Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 15

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 15

ორსულობის გინეკოლოგიური მე-15 კვირის განმავლობაში ნაყოფის ყველაზე წარზიდული ნაწილების - ხელების მტევნების და ფეხების ტერფების აღნაგობა იხვეწება, ჩნდება თითებზე ყველა ადამიანისთვის დამახასიათებელი და უნიკალური ანაბეჭდის სურათი. ამ ეტაპზე თავის გარშემოწერილობა ნაკლები ტემპით იზრდება, მაგრამ მნიშვნელოვნად იზრდება თავის ტვინის მოცულობა, მასზე ჩნდება დატოტილი ხვეულები და ჩაღრმავებები, ასევე ვითარდება თავის ტვინის ზურგის ტვინთან და ამ ორივე წარმონაქმნის შინაგან ორგანოებთან და კუნთებთან დამაკავშირებელი ნერვული "ღეროების" სისტემა; ვითარდება და რთულდება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა, გული უკვე 20 ლიტრამდე სისხლს ტუმბავს და მისი შეკუმშვის სიხშირეა 140-160 დ/წთ, ყველა ორგანოში და კუნთში იტოტება არტერიოლების, კაპილარების და ვენულების საკუთარი ქსელი; ნაყოფის სისხლის ერითროციტებს ღვიძლის გარდა გამოიმუშავებს ძვლის ტვინიც.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-15 კვირის ბოლოსთვის ნაყოფის სიგრძე 101-142 მმ-ია, წონა კი 70-77 გრ., თავის ბიპარიეტალური ზომა - 31-32 მმ., თავის გარშემოწერილობა - 110-111 მმ., მუცლის გარშემოწერილობა - 90-93 მმ. ქორიონის სისქეა 1.77 სმ.


ამ კვირის მთავარი „გმირია“ სხეულის ყველაზე სახასიათო და წარზიდული ნაწილები - კიდურები, მიმდინარეობს მათი ნატიფი ზრდა და ანატომიური „დახვეწა“: ყველა მსხვილი და წვრილი სახსარი, ყველა დიდი და მცირე კუნთი ასრულებს ჩამოყალიბების პროცესს, ამიტომ ყველა მოძრაობის შესრულებაა შესაძლებელი, უკვე თითების მუშტად შეკვრა, ჭიპლარის ხელში მოქცევა და თამაში, ხელების გაშლა, მოხრა, წრიული მოძრაობა, ფეხების გაშლა-მოხრა, ტერფების წრიული მოძრაობა და „ცურვის“ დროს ლასტებივით მოძრაობა ჩვეულებრივი ყოველდღიური აქტივობაა.

როგორც კვლევები ადასტურებენ, ამ კვირისთვის ნაყოფის კანზე სახასიათო მონახაზი - ჩაღრმავებები და ამობურცულობები - ჩნდება, თითებზე კი იკვეთება ისეთი ექსკლუზიური და ინდივიდუალური მახასიათებელი, როგორიცაა თითების ანაბეჭდი.

ნაყოფის ნერვული სისტემის ორგანოები „მჭიდრო კოლაბორაციას" იწყებენ, ვითარდება მათ შორის დამაკავშირებელი გზები - თავის ტვინის ნეირონები პირდაპირ აქსონების (წანაზარდების) სახით ან ნეირონთაშუა ჩანართი უჯრედების საშუალებით უკავშირდება ზურგის ტვინის ნეირონებს, ვითარდება ნერვების განტოტილი ქსელი, რომლითაც ცენტრალური ნერვული ორგანოები - თავის ტვინი და ზურგის ტვინი უკავშირდება ყველა კუნთსა და ყველა შინაგან ორგანოს. ნერვული რეგულაციის განვითარების ეს პროცესი საფუძველს უყრის ყველაზე მთავარი მარეგულირებელი ორგანოს - ნერვული სისტემის - ორგანიზმზე „მმართველობით სქემას“.

ასეთივე „პათოსით“ ვითარდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა: გული, როგორც ცენტრალური ორგანო, მისი კუნთოვანი ქსოვილის განვითარების ხარჯზე მძლავრი ტუმბოს ფუნქციებს „ირგებს“ და ტუმბავს 20-23 ლიტრამდე სისხლს, იკუმშება ამ ეტაპისთვის საშუალოდ 140-160-ჯერ წუთში. სისხლი, როგორც მთავარი საკვები ნივთიერებებისა და ჟანგბადის მიმწოდებელი სითხე, საჭიროა მიეწოდოს ყველა ქსოვილს და ყველა უჯრედს, ამისთვის ვითარდება ძალიან დატოტვილი სისხლძარღვოვანი ქსელი, ყველა კუნთთან და შინაგან ორგანოსთან მიემართება საკუთარი არტერიების და არტერიოლების ტოტები, ისინი ქსოვილების შიგნით იყოფა ყველაზე პატარა კაპილარებად, კაპილარებიდან საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი გადაეცემა ქსოვილებს, ქსოვილებიდან კი დაშლის პროდუქტები შეიწოვება კაპილარებში, შემდეგ კაპილარების შეერთებით წარმოიმნება ვენულები და ვენები, რომელთა გაერთიანებისა და გამსხვილების შედეგად შექმნილი ვენები სისხლს აბრუნებს გულთან.

პარალელურად ყალიბდება სისხლის უჯრედების წარმომქმნელი ე.წ. სისხლმბადი ორგანოები - ამ პროცესში ერთვება ძვლის ტვინი, რომელიც წარმოიქმნა წინა კვირას და მდებარეობს მსხვილი ძვლების ღრუებში. ერითროციტები უკვე მხოლოდ ღვიძლში აღარ მრავლდება და იშლება, მათი წყარო ახლა ძვლის ტვინიცაა (ეს ზრდასრულ ასაკშიც ასევე გაგრძელდება).

ნაყოფის ნაწლავებში იწყება პირველადი ფეკალური მასების (განავლის) წარმოქმნა და დაგროვება. მას მეკონიუმს უწოდებენ და ნაღვლის პიგმენტების შემცველობის შედეგად მომწვანო-მოყვითალო ფერი აქვს. მეკონიუმი ჯერ არ გამოიყოფა სხეულს გარეთ.

ვითარდება პლაცენტა როგორც ანატომიურად, ასევე ფუნქციურად, ნაყოფის ზრდის პარალელურად მასზე, როგორც მთავარ მკვებავ და დამცავ ორგანოზე, „დატვირთვა“ იზრდება, მისი სისქე ამ კვირის ბოლოს უკვე 17.7 მმ-ია.

იზრდება ნაყოფის კიდევ ერთი დამცავი და მკვებავი „წარმონაქმნის“ - სანაყოფე წყლების რაოდენობა. სანაყოფე წყლებში - ამ ნაყოფის პირველ „საარსებო გარემოში“ - სავალდებულოა შენარჩუნებულ იქნას სტერილობა და ქიმიური შემადგენლობა, გარდა ამისა მნიშვნელოვანია სტაბილური იყოს ტემპერატურული რეჟიმიც - როგორც წესი ტემპერატურა სანაყოფე წყლებში ნახევარი გრადუსით მეტია დედის სხეულის ტემპერატურაზე. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დედის სხეულის ტემპერატურა ცვალებადობს, სანაყოფე წყლების ტემპერატურა უცვლელი რჩება, გამონაკლისია მაღალი ცხელება, როდესაც ორსული ქალის ტემპერატურა 38.5 ნიშნულს აჭარბებს, ამ დროს იცვლება სანაყოფე წყლების ტემპერატურული რეჟიმი და საჭიროა დედამ სწრაფად მიიღოს უსაფრთხო ანტიპირეტიული (სიცხის დამწევი) საშუალებები.

ამ ვადაზე ნაყოფს განვითარებული აქვს სმენა, შეუძლია მოისმინოს როგორც დედის შინაგანი ორგანოების, განსაკუთრებით გულის შეკუმშვის, ხმები, ასევე ესმის ხმები „გარედან“, უკვე ესმის დედის და მამის ხმა, ამიტომ შეგიძლიათ ელაპარაკოთ მას, ნაყოფს ეს ძალიან მოსწონს.

ცვლილებები ქალის ორგანიზმში

ორსულობის მე-15 კვირაზე დგება დრო ორსულმა ქალმა დაიწყოს გარდერობის გამოცვლაზე ფიქრი, ორსული ქალის სხეულში იზრდება საშვილოსნო, ნაყოფი, სანაყოფე წყლების რაოდენობა, ეს ყველაფერი აისახება საშვილოსნოს გუმბათის მდებარეობაზე (ის 14 სმ-ია უკვე) და შესაბამისად მუცლის გარშემოწერილობაზე.

საგრძნობლად იზრდება ორსული ქალის კანის პიგმენტაცია, მომატებული მელანინის რაოდენობა კონცენტრირებულად ლაგდება მკერდის არეოლებში, მუცლის თეთრ ხაზზე (ეს თეთრი ხაზი მოყავისფრო-მოშავო ხდება), ალაგ-ალაგ პიგმენტური ლაქების სახით - სახეზე ჩნდება ჭორფლი, ხელებზე და მკერდის არეში პიგმენტაციურ-დეპიგმენტაციური უბნები. თუ კანი ძალიან თეთრი იყო ორსულობამდე, პიგმენტაცია ნაკლებად მკვეთრი იქნება, ხორბლისფერ კანზე კი პიგმენტაცია კარგად გამოხატული აღმოჩნდება. განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზეა მოსალოდნელი პიგმენტაციის მატება, ორსულობის დროს პიგმენტაციის მატება ესტროგენ-პროგესტერონის ზემოქმედების შედეგია, მაგრამ მზის მაღალი ინსოლაციის პირობებში პროცესს ემატება მზისგან გამოწვეული ჰიპერპიგმენტაციაც, ამიტომ ორსულებმა ზაფხულში საჭიროა იხმარონ მზისგან დამცავი კრემები, ატარონ სათვალეები და ქუდები.

საშვილოსნოს მუცლისკენ ზრდა „ათავისუფლებს“ შარდის ბუშტს და ნაწლავებს ზეწოლისგან, ამიტომ მცირდება შარდვის სიხშირე და ხანდახან შეკრულობაც, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კვებითი რეჟიმის დარღვევებისგან გამოწვეული ყაბზობა (შეკრულობა) სამუდამოდ აღარ შეგვაწუხებს.

ორსულობის ამ ვადაზე ორსულებს ყველაზე ხშირად ყაბზობა აწუხებთ, უფრო ზუსტად კი ნაწლავის ერთგვარი სისუსტე, როდესაც უკანა ტანში დაგროვილი ფეკალური მასები ნაწლავის ძალიან სუსტი შეკუმშვების შედეგად ვერ გამოიყოფა, ამიტომ ორსულებს უწევთ დიდხანს ყოფნა ტუალეტში, ხანგრძლივი ჭინთვა, ამას კონსტიპაციის პრობლემები ქვია. ამ მდგომარეობის შემსუბუქება შესაძლებელია სითხის ცოტა უფრო მეტი ოდენობით მიღების, უჯრედისის შემცველი პროდუქტების -დაცეხვილი პურის, უმი ბოსტნეულისა და ხილის, მარცვლეული ღივების - ხშირი მოხმარების შედეგად. მსოფლიოში გინეკოლოგთა მიერ ორსულობის დროს განვითარებული ყაბზობის დაძლევისთვის გაცემულ ყველაზე ეფექტურ და გავრცელებულ რეკომენდაციას წარმოადგენს - დილით უზმოზე ერთი ჭიქა დამდგარი წყალის, შუადღისას კი არარაფინირებული ცივი წურვით მიღებული ზეთის ერთი კოვზის მიღება კვებამდე 20 წუთით ადრე.

სულ უფრო მეტი სისხლია საჭირო, რომ დედაც და ბავშვიც უზრუნველყოფილი იყოს ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით, მაგრამ ასეთი ტემპით ერითროციტების წარმოქმნა ვერ ხერხდება, ამიტომ ამ ვადიდან შესაძლებელია ე.წ. ორსულთა ანემიის განვითარება, საჭირო ხდება ჰემოგლობინის მონიტორინგი და რკინის შემცველი პრეპარატების მიღება. ამავე მიზეზით შესაძლოა ორსულს განუვითარდეს ჰიპოტონიაც (წნევის დაცემა), რაც გამოიხატება თავბრუსხვევით, ყურებში შუილის და მხედველობის არეში პატარა წერტილების შეგრძნებების წარმოქმნით. დედის ანემია და ჰიპოტონია იწვევს ორსულობის ისეთი პათოლოგიის განვითარებას, როგორიცაა ფეტო-პლაცენტური უკმარისობა და ნაყოფის ჰიპოქსია (ჟანგბადით შიმშილი), ამ დროს სავალდებულოა სამკურნალწამლო საშუალებებით ჩარევა, რომ ნაყოფს ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული ზრდა-განვითარების პრობლემები ავაცილოთ.

© 2015 ყველა უფლება დაცულია