Orsuli.ge - 4 თვის ჩვილი

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
4 თვის ჩვილი

თავისი ცხოვრების მეორე თვიდან წლამდე პერიოდში ბავშვს ჩვილი ჰქვია.

ჩვილობის მეოთხე თვეს პატარა „სტაბილური“ ადამიანი ხდება - მას აქვს ის მინიმალური უნარ-ჩვევები და მისი ორგანიზმი მომწიფებულია იმ დონემდე, რომ მას ახლა ყოველწუთიერი და დატვირთული ყურადღება აღარ სჭირდება, მისი მოვლა ყოველდღიური რუტინა ხდება, რადგან ოთხი თვის ჩვილს აქვს ჩამოყალიბებული დღე-ღამის რეჟიმი და მის ირგვლივ მყოფი ადამიანებიდან ურთიერთობის მთავარი მიმართულება მხოლოდ დედაზე არ კონცენტრირდება (როგორც ამბობენ, “ფსიქოლოგიური ჭიპლარის“ გადაჭრის პროცესი იწყება).

ოთხი თვის ჩვილი კარგად იჭერს თავს, შეუძლია საგნები ერთი ხელითაც აიღოს, ადვილად ბრუნდება ზურგიდან მუცელზე და პირიქით, მუცელზე წოლისას არა მხოლოდ თავით, არამედ გულმკერდითაც წამოიწევა.

ოთხი თვის ჩვილს უყალიბდება „დამოკიდებულება“ ნივთებისადმი: აქვს საყვარელი და არასაყვარელი სათამაშოები, აგრეთვე ახალი სათამაშოები. საყვარელ სათამაშოებთან „ურთიერთობისას“ შესწავლის მაგივრად ის ემოციურად თამაშობს, უღიმის მათ და გადაგდების შემდეგ ისევ ეპოტინება, არასაყვარელ სათამაშოებს ან არ ეპოტინება, ან (უფრო ხშირად) სწრაფად მოისვრის, ახალ სათამაშოებს დიდხანს სწავლობს, ძირითადად დაკვირვებული სახით.

ოთხი თვის ჩვილის ძილის რითმი უკვე სტაბილურია - მას ერთიდაიგივე ჩაძინებისა და გამოღვიძების გრაფიკი აქვს, ძინავს ღამით სტაბილურად 6 საათი, დღის განმავლობაში აქვს 3 ან 4 ძილის ეპიზოდი, რომელიც ასევე დროშია „გაწერილი“ (თუ რაიმე სხვა გამღიზიანებლები, მაგალითად ვირუსით ავადობა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან სხვა, არ ჩაერთვება მის ცხოვრებაში).

ოთხი თვის ჩვილის ადამიანებთან კომუნიკაციის ინტერესი ფართოვდება, მხოლოდ დედაზე აღარ არის ის კონცენტრირებული, მას უჩნდება „ნაცნობი“ და „უცნობი“ ადამიანების მიმართ ემოციები - ნაცნობ ადამიანებს ცნობს სახით და ხმით, უცნობ ადამიანებს შეისწავლის ძირითადად მზერით, ხშირად მათ მიმართ პირველი ემოციები უარყოფითია. ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას ჩვილის ფსიქო-სოციალური განვითარების მხრივ წარმოადგენს კიდევ ერთი უნარის გაჩენა - ჩვილი ცნობს თავის სახელს და მასზე რეაგირებს.

განვითარების მაჩვენებლები

მეოთხე თვეში ჩვილი წონაში საშუალოდ 750 გრამს იმატებს, შესაბამისად ბიჭების წონა მე-4 თვის ბოლოსთვის - 5.45-7.35 კგ ფარგლებში, ხოლო გოგონების - 5.35-7.15 კგ ფარგლებში ვარირებს;

მეოთხე თვეში ჩვილი სიმაღლეში - 3 სმ-ით იზრდება, ბიჭების სიმაღლე - 57.40-64.00 სმ-ს, გოგონების - 58.70 – 64.50 სმ-ს აღწევს.

4 თვის ჩვილის მოძრაობითი აქტივობა მნიშვნელოვნად არ პროგრესირებს წინა თვესთან შედარებით, განსხვავდება გამოიხატება წინა თვეებში შეძენილი მოძრაობითი უნარების გამყარებაში:

ჩვილი უფრო კარგად და სტაბილურად იჭერს თავს, კისრის კუნთების რიგიდობა (დაჭიმულობა) იხსნება, არ  „უვარდება“ პერიოდულად თავი, პირიქით უკვე მუდმივად შუა ხაზზე „გასწორებულად“ უჭირავს იგი. მუცელზე დაწოლილს თავი თითქმის მუდმივად აწეული აქვს, ცდილობს იდაყვებზეც დაეყრდნოს და ასე გაიფართოვოს მხედველობითი არეალი.

ჩვილი უფრო ზუსტი მოძრაობით იღებს ხელში საგნებს, წინა თვესთან შედარებით საგნებს ახლა ერთი ხელითაც იღებს, შეუძლია ხელში მათი დიდხანს გაჩერება და პარალელურად მათზე მზერის კონცენტრირება, საგნების შესწავლა როგორც წესი პირში ჩადების შემდეგ მთავრდება მათი გადაგდებით. ხატოვნად ამ ასაკის ჩვილების მოძრაობითი აქტივობა „გამომართვი-გადააგდე“ ფრაზითაა გამოხატული.

ჩვილს მეოთხე თვეში უკვე აქვს სათამაშოებისადმი (გარშემო არსებული ნივთებისადმი) დამოკიდებულების მოძრაობითი სცენარები:

საყვარელი სათამაშოების და საგნების ყოველ ჯერზე თავიდან შესწავლა მას აღარ სჭირდება, ის გამოხატავს მათდამი ემოციებს (იცინის, გამოსცემს სიხარული ბგერებს, აქტიურად მოძრაობს), როდესაც ხედავს მათ, ხელში იღებს და თამაშობს (შეუძლია აქანქაროს ისინი), ამ ნივთების გადაგდების შემდეგ მათ მრავალჯერ თავიდან ეპოტინება;

ამავდროულად ძალიან ცოტა დროს უთმობს და საერთოდ აიგნორებს არასაყვარელ ნივთებს;

ასევე დიფერენცირდება ახალი ნივთებისადმი დამოკიდებულება - მათ შესწავლას სხვადასხვა ფსიქოტიპის ჩვილები სხვადასხვა დროს უთმობენ -  მოქმედებისკენ მიდრეკილი ფსიქოტიპის მქონე ჩვილები მცირე დროს უთმობენ ერთი საგნის შესწავლას, მალე ბეზრდებათ გარშემომყოფი ნივთები და მოითხოვენ სულ ახალ-ახალ სათამაშოებს, ხოლო უფრო ინფანტილური, განცდებისკენ მიდრეკილი პატარები უბრუნდებიან შესწავლილ საგნებს, ღრმად უკირკიტებენ მათ, ასევე უფრო მეტად კონცენტრირდებიან საკუთარი სხეულის ნაწილების შესწავლაზე, ვიდრე გარშემო მყოფი სამყაროს ნაწილების აღქმაზე.

ოთხი თვის ჩვილი უკვე ბრუნდება ზურგიდან მუცელზე, თან ამას წამებში ასწრებს, ამიტომ მისი მარტო დატოვება ღია ზედაპირზე, როგორიცაა გამოსაცვლელი მაგიდა, დივანი და სხვა, აღარ შეიძლება, მუცლიდან ზურგზე გადაბრუნებას ის უფრო ნელა ახერხებს, თუმცა ხერხემლის კუნთებისა და განსაკუთრებით ხელების კუნთების განვითარების შედეგად, პატარას წრიული მოძრაობები სულ უფრო მოქნილი ხდება, მოძრაობების დიაპაზონს ემატება მუცელზე დაწოლილ მდგომარეობაში ხოხვის დაწყება, რაშიც ძირითადად ხელები იღებს მონაწილეობას (ფეხის კუნთები ჯერ კიდევ განუვითარებელია).

ჩვილის შინაგანი ორგანოები ოთხი თვის პერიოდისთვის საკმაოდ განსხვავდება ახალშობილის შინაგანი ორგანოებისგან:

ორჯერაა გაზრდილი ფილტვის მოცულობა, შესაბამისად ჩვილს 2-ჯერ მეტი ჰაერის ჩასუნთქვა შეუძლია, მისი სუნთქვითი მოძრაობების სიხშირე მცირდება და წუთში - 40-ს შეადგენს.

1.5-ჯერ იმატებს ჩვილის კუჭის მოცულობა, იზრდება ღვიძლი და კუჭქვეშა ჯირკვალი, მატულობს ნაწლავების პერისტალტიკა (რხევითი მოძრაობა, რომლის შედეგადაც ნაწლავებში საკვები და გაზები გადაადგილდება სწორი ნაწლავისკენ), შესაბამისად პატარას  საჭმლის მონელება და გაზების გამოყოფა უფრო აქტიურად შეუძლია განახორციელოს და მას უკვე მშვიდად ძინავს.

ჩვილის გულის ანატომია ახალშობილობის პერიოდის შემდეგ აღარ იცვლება, იზრდება პარკუჭების კუნთების შეკუმშვის ძალა, შესაბამისად გულის რითმი მცირედ მცირდება და შეადგენს - 110-130 დარტყმა/წუთში.

ჩვილის ნერვული სისტემა „ცენტრალიზაციის“ პროცესს იწყებს, თუ აქამდე პატარას მეტად განვითარებული ქონდა ქერქქვეშა ნერვული კვანძები (ამიტომ მისი ყველაზე განვითარებული გრძნობითი ფუნქციები იყო შეხება, გემოს გასინჯვა და ყნოსვა), ახლა მრავალფეროვანი ნეირონთაშორისი დამაკავშირებელი გზების ჩამოყალიბების შედეგად  გრძნობით ფუნქციებს შორის წამყვან როლს იჭერენ თავის ტვინის ქერქის მიერ მართული მხედველობისა და სმენის ცენტრები - ჩვილი არჩევს ყველა სპექტრალურ ფერს, 4-5 ტონის სხვაობით ბგერებს, მაგრამ ყველაზე მთავარი - მას სიტყვების გარჩევა შეუძლია, ცნობს თავის სახელს და სახელის დაძახებაზე რეაგირებს - მზერას მიაპყრობს იმ ადამიანს, რომელიც მის სახელს წარმოთქვამს, აბრუნებს თავსაც, რათა ეს ადამიანი მისი მზერის არეალში კარგად მოახვედროს.

კვება

ოთხი თვის ჩვილის კვების მთავარი რეკომენდაცია უცვლელია - მხოლოდ ძუძუთი კვება გამომუშავებული რეჟიმით. თუ დედის რძე საკმარისია, დამატებითი კვების დაწყება ჯერ სასურველი არ არის, თუ დედის რძე საკმარისი არ არის, შესაბამისად საჭიროა ჯერ დედის რძის გამოყოფის სტიმულირება, წარუმატებლობის შემთხვევაში - შერეულ კვებაზე გადასვლა ანუ რძის შემცვლელების დამატება.

რძის გამოყოფის სტიმულირება მიმდინარეობს პრინციპით - „რაც უფრო მეტს წოვს ბავშვი, მით უფრო მეტი რძე წარმოიქმნება“. რძის პროდუქციას და გამოყოფას ქალის ორგანიზმში გამომუშავებული ჰორმონები, პირველ რიგში ოქსიტოცინი, არეგულირებენ, რომლებიც მხოლოდ ძუძუს დაცლის შემდეგ წარმოიქმნებიან. ე.ი. რაც უფრო მეტს გამოწოვს ბავშვი, შესაბამისად მეტი რძე „ჩადგება ძუძში“. თუმცა შესაძლებელია „მოვატყუოთ“ ორგანიზმი - კვებებს შორის ასეთ „სატყუარას“ წარმოადგენს ძუძუს თავების ხელით დამუშავება (გამოწველვის მსგავსად). რძის ჩადგომას ასევე ხელს უწყობს დადებითი სითხის ბალანსი ანუ დღის მანძილზე 2 ლიტრამდე სითხის მიღება, ეს სითხე შესაძლოა იყოს წყალი, რძე, ჩაი, სუპები, ყველაზე ოპტიმალური - ხილის წვენები, რომლებიც ვიტამინებითაა სავსე. მნიშვნელოვანია მეძუძური დედის განწყობა - თუ დედას აქვს ძლიერი სურვილი ძუძუთი კვებოს პატარა, მაშინ მისი ჰიპოთალამუსი ხელს უწყობს ოქსიტოცინის სინთეზს და შესაბამისად ძუძუს რძით სავსეობას. ბოლოს და ბოლოს შესაძლოა გამოყენებულ იქნას ლაქტაციის მასტიმულირებელი სპეციალური ჩაი, რომელიც აფთიაქებში იყიდება.

თუ სხვადასხვა მიზეზების გამო შერეულ კვებაზე გადასვლა გარდაუვალია, საჭირო ხდება ორი რეკომენდაციის დაცვა: (1) აუცილებელია კარგად განისაზღვროს რამდენი და რომელი ხელოვნური საკვების დამატებაა საჭირო, (2) სასურველია თითეული კვების დროს შერეული კვება დაიწყოს ჯერ ძუძუს „მიცემით“, ხელოვნური რძით კვება კი გაგრძელდეს ძუძუდან რძის მთლიანად გამოწოვის შემდეგ. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ხელოვნური საკვების დამატებისას შესაძლოა განვითარდეს ყაბზობა (კუჭში გასვლის გაძნელება), რაც მიანიშნებს სითხის არასაკმარისი ოდენობით მიღებაზე და საჭირო ხდება ჩვილისთვის სითხის დამატებითი მიცემა კამის წყლის ან კამის ჩაის მეშვეობით.

ოთხი თვის ჩვილი შესაძლოა ღრძილებით უჭერდეს ძუძუს თავებს, რაც დედას ტკივილს აყენებს, როგორც ფსიქოლოგები აღწერენ, ეს მოვლენა ამ ასაკში „ფსიქოლოგიური ჭიპლარის მოსინჯვას“ ემსახურება ანუ ჩვილი ჯერ კიდევ დედას აღიქვამს საკუთარ ნაწილად და ეთამაშება ძუძუს ისევე, როგორც საკუთარ ხელის თითებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დედამ საკუთარი ტკივილის შესახებ „ამცნოს“ პატარას შეხტომის, შეკივლების, გაბრაზების სახით, პატარა მომწიფებულია იმისთვის, რომ აღიქვას მისთვის საყვარელი ადამიანის ტკივილი, შესაბამისად ის პირველად თავის ცხოვრებაში „პასუხისმგებლობის გრძნობას“ ისწავლის.

ამასთანავე, უცვლელი რჩება რეკომენდაცია ამოქაფების ჯერადობისა და საჭიროების შესახებ, ყოველი კვების შემდეგ ისევ აუცილებელია ჩვილის ვერტიკალურ მდგომარეობაში მოთავსება, მართალია ჩვილმა უკვე კარგად ისწავლა წოვა, გაზებსაც ნაკლებად ყლაპავს, თუმცა ჰაერის გარკვეული რაოდენობა მაინც ხვდება მის კუჭში და ეს ჰაერი უნდა გამოიდევნოს ამოქაფებულ რძესთან ერთად.

ძილი

ოთხ თვის ჩვილს დღე-ღამის ძილის გრაფიკი უკვე შედგენილი აქვს, ღამით გადაბმულად ძინავს 6 საათი (თუ არ აწუხებს კოლიკები), დღე აქვს ძილის 3-4 ეპიზოდი, კარგია თუ ეს ეპიზოდები სტაბილურად ერთი და იგივე დროს დაიწყება.

ოთხი თვის ჩვილს შესაძლოა ეძინოს სხვადასხვა პოზებში, თუ ის შერეულ კვებაზე გადადის, უფრო კომფორტულია დღის ძილი მუცელზე, ამ დროს ახალი საკვების მიღებით გამოწვეული კოლიკები ძლიერდება და მუცელზე ძილი ამცირებს ამ დისკომფორტს.

სასურველია ღამის ძილის წინ ჩვილმა მიიღოს დედის რძე, რომელსაც მისი კუჭ-ნაწლავი ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე გადაამუშავებს, შესაბამისად ღამის ძილიც სტაბილური და უდრტვინველი იქნება.

ფსიქო-ემოციური განვითარების თვალსაზრისით ოთხის თვის ჩვილი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, მისი ქცევა და ემოციები სულ უფრო მეტად კონტროლირებადი ხდება:

ოთხი თვის ჩვილის ქცევა რაციონალურია - ქაოტური მოძრაობების მაგივრად მისი მოძრაობები გააზრებულია და ემსახურება გარკვეული მიზნების მიღწევას, ეს იქნება საყვარელი სათამაშოს აღება თუ მხედველობითი არეალის გაფართოვება;

ოთხი თვის ჩვილს უკვე აქვს ინტელექტის ჩანასახები - ის იმახსოვრებს და იმეორებს „უკვე გამოცდილ“ ქცევებს, რომელთა შედეგადაც მან ადრე მიაღწია თავის მიზანს, მაგალითად თუ ხელების გაწვდა საკმარისია იმისთვის, რომ ხელში აიყვანონ, მის საწოლთან მიახლოვებულ ადამიანებს ის ხელებს უწვდის, თუ გაღვიძებისას გარკვეული ბგერების გამოცემის ან ტირილის შედეგად ის იპყრობს ირგვლივ მყოფი ადამიანების ყურადღებას, ყოველი გამოღვიძების შემდეგ იგი ამავე ქცევებს იმეორებს. ამიტომ ეს ასაკი ძალიან ნაყოფიერი ხანაა იმისთვის, რომ პატარას პოზიტიური ქცევები ვასწავლოთ.

ოთხი თვის ჩვილს უკვე აქვს მეტყველების ჩანასახებიც - ის კარგად ღუღუნებს და გამოსცემს ჩამოყალიბებულ ბგერებს და ბგერების კომპლექსს (მაგალითად „აღუ“), ამასთანავე შეუძლია სხვა ადამიანების მიერ წარმოთქმული ზოგიერთი ბგერის იმიტირება (თავისებურად გამეორება). იმიტირების კიდევ ერთი ობიექტი მიმიკური მოძრაობებია - მაგალითად პატარასთან მოთამაშე ადამიანის ღიმილზე ჩვილი რეაგირებს ღიმილით. ამიტომ ამ ასაკში ჩვილთან თამაშის კარგი მეთოდია სხვადასხვა აუდიო და ვიზუალურ სტიმულებზე დაფუძნებული იმიტაციური ურთიერთობა - ყველა იმ საგნის გახმოვანება, რომლებსაც ვიყენებთ პატარას მოვლისას, სათამაშოების მიწვდისას მათი სახელების წარმოთქმა და გახმოვანება, ჩვენი ემოციების გამოხატვა ტრადიციული მიმიკური გრიმასების ჩართვით, შესაძლოა ეს იყოს ტირილი, გაოცება, გაბრაზება, აღფრთოვანება, სიცილი.

ოთხი თვის ჩვილი პირველად აღიქვამს, რომ მას სახელი ჰქვია, რეაგირებს მისი სახელის წარმოთქმაზე ყველა სიტუაციაში, ძლიერი ტირილის დროსაც კი, ამიტომ ამ ასაკში მასთან მიმართვა კარგია თუ ყოველთვის სახელით დაიწყება, ეს მისი „მე“-ს ჩამოყალიბების კარგი სტარტი იქნება.


© 2015 ყველა უფლება დაცულია