Orsuli.ge - 3 თვის ჩვილი

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
3 თვის ჩვილი

თავისი ცხოვრების მეორე თვიდან წლამდე პერიოდში ბავშვს ჩვილი ჰქვია.

ჩვილობის მესამე თვეს პატარა მთლიანად თავისუფლდება ჰიპერტონუსისგან, ის თითქოს „იშლება“ და მისი კუნთები „ძალის მოკრებას“ იწყებს,  სწორედ ამის შედეგად ჩვილს შეუძლია თავის დაჭერა და ხელით მცირე ზომის ნივთებზე არა მხოლოდ მოჭიდება, არამედ მათი მოძრაობაც (თუმცა ასეთი აქტივობები სულ 1-2 წუთი გრძელდება).

სამი თვის ჩვილის ძილის ხანგრძლივობა მკვეთრად იცვლება და ზოგიერთ შემთხვევაში პატარას დღე-ღამეში უკვე 14-16 საათი სძინავს, ღამის ღრმა ძილის ეპიზოდი როგორც წესი მოიცავს 5-6 საათს, დღე რჩება ორი 2-საათიანი ძილის და რამოდენიმე მოკლე (30-40 წუთი) ძილის მონაკვეთები. მცირდება კვებების ჯერადობა - ღამის კვება 1 ან 2-ია (ძირითადად 4-დან 8 საათამდე), დღის კვება კი 5-6. თუ ჩვილი უფრო მეტჯერ ითხოვს კვებას, ეს მის შიმშილს არ უკავშირდება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძუძუთი კვება პატარასთვის დამამშვიდებელი ეფექტის მქონე აქტივობაცაა.

ჩვილის მესამე თვის ბოლოსთვის ვოკალური არსება ხდება, ის თავის ემოციებს გამოხატავს არა მხოლოდ მოძრაობებით, არამედ მათ გახმოვანებასაც იწყებს - მისი ბგერები ძალიან ღარიბია და ხშირად გაურკვეველია, ანბანის რომელი ასოა, თუმცა მთავარი მოვლენა ამ დროს ხმოვანი რეაქციების არსებობაა. ამავე სახის „წინსვლაა“ ჩვილის ხმოვანი სიცილი, აქამდე არსებული ღიმილების ნაცვლად პატარა სიცილს იწყებს, რომელსაც თან ერთვის ხმამაღალი ბგერებიც.

განვითარების მაჩვენებლები

მესამე თვეში ჩვილი წონაში საშუალოდ 800 გრამს იმატებს, შესაბამისად ბიჭების წონა მე-3 თვის ბოლოსთვის - 4.70-6.60 კგ ფარგლებში, ხოლო გოგონების - 4.60-6.40 კგ ფარგლებში ვარირებს;

მესამე თვეში ჩვილი სიმაღლეში - 1.50-3 სმ-ით იზრდება, ბიჭების სიმაღლე - 56.50-62.00 სმ-ს, გოგონების - 54.50-61.00 სმ-ს აღწევს.

3 თვის ჩვილის მოძრაობითი აქტივობა შეესაბამება მისი ნერვ-კუნთოვანი სისტემის განვითარების პროგრესს:

მთლიანად იხსნება კუნთების ჰიპერტონუსი, ჩვილის სხეული თითქოს „დარბილდება“ და უფრო მოქნილი ხდება - მისი კიდურები საწოლზე დაწვენისას გადაშლილია ისე, რომ მთლიანად დევს საწოლ ზედაპირზე, გარე გამღიზიანებლებზე (მასთან ახლოს საწოლ ზედაპირზე დარტყმისას ან ხმამაღალი ბგერების გაგონებისას) საპასუხოდ იგი აღარ ღებულობს ემბრიონის პოზას, თუ შევეცდებით კიდურების გაშლას ან მოხრას, ის არ გვიწევს წინააღმდეგობას. თუ მესამე თვის ბოლოსთვის კუნთთა ტონუსი მომატებული რჩება, საჭიროა პატარას ჩაუტარდეს სამკურნალო მასაჟი.

იზრდება კუნთოვანი „ძალა“, განსაკუთრებით ინტენსიურად ვითარდება ხერხემლის კისრის განყოფილების კუნთოვანი აპარატი, რისი შედეგიცაა თავის დაჭერის უნარის განვითარება. ჩვილს უკვე სხეულის ნებისმიერი  - ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური - მდებარეობის დროს შეუძლია თავის დაჭერა, ის წამოწევს თავს და ასე აკვირდება სამყაროს მუცელზე დაწოლილ მდგომარეობაშიც. კიდურების კუნთებიდან პირველ ეტაპზე ვითარდება ხელების კუნთები - პატარას შეუძლია ორი წუთით ხელში დაიჭიროს მსუბუქი და პატარა ნივთები, მისთვის საინტერესო ნივთებისადმი ხელის გაწვდასაც ახერხებს, გაზრდილია ხელის გაწვდის შედეგად ნივთების დატაცების სიზუსტე, ხელში მოხვედრილ ნივთებს ჩვილი არა მხოლოდ იჭერს, არამედ აქანავებს კიდეც. თუმცა მუცელზე დაწოლილ პოზაში მას ჯერ არ შეუძლია ხელებით იგივე აქტივობების ჩატარება. ხერხემლის კუნთების განვითარების კიდევ ერთი „შედეგია“ პატარას უნარი მუცელზე ან ზურგზე დაწოლილი მდგომარეობიდან გადაბრუნდეს და აღმოჩნდეს გვერდულად, მაგრამ სრულ გადაბრუნებას ანუ ზურგზე/მუცელზე მოხვედრას იგი კვლავ ვერ ახერხებს.

წოვითი რეფლექსის და ამ ეტაპზე გემოს და სუნის შეგრძნებების ყველაზე კარგად განვითარებულობის გამო ყველაფერი „აღმოჩნდება პირში“, პირველ რიგში ხელის თითები. სამყაროს ასეთი შესწავლა მისი ნებითი მოძრაობითი აქტივობების დაწყების კარგი სტარტია - პატარა უკვე საკუთარი ინიციატივით ახერხებს საინტერესო ნივთების დაჭერას და პირისკენ წაღებას. ამ დროს ჩვილი საკუთარ მოძრაობებს იმახსოვრებს კიდეც, თუ დავაკვირდებით გარკვეული მოძრაობის შემდეგ ჩვილი „გაირინდება“, თითქოს აანალიზებს რა გააკეთა და ისევ იმეორებს მოძრაობას, ვიდრე არ მიაღწევს სასურველ დასასრულს - ეს დასასრული კი უხშირესად საინტერესო ნივთის პირში მოხვედრაა, ყველაზე ხშირად „მახლობლად აღმოჩნდება“ ხოლმე საკუთარი ხელების თითები.

სწრაფად ვითარდება 3 თვის ჩვილის მხედველობითი ფუნქცია (მოზრდილ ადამიანებს სხვა შეგრძნებებს შორის ყველაზე მეტად განვითარებული სწორედ მხედველობითი აღქმა გვაქვს), ყალიბდება ე.წ. ბინოკულარული მხედველობა (ორივე თვალით ერთდროული აღქმა), რაც საშუალებას აძლევს ჩვილს განსაზღვროს საგნამდე მანძილი და უთვალთვალოს მოძრავ საგნებს. ყოველივე ამის შედეგად სამი თვის ჩვილი აღარ ეპოტინება შორს მდებარე საგნებს (მაგალითად მანათობელ ჭერზე ჩამოკიდებულ ჭაღს), ასეთ შორს განლაგებულ საგნებს მხოლოდ უყურებს და აკვირდება, ახლო მდებარე საგნებს კი ძალიან მცირე ხნით უყურებს და ძირითადად ეპოტინება. ასევე ძალიან ცოტა დრო სჭირდება ჩვილს მის საწოლზე დახრილი ადამიანების სახის გარჩევისთვის, მაშინ როდესაც სულ ერთი თვის წინ ის სახეებს აკვირდებოდა რამდენიმე წუთი.

მკვეთრად უმჯობესდება სამი თვის ჩვილის სმენა, ის ზუსტად ახერხებს განსაზღვროს ხმოვანი სიგნალის წყარო რომელ მხარესაა და შეუცდომლად იმ მხარეს აბრუნებს თავს, პატარა დაუნახავად, მხოლოდ ხმით, ცნობს დედას, ტირილის დროს დედის ხმაზე ჩუმდება და უსმენს მცირე ხნით (თუ რათქმაუნდა იმდენად ძლიერი არაა ტირილის გამომწვევი მიზეზის ზემოქმედება, რომ მან გადაფაროს გარემოს აღქმის სურვილი, მაგალითად ძლიერი შიმშილის ან ტკივილის დროს). ჩვილი ჯერ ვერ აღიქვამს მეტყველებას, ვერ არჩევს სიტყვებს, ის მხოლოდ ხმაში არსებულ ინტონაციებს და უფროსების ხმის სიმაღლე/სიდაბლეს ამოიცნობს და ამით ხვდება რას „ეუბნებიან“ მას.

სამი თვის ჩვილის კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში ცხიმების ჩალაგება აქტიურად მიმდინარეობს, ამიტომ მას უკვე აღარ აქვს მოვარდისფრო ფერი, კანი თეთრი-რძისფერი ხდება, თუმცა თერმორეგულაციის პროცესი კვლავ უმწიფარი რჩება, ამიტომ ის სწრაფად გადაცივდება ან გადახურდება და საჭიროა განსაკუთრებული ზრუნვა ამ მდგომარეობებისგან მის დასაცავად. იმუნური სისტემის მომწიფების კვალდაკვალ მცირდება ალერგიული რეაქციებიც და იწყება „კანის გადაწმენდა“, გაქრობას იწყებს თავზე გნეისი (ყვითელი ფუფხები).

მრავალფეროვნდება სამი თვის ჩვილის კომუნიკაციური უნარები - ჩნდება სიცილი, რომელიც უხშირესად უკვე ვოკალიზებულია ანუ თან ახლავს ბგერების მსგავსი ხმების გამოცემაც, აღსანიშნავია, რომ წინა პერიოდის ღიმილებისგან განსხვავებით, ჩვილის სიცილი სიმაძღრის თანხლები მოვლენა აღარაა და ის სხვა ადამიანებთან (პირველ რიგში დედასთან) კომუნიკაციის საშუალება ხდება. პატარა ემოციების გაზიარებასაც ცდილობს - პასუხობს ირგვლივ მყოფი ადამიანების როგორც დადებით, ასევე უარყოფით ემოციებს, გამოხატავს თავის ჩამოყალიბებულ დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებას გარემოში მომხდარი მოვლენების მიმართ. მისი დადებითი ემოციების გამომსახველი „ინსტრუმენტარია“ - ხელების გაწვდა ან კიდურებით მოძრაობის გააქტივება, სიცილი, მიმიკური ჟესტიკულაციის ჩანასახები, ხოლო უარყოფითი ემოციური პასუხის დროს ის მხოლოდ ტირილს აღარ მიმართავს, არამედ შეუძლია კრუსუნი, ყვირილი, ხანდახან მიმიკური გრიმასის გამოსახვა.

კვება

სამი თვის ჩვილის კვების მთავარი რეკომენდაციაა - მხოლოდ ძუძუთი კვება, აღსანიშნავია, რომ ამ სამი თვის თავზე წინა თვეებში განხორციელებული სწორი კვებითი მიდგომების შედეგად ჩვილის კვებითი რეჟიმი უკვე ჩამოყალიბებული უნდა იყოს:

დღის კვების ჯერადობა უნდა შეადგენდეს 5-6 კვებას, რომელთა შორის შუალედი 2.5-3 საათს შეადგენს, თითეული კვების დროს პატარა დაცლის ჯერ ერთ ძუძუს მთლიანად, შესაძლოა დასჭირდეს მეორეს მიმატებაც, აუცილებელია დარჩენილი რძის გამოწველა, შემდეგ კვებამდე ორივე ძუძუ გაივსება. ყველაზე ხშირი შეცდომა, რასაც ამ ასაკის ჩვილების დედები უშვებენ არის ის, რომ მათ უჩნდებათ შიში ეყოფა თუ არა პატარას დედის რძე შემდეგ კვებაზე. დედის მკერდის ჯირკვალში რძის გამომუშავება ინტენსიურდება მას შემდეგ, რაც ის მთლიანად იცლება, ამიტომ მხოლოდ ძუძუს ხშირი დაცლაა იმის გარანტი, რომ მეტი და მეტი რძე ჩადგეს. თანაც ეს ძუძუს თავების ნახეთქებისგან და მასტოპათიის (კვანძები მკერდში) განვითარებისგან თავდაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ღონისძიებაცაა ამავდროულად.

ღამის კვებაზე მოთხოვნა ჩვილს როგორც წესი 4 საათიდან 8 საათამდე პერიოდში წარმოექმნება და ამ პერიოდში ის 1-2-ჯერ ითხოვს ძუძუს. ღამის კვების მთავარი დანიშნულება ძირითადად სითხის მიღებაა, ამიტომ თანდათან შესაძლებელია რომელიმე ღამის კვება ჩანაცვლდეს კამის წყლით.

სამი თვის ჩვილის კუჭ-ნაწლავის სისტემას უკვე შეუძლია პირობითრეფლექსურად ზუსტად ერთი და იგივე დროს გამოიმუშავოს საჭმლის მომნელებელი წვენები, მის ტვინს შეუძლია დაიმახსოვროს დროითი გრაფიკი, როდესაც კვებაზე მოთხოვნა შიმშილის შეგრძნების სახით აღმოცენდება, სწორედ ამიტომ ხდება შესაძლებელი და აუცილებელი კვებითი გრაფიკის გამომუშავება. თუ ეს პერიოდი „ხელიდან იქნა გაშვებული“, ბავშვის პრეტენზიულობა კვებაზე საკმაოდ დიდხანს გასტანს (შესაძლოა 6 წლამდეც კი).

სულ უფრო მეტს ერთობა სამი თვის ჩვილი წოვის დროს - იგი ხშირად ჩერდება, შესაძლოა გაიღიმოს კიდეც, აკვირდება დედის სახეს ან მისი მზერის არეალში მოხვედრილ საგნებს, შეაჩერებს წოვას უკვე ნებისმიერი ბგერის მოსმენისას, პარალელურად იწყებს ძუძუს ხელით მოსინჯვას და შესწავლას.

ამასთანავე, უცვლელი რჩება რეკომენდაცია ამოქაფების ჯერადობისა და საჭიროების შესახებ, ყოველი კვების შემდეგ ისევ აუცილებელია ჩვილის ვერტიკალურ მდგომარეობაში მოთავსება, იმატებს ამოქაფებული რძის ოდენობა, რადგან იზრდება გადაყლაპული ჰაერის მოცულობა, შედეგად იმატებს კოლიკებიც (გაზების დაგროვებით გამოწვეული მუცლის ტკივილი).

კოლიკებისგან გამოწვეული დისკომფორტის „პიკი“ სწორედ სამი თვის ასაკს ემთხვევა, ამ პერიოდის შემდეგ, აქტიურდება რა ნაწლავების პერისტალტიკა, ეჩვევა რა პატარა კვების სახეობას და რითმს, ისწავლის რა ძუძუზე სწორად მოჭიდებას და რძის გამოწოვას, კოლიკები თანდათან შემცირდება და გაქრება.

ძილი

სამი თვის ჩვილს ძინავს დღე-ღამეში 14-16 საათი, მის ნერვულ სისტემას უკვე დამახსოვრებული აქვს გარემოდან მოსული სიგნალების ნაწილი, ამიტომ მათზე პასუხი ისე დამღლელი და გამომფიტავი აღარაა.

ყველაზე ხანგრძლივი, გადაბმული ძილის ეპიზოდი ჩვილისთვის მოიცავს 6 საათამდე პერიოდს, როგორც წესი ეს საღამოს 11 საათიდან ღამის 4 საათამდე შუალედია.

 

დღე რჩება ორი 2-საათიანი ძილის და რამოდენიმე მოკლე (30-40 წუთი) ძილის მონაკვეთები.

 იზრდება ღვიძლის ეპიზოდის ხანგრძლივობა, დღის მანძილზე ჩვილს შესაძლოა ზოგჯერ ერთ საათამდეც ეღვიძოს.

ქცევა

სამი თვის ჩვილის ქცევა თითქმის აღარ არის რეფლექტორული და შედგება აქტიური ღვიძილის ეპიზოდებისგან, რომლის დროსაც ის ახორციელებს კონტროლირებად მოძრაობებს და იძლევა ემოციურ პასუხებს:

ჩვილი უყურებს ადამიანის სახეებს და ნივთებს (მათ შორის მოძრავ ნივთებს) ყველა მდგომარეობაში - ზურგზე დაწოლილი, მუცელზე დაწოლილი, მოზრდილის ხელში აყვანილი, ის უსმენს ადამიანების და საგნების მიერ გამოცემულ ბგერებს და თითქმის ყველა ამ საინტერესო „საგნის“ მიმართ იწვდის ხელებს, რათა დაიჭიროს ხელში, მიიტანოს პირთან და გასინჯოს. ამავე მიზნით ის იჭერს თავს, რათა ყველაფერი კარგად „აკონტროლოს“ და აბრუნებს თავს, რომ თავის გრძნობით ორგანოებს „დაეხმაროს აღქმაში“. ყველაზე მთავარი, პატარა იმახსოვრებს საკუთარ მოძრაობებს და ყოველ ჯერზე უფრო სწრაფად და მოქნილად იმეორებს.

ჩვილი ცნობს ადამიანის სახეებს და ნივთებს, რომლებიც ადრე შეისწავლა, მოიპოვებს ახლობელი ადამიანების ყურადღებას ან საინტერესო ნივთს და ცდილობს ისინი შეინარჩუნოს. ამისთვის პატარა აგენერირებს სულ უფრო მრავალფეროვან ემოციურ პასუხებს - დაწყებულს დადებითიდან, სიცილის, მოძრაობითი აქტივობის და სხვა სახით, დამთავრებული უარყოფითით, ტირილის, ყვირილის, კრუსუნის და სხვა სახით. მის მიერ დასწავლილი ემოციური პასუხების ძირითადი სახეობები თითქმის უცვლელი რჩება 3 წლის ასაკამდე, თუ ამ დროს პატარამ დაიმახსოვრა, რომ დედის ყურადღების მისაქცევად ტირილია საჭირო, ის კიდევ დიდხანს იტირებს ყურადღების მოსაპოვებლად.

ჩვილის ტირილი ასევე აღარ არის რეფლექტორული და არ წარმოადგენს დისკომფორტზე მექანიკურ პასუხს, ის ემოციური პასუხის ნაწილი ან მართული მოვლენა ხდება.

ასევე მართული და რითმული ხდება ჩაძინების ეპიზოდებიც, ახლა უკვე აღარაა საჭირო ზედაპირული ძილის დროს მისი ხელში დაჭერა, სასურველია ჩაძინება და შემდეგ ღრმა ძილის გაგრძელება მხოლოდ მის საწოლში მოხდეს, რაშიც პატარას ეხმარება ვესტიბულური სტიმულები ანუ ქანაობა.


© 2015 ყველა უფლება დაცულია