Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 17

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 17

ორსულობის გინეკოლოგიური მე-17 კვირა ნაყოფისთვის მნიშვნელოვანია იმით, რომ ის იწყებს გამოკვეთილ და დიფერენცირებულ რეაქციებს სინათლეზე და ბგერებზე, ბრუნდება სინათლის წყაროსკენ, მოსწონს გარკვეული ბგერები, არ მოსწონს ჭარბი, მიმართული სინათლე და ხმაური; ნაყოფს უვითარდება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის დასრულებული სტრუქტურა, ლიტერატურაში მოცემულია, რომ პატარას სიმსუქნე/სიგამხდრის პროგნოზი სწორედ ამ ვადაზე „იწერება“; შინაგანი ორგანოებიდან ყველაზე საგრძნობლად იცვლება სასუნთქი სისტემა - წარმოიქმნება ბრონქული ხე, რომელიც მსხვილი ბრონქების დატოტვის შედეგია, მას ჯერ არ აკრავს ფილტვის ქსოვილი, ალბათ იმიტომ, რომ ის ჯერ ნაყოფს არ სჭირდება - ჯერ ანუ დაბადებამდე.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-17 კვირას მესამე სკრინინგული ექოსკოპიური კვლევის ჩატარების დროა.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-17 კვირის ბოლოს ნაყოფის ანთროპომეტრული მაჩვენებლებია:

მთლიანი სიგრძე 140-180მმ, წონა - 140-160 გრ.,

თავის გარშემოწერილობა - 135-137 მმ., თავის ბიპარიეტალური დიამეტრი/შუბლ-კეფის დიამეტრი - 38/50 მმ,

მუცლის გარშემოწერილობა 112-117 მმ.,

ბარძაყის ძვლის სიგრძე - 24 მმ., მხრის ძვლის სიგრძე - 21 მმ.

პლაცენტის სისქე - 1.95 სმ, სიმწიფის ხარისხი -0, ამნიონური სითხის ინდექსი -127


ორსულობის ამ ვადაზე ნაყოფი იზრდება და ვითარდება, მისი მოძრაობითი აქტივობების „ფაბულა“ ძირითადად ჰგავს მოზრდილის მოძრაობით აქტივობების სქემებს, ჩამოყალიბებულია გულის ავტონომიურობაც კი (გულის კუნთს საკუთარ ნერვულ ქსოვილში აღმოცენებული იმპულსის საპასუხოდ შეუძლია შეიკუმშოს). თუმცა გარდა შინაგან იმპულსებზე პასუხისა, ნაყოფი უკვე გარემო ზემოქმედების აღქმასაც ახერხებს მხედველობითი და სმენითი იმპულსების საშუალებით ანუ მარტივად თუ ვიტყვით ის ხედავს და ესმის. კლინიკური კვლევებით დადასტურდა, რომ ამ ვადაზე ნაყოფი ტრიალდება სინათლის წყაროს და ბგერების მიმართულებით, მას ამასთანავე შეუძლია ბგერების სიმაღლის და ტონალობის გარჩევა, მოსწონს გარკვეული სიხშირის ბგერები, ხოლო ხმაური, „ჭარბი“ სინათლე, მაღალი სიხშირის ბგერები მას აწუხებს.

ამ კვირაში ნაყოფს დასრულებული სახით უვითარდება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, რომლის თეთრ უჯრედებს შორის „სახლდება“ რუხი ცხიმოვანი უჯრედები, ცხიმის დაგროვების ასეთი მექანიზმი (უჯრედებს შიგნით სპეციფიური ცხიმების სახეობების -თეთრის და რუხის - დაგროვება) ორგანიზმს მთელი სიცოცხლის მანძილზე შეუნარჩუნდება: რუხი ცხიმოვანი უჯრედები ყოფილი ლეიკოციტებია, ისინი გადმოისროლება სისხლიდან მაშინ, როცა ცხიმის ჭარბი რაოდენობა გროვდება ორგანიზმში და საჭიროა ცხიმის „დეპო“-ში ანუ ცხიმოვან უჯრედებში გადანახვა, შემდგომ, თუ ცხიმის შენახვა აღარაა საჭირო, მიმდინარეობს მათი გაწოვა. თეთრი ცხიმოვანი უჯრედები კი სტაბილურად „ცხოვრობენ“ კანქვეშ და უზრუნველყოფენ სითბოს იზოლაციას და მექანიკურ დაცვას. რუხი ცხიმოვანი უჯრედები გარდაიქმნება თეთრად, თეთრი უჯრედები „სამუდამოდ“ რჩება კანქვეშ, მათი ჭარბი რაოდენობა კი განაპირობებს ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბ არსებობას ანუ სიმსუქნეს. არსებობს აზრი, რომ მომავალი ადამიანის სიმსუქნე/სიგამხდრე საშვილოსნოსშიდა განვითარების ამ პერიოდზე და ამ დროს განვითარებული ცხიმოვანი ქსოვილის სტრუქტურაზეა დამოკიდებული.

შინაგანი ორგანოებიდან იწყებს შემდგომ განვითარებას ის ერთ-ერთი სისტემა, რომელიც ნაყოფს მხოლოდ დაბადების შემდგომ აუმუშავდება ანუ სასუნთქი სისტემა, იტოტება ბრონქები იერარქიულად წვრილ და კიდევ უფრო წვრილ ბრონქებად, ამ „ხის“ მსგავს წარმონაქმნს ბრონქული ხე ეწოდება. ბრონქული ხე ჯერ არ ბოლოვდება ფილტვის ქსოვილით, მასში შესაძლოა მოხვდეს გადაყლაპული სანაყოფე წყლის ყლუპები, მაგრამ ეს სითხე კვლავ გარეთ გამოედინება.

ორსულობის ამ ვადაზე ნაყოფის პატარა სახის ნაკვთებს ეტყობა „გენეტიკის ხელი“, მაღალმგრძნობიარე ექოსკოპიით მიღებულ სურათებზე პატარა შესაძლოა მივამსგავსოთ დედას და/ან მამას.

ორსულობის ამ ვადისთვის ნაყოფის აღნაგობის დასახასიათებლებად აღარ კმარა მხოლოდ სიგრძის და წონის მითითება, ამ „განვითარებულ“ ადამიანს აღსაწერად სჭირდება ანთროპომეტრული მაჩვენებლების მთელი "წყება", რომელთა რეგისტრაცია ხდება ექოსკოპიური კვლევის დროს, ესენია: BFD - თავის ბიპარიეტალური დიამეტრი - თხემის ყველაზე წარზიდულ ნაწილებს შორის მანძილია, OFD - თავის შუბლ-კეფის დიამეტრი - თუ შუბლის და კეფის ყველაზე წარზიდულ ნაწილებზე შევკრავთ ოვალს და შემდეგ ამ წარზიდულ ნაწილებს შორის მანძილს გავიგებთ, რაც ამ ოვალის დიამეტრია, ეს იქნება ბიპარიეტალური დიამეტრის მაჩვენებელი; HC - ნაყოფის თავის გარშემოწერილობა - ეს წინა მაჩვენებლისთვის შეკრული ოვალის სიგრძეა; AC - ნაყოფის მუცლის გარშემოწერილობა - მუცლის ირგვლივ შეკრული ოვალის დიამეტრია; FL - ნაყოფის ბარძაყის ძვლის სიგრძე - ამ მაჩვენებლის სახელწოდებაშივეა ჩადებული მისი განსაზღვრება.

© 2015 ყველა უფლება დაცულია