Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 13

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 13

ორსულობის გინეკოლოგიურ მე-13 კვირას ნაყოფი საშვილოსნოსშიდა „სამყაროს“ სრულუფლებიანი ბინადარია, მისი ზრდა-განვითარების პროცესი როგორც დედის, ასევე მის მიერაც კონტროლდება, რადგან მისი საკუთარი ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზური ენდოკრინული სისტემა უკვე „ჩართულია“ და გამოიმუშავებს ჰორმონებს. მათგან ყველაზე აღსანიშნავია სასქესო ჰორმონები, რომელთა გამომუშავებას უზრუნველყოფს „დასრულებული“ სასქესო ორგანოები. ბიჭ-ნაყოფებში სრულფასოვნადაა წარმოდგენილი როგორც სათესლეები, ასევე გარეთა სასქესო ორგანოები (ერთადერთი სათესლე ჯირკვლები ჯერ მწიფდება მუცლის ღრუში, ისინი სათესლე პარკში უფრო გვიან, დაბადების შემდგომ ჩამოვა), გოგონა-ნაყოფებში საკვერცხეების ჩამოყალიბების გარდა, კარგად ჩანს გარეთა სასქესო ორგანოები. ამ ვადიდან აბსოლუტური სიზუსტითაა შესაძლებელი ექოსკოპიური კვლევით ბავშვის სქესის იდენტიფიცირება.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-13 კვირის ბოლოსთვის ნაყოფის სიგრძე 63-87 მმ-ია, წონა კი 23-31 გრ., თავის ბიპარიეტალური ზომა - 22-25 მმ., გულისცემის სიხშირე -147-171 დარტყმა/წუთში.


ამ ვადაზე ნაყოფის პროპორციები მნიშვნელოვნად არ იცვლება, ის უბრალოდ იზრდება როგორც სხეულის მასის მატების, ასევე ფუნქციური დატვირთვის გააქტივების სახით - ნაყოფი უფრო აქტიურად მოძრაობს, მისი კიდევ უფრო მეტი ორგანო იწყებს თავისი ფუნქციონირების სტარტს.

ნაყოფს აქვს ძილ-ღვიძილის ციკლები, ე.წ. ღვიძილის დროს უკვე სულ მოძრაობს, მოძრაობით პასუხობს ყველა გამღიზიანებელს და გარემოს ცვლილებებს. მაგრამ რადგან ის ჯერ კიდევ პატარაა, საშვილოსნოს კედელთან მისი დაჯახება მცირე ძალისაა და დედის მიერ ჯერ ვერ აღიქმება.

ნაყოფი სუნთვით მოძრაობებს ასრულებს - ამ დროს „შესუნთქული“ სანაყოფე წყალი სინამდვილეში არ ხვდება ბრონქებში, მას აჩერებს შეკუმშული ხმოვანი იოგები, ეს ე.წ. სუნთქვითი მოძრაობები დიაფრაგმის და გულმკერდის კუნთების მოსამზადებელი სავარჯიშოა მომავალი სუნთქვითი აქტივობისთვის;

ნაყოფს აქვს სანაყოფე წყლების ყლაპვის და მონელების მცდელობები - სანაყოფე წყლის ყლაპვა ავარჯიშებს და ამზადებს პატარას დაბადებისშემდგომი დედის რძის ყლაპვითი აქტივობისთვის, ამავე მიზნით ხორციელდება ნაწლავების პერისტალტიკური შეკუმშვა, რისი მიზანიცაა სითხე და საკვები გადაისროლოს ნაწლავის ყოველ შემდეგ განყოფილებაში. მართალია ნაყოფისთვის სანაყოფე წყალი კვების წყაროს არ წარმოადგენს, ის პლაცენტის გავლით დედის სისხლით მოტანილი საკვები ნივთიერებებით იკვებება, მაგრამ დაბადებამდე გაწეული ეს „მოსამზადებელი სამუშაო“ უადვილებს პატარას დაბადების შემდეგ ახალ საკვებ გარემოში ადაპტაციას;

ნაყოფი შეიწოვს სითხეს და გამოყოფს შარდს - ესეც „ბუტაფორიული“ აქტივობაა, რადგან ნაყოფი ნივთიერებათა დაშლის პროდუქტებს დედის სისხლს ატანს, მაგრამ დაბადებამდე ეტაპზე ეს სანაყოფე წყლების გაწმენდის მცდელობაა, დაბადების შემდგომ კი უზრუნველყოფს იმას, რომ პატარა „ნავარჯიშებია“ და მზადაა სწრაფად გამოყოს ახალი საკვების - დედის რძის - ცილების დაშლის ტოქსიური პროდუქტები.

თუმცა ფუნქციური აქტივობიდან ყველაზე მთავარი მექანიზმია - საკუთარი სხეულის ფლობა (კონტროლი) ჰორმონების საშუალებით, ეს ადამიანის ორგანიზმს აძლევს საშუალებას არ იყოს დამოკიდებული გარემოზე, პირიქით თავად შეძლოს საკუთარი გარემოს შეცვლა. ამ კვირიდან ნაყოფის ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემა იწყებს ფუნქციონირებას, რის შედეგადაც ამ სისტემის ბრძანების საფუძველზე პატარას უკვე ჩამოყალიბებული ენდოკრინული ორგანოები გამოიმუშავებენ ჰორმონებს, თავად ეს სისტემა „ემორჩილება“ უმაღლეს ნერვულ წარმონაქმნს - თავის ტვინის ქერქს, მაშასადამე ნაყოფს შეუძლია „თავისი პატარა ტვინით“ დამოუკიდებლად აკონტროლოს ასევე თავისი პატარა სხეულის აქტივობები და ასეთი გადაწყვეტილებები უკვე დედისგან დამოუკიდებლადაც განახორციელოს (თუმცა რათქმაუნდა დედის ჰორმონების გავლენა კვლავ საგრძნობია, უბრალოდ ეს ნაყოფის ავტონომიის პირველი მცდელობებია).

ორსულობის მე-13 კვირა „დედის და ნაყოფის ურთიერთობის კვირის“ სახელწოდებითაა ცნობილი, რადგან მათ ურთიერთობაში საკვანძო კიდევ შტრიხი იკვეთება - პლაცენტა სრულად იღებს თავის თავზე ნაყოფზე ზრუნვის ფუნქციებს, კვებას და სუნთქვას, დაცვას გარემო მავნე ზემოქმედებებისგან (როგორც მექანიკური, ასევე ინფექციური თუ ტოქსიური ბუნების), იწყებს პროგესტერონისა და ესტროგენის გამომუშავებას, ამასთანავე ის „დამოუკიდებლად არ წყვეტს“ რა უნდა ან სჭირდება პატარას, როგორც კვლევები აჩვენებენ ნაყოფის ჰორმონების ზეგავლენით პლაცენტა „ზუსტად იგებს“ რომელი ნივთიერებები და რა რაოდენობითაა საჭირო, ან რა პრობლემის გადაჭრაში უნდა დაეხმაროს მის მზარდ „საზრუნავ ობიქტს“.

ამ ვადაზე ნაყოფის სასქესო ორგანოების „დიზაინი“ დასრულებულია. ბიჭ-ნაყოფებში სრულფასოვნადაა წარმოდგენილი როგორც სათესლეები, ასევე გარეთა სასქესო ორგანოები - პენისი და სათესლე პარკები, ერთადერთი შტრიხია - სათესლე ჯირკვლები ჯერ მწიფდება მუცლის ღრუში, ისინი სათესლე პარკში უფრო გვიან, დაბადებისშემდგომ ჩამოვა. გოგონა-ნაყოფებში საკვერცხეების ჩამოყალიბების გარდა, კარგად ჩანს გარეთა სასქესო ორგანოები - სასირცხვო ბაგეები და კლიტორი. ამ ვადიდან აბსოლუტური სიზუსტითაა შესაძლებელი ექოსკოპიური კვლევით ბავშვის სქესის იდენტიფიცირება.

ორსულობის ამ კვირის განმავლობაში ყალიბდება ნაყოფის კბილები, მაღალმგრძნობიარე ექოსკოპიური კვლევით ნაყოფის ზედა და ქვედა ყბის ძვლების წიაღებში კარგად ჩანს 20 კბილის ჩანასახი. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ძვლებში კალციუმის ჩალაგების პროცესები - მიმდინარეობს გაძვალება ნეკნების, თავის ქალას ძვლების, ხერხემლის მალების და ეს პროცესი სპონტანური არ არის, არამედ მას უკვე აკონტროლებს ენდოკრინული ორგანო - ნაყოფის ფარისებრი ჯირკვალი.

ნაყოფის კანის საფარველი თხელი და გამჭვირვალეა, ჯერ არაა ჩამოყალიბებული კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც პატარას დაბადების შემდგომ შინაგანი ტემპერატურის შენარჩუნებისთვის დასჭირდება, ამიტომ კარგად ჩანს ნაყოფის კანქვეშა სისხლძარღვები.

ცვლილებები ქალის ორგანიზმში

ორსულობის ეს პერიოდი შესაძლოა დავახასიათოთ როგორც მშვიდი, წყნარი და გაწონასწორებული - ორსულობის ადრეულმა ნიშნებმა გადაიარა, ტოქსიკოზი თითქმის გაქრა, ჯერ მუცელი არ გაგვზრდია ისე, რომ შეგვაწუხოს, ვიკრებთ ძალებს და ბევრს ვჭამთ - ეს შესაძლოა სლოგანადაც გამოდგეს ამ კვირისთვის.

თუმცა ორსულობის თანმხლები ზოგიერთი მოვლენა მაინც გვახსენებს თავს, მაგალითად ორსულობის ამ ვადაზე პლაცენტის სრულფასოვანი „ამოქმედება“ იწვევს ორსული ქალის ჰიპოტონიას, რადგან იზრდება დედის სისხლის გადაადგილების კალაპოტის სიგრძე (ემატება პლაცენტა და ნაყოფი), ორსული ქალის არტერიული წნევა 5-15 მაჩვენებლით შესაძლოა დაქვეითდეს, თუმცა ამ ჰიპოტონიას ორსული ქალები უფრო კარგად იტანენ, ვიდრე პირველი ტრიმესტრის დროს ვეგეტო-ნერვული ლაბილობის შედეგად განვითარებულ არტერიული წნევის კლებას, ხშირად ეს ობიექტური მდგომარეობა სუბიექტურად შეუმჩნეველიც კი რჩება.

თუ ორსულ ქალს ამ ვადაზე აწუხებს ჰიპერტონია (არტერიული წნევის მატება), ეს უკვე მის ჰიპერტონიისკენ მიდრეკილებასა და/ან თირკმელების პათოლოგიაზე მიმანიშნებელი ნიშანია. შესაძლოა ორსულმა წნევა არც გაიზომოს, უბრალოდ აწუხებდეს თავის ტკივილი, გულის ფრიალი, სისხლსავსეობის და სიმძიმის შეგრძნებები. ასეთ შემთხვევაში ჯერ არტერიული წნევის მონიტორინგი (ოერი კვირის მანძილზე რეგულარული გაზომვა და მონაცემების ჩაწერა) ხდება საჭირო, შემდეგ კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის და თირკმელების პათოლოგიების დამატებითი კვლევა და ჰიპერტონიის ნამდვილი მიზეზის დადგენა. უნდა გვახსოვდეს, რომ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში უმკურნალებელი ჰიპერტონია ხშირად გადაიზრდება ისეთ სიმპტომოკომპლექსში, როგორიცაა ორსულობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულება - ეკლამპსია.

ორსულობის ამ ეტაპზე იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითების გამო სასქესო ორგანოებში ისეთმა ინფექციებმა შესაძლოა წამოყოს თავი, რომლებიც აქამდე უბრალოდ ბინადრობდნენ ორგანიზმის ამ ნაწილში ანუ იყვნენ ე.წ. ობლიგატურ მდგომარეობაში. მათ შორის ყველაზე ხშირად ადგილი აქვს პაპილომავირუსის გამრავლებას, რომელიც გენიტალურ ორგანოებში პაპილომებისა და კონდილომების წარმოშობას უწყობს ხელს. თუმცა ასეთი გართულებები უფრო მშობიარობის შემდგომ ვითარდება, მხოლოდ გამშვები მექანიზმი „ჩაირთვება“ ორსულობისას, ამიტომ ქალის გინეკოლოგთან ვიზიტები მხოლოდ ორსულობის პერიოდით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. პაპილომავირუსის გამრავლებაზე მეტყველებს ქალის სასქესო ორგანოებიდან გამონადენის გაძლიერება, რომელსაც ლორწოვან-ჩირქოვანი ხასიათი აქვს და გამოიყოფა ასე ვთქვათ ულუფებად, მას ბელები ეწოდება.


© 2015 ყველა უფლება დაცულია