Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 23

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 23

ორსულობის გინეკოლოგიური 23-ე კვირა ეთმობა სუნთქვითი სისტემის და ე.წ. სუნთქვითი მოძრაობების განვითარებას, რომლებიც ხდება პერიოდული, სიხშირით - წუთში 50-60, და აღარ აქვს ეპიზოდური ხასიათი. ამ ვადაზე სანაყოფე წყლების ჩაყლაპვის შედეგად ნაყოფი უკვე ასლოკინებს.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-23 კვირის ბოლოს ნაყოფის ანთროპომეტრული მაჩვენებლებია:

მთლიანი სიგრძე 289-297 მმ, წონა - 501-600 გრ.,

თავის გარშემოწერილობა - 207-210 მმ., თავის ბიპარიეტალური ზომა/შუბლ-კეფის ზომა - 57/74 მმ, 

მუცლის გარშემოწერილობა 181-186 მმ.,

ბარძაყის ძვლის სიგრძე - 42-43 მმ., მხრის ძვლის სიგრძე - 38 მმ.

პლაცენტის სისქე - 2,45 სმ, სიმწიფის ხარისხი -0, ამნიონური სითხის ინდექსი -146


ამ კვირის განმავლობაში ნაყოფის სასუნთქი სისტემა განიცდის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას: აქამდე ბრონქულ ხეს „გადაკრული“ ქონდა „ჩაჩუტული“ ფილტვის ქსოვილი, ახლა ფილტვის ქსოვილი თავის რელიეფურობას იძენს, რადგან იკვეთება ალვეოლები, რომლებიც ივსება ამ ვადადიდან გამომუშავებული სპეციალური ნივთიერებით - სურფაქტანტით. სურფაქტანტის ნაკლებობის გამო ალვეოლების კედლები ერთმანეთს ეწებება, მათში ჰაერის ჩაღწევა რთულდება და ახალშობილს ექმნება სუნთქვის პრობლემები, ამიტომ ფილტვებში სურფაქტანტის დაგროვება დაბადებამდე კარგა ხნით ადრე იწყება და კიდევ ოთხი თვე მიმდინარეობს. დღენაკლი ახალშობილების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სურფაქტანტის ნაკლებობა წარმოადგენს, რომლის დროსაც აუცილებელია ამ ნივთიერების წამლის სახით შეყვანა.

ნაყოფი ამ ვადიდან იწყებს რეგულარული სუნთქვითი მოძრაობების შესრულებას, რომელთა სიხშირე წუთში 50-60-ია. იგი სუნთქვით მოძრაობებს აქამდეც ასრულებდა, რომლის დროსაც გულმკერდის კუნთების და დიაფრაგმის მოდუნებით ბრონქულ ხეში ხვდება დაბადებამდე სანაყოფე წყალი, დაბადების შემდეგ კი ჰაერი, ამ კუნთების შეკუმშვის დროს კი ფილტვებში მოხვედრილი სანაყოფე წყალი/ჰაერი უკან გამოიდევნება, მაგრამ ეს მოვლენა ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა და დიდი ხნის შუალედებით ხორციელდებოდა. ახლა კი სუნთქვით მოძრაობებს ინტენსიური და პერიოდული სახე ეძლევა, თითქოს ნაყოფი „ვარჯიშობს სუნთქვაში“.

ერთ ძალიან საინტერესო მოვლენას აღწერენ ორსულობის ამ ვადიდან - ნაყოფი ასლოკინებს და სლოკინს იწვევს სანაყოფე წყლების ცოტა მოზრდილი ულუფით ჩაყლაპვა. ორსული ქალი ამას გრძნობს მუცელში ნაყოფის რითმული შეკრთომებით, რომელიც რამოდენიმე წუთი გრძელდება.

ამ ვადაზე სანაყოფე წყლების დაგროვების პროცესი მთავრდება, ის მხოლოდ განიცდის თვისობრივ ცვლილებებს, მისი რაოდენობა აღარ იცვლება, შემდგომ იზრდება მხოლოდ ნაყოფი, რომელიც სულ უფრო განიცდის სივრცის დეფიციტს, სულ უფრო მეტად აწვება დედის საშვილოსნოს კედლებს, შესაბამისად უფრო ძლიერი და ხანდახან მტკივნეულიც (საშვილოსნოს კედლის ძლიერი გაჭიმვა იწვევს ტკივილს) კი ხდება მისი გაზმორება ან შემობრუნება.

© 2015 ყველა უფლება დაცულია