Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 10

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 10

ორსულობის გინეკოლოგიური მე-10 კვირის დასრულების შემდგომ საშვილოსნოში მოთავსებულ პატარას აღარ მოვიხსენიებთ ემბრიონად, მას უკვე ნაყოფი ქვია და შეუდგა განვითარების მე-8 კვირას, მას ყველა ორგანოს ჩანასახი წარმოქმნილი აქვს, ამიტომ შემდგომში ის მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება და განვითარდება. ნაყოფს ჩამოყალიბებული აქვს ხერხემალი, თავის ქალა და სხვა ძვლები, სახსრები და კუნთები. ნერვული სისტემა სტრუქტურულად ჩამოყალიბებულია, ხდება ნერვული სიგნალების გადაცემის პროცესის სრულყოფა როგორც კუნთებამდე, ასევე შინაგან ორგანოებამდე. ამიტომ ნაყოფი მთელ შემდგომ საშვილოსნოსშიდა განვითარების პერიოდს მოახმარს საკუთარ ფუნქციურ სრულყოფას.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-10 კვირის ბოლოსთვის ნაყოფის თხემ-კუდუსუნის სიგრძე 29-31 მმ აღწევს, სანაყოფე კვერცხის დიამეტრი - 39-44 მმ-ს, წონა კი 4 გრ-ია; ქორიონის სისქე - 1.34 სმ., ნაყოფის გულისცემის სიხშირე 161-179 დარტყმა/წუთში.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-10 კვირას მეორე სკრინინგული ექოსკოპიური კვლევის ჩატარების დროა.


ამ კვირას მთავრდება საშვილოსნოსშიდა განვითარების ემბრიონული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ჩამოყალიბდა მომავალი ბავშვის ყველა ანატომიური სტრუქტურა, პატარას ე.წ. აგებულების ძირითადი სქემა აეწყო. ამ კვირის ბოლოს დამთავრდება ორგანოგენეზის პროცესიც, ყველა გარეგანი და შინაგანი ორგანოს ჩანასახოვანი წინამორბედი სახეზეა, ზოგიერთი მთავარი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების - თავის ტვინის და გულის - ანატომიური კარკასის „მშენებლობა“ დამთავრებულია და ისინი ფუნქციონირებენ კიდეც, სხვა ორგანოებისთვის კი წარმოქმნილი ჩანასახოვანი ქსოვილები „იკავებს თავის ადგილს“ (სადაც ისინი შემდგომში იქნებიან განლაგებული მთელი სიცოცხლის მანძილზე), მათი ძირითადი შენების სქემა ჩამოყალიბებულია, ზოგიერთი მათგანი თავის ფუნქციებს ნაწილობრივ ახორციელებს კიდეც. შემდეგ კვირას პატარას ახალი სახელი აქვს, მას უკვე ნაყოფი ეწოდება, ორსულობა კი გრძელდება ფეტალური პერიოდის სახელწოდებით.

ამ კვირას თავის ტვინი განვითარების ბოლო აკორდს შეასრულებს, მისი ნახევარსფეროები მთლიანად იფარება ქერქით. ეს ე.წ. რუხი ნივთიერებაა, სადაც კონცენტრირდება ნერვული უჯრედები ანუ ნეირონები. სწორედ თავის ტვინის ქერქია ორგანო, რომელშიც ყალიბდება ადამიანის უმაღლესი ნერვული განვითარების ცენტრები. მათ მუშაობასთანაა დაკავშირებული მხოლოდ ადამიანის ფუნქციონირებისთვის დამახასიათებელი ქმედებების მაკონტროლებელი სტრუქტურები, ესაა მეტყველება, აზროვნება, შრომითი საქმიანობა და სხვა. ქერქის სწორ ჩამოყალიბებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს შემდგომში ბავშვის ნორმალური გონებრივი განვითარებისთვის.

ორსულობის ამ კვირაზე ემბრიონის სისხლის უჯრედები იძენს ისეთ სპეციფიურ თვისებებს, როგორიცაა სისხლის ჯგუფისადმი და რეზუს-ფაქტორის ნიშნისადმი კუთვნილება, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ბავშვის სისხლის ჯგუფის და რეზუსის დადგენა.

სულ უფრო მრავალფეროვანი და მიზანმიმართული ხდება ემბრიონის მოძრაობა, იგი კოორდინირებულად შლის და ხრის კიდურებს, თავს, ძალიან უყვარს ხელის თითების სახესთან მიტანა, ზოგიერთ მაღალმგრძნობიარე ფოტოზე დაფიქსირებულია, რომ პატარა თითს წოვს.

ამ პერიოდში ემბრიონი იწყებს ყლაპვით აქტივობებს, ყლაპავს იგი სანაყოფე წყლებს, მის ახლადწარმოქმნილ თირკმელს კი უკვე შეუძლია შარდის გამომუშავება, რომელიც გროვდება ციცქნა შარდის ბუშტში და გამოიყოგა გარეთ - სანაყოფე პარკში.

ამ კვირაში პლაცენტასა  და ნაყოფს შორის სისხლით მომარაგება ახალ დონეზე გადადის, იზრდება პლაცენტის მიერ სინთეზირებული ჰორმონების რაოდენობა, საკვერცხე პარკი თანდათან უკუგანვითარდება. ქორიონი (პლაცენტის წინამორბედი) სისქეშიც იზრდება და 1.34 სმ-ს აღწევს.

ცვლილებები ქალის ორგანიზმში

ორსულობის ამ კვირაზე საშვილოსნოს ზომა იმდენად მომატებულია, რომ ის უკვე ვეღარ „ეტევა“ მცირე მენჯის ღრუში, საშვილოსნოს გუმბათი ამოსცდება მენჯის ძვლებს და მისი ხელით გასინჯვა მალე შესაძლებელი გახდება. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ორსულობასთან დაკავშირებული მუცლის შებერილობის და სიმძიმის შეგრძნება. პერიოდულად შესაძლებელია ორსულმა საზარდულის არეში დაჭიმულობაც იგრძნოს, რაც საშვილოსნოს მყესების დაჭიმვის შედეგია. ამ კვირას უკვე სხეულის მასის მატებაც ობიექტურია და შეადგენს დაახლოვებით 1-1.5 კგ-ს, მუცელი მცირედ გაზრდილია, მომრგვალებულია, ორსული ქალი უკვე მძაფრად შეიგრძნობს მოჭერილი ქვედა ტანსაცმლისგან გამოწვეულ დისკომფორტს.

სულ უფრო უკან იხევს ორსულობის პირველი ნიშნები და შეგრძნებები, ტოქსიკოზის არსებობის შემთხვევაში მისი სიმპტომატიკაც კლებულობს. თავის ტვინში წარმოქმნილი აგზნების კერა ე.წ. „ორსულობის დომინანტა“ ორგანიზმის მართვაში „იხვეწება“, თუმცა ხშირად მომატებული აგზნებადობის გამო შესაძლოა ორსულ ქალს დაეღვეს ძილის და ღვიძილის პერიოდულობა, ხშირია ღამის საათებში გამოღვიძება, თუ ეს მოვლენა გამყარდა, მთელი ორსულობის განმავლობაში შესაძლოა ადგილი ქონდეს ღამის რომელიმე ერთ საათზე გამოღვიძებას (ყველაზე ხშირად ეს 3-4 საათია). ამიტომ ასეთი სიმპტომატიკის გამოჩენისას საჭიროა ორსულმა ისწავლოს დამშვიდება, ძილის წინ მიმართოს მსუბუქ სედაციურ (დამამშვიდებელ) საშუალებებს, როგორიცაა ვალერიანის, პიტნის ნაყენები.

სასქესო ორგანოებიდან გამონადენზე დაკვირვება ისევ აუცილებელია, ასევე მნიშვნელოვანია ჰიგიენური ნორმების დაცვა. საშიშროება, რომელიც მომდინარეობს სასქესო ინფექციების განვითარებისგან, შესაძლოა აცილებულ იქნას, თუ გამონადენის პათოლოგიური ხასიათის გამო დროულად მივმართავთ გინეკოლოგს. საშოში განვითარებულმა ინფექციურმა პროცესმა შესაძლოა აღმავალი გზით „მიაღწიოს“ საშვილოსნოსთან და მასში მზარდ პატარას შეუქმნას საფრთხე, ასეთ ინფექციებს მიეკუთვნება ქლამიდია, ტრიქომონა, გონოკოკი, ჰერპეს-ვირუსი და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, რომელთა გამოსავლენადაც საშოს ნაცხის კვლევას და სისხლის ანალიზს დანიშნავს ექიმი-გინეკოლოგი პირველივე კონსულტაციაზე.

ცალკე ყურადღება უნდა გავამახვილოთ სისხლიან გამონადენზე, რომელიც ყველა შემთხვევაში პათოლოგიურია. სისხლის ალისფერი წვეთების გამოჩენაც კი ნიშნავს გინეკოლოგთან დაუყოვნებლივ სასწრაფო ვიზიტის აუცილებლობას, მოყავისფრო გამონადენის არსებობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს გინეკოლოგიურ გასინჯვასთან ან სქესობრივ აქტთან, მიანიშნებს საშვილოსნოს ყელის ეროზიაზე და დაკავშირებულია ორსულობის ამ ვადით განპირობებულ საშვილოსნოს ყელის გაფაშრებასა და სისხლსავსეობასთან, ამ დროსაც დაუყოვნებლივ არა, მაგრამ უახლოვეს პერიოდში საჭიროა გინეკოლოგთან კონსულტაცია.

© 2015 ყველა უფლება დაცულია