Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 20

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 20

ორსულობის გინეკოლოგიური მე-20 კვირა ნაყოფის განვითარების ერთგვარი ეტაპის დასასრულად მოიაზრება, ამ ვადაზე ნაყოფის ჩამოყალიბების პროცესი დამთვარებულად შესაძლოა ჩაითვალოს, უფრო მეტიც - ამ ეტაპიდან ნაყოფი სიცოცხლისუნარიან დამოუკიდებელ არსებად მოიხსენიება, რადგან მას ამისთვის ყველა ორგანო და ფუნქცია აქვს. მაგრამ დაბადებამდე მას კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, რადგან ის ჯერ კიდევ მყიფეა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ის უნდა გაიზარდოს და აქამდე შეძენილი ფუნქციური უნარები გაიმყაროს.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-20 კვირას მესამე სკრინინგული ექოსკოპიური კვლევის ვადა იწურება (თუ ეს კვლევა ჯერ არ ჩატარებულა).

ორსულობის გინეკოლოგიური მე-20 კვირის ბოლოს ნაყოფის ანთროპომეტრული მაჩვენებლებია:

მთლიანი სიგრძე 230-250 მმ, წონა - 300-340 გრ.,

თავის გარშემოწერილობა - 170-175 მმ., თავის ბიპარიეტალური ზომა/შუბლ-კეფის ზომა - 48/62 მმ, 

მუცლის გარშემოწერილობა 144-152 მმ.,

ბარძაყის ძვლის სიგრძე - 33-34 მმ., მხრის ძვლის სიგრძე - 30 მმ.

პლაცენტის სისქე - 2.20 სმ, სიმწიფის ხარისხი -0, ამნიონური სითხის ინდექსი -141


ამ ვადაზე ნაყოფი თავისი განვითარების ისტორიაში ერთ დიდ რუბიკონს გადალახავს - იგი დამოუკიდებელ სიცოცხლისუნარიან არსებად ჩამოყალიბდება ანუ მას დედის ორგანიზმის გარეშეც შეეძლება შეინარჩუნოს ცხოველქმედება. თუმცა ასეთი „სპარტანული“ განვითარების წინააღმდეგია სამყაროს კანონზომიერება და ნაყოფს კიდევ რამდენიმე თვე ეძლევა იმისთვის, რომ გაიზარდოს და საკუთარი უნარები გაიმყაროს. ამისთვის აქტიურად „ივარჯიშებს“ პატარა, რომელიც ერთის მხრივ დედის მუცლის შიგნით დაცულ გარემოში იქნება, მეორეს მხრივ კი საკუთარო ირგანიზმის ფუნქციონირების და მართვის მენეჯმენტს დაეუფლება.

ნაყოფის ნერვული სისტემა და შინაგანი ორგანოები მუშაობს ანუ ასრულებს საკუთარ ფუნქციებს:
ნაყოფს დამოუკიდებლად კვებისთვის საჭირო უნარები აქვს - შეუძლია წოვა, ყლაპვა, მონელება;
ნაყოფი თავდაცვისთვისაც მზადაა - შეუძლია დაინახოს, მოისმინოს და გაარჩიოს საფრთხე, მის საპასუხოდ გადაადგილდეს, იმოძრაოს სხეულით, ხელებით და ფეხებით;
ნაყოფს ჯერ არ სჭირდება, მაგრამ აქვს სუნთქვის ორგანოები, იმისთვის რომ ისუნთქოს ანუ დამოუკიდებლად შეითვისოს ჟანგბადი, ამისთვის მხოლოდ პირველი ჩასუნთქვაა საკმარისი, რომ „ჩაჩუტული“ ფილტვები გაიხსნას;
ნაყოფი მზადაა ზედმეტი სითხე გამოყოს შარდის სახით (მისი თირკმელები უკვე ერთი თვეა მუშაობს), ასევე ზედმეტი მონელების პროდუქტები გამოყოს განავლის სახით (პირველადი განავალი ანუ მეკონიუმი უკვე გროვდება მის ნაწლავებში);
ნაყოფს აქვს სამყაროსთან კომუნიკაციის უნარებიც - გრძნობის ორგანოებით აღიქვამს სამყაროს, თავის ტვინის ქერქში არსებული კერები გადაამუშავებენ ინფორმაციას და კუნთოვან და სხვა სისტემებს აძლევენ სიგნალს, როგორ უპასუხონ სამყაროსგან მოსულ „მესიჯებს“;
ნაყოფს მეხსიერებაც აქვს - ის ხომ დედის ხმას ათას ხმაში ამოიცნობს და როგორ არ უნდა სტრესულ მდგომარეობაში იყოს (ეს გამოიხატება მისი მოძრაობების გააქტივებით და გულის რითმის გახშირებით), დედის მოფერებაზე წყნარდება.

ორსულობის ამ ვადიდან ნაყოფის მოძრაობების სტატისტიკა დათვლადი ხდება, დაკვირვებული დედები ამჩნევენ, როდის ძინავს და როდის ღვიძავს მუცელში პატარას, ეს ძილის და ღვიძილის რითმი ყოველდღიურად პროგნოზირებადი ხდება, ამიტომ დღის გარკვეულ მონაკვეთებში ნაყოფის მოძრაობის დაწყებას ელოდებიან კიდეც დედები, ასევე დღის რომელიღაც მონაკვეთში ზუსტად იციან, რომ პატარას ძინავს. ეს ნაყოფის ცხოვრების რეჟიმია. ინდივიდუალური სახასიათო წყობიდან გამომდინარე, ზოგიერთი ნაყოფი „მაღალი ტემპერამენტისაა“, ამიტომ უფრო ინტენსიურად მოძრაობს, დიდხანს და ხშირად ღვიძავს, ზოგიერთი კი „წყნარია“, ამიტომ ხშირად ძინავს. ასევე გარკვეული მოძრაობების ტრენირების დროს ნაყოფი შესაძლოა უფრო „გამოცოცხლდეს“, ვიდრე ეს აქამდე შეიმჩნეოდა (ან უფრო გაიზარდოს მოცულობაში და ყველა კიდურით „მისწვდეს“ საშვილოსნოს კედლებს), რათქმაუნდა ეს არაა პანიკის საფუძველი, მაგრამ თუ ასეთი უჩვეულო გააქტივება დიდხანს გაგრძელდა, საჭიროა იმის გადასამოწმებლად, რაიმე ხომ არ უჭირს პატარას, მოვისმინოთ მისი გულისცემის სიხშირე, რომელიც 140-160 დარტყმა/წუთში უნდა იყოს, მხოლოდ ამის შემდგომაა შესაძლებელი ვიმსჯელოთ ნაყოფის გააქტივება რაიმე სტრესულ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული თუ არა.

© 2015 ყველა უფლება დაცულია