Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 14

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 14

ორსულობის გინეკოლოგიური მე-14 კვირის განმავლობაში ნაყოფი იზრდება და ვითარდება, თუმცა ის აღარ განიცდის ისეთ „რევოლუციურ“ ცვლილებებს, რომლებიც ხდებოდა პირველი 12 კვირის განმავლობაში. კუნთოვანი მასის და ცხიმოვანი ქსოვილის განვითარების ხარჯზე მისი ფორმები ასე ვთქვათ „მრგალდება და ივსება“. ნაყოფი იფარება თმოვანი ღინღლებით, კანზე ვითარდება საცხის ფენა, რომელიც იცავს მას სანაყოფე წყალთან კანის ხანგრძლივი შეხებით გამოწვეული მაცერაციისა (ხახუნისა) და აქერცვლისგან. ნაყოფი დაცურავს თავის წყლიან გარემოში, ზრუნავს მასზე და ასუფთავებს კიდეც.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-14 კვირის ბოლოსთვის ნაყოფის სიგრძე 87-113 მმ-ია, წონა კი 43-52 გრ., თავის ბიპარიეტალური ზომა - 27-28 მმ., გულისცემის სიხშირე - 146-168 დარტყმა/წუთში. ქორიონის სისქე 1.68 სმ-ია.


ორსულობის ამ ვადაზე ნაყოფი უკვე „ბავშვს გავს“, სახეზე ლოყები შეივსება, გამოიკვეთება ყვრიმალები და წარბების რკალები, თმოვანი ღინღლებით იფარება თავის მიდამოც.

ასევე „იხვეწება“ სხეულის კონტურებიც, კუნთოვანი მასის ზრდის გამო გამოიკვეთება სხეულის ფორმები, კანი იფარება ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ გამომუშავებული საცხით, რომელსაც დამცავი ფუნქციები აქვს: იცავს კანს სანაყოფე წყლებში დიდხანს ყოფნისგან გამოწვეული მაცერაციისა და აქერცვლისგან, სითბოს დაკარგვისაგან.

სანაყოფე წყლების ე.წ. ცვლაში აქტიურადაა ჩართული ნაყოფიც: ეს სითხოვანი მასა წარმოიქმნება პირველ რიგში დედის სისხლის პლაზმისგან, თუმცა ნაყოფი წინა კვირებში აღწერილი ყლაპვითი აქტივობების და შეწოვილი სითხის შარდის სახით გამოყოფის შედეგად თავადაც წარმოქმნის და „ასუფთავებს“ თავის გარემოს, უზრუნველყოფს ნარჩენი ცილების შეწოვას და პლაცენტის გავლით დედის სისხლისთვის „გატანებას“, ასეთი სახით სანაყოფე წყლების განახლება დღე-ღამეში 8-10-ჯერ ხდება.

ნაყოფის შინაგანი ორგანოები განაგრძობს „მოდერნიზებას“, ვითარდება თავის ტვინი, გული და სისხლის მიმოქცევის სხვა ორგანოები, ძვლებში ყალიბდება ძვლის ტვინი, ღვიძლის აგებულება წილაკოვანი ხდება, კუჭქვეშა ჯირკვალი იწყებს ინსულინის (შაქრის ცვლის მარეგულირებელი ჰორმონის) გამომუშავებას, სასქესო ჯირკვლები გამოყოფენ შესაბამის სასქესო ჰორმონებს, რომელთა დიფერენციაცია უზრუნველყოფს ბიჭ-ნაყოფში გაძვალების და კუნთოვანი მასის ზრდის უფრო მეტ ინტენსივობას, გოგონა-ნაყოფებში კი სხეულის უფრო ნატიფ და "ქალური ფორმებით" განვითარებას.

ნაყოფი ძალიან აქტიურად იზრდება, ამავდროულად იმატებს პლაცენტის სისქეც და მოცემულ მომენტში საშუალოდ 16.85 მმ-ია.

ცვლილებები ქალის ორგანიზმში

კვების ფეტო-პლაცენტური სისტემის ამოქმედების და ამის შედეგად ნაყოფის ძალიან სწრაფი ზრდის გამო დედის ორგანიზმში იზრდება მოთხოვნა ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებზე, ამ ვადაზე შესაძლოა ზოგიერთი ნაერთის დეფიციტიც დაიწყოს, რაც მცირე სიმპტმატიკით ახსენებს ორსულ ქალს თავს, მაგალითად ვიტამინ C (ასკორბინის მჟავის) დეფიციტი გამოვლინდება ღრძილებიდან სისხლის დენით, ვიტამინ А (კაროტინის) დეფიციტი გამოიხატება თმების სიმშრალით, ფრჩხილების მტვრევადობით, კანის ხშირი აქერცვლით.

მე-14 კვირიდან იწყება ორსულობის მთავარი გარეგნული სახასიათო ნიშნების წარმოქმნა - იზრდება მუცლის გარშემოწერილობა, საშვილოსნოს გუმბათი უკვე მენჯის ძვლებსა და ჭიპს შორის „სადღაც შუაში“ მდებარეობს და მისი ხელით გასინჯვა შესაძლებელია.

ორსული ქალის მუცელზე კანის უჯრედებში პიგმენტ მელანინის ჩალაგების შედეგად გამყოფი მუქი ფერის ხაზის ჩამოყალიბება იწყება, პიგმენტური ლაქები სახეზეც გამოჩნდება, შესაძლოა გათმოვანებამ უჩვეულოდ მოიმატოს ანუ თმოვანი საფარველი გამუქდეს ისეთ ადგილებში, სადაც ადრე მხოლოდ ღინღლი იყო.

ორსული ქალის სახის ნაკვთები იცვლება - ცხვირი და ტუჩები იზრდება, რაც ზრდის ჰორმონის პროდუქციის მატებით აიხსნება, ლოყებზე ორსულებისთვის დამახასიათებელი სიწითლე ჩნდება, ხანდახან ამას ერთვის სითბოს „მოზღვავების“ ეპიზოდები.

პროგესტერონის გავლენით საშვილოსნოს ლორწოვანში ვითარდება სისხლსავსეობა, თუმცა ჰორმონის გავლენა ლორწოვანზე მარტო საშვილოსნოთი ვერ იქნება ლოკალიზებული, ამიტომ ორსული ქალის სხვა ლორწოვანი გარსებიც ივსება სისხლით და სითხით, ამის შედეგად ჩნდება ღრძილების შეშუპება, ცხვირის „გაჭედვა“ ანუ ორსულობის სურდო, ბრონქების შეშუპება და სპაზმური წამოხველებები.

ორსულობის ამ პერიოდში ქალის სასქესო ორგანოებიდან გამონადენის სახე არ იცვლება - ის კვლავ ჩვეულებრივზე მეტად მომატებული, ლორწოვანი ხასიათის, უფერო და ოდნავ მომჟავო სუნის მქონე უნდა იყოს. გამონადენის ხასიათის ცვლილება ორსულმა ქალმა არ უნდა დატოვოს ყურადღების მიღმა და დროულად მიმართოს ექიმ-გინეკოლოგს.

ორსულობის ამ ვადაზე შესაძლოა საკვებზე ალერგიული რეაქციების გამოჩენა, გარდა საკვებით ალერგიზაციის დაუყოვნებელი ტიპის რეაქციებისა, რომელიც გამოიხატება ლოკალური ანთებითი შეშუპებების და ბრონქოსპაზმის განვითარებით, ორსულობის დროს საკვებ ალერგენებზე უფრო დაყოვნებული ტიპის ალერგიული გამოვლინებები ჩნდება - კანზე გამონაყარის (წითელი პატარა გამონაყარი, გავს ჭინჭრის დასუსხულს, ახასიათებს ქავილი), ალერგიული რინიტის (ცხვირიდან მუდმივი თეთრი, ლორწოვანი გამონადენი), ბრონქიტის (შეუპოვარი მშრალი ხველის ეპიზოდები, ყელის სიმშრალე) სახით. ამიტომ ორსულმა ქალმა ასეთი რეაქციების გამოჩენისას უნდა ამოიღოს რაციონიდან ზოგიერთი საკვები პროდუქტი: ცხვრის, ღორის და ხბოს ხორცი, მათგან მომზადებული სქელი ბულიონები და შემწვარი კერძები, მანის და შვრიის ნაწარმი, რძის ნაწარმი (გარდა რძე-მჟავა პროდუქტებისა), ლობიო და სოიო, კერკროვნები და ციტრუსები. მთავარი ალერგენი ამ შემთხვევაში ცილაა, რომელიც მოცემულ პროდუქტებში უხვადაა, მაგრამ არც ცილის დეფიციტის პროვოცირებაა სასარგებლო, ამიტომ ცილების წყაროდ სასარგებლოა ორსულმა ქალმა მიიღოს: ქათმის მოხარშული ხორცი, სხვათაშორის კურდღლის ხორციც საკმაოდ ჰიპოალერგიულია, ე.წ. მეორადი ბულიონები ანუ ხორცის მეორადი ნახარში, წიწიბურას და ბრინჯის ნაწარმი, ბევრი მაწონი და ნადუღი, ვაშლი, მსხალი, ქლიავი, სტაფილო, ყველანაირი კომბოსტო, მწვანილი და სხვა „მწვანე ბოსტნეული“.


© 2015 ყველა უფლება დაცულია