Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 31

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 31

ორსულობის გინეკოლოგიური 31-ე კვირის ბოლოს ნაყოფი იკავებს საშვილოსნოში თავის საბოლოო მდებარეობას, ნორმაში ეს მდებარეობა თავით წინამდებარეობად მოიხსენიება და ნიშნავს, რომ მისი პატარა თავი მიმართულია მენჯის ღრუსკენ, საშვილოსნოს ყელისკენ ანუ ქვემოთ. ღვიძილის დროს ნაყოფი აქტიურად მოძრაობს, მაგრამ ახლა მხოლოდ კიდურებით, თვალები გახელილი აქვს, ძილის დროს კი იგი ე.წ. ემბრიონის პოზაშია, თვალები დახუჭული აქვს. ნაყოფის ტვინის მოცულობა ამ ვადაზე ზრდასრული ადამიანის ტვინის 25%-ს აღწევს, ერთ-ერთი ფუნქცია, რაც მას ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვს - თერმორეგულაციის ფუნქციაა.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-31 კვირის ბოლოს ნაყოფის ანთროპომეტრული მაჩვენებლებია:

მთლიანი სიგრძე 400-411 მმ, წონა - 1500-1780 გრ.,

თავის გარშემოწერილობა - 288-294 მმ., თავის ბიპარიეტალური ზომა/შუბლ-კეფის ზომა - 80/101 მმ, 

მუცლის გარშემოწერილობა 270-274 მმ.,

ბარძაყის ძვლის სიგრძე - 59-61 მმ., მხრის ძვლის სიგრძე - 55 მმ.

პლაცენტის სისქე - 3.13 სმ, სიმწიფის ხარისხი -1, ამნიონური სითხის ინდექსი -144


ორსულობის ამ ვადაზე ნაყოფი თავისი საშვილოსნოსშიდა „ცხოვრების“ მე-8 თვეს იწყებს. ეს ის პერიოდია, როდესაც ის სავსებით შესაძლოა მოევლინოს ქვეყანას, მაშინ მას დღენაკლი ახალშობილი დაერქმება, მაგრამ ფუნქციურად დღენაკლობა არ შეუშლის ხელს დამოუკიდებლად ისუნთქოს და იკვებოს. (ამ ვადამდე დაბადებულ ახალშობილებს დამოუკიდებლად სუნთქვა და კვება უჭირთ, ამიტომ მათი გამოზრდისთვის საჭიროა ექსკლუზიურად ხელოვნური სუნთქვა და ზონდით კვება).

ნაყოფი უკვე „ჩამოყალიბდება“ როგორ განთავსდეს საშვილოსნოში, უმრავლეს შემთხვევებში ის ამ კვირიდან სტაბილურად განთავსდება თავით ქვემოთ, მისი პატარა თავი ჯერ არ ჩასულა მენჯის ღრუში, მაგრამ მიმართულია საშვილოსნოს ყელისკენ, ის ამით თითქოს ემზადება უკვე დაბადებისთვის. ამ ვადიდან ნაყოფი ამოძრავებს მხოლოდ ხელებს და ფეხებს, შესაძლოა“ ხერხემალში გაიშალოს“ ან „მოიხაროს“, ამ დროს ის თავის დუნდულებს მიაბჯენს საშვილოსნოს კედელს და დედამ შესაძლოა მუცელზე დაინახოს მრგვალი ამობურცულობა. ექიმები როდესაც აღწერენ ნაყოფის ასეთ განლაგებას, ხმარობენ ტერმინს - „თავით წინამდებაროება“.

თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ნაყოფი თავით ზემოთაა მიმართული და საშვილოსნოს ყელისკენ აქვს მოქცეული დუნდულები, ძალიან იშვიათად შესაძლოა ნაყოფი გარდი-გარდმოც დარჩეს, ეს მდებარეობები არასასურველად ფასდება ამ ვადისთვის, რადგან ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს იწვევს გართულებებს და მყარი ჩვენებაა იმისთვის, რომ მოგვიანებით (36-38 კვირაზე) გაკეთდეს საკეისრო კვეთა.

ნაყოფი აგრძელებს ჩვეული ძილის და ღვიძილის პერიოდებით ცხოვრებას, ამ ეტაპზე ღვიძილის დროს მის აქტივობებს ემატება მხოლოდ ის, რომ ნაყოფს თვალები მუდმივად გახელილი აქვს, როცა ფხიზლადაა, ძილის დროს კი თვალებს ხუჭავს. საინტერესოა ისიც, რომ ამ ვადაზე ყველა ნაყოფის თვალის ფერი ცისფერია, მხოლოდ დაბადებამდე ახლო პერიოდში იწყება გენეტიკურად განსაზღვრული ფერის ჩამოყალიბება და ეს უკავშირდება მუქი პიგმენტის ჩალაგება/არჩალაგებას. პიგმენტის ჩალაგების პროცესი არ მთავრდება დაბადებისას, ახალშობილი მე-6 თვემდე იცვლის თვალის ფერს და ლურჯთვალება პატარა შესაძლოა შემდგომში შავთვალებად იქცეს.

ნაყოფის თავის ტვინი ამ ვადაზე უკვე საკამოდ განვითარებულია და მისი ცენტრები დიფერენცირებულია, რათა სხვადასხვა ფუნქციები შეასრულოს, ნაყოფის თავის თვინის მოცულობა უკვე ზრდასრული ადამიანის მოცულობის 25%-ს აღწევს, შესაბამისად ნაყოფი ფუნქციურად სრულყოფილი და დამოუკიდებელია. მისი თავის ტვინი „ხელმძღვანელობს“ ორგანიზმის ძირითადი ცხოველქმედებისთვის აუცილებელ ყველა პროცესს, თუმცა არის ერთი ფუნქცია, რომლის განვითარება დაბადებამდე ვერ ან არ ხერხდება, ეს დამოუკიდებელი თერმორეგულაციაა. ამის მიზეზი ცხიმოვან ქსოვილში არ არის მხოლოდ, კვლევებით დასტურდება, რომ ნაყოფს ძალიან გვიან და ნელა უვითარდება თავის ტვინის თერმორეგულაციაზე პასუხისმგებელი უბანი. ამიტომ ნაყოფი ასე მყიფეა დაბადებისას, საჭიროა მისი სწრაფი შეფუთვა, რადგან გადაცივება ერთ-ერთი იმ საფრთხეთაგანია, რომელმაც მის სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე შეუქმნას.

© 2015 ყველა უფლება დაცულია