Orsuli.ge - ახალშობილი სამშობიარო სახლში

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ახალშობილი სამშობიარო სახლში

სამშობიარო სახლში ახალშობილზე ზრუნვის „პროგრამა“ შემდეგი ღონისძიებებისგან შედგება:

სამშობიარო ბლოკში (1) - დაბადებისთანავე, ჭიპლარის გადაჭრის და პირველ ჩასუნთქვასთან ასოცირებული ტირილის შემდეგ,

◊  ახალშობილს დაუმუშავებენ ჭიპლარის ტაკვს - ჭიპის რგოლიდან 2 და 10 სანტიმეტრის დაშორებით ადებენ ორ დამჭერს, ამუშავებენ ჭიპლარს 5% იოდის სპირტხსნარით და 96% სპირტით და გადაჭრიან მას ამ ორ დამჭერს შორის, რამდენიმე დღით ჭიპლარის 2 სანტიმეტრიანი ტაკვი დარჩება ახალშობილის სხეულზე მიმაგრებული,

◊  ახალშობილს მოაცილებენ დამცავ საცხს, გაუთავისუფლებენ  პირის და ცხვირის ღრუებს ზედმეტი  ლორწოსაგან, რომ ეს ლორწო არ აღმოჩნდეს სასუნთქ გზებში, თვალებში აწვეთებენ 30%-იან ნატრიუმის სულფაცილს (ბლენორეისგან თავდასაცავად) და 1%-იან ვერცხლის ნიტრატს (გონორეისგან თავდასაცავად),

◊  ახალშობილს აწონიან და გაზომავენ სიგრძეში - ამ მონაცემებს დააფიქსირებენ როგორც დაბადების წონას და სიგრძეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინით დაბადებისას ახალშობილის შემდგომი ანთროპომეტრული მონაცემები ითვლება ნორმად:

ახალშობილი

ქვედა ზღვარი

ზედა ზღვარი

წონა ბიჭებში, კგ

2.5

4.4

წონა გოგონებში, კგ

2.4

4.2

სიგრძე ბიჭებში, სმ

46.1

53.7

სიგრძე გოგონებში, სმ

45.4

52.9

თავის გარშემოწერილობა ბიჭებში, სმ

31.5

36.2

თავის გარშემოწერილობა გოგონებში, სმ

31.9

37.0

◊  ახალშობილს შეახვევენ წინასწარ შემთბარ ბამბის საფენებში და 5 წუთით მოათავსებენ სხივური გამათბობელის ქვეშ, სადაც ტემპერატურა არანაკლებ 25˚C-ია.

სამშობიარო ბლოკში (2) - ახალშობილს მოათავსებენ დედის მუცელზე (ასე გადაიყვანენ მათ მშობიარობის შემდგომ პალატაში), რადგან:

◊  ახალშობილს სჭირდება დედასთან კონტაქტის აღდგენა ე.წ. კანით კანთან შეხება - დაბადებამდე პატარა დედასთან ერთ მთლიანობას შეადგენდა, უსმენდა მის ხმას და გულისცემას (რომელსაც ნაყოფის განწყობის მთავარ მუსიკასაც უწოდებენ). დაბადებით განცდილი სტრესის შემდეგ კვლავ დედის გულისცემის მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია ახალშობილისთვის, რადგან ეს ჩვეული ხმა აძლევს მას „მყარ გარანტიას“, რომ იგი ახალ სამყაროშიც მეგობრულ და დაცულ გარემოში მოხვდა. ამასთანავე ახალშობილის კარგად განვითარებული ყნოსვა ეხმარება მას დაიმახსოვროს დედის სუნი, რაც შემდგომში ძუძუთი კვების დროს წაადგება - დედის სუნი ააქტივებს ახალშობილის კვებით რეფლექსებს.

◊  ახალშობილს სჭირდება გათბობა - ხოლო დედის სხეულის სითბო ერთ-ერთი ყველაზე კარგი „გამათბობელია“.

◊  ახალშობილი დედის მკერდიდან გამოსული  ხსენის პირველი წვეთებით კვებას იწყებს - სწორედ ეს „პირველადი“ რძე მდიდარია მისთვის ყველაზე საჭირო საკვები ნივთიერებებით (ადვილად მოსანელებელი ცხიმებით), ანტისხეულებით, ლაქტობაქტერიებით, რომლებიც პატარას ნაწლავში გამოდევნის პათოლოგიურ მიკრობებს, ფერმენტებით, ვიტამინებით და სხვა ბოილოგიურად აქტიური ნაერთებით.

◊  ახალშობილთან პირველი კონტაქტი დედისთვისაც აუცილებელია - ეს აძლევს დედის ფსიქიკას სიგნალს, რომ მშობიარობა დასრულდა“ და იწყება ე.წ. იმპრითინგის (საკუთარი პირმშოს დამახსოვრების) პროგრამა:

დედა ინსტინქტის დონეზე იწყებს პატარას მოთხოვნილებების აღქმას. როგორც თანამედროვე მეცნიერება აღწერს, სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით აიხსნება ის ფაქტი, რომ ყოველი ქალის რძე თავისი შემადგენლობით უნიკალურია და შეესაბამება ზუსტად მისი ახალშობილის მოთხოვნებს, ასევე პატარას ზრდის და განვითარების პროცესის ყოველ ეტაპზე დედის რძის შემადგენლობა „ჯადოსნურად“ იცვლება ზუსტად იმგვარად, როგორც მის პირმშოს სჭირდება იმ მომენტისთვის, მაგალითად, ვირუსული ინფექციის შემთხვევაში დედის რძეში ჩნდება სწორედ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები, რომელიმე საკვები ნივთიერების დეფიციტის დროს ზუსტად ამ საკვები ნაერთის კონცენტრაცია მატულობს დედის რძეში და ა.შ.

ახალშობილთა პალატაში (3) (თუ ეს სამშობიარო ბლოკშივე არ განხორციელდა) - ნეონატოლოგი (სამშობიარო სახლის პედიატრი) ახალშობილს შეაფასებს აპგარის შკალით.

აპგარის შკალა მოიცავს ახალშობილის შეფასების ხუთ კრიტერიუმს, თითეული კრიტერიუმი ფასდება 0, 1 ან 2 ქულით, საბოლოოდ ხდება ქულების შეჯამება:

კრიტეტიუმი

0 ქულა

1 ქულა

2 ქულა

კანის ფერი

მთლიანად ფერმკრთალი

კიდურები ფერმკრთალი-მოლურჯო ელფერით

მთლიანად ვარდისფერი - მოწითალო

სუნთქვა

არ არის

ნელი, არარითმული, ხმადაბალი ტირილით

ნორმალური, ხმამაღალი ტირილით

გულისცემა

არ არის

< 120 დარტყმა/წუთში

>120 დარტყმა/წუთში

რეფლექსები

არ არის

მსუბუქი გრიმასა

ახველებს, აცემინებს, ყვირის

კუნთოვანი ტონუსი

არ არის

კიდურები მოხრილია უძრავად

კიდურებით აქტიური ქაოტური მოძრაობები

ნორმად ითვლება, როდესაც ახალშობილები აპგარის შკალით 7-9 ქულიან შეფასებას იღებენ, მათ დამატებითი მანიპულაციები არ ესაჭიროვებათ და ამიტომ გადაყავთ დედასთან ერთად პალატაში.

როდესაც აპგარის შკალით ახალშობილი 6 ან ნაკლებ-ქულიან შეფასებას იღებს, მას ესაჭიროვება დამატებითი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება, რისთვისაც პატარა გადაყავთ ახალშობილთა ინტენსიურ პალატაში და მხოლოდ ძუძუთი კვებისთვის (თუ მას აქვს წოვის და ყლაპვის რეფლექსები) მიყავთ დედასთან.

დაბადებიდან პირველი 24 საათის შემდგომ ჯანმრთელი ახალშობილი ასე გამოიყურება:

ახალშობილის კანი მოვარდისფროა, შესაძლებელია თავის არეში ჰქონდეს მცირე სამშობიარო სიმსივნე (შესიებული უბანი), თვალების ქუთუთოები შესიებულია, მაგრამ პატარა ორივე თვალს თანაბრად ახელს, შესაძლოა თვალის არეში მცირედ სისხლჩაქცევებიც ჰქონდეს, თავის ქალას ძვლები და ცხვირი მცირედ დეფორმირებულია, სხეული მომცროა, ვიდრე თავი, კანქვეშ სხეულზე ჩანს სისხლძარღვები, კიდურები მოხრილია (განსაკუთრებით ქვედა კიდურები), ხელის მტევნები მუშტადაა შეკრული, სხეულის ზედა ნაწილში მომატებულია თმოვანი ღინღლები, ახალშობილი დედასთან სიახლოვისას მუდმივად ეძებს ძუძუს, ტირილის დროს შესაძლოა პირის ირგვლივ გამოეხატოს სილურჯე, ძინავს თითქმის 18-20 საათი.

სამშობიარო სახლში (4) - ექიმი-ნეონატოლოგი სინჯავს ახალშობილს ყოველდღე, გამოწერისას კი მას დეტალურად აფასებს:

√  პირველ რიგში აკვირდება ახალშობილის პოზას, კანის ფერს და ტირილის ინტენსივობას - ნორმაში ახალშობილი ემბრიონის პოზაშია, აქვს ჰიპერტონუსი, კანი ვარდისფერია, ტირის ხმამაღლა და მკაფიოდ;

√  სინჯავს თავს, თავის ქალას ძვლების ნაკერებს და ყიფლიბანდებს - ნორმაში თავი დეფორმაციის გარეშეა, ნაკერები გაძვალებულია, გარდა ყიფლიბანდებისა, რომლებიც არ უნდა იყოს დაჭიმული და არ უნდა პულსირებდეს, შეაფასებს ყიფლიბანდების ზომებს;

√  ათვალიერებს პირის ღრუს - გამორიცხავს კურდღლის ტუჩის და მგლის ხახის არსებობას, იკითხავს როგორ წოვს და ყლაპავს ახალშობილი;

√  ამოწმებს ლავიწის ძვლის მთლიანობას - ლავიწის ძვლის მოტეხილობა ხშირი სამშობიარო ტრამვაა, თუმცა ეს ძვალი ძალიან ადვილად ხორცდება, საჭიროა მხოლოდ რამოდენიმე დღით შესაბამისი კიდურის სახვევით დაფიქსირება;

√  ამოწმებს გულმკერდის (ნეკნების, მკერდის ძვლის), კიდურების მთლიანობას, ათვალიერებს ხელისგულებსა და ფეხისგულებს, გამორიცხავს ბრტყელტერფიანობას;

√  ამოწმებს მენჯის სახსრის მთლიანობას - გამორიცხავს ბარძაყის ძვლის თავის ამოვარდნილობას;

√  სინჯავს გარეთა სასქესო ორგანოებს - ბიჭებში ჩამოსულია თუ არა ორივე სათესლე ჯირკვალი სათესლე პარკში, გოგონებში გამორიცხავს ანთებით დაავადებებს;

√  ამოწმებს ანუსის (სწორი ნაწლავის გარეთა ხვრელი) ღიაობას, იკითხავს ჰქონდა თუ არა ახალშობილს დეფეკაცია (განავალი);

√  მოუსმენს ახალშობილის სუნთქვას და გულისცემას;

√  ხელით გასინჯავს მუცელს, ღვიძლისა და ელენთის ზომებს;

√  შეამოწმებს ახალშობილის წონაში კლების დინამიკას;

განსაზღვრავს ახალშობილის კუნთთა ტონუსს და შეაფასებს ფიზიოლოგიურ რეფლექსებს.

საბოლოო დასკვნასთან ერთად ექიმი-ნეონატოლოგი დედას აძლევს პირველ რეკომენდაციებს ძუძუთი კვების (სწორად დაჭერა, ძუძუთი კვების სწორი პოზები, ძუძუს თავის დამუშავება და მოვლა), ჭიპლარის დამუშავების, ახალშობილის დაბანის და, თუ ახალშობილს ესაჭიროება რაიმე სახის მკურნალობა, სამედიცინო დანიშნულების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი კითხვა დაუსვათ ნეონატოლოგს, ჩვენი რჩევაა, არ დატოვოთ არც ერთი საკითხი გაურკვეველი და სამშობიაროშივე შეაგროვოთ თქვენი პატარას შესახებ ამომწურავი ინფორმაცია.

სამშობიარო სახლში (5) - ახალშობილს უტარდება პირველი იმუნიზაცია ანუ აცრები.

დაბადებიდან 12-საათში ახალშობილს უტარდება B-ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრა, ვაქცინა შეყავთ მის ბარძაყის კუნთში. ვაქცინაციის ადგილი თითქმის შეუმჩნეველი რჩება.

დაბადებიდან მე-2-5 დღეს ახალშობილს უტარდება ანტიტუბერკულოზური ე.წ. ბეცეჟე (BCG) ვაქცინაცია. ამ დროს დასუსტებული ტუბერკულოზის ჩხირების კულტურა შეყავთ შპრიცით კანქვეშ, უხშირესად მხრის არეში. ვაქცინაციიდან 4-6 კვირის შემდეგ ჩხვლეტის ადგილას წარმოიქმნება 3-8 მმ დიამეტრის ინფილტრატი (შესიება), შესაძლოა გამოიხატოს პუსტულაც (სითხით სავსე ბუშტუკი), რომელიც თანდათან ფუფხით იფარება და პატარა ნაიარევს ტოვებს. ამ ადგილს უნდა მოვუფრთხილდეთ მხოლოდ ბანაობისას (არ შეიძლება ღრუბელის მოსმა),  სხვა დამატებით ჩარევას (ბინტით შეხვევა ან ერთჯერადი პლასტირის დაკვრა) ის არ საჭიროვებს.

სამშობიარო სახლში (6) - ახალშობილს მე-4-5 დღეს უტარდება სკრინინგული (საპროფილაქტიკო) ანალიზები ზოგიერთ გენეტიკურ დაავადებაზე - როგორც წესი ფენილკეტონურიაზე და ჰიპოთირეოზზე.

სისხლის აღება ხდება ქუსლიდან სპეციალურ საშრობ ქაღალდზე, მასალა იგზავნება შესაბამის ლაბორატორიაში სადიაგნოსტიკოდ. 


© 2015 ყველა უფლება დაცულია