Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 8

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 8

ორსულობის გინეკოლოგიურ მე-8 კვირას ემბრიონი ინტენსიურად იზრდება, სხეულის და სახის ფორმები უკვე სახასიათო ინდივიდუალურ ფორმებს იძენს, იწყება გაძვალების პროცესი, ემბრიონის მოძრაობები უფრო აქტიურია, ახლა ის თავს ამოძრავებს, უკვე დაცურავს საშვილოსნოს ღრუში. ამ კვირაში ყალიბდება გარემოს აღქმაზე პასუხისმგებელი ე.წ. სენსორული ორგანოები: ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ორი უმსხვილესი წარმონაქმნის - თავის და ზურგის ტვინის დამაკავშირებელი ორგანელები - ნათხემი და მოგრძო ტვინი, ხოლო პერიფერიაზე ცენტრალურ ნერვულ სისტემაში „განლაგებული“ ნერვული უჯრედების სპეციალური წანაზარდების (დენდრიტების) დამაბოლოვებელი რეცეპტორები - ენაზე გემოვნების, ცხვირში ყნოსვის, ყურში სმენის, თვალში ფერების და სინათლის აღქმის „განმახორციელებელი“ სტრუქტურები. ემბრიონის გული ამ კვირას ოთხკამერიანი ხდება, წინაგული და პარკუჭი ორ სიმეტრულ მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად იყოფა ძგიდის საშუალებით, გულის ასეთი სტრუქტურა ნარჩუნდება მომავალი ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე. ნაყოფის გულისცემის სიხშირეა - 140-170 დარტყმა/წუთში.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-8 კვირის ბოლოსთვის ემბრიონის თხემ-კუდუსუნის სიგრძე 12-15 მმ აღწევს, სანაყოფე კვერცხის დიამეტრი - 21-24 მმ-ს, წონა კი 1 გრ-ია.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-8 კვირას პირველი სკრინინგული ექოსკოპიური კვლევის ჩატარების ვადა იწურება (თუ აქამდე არ ჩატარებულა ეს კვლევა). 


ამ კვირაში ემბრიონის სხეული, რომელსაც აქამდე რკალისებრი ფორმა ჰქონდა, გაიმერთება, ახლა გამოკვეთილად ჩანს მისი თავი, სხეული და კიდეურები, კუდი ქრება.

ამ კვირის ბოლოსთვის სრულყოფილად ყალიბდება სახის ნაკვთები - ცხვირს ნესტოების რკალების ჩამოყალიბების შედეგად უკვე სახასიათო ფორმები ეტყობა, ქუთუთოები თითქმის მთლიანად ფარავს თვალებს, ზედა და ქვედა ყბის ძვლები იღებს დასრულებულ კონტურებს, რაც სახის ოვალის ფორმებს გამოკვეთს. ხელის მტევნებზე თითები უკვე განვითარებულია, მათ შორის ცერა თითი განლაგებულია სხვა თითებისადმი პერპენდიკულარულად. აქტიურად მიმდინარეობს ძვლებში კალციუმის ჩალაგება, ასე ვთქვათ მათი გაძვალება.

ემბრიონი უკვე აქტიურად მოძრაობს, ხერხემალზე კისრის სეგმენტის ჩამოყალიბების შედეგად მას შეუძლია თავი გადახაროს სხვადასხვა მიმართულებით, ემბრიონს სხეულის მოძრაობითი აქტივობის შედეგად ასევე შეუძლია უკვე შეიცვლოს ადგილმდებარეობა საშვილოსნოს ღრუში, სადაც იგი „დაცურავს“, თუმცა ზომით ჯერ პატარაა და საშვილოსნოს კედლებამდე „ვერ აღწევს“, ამიტომ დედა ჯერ კიდევ ვერ შეიგრძნობს მის დარტყმებს.

ორსულობის ეს კვირა ცნობილია, როგორც სენსორული ორგანოების ჩამოყალიბების პერიოდი, ემბრიონს სამყაროს აღქმისთვის საჭირო ორგანოები უვითარდება, რომლებიც შესაბამისი ნერვების დაბოლოვებებისგან შედგება და რეცეპტორები ეწოდება - ენაზე ყალიბდება გემოვნებითი დვრილები, ცხვირის ღრუში - ყნოსვითი რეცეპტორები, თვალის ბადურა გარსზე ფერების გამრჩევი რეცეპტორები, რომლებიც ჩხირებისა და კოლბების სახელწოდებითაა ცნობილი, შუა ყურში ყალიბდება დაფის აპკი და პატარა ძვლები, რომლებიც შემდგომში პასუხისმგებელი ხდება ხმოვანი ტალღების აღქმაზე.

ნერვული სისტემა აგრძელებს მის განვითარების პროცესს, თუმცა ეს კვირა „სენსორიკის კვირაა“ და შესაბამისად ნერვული სისტემის ის ორგანოები ყალიბდება, რომლებიც სენსორული (შეგრძნებითი) ფუნქციის მართვაზეა პასუხისმგებელი. ამ ვადაზე დიფერენცირდება ნათხემი და მოგრძო ტვინი, ადამიანის ნერვული სისტემის ეს ორი ყველაზე ძველი ნაწილი, შეაერთებს რა ზურგის ტვინსა და თავის ტვინს როგორც ანატომიურად, ასევე ფუნქციურად, შემდგომში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სამყაროს შეგრძნების და მომავალი ადამიანის მასთან დამოკიდებულების ჩამოყალიბების პროცესში, მათი განვითარების ხარისხი განაპირობებს რამდენად ფართო წარმოსახვა და მრავალფეროვანი აღქმის უნარები ექნება მომავალ ადამიანს ანუ მარტივად რომ ვთქვათ - რამდენად „მგრძნობიარე“ იქნება პატარა.

ამ კვირაში გული სტრუქტურულად ჩაყალიბების პროცესს ასრულებს და ამგვარი სქემატური აგებულებით განაგრძობს ფუნქციონირებას მთელი ცხოვრების მანძილზე - წინაგულსა და პარკუჭში ჩაიზრდება მათი სიმტრიულ მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად გამყოფი ძგიდე, ამგვარად ორ-კამერიანი გული ხდება ოთხ-კამერიანი. გულის ძგიდე შემდგომში საშვილოსნოსშიდა და დაბადებისშემდგომი განვითარების პროცესში მრავალ ტრანსფორმაციას განიცდის, დაიხურება მთლიანად (ახლა გულის ოთხი განყოფილება ბოლომდე არაა იზოლირებული ერთმანეთისგან), წინაგულებსა და პარკუჭებს შორის ყალიბდება სარქველები, მაგრამ ეს სტრუქტურული დახვეწის პროცესია, ზოგადი სქემა კი გულის ოთხგანყოფილებიანობისა უცვლელი რჩება სიცოცხლის ბოლომდე. ამავდროულად გულის შეკუმშვები იმდენად ძლიერი ხდება, რომ გულისცემის მოსმენა შესაძლებელი ხდება გინეკოლოგიური სტეტოსკოპითაც კი და გულისცემის სიხშირე ნორმაში შეადგენს 140-170 დარტყმა/წუთში.

ცვლილებები ქალის ორგანიზმში

ორსულობის პირველი ნიშნები თავს ახსენებს ქალს - მადის ცვლილებები, ემოციური ლაბილობა, სუნების აუტანლობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება, ტოქსიკოზის შემთხვევაში კი ღებინებაც - მიუთითებს, რომ ორსულობა მიმდინარეობს და ქალის სხეული გადაეწყობა ამ ახალ მდგომარეობასთან შესაგუებლად.

ქალის ტვინში „ძალებს ოკრებს“ აგქნების კერა, რომელსაც „ორსულობის დომინანტა“ ეწოდება, ის ბლოკავს სხვა, ორსულობისთვის ნაკლებ მნიშვნელოვან სიგნალებს და ამით ქალის სხეულს უპირველეს ამოცანად ბავშვის გამოზრდას უყენებს.

ემბრიონი სწრაფად ვითარდება, მაგრამ მისი გარდაქმნა მასაში ზრდაში ჯერ არ გამოიხატება, ამიტომ საშვილოსნოს და მისი „ბინადარის“ საერთო მოცულობა არაა საკმარისი ჯერ იმისთვის, რომ ქალს მუცელი „დაეტყოს“.

ქალის კუნთოვანი აპარატი - ჩონჩხის კუნთებიდან დაწყებული სპინქტერებით დამთავრებული - ჰიპოტონურია ანუ მოდუნებულია, ამიტომ კუჭი ვეღარ იკავებს საკვებს, რომელიც გადადის საყლაპავში და ვითარდება გულძმარვა, ნაწლავის კუნთები ვეღარ უზრუნველყოფს ნორმალურ პერისტალტიკას და ვითარდება შეკრულობა და მეტეორიზმი (გაზების დაგროვება), შარდის ბუშტი ვეღარ აკავებს შარდს და ვიტარდება ხშირი მოთხოვნილება შარდვაზე. ეს ნორმალური, ფიზიოლოგიური, ორსულობისთვის დამახასიათებელი მოვლენებია და ორსულს მოუწევს „ამასთან ერთად ცხოვრება“ კიდევ 8 თვე.

სამაგიეროდ იმატებს ზომაში და გარდაიქმნება მკერდი, აქტიურად ყალიბდება მასში სარძევე სადინარები, დვრილების სტრუქტურა მკვრივდება, იზრდება მოცულობაში, იცვლის ფერს, ეს ქალს ქალურ შარმსაც კი მატებს.

პირველი ტრიმესტრის კიდევ ერთი გლობალური ცვლილება ორსული ქალის იმუნური სისტემის შესუსტებაა. ეს ფიზიოლოგიური მოვლენაა და ემსახურება ორსულობის შენარჩუნების პროცესს - ემბრიონი ქალის ორგანიზმისთვის „უცხო“ ანტიგენებით დასახლებული სხვა ორგანიზმია, ქალის იმუნური სისტემა ორსულობამდე ყველა უცხო ანტიგენის წინააღმდეგ გამოიმუშავებდა ანტისხეულებს, რათა გამოედევნა მისთვის უცხო აგენტი, ამით ინარჩუნებდა ორგანიზმი მთლიანობას და ახორციელებდა დაცვას ინფექციების, ტრამვების დროს. მაგრამ ახლა ეს“უცხო“ პატარა ქალის ორგანიზმმა უნდა გამოზარდოს, ამიტომ ჯერ კიდევ ამოუცნობი მექანიზმებით ორსულობის დროს მისი იმუნური პასუხი სუსტდდება იმგვარად, რომ „უცხოს“ მიმართ ტოლერანტულობა იზრდება. მაგრამ ინფექციური ფონი „არსად არ მიდის“, ამიტომ ორსულმა ქალმა განსაკუთრებით უნდა დაიცვას თავი ინფექციებისგან, ამისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით ორსულებისთვის შემუშავდა რეკომენდაცია თავშეყრის ადგილებში ერთჯერადი პირბადეების ტარების შესახებ.

გინეკოლოგიური გასინჯვით ორსულობის მე-8 კვირაზე ფიქსირდება საშვილოსნოს სხეულის ზომების მატება 7-8 სმ-მდე, აღინიშნება საშვილოსნოს სისხლსავსეობა, ყელის დაგრძელება, ცერვიკალური არხის შეკუმშვა და ბლანტი ლორწოთი ამოვსება - ამ ნიშნებით დიაგნოსტირდება ამ ვადაზე გინეკოლოგიური გასინჯვის დროს ორსულობა. თუმცა მხოლოდ გასინჯვით არ შემოიფარგლება სადიაგნოსტიკო პროცესი და ექოსკოპიური კვლევით საშვილოსნოს წიაღში ემბრიონის არსებობაა ორსულობის ფაქტის 100%-იანი დადასტურება.

ორსულების ნაწილში სუბიექტური ცვლილებები შესაძლოა ძალიან მცირედ იყოს გამოხატული (ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურად რეაგირებს ჰორმონულ ცვლილებებზე), მათ შესაძლოა დაებადოთ ეჭვი ორსულობის ნორმალური მიმდინარეობის ირგვლივ, თუმცა ამგვარ ეჭვებს არ აქვს საფუძველი, ჰორმონული ცვლილებები იმგვარადაა „მოწყობილი“, რომ ურთიერთდამაკომპენსირებელი ცვლილებები გამოიწვიოს ორგანიზმში და თუ ორსულის შეგრძნებების სუბიექტური სურათი გაწონასწორებულია, ეს კარგია და მისასალმებელია კიდეც, თუ ექოსკოპიური კვლევით დადასტურებულია ორსულობა, გინეკოლოგმა არ გასცა რაიმე სპეციალური ჩარევის რეკომენდაცია, მხოლოდ გეგმიურ შემდეგ ვიზიტს უნდა დაველოდოთ, არაა მიზანშეწონილი ხშირი ექოსკოპიური კვლევების და თვითნებურად ანალიზების ჩატარება.

ორსული ქალის სასქესო ორგანოებიდან გამონადენის მოცულობა და სახე არ იცვლება, ისეთივეა, როგორც წინა კვირას, ყურადღების გამახვილებაა საჭირო მხოლოდ მოყვითალო, მოთეთრო-ხაჭოსებრი ან სისხლიანი გამონადენის გამოჩენისას, ამ დროს საჭიროა სასწრაფო არაგეგმიური ვიზიტის განხორციელება გინეკოლოგთან.

© 2015 ყველა უფლება დაცულია