Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 5

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 5

გინეკოლოგიური ორსულობის მე-5 კვირაზე ემბრიონი უკვე თავისი ცხოვრების მე-3 კვირას იწყებს, მიმდინარეობს ემბრიონის და ე.წ. ემბრიონის მხარდამჭერი ორგანოების ანატომიური და ფუნქციური განცალკევება და განვითარება. ემბრიონი „გადმოეკიდება“ საშვილოსნოს კედელიდან პატარა „ღეროს მსგავსი“ წარმონაქმნით - ეს პირველადი ჭიპლარია. ემბრიონი იცვლის ფორმას, უკვე წაგრძელებულია, გავს თავკომბალას და აქვს ორი - თავის და ფეხების - პოლუსი. ემბრიონი ე.წ. ქორდის (ხერხემლის წინამორბედი) განვითარების ხარჯზე ორ სიმეტრიულ - მარჯვენა და მარცხენა - ნაწილებად დიფერენცირდება, მისი სამი ფირფიტისგან ძირითადი შინაგანი ორგანოების ჩამოყალიბების პროცესი იწყება, უპირველესად ყალიბდება ნერვული მილი და გული, რომელიც კვირის ბოლოსთვის უკვე ცემს, გულისცემის რითმია 85-105 დარტყმა/წუთში.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-5 კვირის ბოლოსთვის ჩანასახის მთლიანი (თხემ-კუდუსუნის) სიგრძე 2.5-3.5 მმ აღწევს, სანაყოფე კვერცხის დიამეტრი 6 მმ-ია (დაახლოვებით ბრინჯის მარცვლის ხელაა), წონა კი <1გრ.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-5 კვირას სასურველია პირველი ექოსკოპიური კვლევის ჩატარება.


ამ ვადაზე გრძელდება ე.წ. ემბრიონის მხარდამჭერი ორგანოების განვითარება - ცალ-ცალკე ყალიბდება საკვერცხე პარკი და ქორიონი.

თუ მე-4 კვირაზე ქორიონის ბუსუსები პატარა წანაზარდები იყო, მე-5 კვირისთვის ისინი დედის სისხლძარღვებში ჩაზრდილი „გამოცდილი“ წარმონაქმნებია, რომელთაც ემბრიონთან მოაქვს ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები, ემბრიონის ცხოველქმედების პროდუქტებს კი „ატანს“ დედის სისხლს.

ემბრიონი მის მკვებავ არესთან (საშვილოსნოს კედელში) ინტეგრირებული აღარაა, არამედ „გადმოეკიდება“ საშვილოსნოს ღრუში და საშვილოსნოს კედელთან დაკავშირებული რჩება პატარა „ღეროთი“, რომელიც შემდგომში გარდაიქმნება ჭიპლარად.

საკვერცხე პარკი იწყებს პირველადი სასქესო უჯრედების ე.წ. გონობლასტების გამომუშავებას ანუ სქესობრივი დიფერენციაცია უკვე სახეზეა. შემდგომში ეს უჯრედები თუ სპერმატოზოიდებია მიგრირებს (გადაადგილდება) სათესლე ორგანოებში, თუ კვერცხუჯრედებია - საკვერცხეებში.

ემბრიონი მე-5 კვირისთვის უკვე თავკომბალას გავს, ჩნდება მის ორ - მარცხენა და მარჯვენა ნაწილებად გამყოფი სიმეტრიული ხაზი -ზონარი ანუ ქორდა, ასევე ყალიბდება ზურგის და მუცლის მხარეები, ემბრიონი იღებს მოხრილ პოზას - ზურგის მხარე ამოღუნულია, მუცლის კი - შიგნით შეწეული.

სტარტს იღებს ემბრიონის სამი ფირფიტისგან ძირითადი ორგანოების ჩამოყალიბების პროცესი ანუ ორგანოგენეზი:

ყველაზე გარეთა ფირფიტისგან - ექტოდერმისგან - წარმოიქმნება შემდეგი ორგანოების: ნერვული სისტემის, კანის და მისი დანამატების (თმების), თვალების, კბილების ჩანასახები;
შუა ფირფიტისგან - მეზოდერმისგან - წარმოიქმნება კუნთოვან სისტემის, თირკმლების, სისხლძარღვებისა და გულის ჩანასახები;
ყველაზე შიდა ფირფიტისგან - ენდოდერმისგან კი შემდგომში ყალიბდება ფილტვები, ღვიძლი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი.

ქრონოლოგიურად თუ მივუყვებით, ამ ვადაზე პირველად შუა ფირფიტისგან ყალიბდება ე.წ. ქორდა - ჩანასახის ხრტილოვანი წინამორბედი, საიდანაც შემგომში ვითარდება პატარას ხერხემალი.

ამას მოსდევს ექტოდერმის უჯრედებისგან ემბრიონის შუა ხაზის გასწვრივ სიმეტრიულად ნერვული ფირფიტის ჩამოყალიბება, რომელიც თავიდან ნახევარწრიულ მილს წარმოადგენს, შემდგომში მილის ბოლოები ერთმანეთს უერთდება და იქმნება ნერვული მილი - „მომავალი“ ზურგის და თავის ტვინი. ექტოდერმის დანარჩენი უჯრედები დიფერენცირდება სომიტებად - კანის წინამორბედ უჯრედებად. ნერვული მილის ორივე მხარეს ვითარდება წანაზარდები - მომავალი კუნთები.

შუა ფირფიტისგან იწყება სისხლძარღვების და გულის განვითარება. გული ემბრიონის შუა ცენტრალურ ნაწილში ყალიბდება და ამ ვადაზე ემბრიონის ყველაზე დიდი ორგანოა, მე-5 კვირის ბოლოსთვის იგი თავის პირველად შეკუმშვებს იწყებს, ძალიან მაღალმგრძნობიარე ექოსკოპიური კვლევით ემბრიონის გულისცემა ამ ვადაზე შესაძლოა დაფიქსირდეს კიდეც.

ემბრიონის ყველაზე შიგნით მდებარე ფირფიტისგან იწყებს ჩამოყალიბებას ე.წ. ნაწლავის მილი, რომლის გასწვრივ ემბრიოის ზედა ნაწილში ქორდის ორივე მხარეს იწყებს ჩამოყალიბებას ფილტვები, ქვემოთ, მარჯვენა მხარეს კი -ღვიძლი.

მე-5 კვირაზე იწყება ემბრიონის ენდოკრინული ორგანოების ჩამოყალიბებაც, ვითარდება ფარისებრი და კუჭქვეშა ჯირკვლების ჩანასახები, მამრობით ემბრიონში არა მარტო ყალიბდება, არამედ იწყებს ფუნქციონირებას (მამრობითი ჰორმონის ტესტოსტერონის გამომუშავებას) პირველადი სასქესო ჯირკვლები - სათესლეები, რომლებთა არსებობა ემბრიონის განვითარების ხაზს მამრობითისკენ გადახრის, თუ ტესტოსტერონი არ „აღმოჩნდება“, მაშინ ემბრიონი აგრძელებს მდედრობითი ხაზით განვითარებას.

ორგანოგენეზის პერიოდი ადამიანის საშვილოსნოსშიდა განვითარების პერიოდებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და მყიფეა, რადგან გარემო ტერატოგენური ფაქტორების მცირე, მაგრამ მავნე ზემოქმედების შედეგად შესაძლოა პატარას განუვითარდეს რომელიმე ორგანოს/ორგანოების დეფექტი. ამიტომ ორსულმა ქალმა ამ პერიოდში განსაკუთრებით უნდა „დაიცვას თავი“ მავნე ჩვევებისგან, ვირუსული ინფექციების შესაძლო კერებში ყოფნისგან და წამლების მიღებისაგან. ორსული ქალის საკვერცხეში ე.წ. ყვითელი სხეული, საიდანაც წარმოიქმნა კვერცხუჯრედი, აგრძელებს ფუნქციონირებას -ჰორმონის პროგესტერონის გამომუშავებას. პროგესტერონს ორსულობის ჰორმონს უწოდებენ, რადგან მისი „წყალობით“ მიმდინარეობს ორსულობის პროცესი გართულებების გარეშე და ხდება სხვა ორსულობის „მხარდამჭერი“ ჰორმონების გამომუშავება.

ცვლილებები ქალის ორგანიზმში

ორსულობის გინეკოლოგიურ მე-5 კვირას სუბიექტურად და ობიექტურად უკვე სრულფასოვნად დიაგნოსტირდება ორსულობა. გამოხატულია ორსულობის დამახასიათებელი ნიშნები თუ შეგრძნებები და კლინიკური კვლევებითა და ორსულობის ტესტით 100%-ით შესაძლებელია ორსულობის დადასტურება.

ამ ვადაზე ყველაზე თვალსაჩინო ნიშანია ამენორეა ანუ მენსტრუაციის გადაცდენა (არმოსვლა), მას ფიზიოლოგიურ ამენორეას უწოდებენ;

ამ კვირაში ქორიონული გონადოტროპინის კონცენტრაცია ორსული ქალის სისხლში და შარდში ისეთ ნიშნულს აღწევს, რომ როგორც ლაბორატორიული კვლევით (ორსულის სისხლის ანალიზით), ასევე სახლში გასაკეთებელი ორსულობის ტესტის (შარდის ანალიზით) საშუალებით ზუსტად დგინდება გვაქვს თუ არა სახეზე ორსულობა.
ტესტის შეცდომით-დადებითი პასუხი არ არსებობს, რადგან ტესტის მეორე ხაზს აწითლებს მხოლოდ ერთი ნივთიერება - ჰორმონი ქორიონული გონადოტროპინი, რომელსაც ექსკლუზიურად ჩანასახის უჯრედები გამოიმუშავებენ. თუ არ მოხდა განაყოფიერება და არ განვითარდა ჩანასახი, ეს ჰორმონი ქალის ორგანიზმში უბრალოდ არ იარსებებს. შესაძლოა ორსულობის ტესტის ჩატარების ინსტრუქციის ზუსტი დაუცველობის ან ტესტის უხარისხობის გამო ტესტის პასუხი არასწორად უარყოფითი აღმოჩნდეს, ამიტომ ამენორეის, ორსულობის სუბიექტური ნიშნების არსებობის შემთხვევაში, თუ 3-ჯერადად ჩატარებული ტესტი კვლავ უარყოფით პასუხს გვაჩვენებს, საჭიროა მივმართოთ ლაბორატორიას და ჩავიტაროთ სისხლის ანალიზი ქორიონული გონადოტროპინის კონცენტრაციაზე, ეს იქნება კითხვაზე - ვართ თუ არა ორსულად? - ზუსტი პასუხი.

ორსულობის ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში საჭიროა ექიმ-გინეკოლოგთან ვიზიტის რაც შეიძლება სწრაფად დანიშვნა, თავად ექიმი გამოგვიწერს ჩასატარებელ ანალიზებს და კვლევებს, მათ შორის აუცილებელ პირველ ექოსკოპიურ კვლევას. ამ კვირაზე ექოსკოპიურად დასტურდება ორსულობა, შესაძლებელია მაღალმგრძნობიარე აპარატით ემბრიონის დათვალიერებაც, მაგრამ ყველაზე მთავარია საშვილოსნოსგარე ორსულობის გამორიცხვა, ესაა ამ ვადაზე ექოსკოპიური დიაგნოსტიკის მთავარი ამოცანა.

ორსული ქალის სუბიექტური შეგრძნებები ამ კვირაში მძაფრდება - გუნება-განწყობილების ცვლილებები უკვე იპოქონდრიაში გადადის, ჩნდება თავის ტკივილები და ღამის უძილობა, ძლიერდება სისუსტე და დღის ძილიანობა, მადა ან ძალიან მცირდება ან იმატებს, მისი „თავისებური“ მოთხოვნები ხანდახან ფანტაზიის სფეროსაც სცდება, სუნების მიმართ გამძაფრებული რეაქციები ყოველდღიური მოვლენა ხდება, იმატებს ნერწყვდენა.

თუ მიმდინარე ორსულობაზე ქალს აქვს ორსულთა ტოქსიკოზი, ამ კვირაზე იწყება დილის გულისრევა და ღებინება, რომელიც არაა დაკავშირებული საკვების მიღებასთან, არ ახლავს თან სიცხე ან ინფექციური ტოქსიკოზი, ატარებს რეგულარულ, ყოველდღიურ ხასიათს. თუმცა თუ ტოქსიკოზი არ ვითარდება, ყოველდღიური გულისრევა/ღებინება ორსულ ქალს არ აღენიშნება. თუ ტოქსიკოზი მსუბუქია, მხოლოდ გულისრევის შეგრძნებას გრძნობს ორსული, რაც უფრო ძლიერდება ტოქსიკოზი, მით უფრო ძლიერდება გულისრევის შეგრძნება და რეგულარული ხდება ღებინება. ყოველდღიური ღებინების დროს ორსულ ქალს სჭირდება სასწრაფო კონსულტაცია ექიმ-გინეკოლოგთან, რადგან ამ დროს განვითარებული სითხის დანაკარგები და საკვები ნივთიერებების დეფიციტი საფრთხეს უქმნის ნაყოფს, ამიტომ ექიმის დანიშნულებით ორსულისთვის ჩატარდება სითხის და საკვები ნივთიერებების ალტერნატიული გზებით შევსების პროცედურები.

მკერდის ანუ სარძევე ჯირკვლების ცვლილებები, განსაკუთრებით ზომაში მატება, იმდენად თვალსაჩინოა, რომ ობიექტურადაც დასტურდება, მაგალითად უკვე ნახევარი ან ერთი ზომით დიდი ბიუსგალტერის ჩაცმა ხდება საჭირო. ამ პერიოდში ქალი „ელოდება“ მენსტრუაციას, შესაძლოა გრძნობს მუცლის „დაქაჩვას“, ტკივილს, სიმძიმეს, მაგრამ ეს სიმპტომატიკა პრედმენსტრუალური სინდრომის გარდა ორსულობის დასაწყისსაც ახასიათებს, რადგან საშვილოსნოს კედელში ინტეგრირებულ ჩანასახთან ერთად იზრდება საშვილოსნოს ლორწოვანი შრე და მთლიანად საშვილოსნო, ესაა მუცელში განვითარებული „დისკომფორტის“ წინაპირობა.

შესაძლოა ამ ვადაზე მცირე სისხლიანი გამონადენიც აღინიშნოს, ეს ე.წ. ცრუ მენსტრუაციაა, რაც ჩანასახის დედის საშვილოსნოს ლორწოვანში იმპლანტაციის და შემდგომში სისხლძარღვოვანი ლაკუნების ჩამოყალიბების პროცესის თანმხლები მოვლენაა. ამ დროს სასურველია ექიმ-გინეკოლოგთან კონსულტაცია, რადგან ხშირად მცირე სისხლიანი გამონადენი მიუთითებს პროგესტერონის (ორსულობის შემანარჩუნებელი ჰორმონის) ნაკლებობაზე და საჭიროა მისი დამატებით მიღება აბების სახით. მაგრამ თუ სახეზეა უხვი სისხლდენა, ეს უკვე ორსულობის შეწყვეტის ერთ-ერთი ნიშანია, რომლის დროსაც დაუყოვნებლივაა ნაჩვენები ექიმ-გინეკოლოგთან კონსულტაცია.

ორსულ ქალებში ამ კვირაში იმატებს სასქესო ორგანოებიდან გამონადენის მოცულობა, მაგრამ მისი შემადგენლობა ან ლორწოვანი ან ოდნავ მოთეთროა. თუ გამონადენი მოყვითალო, მომკვრივო ხასიათისაა, თან ახლავს ქავილი, გარეთა სასქესო ორგანოების შეწითლება - ეს სასქესო ორგანოების ინფექციის ნიშნებია, რისი არსებობაც ორსულობასთან „შეუთავსებელია“ და საშიშია, ამიტომ საჭიროა ექიმ-გინეკოლოგთან სწრაფი ვიზიტი, ინფექციის სახეობის დასადგენად დეტალური კვლევა და შესაბამისი თერაპიის ჩატარება.

© 2015 ყველა უფლება დაცულია