Orsuli.ge - გამონადენი ორსულობისას

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
გამონადენი ორსულობისას

ორსულობის დროს სასქესო გზებიდან განვითარებული გამონადენის გამომწვევი ზოგიერთი, ყველაზე გავრცელებული მიზეზი:

√ ჰორმონული აქტივობის მატება;

√ საშოს ლორწოვანში განვითარებული ინფექციური პროცესი;

√ საშოს ლორწოვანის არაინფექციური გაღიზიანება;

√ ცერვიკალური ეროზია (საშვილოსნოს ყელის ეროზია).

ჰორმონული აქტივობის მატება

ორსულობის დროს ქალებში ხშირად აღინიშნება პროცესი, რომელსაც მოიხსენიებენ როგორც საშოს „განმტვირთვა-ს“ და ის  გამოიხატება გამონადენის გამოჩენით/გაძლიერებით. ეს სავსებით ნორმალური ფიზიოლოგიური მოვლენაა, რომელსაც საფუძვლად ძირითადად უდევს ჰორმონული აქტივობის მატება.

ამ დროს გამონადენი მოთეთრო, ლორწოვანია და არავითარ შემთხვევაში არ ახასიათებს მკვეთრი სუნი.

ასეთი ტიპის გამონადენს მკურნალობა არ სჭირდება, გამონადენისგან შექმნილი დისკომფორტის დასაძლევად შესაძლოა გამოყენებულ იქნას ანტისეპტიკური ყოველდღიური საფენები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტამპონების ხმარება და გამორეცხვების ჩატარება.

ინფექციური პროცესი

ორსულობის დროს განვითარებული ორი ყველაზე ხშირი ინფექციური პროცესია:

სოკოვანი ინფექცია ე.წ. კანდიდოზი (რძიანა) და ბაქტერიული ვაგინოზი.

გამონადენს ამ დროს გამორჩეულად ახასიათებს მკვეთრი სუნი და ის იწვევს გარეთა სასქესო ორგანოების გაღიზიანებას, რაც გამოიხატება ქავილის, წვის, შეშუპების სახით. „ეჭვმიტანილი“ ინფექციური პროცესი ხდება დადასტურებული მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარდება საშოს ნაცხის ანალიზი და „გამოაშკარავდება“ კონკრეტული გამომწვევი.

კანდდოზ

კანდიდოზს ძალიან დამახასიათებელი გამონადენი აქვს - თეთრი, ხაჭოსებრი, ლუდის სუნის მსგავსი. ეს ინფექცია ხშირად „ბუდობს“ ორგანიზმში, მაგრამ არააქტიურ მდგომარეობაშია, გარკვეულ ხელიშმეწყობ გარემო პირობებში კი, მათ შორის ორსულობის დროს, ის აქტიურდება და ვლინდება კლინიკურად.

მკურნალობის თვალსაზრისით ეს ინფექციური პროცესი საკმაოდ კარგად ემორჩილება სამკურნალწამლო საშუალებებს, მაგრამ ორსულობის დროს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება შეზღუდულია, ამიტომ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ხალხური, საოჯახო მეთოდები, როგორიცაა მაწონით დაფარული საფენების ხმარება. მაწონის მჟავე არე და იქ არსებული ლაქტობაქტერიები ქმნიან ადგილობრივად იმგვარ არეს, სადაც იღუპება ეს სპოროვანი ინფექცია. ასევე რეკომენდებულია კვების რაციონში შაქრის შეზღუდვაც, რადგან გლუკოზა განსაკუთრებით უწყობს ხელს ამ სპოროვანი ინფექციის გამრავლებას.

ანტიმიკოზური (სოკოს საწინააღმდეგო) ფარმაკოლოგიური საშუალებებიდან:

კლოტრიმაზოლი - არ არის ტესტირებული უვნებლობაზე ორსულ ქალებში, ამიტომ მისი გამოყენება არარეკომენდებულია;

ნისტატინი - არსებობს გამოცდილება ორსულებში მისი უსაფრთხო გამოყენების;

ფლუკონაზოლი - ჩატარებულია ტესტები ორსულ ცხოველებზე, მაგრამ მისი ადამიანებში უსაფრთხოების დადასტურება ჯერ არ მომხდარა, ამიტომ ნაყოფზე ტოქსიური გავლენის რისკის გამო არ გამოიყენება ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში.

! არცერთი ანტიმიკოზური პრეპარატი არ შეიძლება მიღებულ იქნას ორსულის მიერ თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე.
ბაქტერულ ვაგნოზ

ეს ინფექციური პროცესი დაკავშირებულია საშოში არსებული მიკროფლორის ბალანსის დარღვევასთან და ხასიათდება უხვი, წყლისებური გამონადენით, რომელსაც აქვს მკვეთრი სუნი.

ინფექციური პროცესის სიმწვავიდან გამომდინარე გინეკოლოგი წყვეტს შედარებით უვნებელი, ორსულობის დროს დანიშვნადი ანტიბიოტიკის გამოყენების  საკითხს, თუმცა ანტიბიოტიკოთერაპიის ნაყოფზე ტოქსიური ეფექტების რისკებიდან გამომდინარე, ეს უკიდურესი გადაწყვეტილებაა.

სხვა ნფექცებ

ტრიქომონიაზი - სქესობრივი კავშირის დროს გადადის პარტნიორზე, ახასიათებს მომწვანო-მოყვითალო გამონადენი ძალიან მკვეთრი სუნით. ინფექცია იკურნება მხოლოდ ანტიბიოტიკოთერაპიით.

ქლამიდიოზი - ესეც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, ახასიათებს გამონადენი სისხლის მინარევებით, მკვეთრი წვის შეგრძნება.

არაინფექციური ანთებითი პროცესი

არაინფექციური ვაგინიტი უკავშირდება ჰიგიენური პროცედურების დარღვევას და საცვლებზე და ჰიგიენურ საშუალებებზე ალერგიული ტიპის რეაქციების განვითარებას. ხშირად ის ვითარდება არომატიზირებული საპნის, ხელოვნური თეთრეულის, კოლგოტკების (რომლებიც ზრდიან ოფლიანობას) ხმარებისას, ასევე შესაძლოა განვითარდეს მომატებული სექსუალური აქტივობის დროს.

ამ დროს გამონადენი ჩნდება პერიოდულად, მცირე უფეროდან დაწყებული უხვ-წყლისებურამდე, თუ არ დაერთვება თან ინფექციური პროცესი, მას არ ახასიათებს მკვეთრი სუნი.

მისი საპროფილაქტიკო ღონისძიებებია:

ბუნებრივი, ბამბის თეთრეულის ხმარება;

აქტიური ჰიგიენური ღონისძიებები (დღეში მინიმუმ ორჯერ ქვედა სასქესო გზების ჩაბანა);

ძალიან მოტკეცილი ქვედა ტანსაცლის ხმარებისგან თავის შეკავება

სურნელოვანი, სპირტის შემცველი  ჰიგიენური საშუალებებისაგან თავის შეკავება.

ცერვიკალური ეროზია

საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსი ორსულობის დროს განსაკუთრებით გასქელებულია და გამოყოფილი ბლანტი ლორწო წარმოქმნის „საცობს“, რათა დაცულ იქნას საშვილოსნო და ნაყოფი ე.წ. „აღმავალი“ ინფექციებისგან.

თუ ანთებითი კერა ლოკალიზდება საშვილოსნოს ყელის არეში, ჩამოიფცქვნება რა საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი ნაფლეთების სახით, ჩნდება ლორწოვანზე ეროზიული კერები, საიდანაც შესაძლოა სისხლძარღვების გახლეჩის გამო მცირე სისხლდენა განვითარდეს.

ამიტომ ცერვიკალურ ეროზიას ახასიათებს ლორწოვანი, შესქელებული გამონადენი სისხლის მცირე შენარევით. ლორწოვანის ჩამოფცქვნა ძლიერდება მშობიარობის მოახლოვებასთან ერთად, რაც ამ დროს ყელის მოდუნებას და გახსნის პროცესის დაწყებას უკავშირდება.

ცალკე თემაა ორსულობის დროს განვითარებული სისხლიანი გამონადენი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ ჯდება ფიზიოლოგიურ ფარგლებში. თუ აქამდე აღწერილი გამონადენის დროს სასურველია ექიმ-გინეკოლოგთან კონსულტაცია და მკურნალობა კონსერვატიულია (შემოიფარგლება ჰიგიენურ-საპროფილაქტიკო და ზოგიერთი სამკურნალწამლო საშუალების დანიშვნით), სისხლიანი გამონადენის გამოჩენისას საჭიროა დაუყოვნებლივ კონსულტაცია ექიმთან და უფრო ეფექტური ჩარევა, რადგან სისხლიანი გამონადენი ორსულობის პათოლოგიის დაწყების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოვლინებაა.

სისხლიანი გამონადენის მიზეზთა კლასიფიკატორში მნიშვნელოვანია რა ვადაზე ვითარდება ეს სისხლდენა.

ორსულობის ადრეულ ვადაზე, პირველ ტრიმესტრში, განვითარებული სისხლდენები ყველაზე ხშირად უკავშირდება:

იმპლანტაციის თანმდევ სისხლდენა .. ცრუ მენსტრუაცია-ს

ეს სიხლდენა ემთხვევა მოსალოდნელი მენსტრუაციის ვადას, განსხვავდება მენსტრუალური სისხლდენისგან მცირე მოცულობით და უფრო ბლანტი კონსისტენციით. სისხლდენის განვითარება კავშირდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ინპლანტაციას საშვილოსნოს ლორწოვან გარსში, გრძელდება 5-7 დღე.

სისხლდენა, რომელიც გამოწვეულია ადრეული აბორტის ან საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარებით.

ორსულობის ადრეული შეწყვეტის და სპონტანური აბორტის დროს ვითარდება სისხლდენა, რომელიც ხასიათდება უხვი, ალისფერი გამონადენით, შესაძლოა საშვილოსნოს ლორწოვანის ნაფლეთების გამოჩენაც, მას თან ერთვის მუცლის არეში ძლიერი ტკივილი.

ყველაზე საშიში პერიოდი სპონანური აბორტის განვითარებისთვის განაყოფიერების შემდგომი პერიოდია, განაყოფიერებული კვერცხუჯრედების 50% განაყოფიერებისთანავე იღუპება, რადგან არ აქვს უნარი სწორად ინპლანტირდეს საშვილოსნოში. ყველაზე კრიტიკულად ითვლება ორსულობის პირველი 12 კვირა.

საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ვერ აღწევს საშვილოსნოს და იმპლანტირდება ფალოპის ლულაში. ეს სიტუაცია ყოველთვის მთავრდება სისხლდენით, რადგან შედეგი ყოველთვის ორსულობის შეწყვეტაა. 

ორსულობის გვიანი პერიოდის სისხლდენების დროს სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი ძირითადად გამოჩნდება ორსულობის 28 კვირის შემდეგ, ორსულობის 32 კვირის შემდგომ გამოჩენილი სისხლდენა ითვლება მშობიარობისწინა სისხლდენად და უხშირესად უკავშირდება სამშობიარო მოქმედების დაწყებას და ამ დროს განვითარებულ პათოლოგიებს.

ორსულობის გვიანი სისხლდენები ძრითადად გამოწვეულია ორსულობის შემდეგი გართულებებით:

პლაცენტის წინამდებარეობა - პლაცენტა მიმაგრებულია საშვილოსნოს ქვედა კიდეში, საშვილოსნოს ყელთან და ბლოკავს საშვილოსნოს ყელში შესასვლელს, რის შედეგადაც მისი ქსოვილი ზიანდება და იწვევს სისხლდენას. ეს გართულება ძალიან ხშირად ვითარდება ორსულობამდე ჩატარებული ხშირი აბორტების და საკეისრო კვეთის შემდგომ ლორწოვან გარსზე დარჩენილი ნაწიბურების შედეგად.

პლაცენტის აშრევება - საშვილოსნოს ლორწოვანთან მიმაგრებული პლაცენტის უბანი მექანიკურად განცალკევდება (აშრევდება), ამ დროს საშვილოსნოს ლორწოვანის სისხლძარღვები, რომლებთანაც მჭიდროდ იყო ინტეგრირებული პლაცენტის სისხლძარღვები, იხლიჩება და წარმოიქმნება სისხლმდენი უბანი.

თუ პლაცენტის აშრევება ცენტრისკენა უბნებში ხდება, სისხლი ჩაიღვრება და შედედდება საშვილოსნოს კედელსა და პლაცენტას შორის (ეს ექოსკოპიურად ჩანს, როგორც ჰემორაგიული უბანი), რაც შესაძლოა სისხლიანი გამონადენის სახით გამოვლინდეს. თუ აშრევება კიდეებისკენ უბანზე ხდება, ჩაღვრილი სისხლი პირდაპირ გამოდის გარეთ და გამოიხატება სისხლდენა ქვედა სასქესო გზებიდან.

ადრეული სისხლიანი გამონადენის შემთხვევათა 80% ორსულობის მიმდინარეობას საფრთხე არ ემუქრება, მცირედ შეფერილი გამონადენი პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა მისი გამოჩენიდან მაქსიმუმ 6 დღეში სასურველია ვიზიტი გინეკოლოგთან.

თუ ორსულს უვითარდება სისხლდენა, ეს ნიშანია, რომ დაუყოვნებლივ საჭიროა ვიზიტი ექიმთან და მისი სამშობიაროში გადაყვანა.


© 2015 ყველა უფლება დაცულია