Orsuli.ge - ბუშტნამქერი

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ბუშტნამქერი

ტროფობლასტი ანუ ქორონი სანაყოფე კვერცხის გარეთა შრეს ქმნის და მისი ბუსუსების საშუალებით ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის „ჩაზრდა“ ანუ იმპლანტაცია საშვილოსნოს ლორწოვანში. ტროფობლასტის ბუსუსების ინტეგრაცია დედის საშვილოსნოს სისხლძარღვებთან ხდის შესაძლებელს გამოიკვებოს და განვითარდეს ემბრიონი ორსულობის ყველაზე საწყის ეტაპზე, ვიდრე კვების ამ გზას არ შეცვლის პლაცენტური სისხლის მიმოქცევის ჩამოყალიბება.

ტროფობლასტის ბუსუსების არასწორი განვითარების შემთხვევაში მცირე ზომის ხაოების ნაცვლად წარმოიქმნება სხვადასხვა, უფრო დიდი ზომის (წიწიბურას მარცვლის ზომიდან დაწყებული ყურძნის მარცვლის ზომით დამთავრებული) ბუშტუკები, რომელთა ერთობლიობა ვიზუალურად ყურძნის მტევანს მოგვაგონებს. ასეთი გადაგვარება შესაძლოა განიცადოს ქორიონმა მთლიანად (ყალიბდება სრული ბუშტნამქერი) ან ნაწილობრივ (ყალიბდება ნაწილობრივი ბუშტნამქერი).

ქორიონის ბუშტნამქერად გადაგვარების შედეგად წყდება/ირღვევა ემბრიონის კვება, რის შედეგადაც ემბრიონი აღარ ვითარდება და იღუპება,თუმცა ამის შემდგომ  ბუშტნამქერის ბუშტუკები მაინც აგრძელებს ზრდას, მცირედ მარაგდება სისხლით და მისი ბუშტუკები ამოვსებულია ქორიონული გონადოტროპინის, ცილების და სხვა ნაერთების შემცველი სითხით. ბუშტნამქერიდან ჰორმონის - ქორიონული გონადოტროპინის მიწოდება სისხლში განაპირობებს საკვერცხეებში კისტების ჩამოყალიბებასა და საშვილოსნოს თანდათან ზომებში ზრდას. სწორედ ამიტომ ბუშტნამქერი სიმპტომურად მოგვაგონებს ჩვეულებრივ ორსულობას.

რატომ ვითარდება ბუშტნამქერი?

ბუშტნამქერის განვითარებას უხშირესად ემბრიონის პათოლოგიები იწვევს.

როგორც არასრული ბუშტნამქერის უჯრედების გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, ხშირ შემთხვევაში ის ერთ დედისეულ და ორ მამისეულ ქრომოსომას შეიცავს, მაშასადამე ბუშტნამქერი უვითარდება ისეთ ემბრიონულ ქორიონებს, რომლებიც წარმოიქმნება ერთი კვერცხუჯრედის ორი სპერმატოზოიდით განაყოფიერების შედეგად.

სრული ბუშტნამქერის უჯრედების გენეტიკურ კვლევისას კი დადგინდა, რომ ისინი დედის არასრულ ქრომოსომულ ნაკრებს შეიცავენ, რის შედეგადაც დედის არარსებული ქრომოსომების მაგივრად მამის ქრომოსომები პათოლოგიურად დუბლირდება (ორდება).

ემბრიონის ასეთი გენეტიკური პათოლოგიების განვითარების მიზეზებად კი ითვლება:

ესტროგენების ნაკლებობა და სხვა ჰორმონული პათოლოგიები;

თირეოტოქსიკოზი (ჩიყვი)

ავიტამინოზი, განსაკუთრებით ვიტამინ А-ს ნაკლებობა

იმუნოდეფიციტები

ახლონათესაური ქორწინება

საკვერცხეების ლუთეინური კისტები ანამნეზში

ხშირი აბორტები ანამნეზში

ინფექციური და ხშირად პარაზიტული ინფექციური პროცესები ანამნეზში.

რა ასაკში ვითარდება ყველაზე ხშირად ბუშტნამქერი?

აღწერილია, რომ განსაკუთრებით ხშირად ბუშტნამქერი ქალებს უვითარდებათ 25 წლამდე და 35 წლის ასაკის შემდგომ.

რა სიმპტომები ახასიათებს ბუშტნამქერს?

ბუშტნამქერის დროს ორსულობის დასაწყისში ვლინდება მხოლოდ ორსულობისთვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები: წყდება მენსტრუაცია, შეინიშნება ადრეული ტოქსიკოზის სიმპტომატიკა, იზრდება საშვილოსნო და სარძევე ჯირკვლები ზომებში.

თუმცა უკვე ორსულობის მე-5-7 კვირაზე, პირველივე ექოსკოპური კვლევისას, ჩნდება ბუშტნამქერის პირველი სიმპტომატიკა: არ მოისმინება ნაყოფის გულისცემა და არ შეიგრძნობა მისი მოძრაობა.

ამავე ვადაზე ბუშტნამქერის დროს კლინიკურად გამოიხატება ორსულობის პათოლოგიურად მიმდინარეობის დამადასტურებელი ორი მთავარი სიმპტომი:

ვითარდება სისხლდენა სასქესო გზებიდან (თითქმის 100% შემთხვევაში) -  იგი ორსულობის მე-4-5 კვირაზე იწყება, შესაძლოა ვიზუალურად მასში ბუშტუკებიც დანახულ იქნას, და თანდათან ძლიერდება, რაც ანემიის (სისხლნაკლებობა) მიზეზი ხდება.

ძლიერდება მუცლის ტკივილი და ტოქსიკოზის სიმპტომატიკა (დილის პირღებინება, გულისრება, თავბრუსხვევა, გულის ფრიალი და გულის წასვლა),რაც სისხლში ქორიონული გონადოტროპინის მომატებითაა გამოწვეული.

განსაკუთრებით მნშვნელოვნად და ორსულობის ვადასთან არაადექვატურად სწრაფად იზრდება საშვილოსნოს ზომები, უკვე მე-7 კვირისთვის შესაძლოა ქალს მუცელი გამოეკვეთოს.

ორსულობის ვადის ზრდასთან ერთად დესტრუქციული ფორმის დროს ბუშტნამქერი შეიძლება დამოუკიდებლადაც გამოძევდეს, რა დროსაც.ვითარდება სიცოცხლისათვის საშიში სისახლდენა. სხვა შემთხვევებში, როდესაც ორსული პირველ ვიზიტზე მიმართავს გინეკოლოგს და ჩაიტარებს ექოსკოპიურ კვლევას, ხდება შესაბამისი ექოლოგიური დიაგნოსტიკა და ბუშტნამქერის აღმოჩენისთანავე იწყება მისი მოცილების პროცედურების ჩატარება.

როგორ დიაგნოსტირდება ბუშტნამქერი?

ბუშტნამქერი დიაგნოსტირდება ექოსკოპიურად ორსულობის მე-5-7 კვირაზე და ლაბორატორიულად.

ექოსკოპური კვლევისას პირველ რიგში ყურადღებას იპყრობს ნაყოფის გულსცემის არარსებობა, თუმცა პირველივე ექოსკოპიური კვლევით გულისცემის მოუსმენლობა არ იწვევს მყარი დიაგნოსტირების საფუძველს, მონაცემები მოწმდება 1 კვირის მანძილზე განმეორებითი ექოსკოპიური დაკვირვებით.

ლაბორატორიულად სადიაგნოზო მნიშვნელობა აქვს სისხლსა და შარდში ქორიონული გონადოტროპინის რაოდენობის მატებას დასაშვებ ნორმასთან შედარებით. ნორმალურად მიმდინარე ორსულობისგან განსხვავებით, ქორიონული გონადოტროპინი სისხლში 10-20 ჯერ მატულობს.

როგორ მკურნალობას მიმართავენ ბუშტნამქერის დიაგნოსტირებს შემდგომ?

ბუშტნამქერის დიაგნოზის დადგენისთანავე აუცილებელია საშვილოსნოდან მისი დაუყოვნებელი გამოძევება და სისხლდენის შეჩერება. ამისათვის ახორციელებენ საშვილოსნოს გამოფხეკას, ვაკუუმ-ასპირაციას, სამშობიარო მოქმედების ხელოვნურად გამოწვევას, ხოლო საშვილოსნოს დიდი ზომების დროს ბუშტნამქერის მოსაცილებლად კეთდება საკეისრო კვეთის ოპერაცია.

ბუშტნამქერის გამოძევების შემდგომ ხდება მისი შესაძლო გართულებების პროფილაქტიკა:

ძლიერად გაზრდილი საშვილოსნოს ზომებში შესამცირებლად ინიშნება შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობა;

სიმსივნურ პროცესში გადაგვარების რისკის თავიდან ასაცილებლად ხორციელდება გამოდევნილი ბუშტნამქერის უჯრედებს ციტოლოგიური კვლევა, ასევე ფილტვებში მეტასტაზების გამორიცხვის მიზნით ტარდება გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა;

შემდგომი გართულებების გამოსარიცხად, მით უფრო თუ ქალს გადაწყვეტილიაქვს კიდევ დაორსულდეს, სისხლსა და შარდში პერიოდულად ხდება ქორიონული გონადოტროპინის რაოდენობის განსაზღვრა;

შემდგომი ორსულობების დაგეგმვის დროს დაორსულებამდე პერიოდში ხორცილედება ქალის ჰორმონული სტატუსის, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების სკრინინგი და თუ საჭიროა მკურნალობა.


© 2015 ყველა უფლება დაცულია