Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 2

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 2

ორსულობის გინეკოლოგიური მე-2 კვირის განმავლობაში 1 კვირაში დაწყებული ფოლიკულის მომწიფების პროცესი მთავრდება ოვულაციით და დგება დრო, როცა დაორსულების ალბათობა ყველაზე მაღალია. სწორედ ამ კვირის ბოლოს და შემდეგი კვირის დასაწყისში გადაწყდება ამ მენსტრუალური ციკლის „მთავარი გმირის“ - კვერცხუჯრედის ბედი - ან მოხდება მისი განაყოფიერება/დადგება ორსულობა ან ეს სამყაროს სასწაული „გადაიდება“ შემდეგ მენსტრუალურ ციკლამდე.


მე-2 კვირის ბოლოს (მენსტრუალური ციკლის მე-12 დღეს, რომლის ათვლის წერტილი მენსტრუალური სისხლდენის დაწყების 1 დღეა) ხდება სრულად მომწიფებული ფოლიკულის გახეთქვა და ასევე მომწიფებული კვერცხუჯრედის გამოსროლა მუცლის ღრუში. სწორედ ამ პროცესს ეძახიან ოვულაციას. ამ მომენტში ფოლიკულის დიამეტრი 2 სმ-ია. ფოლიკულის გახეთქვა ხდება მის შიგნით არსებული სითხის წნევის მომატების და ჰიპოფიზის მიერ გამოყოფილი ჰორმონის - მალუთეინიზირებელი ჰორმონის - მოქმედების შედეგად.

გამოსროლილ კვერცხუჯრედს „იჭერს“ საშვილოსნოს ე.წ ფალოპის მილების ბოლოში არსებული ფიმბრიები (ცილიარული ანუ „მოციმციმე“ უჯრედები, რომლებიც ირხევა საშვილოსნოს მიმართულებით), ამის შემდეგ კვერცხუჯრედი მილების კუნთოვანი შრის შეკუმშვის შედეგად იწყებს მოძრაობას, გადაადგილდება საშვილოსნოს ღრუს მიმართულებით. ფალოპის მილის შუა მონაკვეთი შედარებით გრძელი და თხელკედლიანია, ჰქვია ამპულა, სწორედ ამპულაში დაჰყოფს კვერცხუჯრედი თავისი „ზრდასრული ცხოვრების“ ყველაზე გრძელ პერიოდს და აქაა მისი განაყოფიერების ყველაზე დიდი „შანსი“.

მამაკაცის სასქესო უჯრედი - სპერმატოზოიდი - გამოირჩევა ძალიან მაღალი მოძრაობის უნარით, მას ამისთვის აქვს ე.წ. კუდი, რომლის რხევის შედეგად ის აღმავალი მიმართულებით მიემართება ჯერ საშვილოსნოს ყელში, შემდეგ საშვილოსნოს კედლის გასწვრივ, საიდანაც ხვდება საშვილოსნოს მილში. ამ გზაზე სპერმატოზოიდების დიდი ნაწილი იღუპება, მაგრამ ჯანმრთელი სპერმის შემთხვევაში 400-500 სპერმატოზოიდი მაინც აღწევს ამპულას, სადაც მათ ელოდება კვერცხუჯრედი.

ამპულაში მოხვედრის შემდეგ სპერმატოზოიდები გამოყოფენ ფერმენტებს, რისი საშუალებითაც იწყება კვერცხუჯრედის დამცავი ლორწოვანი გარსის დაშლა. გარსის სრული დარღვევის შემდეგ ერთი სპერმატოზოიდი, რომელიც მამის ნახევარ გენეტიკურ ინფორმაციას - 23 ქრომოსომას - ატარებს, შეაღწევს კვერცხუჯრედის შიგნით, მათი გენეტიკური მასალა გაერთიანდება და წარმოიქმნება სრულფასოვანი მთლიანი უჯრედი - ზიგოტა - მომავალი პატარას პირველსაწყისი. აღსანიშნავია, რომ ერთი სპერმატოზოიდის შეღწევის შემდეგ კვერცხუჯრედის გარსი იკუმშება და სხვა სპერმატოზოიდს აღარ აქვს შესაძლებლობა შეაღწიოს კვერცხუჯრედის შიგნით.

ზიგოტა ორივე მშობლის გენეტიკურ მასალას აერთიანებს, თანაც შეიცავს მათ თანაბრად. ერთადერთი ფუნდამენტური სხვაობა სასქესო ქრომოსომაშია. ყველა ბავშვს ქალისგან მხოლოდ X ქრომოსომა შეიძლება გადაეცეს, რადგან ქალის გენეტიკური წყობა ორ X ქრომოსომას მოიცავს ანუ ის მხოლოდ XX-ია. მამაკაცი ორ სხვადასხვა ქრომოსომას ატარებს - ერთ X-ს, მეორე Y-ს. ეს მისი ერთადერთი Y ქრომოსომა განაპირობებს მამაკაცის სქესს. სპერმატოზოიდების წარმოქმნისას სასქესო ქრომოსომა წყვილად აღარ გვხვდება, ერთეულად იხლიჩება, ამიტომ ზოგიერთ სპერმატოზოიდში მამისეული X ქრომოსომა გადანაწილდება, ზოგიერთში - Y. ზიგოტის წარმოქმნისას თუ კვერცხუჯრედში Y-ქრომოსომიანი სპერმატოზოიდი შეაღწევს, მაშინ ბავშვი მამაკაცი იქნება, თუ X ქრომოსომიანი - ქალი. მაშასადამე მომავალი ბავშვის გენეტიკური სქესი განაყოფიერების მომენტშივე ისაზღრება.

კვერცხუჯრედი ამპულაში მხოლოდ 24 საათს ცოცხლობს, სპერმატოზოიდების სიცოხცლის ხანგრძლივობა კი 3-5 დღეა, ამიტომ დაორსულების შანსი ოვულაციამდე 2-3 დღით ადრეც არსებობს, რადგან სპერმატოზოიდებს შეუძლიათ „დაუცადონ“ კვერცხუჯრედს საშვილოსნოს მილებში. ოვულაციიდან 24 საათში კვერცხუჯრედი იღუპება, რითიც ანულირდება მოცემულ მენსტრუალურ ციკლში დაორსულების შესაძლებლობა.

Y-ქრომოსომიანი სპერმატოზოიდები უფრო სწრაფები არიან, მაგრამ ცოცხლობენ შედარებით მცირე ხანს, როდესაც X-ქრომოსომიანი სპერმატოზოიდები უფრო ნელა მოძრაობენ, მაგრამ უფრო ხანგრძლივად ცოცხლობენ, ამიტომ სქესობრივი აქტის დამთხვევა ოვულაციის დღეს აძლიერებს მამრობითი სქესის პატარას დაბადების შანსს, ხოლო სქესობრივი აქტი ოვულაციამდე 2-3 დღით ადრე ზრდის მდედრობითი სქესის პატარას ჩასახვის ალბათობას.

ოვულაციის თარიღის გამოთვლა თითქმის ზუსტად ხდება რეგულარული 28-დღიანი ციკლის მქონე ქალებში და ის მე-12-16 დღის პერიოდში მერყეობს. თუ ქალს აქვს შედარებით მოკლე, 21 დღიანი ციკლი, მაშინ ოვულაცია უფრო ადრე, მე-9-11 დღეს ხდება, ძალიან ხარგრძლივი 34 დღიანი ციკლის შემთხვევაში კი ოვულაციის თარიღი შესაძლოა ციკლის მე-17 დღეც იყოს. არარეგულარული ციკლის მქონე ქალებში ძალიან რთულია ოვულაციის შედარებით ზუსტი თარიღის პროგნოზირება და ითვლება, რომ ოვულაცია ციკლის მეორე კვირის შუა რიცხვებიდან მესამე კვირის ბოლომდე პერიოდში ხდება.

ცვლილებები ქალის ორგანიზმში

მე-2 კვირის განმავლობაში ორსულობა ჯერ არ დგება, ამიტომ ქალის ორგანიზმში ცვლილებები განსაკუთრებული და შესამჩნევი არ არის, თუმცა მზარდი ესტროგენის კონცენტრაცია განაპირობებს ქალის ე.წ. „გალამაზებას“ - გუნება-განწყობა ამაღლებულია, ოვულაციის მომენტისთვის ხდება მკერდის გაზრდა-გამკვრივება, მადის მომატება, იზრდება ქალის სქესობრივი ლტოლვა.

© 2015 ყველა უფლება დაცულია