Orsuli.ge - ორსულობის დაგეგმვა

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ორსულობის დაგეგმვა

ორსულობის დაგეგმვა პროცესია, რომლის დროსაც წყვილი ემზადება ჯანმრთელი პატარას ჩასახვისთვის. იგი მოიცავს ბავშვის ყოლის გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას, მომავალი დედის ორგანიზმის სრულყოფილ გამოკვლევას (თუ საჭიროა მომავალი მამისაც), მისი (მათი) დაავადებების გამოვლენას და მკურნალობას, რათა არც ერთმა ხელისშემშლელმა ფაქტორმა არ დააყენოს ეჭვქვეშ მომავალი ბავშვის ჯანმრთელობა.

ორსულობა და მშობიარობა ქალის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვაა, რომელიც მოქმედებს მის ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ორგანოზე. „ორმაგად მუშაობს“ გული, თირკმელები, ღვიძლი, იზრდება ნერვული, იმუნური და ენდოკრინული სისტემის „პასუხისმგებლობა“. ამიტომ ორსულობისთვის მზადება სასურველია დაიწყოს მოსალოდნელ ჩასახვამდე 2-3 თვით ადრე.

ორსულობის დაგეგმვის ორგანიზაციული მხარიდან პირველი ნაბიჯია შესაბამის სპეციალისტებთან კონსულტაციაზე მისვლა, ესენია: გინეკოლოგი (პირველ რიგში), ენდოკრინოლოგი, თერაპევტი (ჩვენს ქვეყანაში ოჯახის ექიმი). მათთან კონსულტაციის დროს უხშირესად ინიშნება ანალიზები ნივთიერებათა ცვლის მდგომარეობის, ქრონიკული ინფექციების და ჰორმონული სტატუსის გამოსავლენად; ასევე მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპიური კვლევა.

ამავდროულად არაფერია საგანგაშო იმაში, თუ ორსულობა დაუგეგმავად „შედგა“. პირველი 10 დღის განმავლობაში ჩანასახი ჯერ არ მიმაგრებია დედის საშვილოსნოს კედელს, შესაბამისად მის სისხლის მიმოქცევას - ამიტომ თუ ქალი ამ პერიოდში იღებდა ტოქსიურ ნივთიერებებს (წამლებს, ალკოჰოლს, ნიკოტინს და ა.შ.), ეს ნივთიერებები ვერ მოხვდებოდა ბავშვის ორგანიზმში.

ორსულობა კი ძირითადად „გამოაშკარავდება“ ხოლმე ამ პერიოდისთვის. ორსულობის ფაქტის „აღმოჩენის“ შემდეგ დედამ ორსულობის დაგეგმვის დროს გაწერილი ყველა პროცედურა - სპეციალისტებთან კონსულტაციები და გამოკვლევები - უფრო დაჩქარებული ტემპით უნდა ჩაიტაროს.



ხშირად დასმული კითხვები

  • რამდენი ხნით ადრე უნდა დაიწყოს ქალმა ორსულობის დაგეგმვა?

    ორსულობის დაგეგმვისათვის საკმარისია 2-3 თვიანი მოსამზადებელი პერიოდი. ამ პერიოდის განმავლობაში გამოკვლეულ იქნება ქალის რეპროდუქციული სისტემა, გამოვლენილი დაავადებების (ძირითადად ინფექციური პროცესები და ჰორმონული დისბალანსი) მკურნალობა მოესწრება, დაინიშნება ფოლიუმის მჟავას საპროფილაქტიკო დოზა - 400 მკგ/დღეში, მომავალ დედას და მამას გაეწევა რეკომენდაცია თავი შეიკავონ ტოქსიური ნაერთების (თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, კონტრაცეპტიული საშუალებების) მიღებისგან.

  • როგორ რისკებს შეიცავს დაუგეგმავი ორსულობა?

    ორსულობა შემთხვევათა 75%-ში დაუგეგმავად დგება. თუ მომავალი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაორსულებამდე პრაქტიკულად ჯანმრთელად შეფასდება, დაუგეგმავი ორსულობა რისკებს არ შეიცავს. რისკები იზრდება, თუ: ქალი განაგრძობს კონტრაცეპტივების ან სხვა მედიკამენტების მიღებას, აქვს წონის დეფიციტი/სიჭარბე, უვლინდება რეპროდუქციული ორგანოების მწვავე ინფექციური პროცესი ან ენდოკრინული სისტემის დაავადებები (ჰორმონული დისბალანსი).

  • რა უნდა გააკეთოს ქალმა, თუ ის დაუგეგმავად დაორსულდა?

    დაუგეგმავად დაორსულების შემთხვევაში ქალმა პირველ რიგში უნდა შეწყვიტოს ყველა მედიკამენტის მიღება - განსაკუთრებით კონტრაცეპტივების და ანტიბიოტიკების, ძალიან სწრაფად გაიაროს ექიმ-გინეკოლოგთან კონსულტაცია, ჩაიტაროს ექიმის მიერ დანიშნული ანალიზები და კვლევები, დაიწყოს ფოლის მჟავას მიღება დოზით 800 მკგ/დღეში.

  • შეიძლება თუ არა ქალმა დამოუკიდებლად დაგეგმოს ორსულობა?

    ქალს დამოუკიდებლად შეუძლია გამოითვალოს საკუთარი ოვულაციის დღეები, დაიწყოს ფოლის მჟავას მიღება, შეწყვიტოს მედიკამენტების მიღება, მაგრამ ექიმ-გინეკოლოგთან კონსულტაციის გარეშე ის ვერ გააკონტროლებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას, რადგან შესაძლოა რეპროდუქციული და ენდოკრინული სისტემის დაავადებები უსიმპტომოთაც მიმდინარეობდეს. თუ ექიმთან კონსულტაციები და მკურნალობის პროცესი ქალს დაგეგმვამდე 6 თვით ადრე პერიოდში აქვს ჩატარებული, ამ ორსულობის დაგეგმვისთვის საჭიროა ხელმეორე კონსულტაცია.

© 2015 ყველა უფლება დაცულია