,
მუცლის გარშემოწერილობა 280-286 მმ.,
ბარძაყის ძვლის სიგრძე - 61-63 მმ., მხრის ძვლის სიგრძე - 56 მმ.
პლაცენტის სისქე - 3.22 სმ, სიმწიფის ხარისხი -1, ამნიონური სითხის ინდექსი -144
ამ ვადიდან ნაყოფი და დედა ერთობლივად იწყებენ მშობიარობისთვის მზადების პროცესს. დაკვირვებები აჩვენებს, რომ ძლიერდება ნაყოფში ნივთიერებათა დამარაგების პროცესი. აქამდე თუ ნაყოფი დედის სისხლიდან მხოლოდ ცხოველქმედებისთვის საჭირო ოდენობით შეიწოვდა საკვებ ნივთიერებებს, ახლა შეწოვის ინტენსივობა მატულობს, იზრდება ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ე.წ. „სამარაგო“ ნივთიერებების ოდენობა ღვიძლში, ცხიმოვან დეპოებში. გარდა ამისა, იზრდება მოცულობაში ყველა შინაგანი ორგანო და კუნთოვანი საფარველი, აქ ცილოვანი ნივთიერებების „გადანახვა“ ხდება.
ნაყოფის იმუნური სისტემაც იწყებს მზადებას ინფექციებით დასახლებულ გარე სამყაროსთან დაბადების შემდგომ შესახვედრად. ნაყოფის მთავარი იმუნური უჯრედები В-ლიმფოციტები დიფერენცირდებიან სხვადასხვა ჯგუფებად, თითეულ ჯგუფს ენიჭება შესაძლებლობა გამოიმუშავოს გარკვეული ტიპის ანტისხეულები, რათა ახალშობილის ორგანიზმში დაბადების შემდგომ ინფექციური აგენტის მოხვედრისას მას „მზად ქონდეს“ საწყისი იმუნური პასუხი. ანტისხეულები დედის ორგანიზმიდანაც იწყებს ნაყოფის ორგანიზმში „მიგრაციას“. ეს მოვლენები საფუძველს უყრის ე.წ. თანდაყოლილი იმუნიტეტის არსებობას ახალშობილში, რომელსაც დაბადებისას ჯერ არ აქვს ინფექციურ პროცესებთან გამკლავების უშუალო გამოცდილება.
ზემოთაღწერილი მოვლენები განაპირობებს იმას, რომ ნაყოფის სხეულის მასა კიდევ უფრო ინტენსიურად მატულობს, ხოლო ორსული ქალის სხეულის მასის ზრდა აღარ უკავშირდება მის ორგანიზმში მომხდარ ცვლილებებს, ის ასოცირებულია მხოლოდ ნაყოფის წონის მომატებასთან ანუ ამ ვადიდან იზრდება მხოლოდ პატარა.
ამ კვირიდან ნაყოფი არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ დედასაც „ამზადებს“ მშობიარობისთვის. ნაყოფის ორგანიზმში იწყება ჰორმონების - ვაზოპრესინისა და ოქსიტოცინის - გამომუშავება. ეს ჰორმონებია პასუხისმგებელი ორსული ქალის ტვინში „მშობიარობის დომინანტა“-ს ფორმირებაზე, სწორედ ამიტომ ქალები ამ ვადიდან უკვე აქტიურად ფიქრობენ მშობიარობაზე, მენჯის ძვლების ტრანსფორმაციაზე და სამშობიარო აქტივობისთვის მათ მომზადებაზე, ამ ჰორმონების ზეგავლენით ქალის მკერდში სარძევე ჯირკვლების სადინარების ქსელი იწყებს აქტიურ განვითარებას, იზრდება თავად სარძევე ჯირკვლების რაოდენობაც და მოცულობაც.