Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 11

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 11

ორსულობის გინეკოლოგიური მე-11 კვირიდან ნაყოფი იწყებს ინტენსიურ ზრდას და განვითარებას. კვირის ბოლოს მისი თხემ-კუდუსუნის სიგრძე 41-43 მმ-ია, სანაყოფე კვერცხის დიამეტრი - 47-51 მმ-ია და წონა 7-11 გრ-ია.

ამ ვადაზე ნაყოფი იწყებს გარემო ზემოქმედებებზე საპასუხო რეაქციების განვითარებას: ხმამაღალ ბგერებზე და დედის მკვეთრ მოძრაობებზე ნაყოფი რეაგირებს საშვილოსნოს ღრუში სწრაფი გადაადგილებით, რომლის დროსაც ის „ცურავს“ ფეხების „ბაყაყური“ მოძრაობით, დედის მიერ მწარე ან მლაშე საკვების მიღების შემდგომ, ყლაპავს რა სანაყოფე წყლებს, რომელშიც აღიქმება საკვები გემოები, იჭმუხნება და ენას ისვამს ტუჩებზე; ნაყოფს რამდენიმე წამის განმავლობაში შეუძლია პოზის შენარჩუნება; მას აქვს პირველი რეფლექსებიც - წოვითი და ტაცებითი. ფუნქციონირებას იწყებს ნაყოფის ავტონომიური ენდოკრინული სისტემა.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-11 კვირას მეორე სკრინინგული ექოსკოპიური კვლევის ჩატარების დროა (თუ ეს კვლევა ჯერ არ ჩატარებულა).


ამ ვადაზე ნაყოფი იწყებს სხეულის მასის „დაგროვებას“, ყველა მისი ორგანო მოცულობაში და წონაში იზრდება. განსაკუთრებით იზრდება და მსხვილდება თავი და კიდურები. ნაყოფს აქვს უკვე პოზების მიღების და მცირე ხნით (რამოდენიმე წამი) შენარჩუნების უნარი. ის სრულყოფს მოძრაობებს, მაგრამ უხშირესად ე.წ. ემბრიონის პოზაშია, რომლის დროსაც თავი და კიდურები მიბჯენილია ტანზე, ამ პოზაში ის მოსვენებულ მდგომარეობაშია, შესაძლოა ამას ძილიც ვუწოდოთ.

ნაყოფს შეუძლია ძალიან სწრაფად შეიცვალოს მდებარეობა საშვილოსნოს ღრუში, ის ინტენსიურად მოძრაობს, თან ამ მოძრაობით აქტივობებს ახორციელებს გარეგანი გამღიზიანებლების საპასუხოდაც. ეს რაღაც ახალია მის ცხოვრებაში, იგი გარე სამყაროსთან „კონტაქტს“ სწავლობს, მის გააქტივებას ამ ეტაპზე ძირითადად აპროვოცირებს ხმამაღალი ხმები და დედის მკვეთრი მოძრაობები (რომლებიც ნაყოფის სხეულის წონასწორობის დარღვევას იწვევს), მათ საპასუხოდ ნაყოფი იწყებს თავისი პატარა ფეხებით „ბაყაყურ ცურვას“.

ნაყოფის თითებზე ჩამოყალიბებულია ტაქტილური (შეხების აღმქმელი) რეცეპტორები, ამიტომ იგი საშვილოსნოს კედლებთან, ჭიპლართან და სხვა „წინაღობებთან“ შეხებას გრძნობს. ამასთანავე პატარას უკვე აქვს ე.წ. თანდაყოლილი რეფლექსები (თანდაყოლილი ქვია მათ, რადგან დაბადებამდე, საშვილოსნოსშიდა განვითარების პერიოდში ყალიბდება), ესენია: წოვითი და ტაცებითი რეფლექსები.

წოვითი რეფლექსის გამო ნაყოფი პირში იდებს და წოვს თითებს, ყლაპავს სანაყოფე წყლებს, ამ რეფლექსის არსებობა საჭიროა დაბადებისთანავე, როდესაც ახალშობილი ხვდება მისთვის სრულიად ახალ გარემოში, სადაც საშვილოსნოსგან განსხვავებით საკვების მიღებისთვის საჭიროა დედის ძუძუს წოვა, ეს მისთვის კვების ერთადერთი გზაა;

ტაცებითი რეფლექსის გამო ნაყოფი თითებით ეხება და იტაცებს (თითებში მოიმწყვდევს) ყველა იმ საგანს, რომელიც მასთან შეხებაში მოდის, მაგალითად ის მოეჭიდება ჭიპლარს, ხშირად ასე თამაშობს კიდეც. უკვე დაბადების შემდგომ ეს რეფლექსი ეხმარება ახალშობილს მოეჭიდოს დედის ძუძუს და მიმართოს დვრილი პირის ღრუსკენ, მოეჭიდოს დედას, რომ არ ჩამოვარდეს. თანამედროვე სამყაროში ამ რეფლექსის გარეშეც დაცულია პატარა „ჩამოვარდნისა“ და „დაზიანებისგან“, მაგრამ პირველყოფილ ეპოქაში, რომელთანაც შესაგუებლად ჩამოყალიბდა მოცემული რეფლექსი, მას ახალშობილის გადარჩენისთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა.

ნაყოფი პირველი ყლაპვითი აქტივობების შედეგად „აგემოვნებს“ სანაყოფე წყლებს და იზიარებს დედის მიერ მიღებული საკვების გემოებს. კვლევებით დადასტურდა, რომ მწარე და მლაშე საკვების მიღების შემდეგ ამავე გემოების მატარებელი სანაყოფე წყლების გადაყლაპვის შედეგად ნაყოფი იჭმუხნება და ენას ისვამს ტუჩებზე. სამაგიეროდ მას ძალიან მოსწონს ტკბილი და ნეიტრალური გემოები.

ნაყოფს ამ კვირაში ხმოვანი იოგები უყალიბდება, იგი იწყებს ქუთუთოების მოძრაობასაც ანუ ახამხამებს თვალებს. ნაყოფის თვალის ფერი ამ ეტაპისთვის განსაზღვრულია, რადგან ჩამოყალიბებულია თვალების ფერადი გარსი.

ნაყოფის მიერ სანაყოფე წყლების ყლაპვის პროცესი მისი ფუნქციონირების სხვადასხვა მიმართულებას უდებს საფუძველს: პატარას ნაწლავები იწყებს პერისტალტიკას, სანაყოფე წყლები შეიწოვება და გამოიყოფა თირკმლების მიერ შარდის სახით, ეს პროცესი დღე-ღამეში 10-ჯერ სრულდება და ემსახურება სანაყოფე წყლების განახლებას. ნაყოფის შარდი არ შეიცავს ტოქსიურ დაშლის პროდუქტებს, მას ამ ნივთირებების გამოყოფისთვის აქვს დედასთან საერთო სისხლის მიმოქცევის სისტემა.

ორსულობის ამ ვადაზე ჩნდება ნაყოფის მკერდუკანა ჯირკვალი და ლიმფური სისტემა, მათი ფუნქციონირების შედეგად სისხლში ჩნდება პირველი იმუნური უჯრედები - ლიმფოციტები, რომლებიც შემდგომში დაიცავენ ნაყოფს უცხო ცილებისგან.

ორსულობის გინეკოლოგიურ მე-11 კვირაზე ქორიონული გონადოტროპინის კონცენტრაცია თავის პიკს აღწევს, ამის შემდგომ ორსულობის შემანარჩუნებელი ჰორმონული ფონის შექმნაზე პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე თავის ტვინში განლაგებული ცენტრალური ენდოკრინული ორგანო ჰიპოთალამუსი, ის აკონროლებს სხვა ენდოკრინული სისტემის ორგანოების ფუნქციონირებას და პატარას ორგანიზმში ჰორმონების ბალანსის დაცვას.

ცვლილებები ქალის ორგანიზმში

ორსულობის მე-11 კვირაზე შედარებით მცირდება თვითნებური აბორტის და მუცლის მოშლის რისკები, ორსულობის განვითარება სტაბილურ კალაპოტში ჯდება. ამას რათქმაუნდა აღიქვამს ორსული დედის თავის ტვინში ჩამოყალიბებული აგზნების კერა ე.წ. ორსულობის დომინანტა და ქალიც მშვიდდება, გაწონასწორებული ხდება. ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ამსუბუქებს ტოქსიკოზის და ორსულობის პირველი სუბიექტური შეგრძნებების უკუგანვითარების სურათი. ამ მშვიდ ფონზე უფრო ცხადად აღიქმება მომავალი დედობის სიხარული, ორსული ქალების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ვადიდან აღიარეს და განიცადეს მომავალი ბავშვის არსებობა.

საშვილოსნოს ზომებში ზრდა მუცლის გარშემოწერილობას უკვე თვალსაჩინოდ ზრდის, ამ ვადაზე შესაძლოა ძველი ტანსაცმელი აღარ მოგვერგოს და დავიწყოთ ფიქრი საორსულე ტანისამოსის ხმარებაზე. თუმცა ამ გადაწყვეტილებებში საჭიროებებზე მეტი აქცენტი ორსულობის დეკლარაციაზე მოდის - ქალს სურს, რომ ყველას შეატყობინოს და გარეგნობაშიც ასახოს, რომ ორსულადაა.

ორსული ქალის კანი ამ კვირიდან უფრო მშრალი ხდება, ქრება ცხიმოვანი ელფერი, გამონაყარი და ფერიმჭამელები, კანი გადაიწმინდება და თანდათანობით დამატენიანებელი საცხების ხმარება გახდება საჭირო, მით უფრო თუ ეს პერიოდი დაემთხვევა ცივ კლიმატურ სეზონს.

სრულფასოვანი ფეტო-პლაცენტური სისხლის მიმოქცევის სისტემის ჩამოყალიბების გამო სტაბილურდება ორსული ქალის არტერიული წნევა, სისხლის მომატებული მოცულობით მიმოქცევას ეჩვევა ქალის ორგანიზმი, მისი გულის რითმი ოდნავ მომატებულია, მაგრამ ამოვარდნების და ცვლილებების გარეშე. ზომებში მზარდი საშვილოსნოც მენჯის ღრუდან მუცლის ღრუს ზედა ნაწილისკენ „გადაადგილდება“, აღარ აწვება შარდის ბუშტს, აღარ იზრდება ქორიონული გონადოტროპინის კონცენტრაცია, შესაბამისად შარდვის გახშირებაც აღარ აწუხებს ორსულს (თუ კვლავ აღინიშნება შარდვაზე მომატებული მოთხოვნილება, ეს უკვე საშარდე სისტემის ინფექციებს უკავშირდება, რადგან შარდ-სასქესო სისტემა ძალიან ინტეგრირებულია, ამიტომ საჭიროა ამ პროცესებთან დაკავშირებით კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტთან).

ორსულობასთან ასოცირებული ყაბზობის გამო შესაძლოა ამ ვადაზე თავი იჩინოს ჰემოროიდულმა კვანძებმა, სწორი ნაწლავის გარე სეგმენტებში გამოჩენის შემთხვევაში ეს კვანძები შესაძლოა „გამოვარდეს“ კიდეც და უკანა ტანიდან სისხლდენა გამოიწვიოს. ამ მდგომარეობის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ყაბზობასთან (კუჭის ქრონიკულ შეკრულობასთან) ბრძოლის გამოცხადება როგორც შესაბამისი დიეტის დაცვით, ასევე სანთლების (მაგალითად ყოვლად უსაფრთხო გლიცერინის სანთლების) გამოყენებით, გვახსოვდეს, რომ ორსულ ქალს ფიზიოლოგიურად ყოველ დღე უნდა ქონდეს კუჭის მოქმედება.

ორსულობის ამ კვირის ბოლოს იწურება ექიმ-გინეკოლოგთან პირველი გეგმიური ვიზიტის განხორციელების ვადა, ამიტომ თუ ორსულს ამ ვადამდე არ მიუმართავს ექიმისთვის, საჭიროა ამ კვირაში მაინც ჩაეწეროს კონსულტაციაზე, რათა - ექიმ-გინეკოლოგმა შეავსოს მისი ორსულობის ბარათი, რითიც გამოკვეთს შედის თუ არა ქალი ორსულობის პათოლოგიური განვითარების რომელიმე რისკ-ჯგუფში, რომელსაც დამატებითი დაკვირვება სჭირდება; გაიკეთოს გეგმიური ლაბორატორიული ანალიზები, რითიც დადასტურდება ქალის ორგანიზმის ჯანმრთელი მდგომარეობა, რაც ავტომატურად ნიშნავს შემდგომში ჯანმრთელი პატარას დაბადებას; ჩაიტაროს ექოსკოპიური კვლევა, რაც საშუალებას მისცემს მას გაიგოს მისი ორსულობის ვადა და პატარას განვითარების შესაბამისობა ამ ვადასთან.

© 2015 ყველა უფლება დაცულია