Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 7

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 7

ორსულობის გინეკოლოგიურ მე-7 კვირას ემბრიონს თავისი განვითარების 1 თვე შესრულებული აქვს და იწყებს განვითარების მე-5 კვირას. ეს კვირა „ეთმობა“ სხეულის ყველაზე მთავარი ორგანოს - თავის განვითარებას, კერძოდ ყალიბდება თავის ტვინის სტრუქტურები, ნერვები, რომლებიც „ჩაიზრდება“ ყველა ორგანოში, განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს მხედველობის ორგანოების და მათი ინერვაციის განვითარება. ასევე სწრაფი ტემპებით ყალიბდება სასქესო ორგანოები, სადაც „გადასახლდება“ საკვერცხე პარკში დიფერენცირებული სასქესო უჯრედები ანუ ემბრიონი ამ კვირაზე მყარადაა „ჩამოყალიბებული“ ვინ არის იგი? - ბიჭია თუ გოგო.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-7 კვირის ბოლოსთვის ჩანასახის თხემ-კუდუსუნის სიგრძე 7-9 მმ აღწევს, სანაყოფე კვერცხის დიამეტრი - 14-18 მმ-ს, წონა კი კვლავ 1გრ-ზე ნაკლებია.

ქორიონის სისქე 1.1 სმ.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-7 კვირას პირველი სკრინინგული ექოსკოპიური კვლევის ჩატარების დროა (თუ აქამდე არ ჩატარებულა ეს კვლევა). 


ამ ვადაზე ემბრიონის სხეულის ნაწილებიდან ყველაზე სწრაფად და ინტენსიურად იზრდება თავი, რაც უკავშირდება თავის ტვინის აქტიურ ფორმირებას, მისი მოცულობა სხეულის მოცულობის ნახევარზე მეტია. ნერვული მილის ე.წ. თავის ნაწილში წარმოიქმნება ხუთი შემკვრივება - ტვინის ბუშტუკები, რომელიც საფუძველს უდებს თავის ტვინის ხუთ განყოფილებას. წარმოიქმნება ნერვებიც. ეს თავის და ზურგის ტვინში არსებული უჯრედების წანაზარდებია - აქსონები და დენდრიტები, რომლებიც „ჩაიზრდება“ ემბრიონის ყველა შინაგან ორგანოში და თავის ტვინს აკავშირებს მის „სამართავ“ ყველა ორგანოსთან. ერთადერთი ორგანო, რომელსაც, გარდა ცენტრალური ინერვაციისა, აქვს დამოუკიდებელი, ავტონომიური ნერვული მართვის სისტემა, უფრო ადრე წარმოშობილი გულია, მას შეუძლია ცენტრალური ნერვული სისტემიდან მოსული იმპულსის გარეშეც შეიკუმშოს.

ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს მხედველობის ორგანოების ჩამოყალიბება, თავის ტვინის წინა ნაწილი გამოიზნიქება და საფუძველს უყრის თვალების ბადურა გარსის და მხედველობის ნერვების განვითარებას.

ნაწლავის წინამდებარე ნაწილისგან კი ფორმირდება ხახა, საყლაპავი მილი და კუჭი, შუა ნაწილი შეიდრიკება ჭიპლარისკენ და ისევ დაკავშირებულია საკვერცხე პარკთან, ბოლო უკანამდებარე ნაწილისგან წარმოიქმნება სწორი ნაწლავი და შარდ-სასქესო სინუსი.

სასუნთქი სისტემა ჯერ მხოლოდ ბრონქებითაა წარმოდგენილი. პატარას ჯერ არ სჭირდება სუნთქვა, მის მაგივრად სუნთქავს დედა, სწორედ დედის ფილტვებიდან მიღებული ჟანგბადი მოაქვს პლაცენტის და ჭიპლარის გავლით ემბრიონის ერითროციტებს.

პირველადი თირკმლების გვერდით ყალიბდება სასქესო ლილვაკები, ეს სასქესო ორგანოების ჩანასახებია, სწორედ აქ ამთავრებენ თავის საიმიგრაციო გზას სასქესო უჯრედები, რომლებიც წინა კვირას ჩამოყალიბდნენ საკვერცხე პარკში. ეს სქესის განსაზღვრის ბოლო აკორდია, ამის შემდგომ მკვეთრად დიფერენცირდება ემბრიონის განვითარების სქესობრივი კოორდინატები ანუ ვითარდება ან ბიჭი ან გოგო.

იზრდება და ვითარდება ემბრიონის ხერხემალი, ყალიბდება კისრის ჩანადრეკი, ხერხემლის ბოლო ნაწილი ჯერ პატარა კუდს ქმნის, ეს კუდი შემდეგ უკუგანვითარდება და წარმოდგენილი იქნება პატარა ძვლით, რომელსაც კუდუსუნი ქვია. ემბრიონის ხელების ძვლები თითქმის ჩამოყალიბებულია, მტევნებზე ჩანს თითთაშუა ჩანადრეკები, თუმცა თვითონ თითები ჯერ არაა ბოლომდე ფორმირებული და წარმოდგენილია თითების დისკოებით, ფეხები განვითარებით ოდნავ ჩამორჩება.

ნერვული სისტემის და კუნთების განვითარების პარალელურად იმატებს ემბრიონის მოძრაობითი აქტივობა, თუმცა ეს დედისთვის ჯერ კიდევ შეუმჩნეველი მოვლენაა და ჩანს მხოლოდ ექოსკოპიური კვლევის დროს.

გარდა თავად ემბრიონისა, ვითარდება ქალის ორგანიზმში ორსულობისთვის ჩამოყალიბებული სპეციალური ორგანო - ქორიონი (პლაცენტის წინამორბედი), მისი სისქე კვირის ბოლოს 1,1 სმ-ს აღწევს. სრულყოფილი საშვილოსნო-პლაცენტური სისხლის მიმოქცევის სისტემის ჩამოყალიბებას თან ახლავს ქორიონული გონადოტროპინის კონცენტრაციის კიდევ უფრო მომატება, ამ ჰორმონის ეტაპობრივი მატება მყარი მაჩვენებელია იმისა, რომ ორსულობა ფიზიოლოგიურად ანუ ნორმალურად ვითარდება, ამიტომ ხშირად ამ კვირაზე იზომება სისხლში ჰორმონის კონცენტრაცია, რათა გაკეთდეს ორსულობის მიმდინარეობის პროგნოზი.

ცვლილებები ქალის ორგანიზმში

ორსული ქალის ორგანიზმში „ბობოქრობს“ ორსულობის მდგომარეობისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა - თუ სახეზეა ტოქსიკოზი, ის უფრო მძაფრდება, ამიტომ ხშირად სხეულის მასის კარგვა იწყება, ამ დროს სასურველია სპეციალური კვების რეჟიმის ჩამოყალიბება - გულისრევა/ღებინება ციკლური ხასიათისაა და დღის მანძილზე ზოგიერთ მონაკვეთებში უფრო მცირედაა გამოხატული, თუ დავაკვირდებით ამ „ნათელ“ პერიოდებს და მივიღებთ ამ დროს მსუბუქ საკვებს და სითხეს ბევრჯერ, მაგრამ მცირე ულუფებით, შევინარჩუნებთ პატარასთვის აუცილებელ კვებით სტატუსს. ტოქსიკოზი მსუბუქია, თუ გულისრევა დღის მანძილზე 3-5-ჯერ აღინიშნება, მძიმეა ტოქსიკოზი დღეში 12-ჯერ და მეტჯერ ღებინების ეპიზოდებით, ეს ხშირად ორსულის ჰოსპიტალიზაციის (საავადმყოფოში დაწვენის) ჩვენებაა. ორსულთა ტოქსიკოზის განვიტარება უკავშირდება ორგანიზმში აცეტონის დაგროვებას და ეს პროცესი ჩვეულებრივ 12-14 კვირისთვის ნორმალიზდება, ამ დროს წყდება ტოქსიკოზის მოვლენებიც. ტოქსიკოზის კიდევ ერთი გამოვლინებაა კანის ქავილი, რომელიც ხანდახან მთელ სხეულზე ვრცელდება, ამ მოვლენასთან „ბრძოლის“ საშუალებებია ნატურალური ტანისამოსის ჩაცმა და კანის დამატენიანებელი საშუალებების (ლოსიონების) ხმარება, თუ ქავილის შედეგად წარმოიქმნა ეროზიული (გაწითლებული უბნები, სადაც კანის საფარველი დაზიანებულია) უბნები, საჭიროა მათი ანტისეპტიკური ხსნარებით (ბეტადინი, ბრილიანტის მწვანე ე.წ. ზელიონკა) დამუშავება.

ორსული ქალის ემოციური სტატუსი კვლავ დაქვეითებულია - სახეზეა გაღიზიანებულობის, ტირილის, შინაგანი შიშების განწყობა, მაგრამ ამ მოვლენებს უკვე აკომპენსირებს შინაგანი სიხარულის განცდა და დედობრივი ინსტინქტი - გამოზარდოს საკუთარ სხეულში ჯანმრთელი პატარა.

ამ ვადაზე ექოსკოპიური კვლევა ყველა ხარისხის აპარატით უკვე მკაფიოდ ხედავს პატარას, ზომავს მის სიგრძეს და ფორმას. გინეკოლოგიური გასინჯვით საშვილოსნოს ყელი უკვე დაგრძელებულია, ცერვიკალური არხი შეკუმშული და ამოვსებული ბლანტი ლორწოთი.

ორსულ ქალებში სასქესო ორგანოებიდან გამონადენი კვლავ უხვია, მაგრამ ღია რძისფერი, ერთგვაროვანი კონცენტრაციით და მცირეოდენი მომჟავო სუნით. გამონადენის სიუხვის გამო საჭიროა საცვალი თეთრეულის ხშირი ცვლა და/ან ერთჯერადი ყოველდღიური საფენების ხმარება, ამ დროს ჰიგიენური პროცედურების ზედმიწევნით დაცვა იცავს ორსულს სასქესო ინფექციების განვითარებისგან და შესაბამისად იცავს პატარასაც.

ორსულობის ამ ვადაზე ორსული ქალების ნაწილი ამჩნევს, რომ მისი მუცელი იზრდება, თუმცა ეს საშვილოსნოს ზრდის ხარჯზე არ ხდება, ამ ვადაზე საშვილოსნო თავისი ემბრიონით ჯერ კიდევ პატარაა, მუცლის შებერილობა კი უკავშირდება ყაბზობას და ნაწლავების გაზებით გადაბერვას.

ამ ვადაზე ხშირია შარდვის გახშირება, რაც ორსულობის დამახასიათებელი კიდევ ერთი სიმპტომია, ამის მიზეზი კი მოცირკულირე სისხლის მოცულობის ზრდა და პროგესტერონის ზეგავლენით საშარდე სისტემის კუნთოვანი აპარატის ტონუსის კლებაა.

© 2015 ყველა უფლება დაცულია