Orsuli.ge - ახალშობილის გარდამავალი მდგომარეობები

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ახალშობილის გარდამავალი მდგომარეობები

გარდამავალი ანუ ტრანზიტორული მდგომარეობები ახალ გარემოსთან ადაპტაციის (შეგუების) პროცესის შემადგენელი მდგომარეობებია, რომლებიც უვითარდებათ ახალშობილებს და რომლის დროსაც აღინიშნება თითქოს პათოლოგიური სიმპტომები, თუმცა მათ მკურნალობა არ სჭირდება და თავისთავად გაივლის, თუ პატარაზე განხორციელდება შესაბამისი პატრონაჟი და ეს მდგომარეობები არ გასცდება ფიზიოლოგიურ ჩარჩოებს.

სხეულის მასის გარდამავალი შემცირება - უვითარდება ყველა ახალშობილს და განპირობებულია იმ გარემოებით, რომ დაბადების შემდეგ მუცლადყოფნის პერიოდთან შედარებით სითხის კარგვა უფრო ინტენსიურად ხდება - კანის, ფილტვებისა და შარდით გამოყოფის გზით.

მაქსიმალურ მნიშვნელობას აღწევს სიცოცხლის მე-3-4 დღეს და საშუალოდ შეადგენს დაბადების მასის 6%-ს (მერყეობს 3-10% ფარგლებში). სხეულის მასის აღდგენა დაბადების წონამდე აღინიშნება 6-14 დღეში, შემდგომში მიმდინარეობს სხეულის მასის მატება.

რეკომენდაცია - ძუძუთი კვების დაწყება დაბადებისთანავე, მნიშვნელოვანია ახალშობილმა ხსენი მიიღოს.

ფიზიოლოგიურ საზღვრებს სცდება, როდესაც სხეულის მასის დანაკარგი ცდება 10%-ს და/ან მე-14 დღისთვის ვერ მიიღწევა სხეულის მასის აღდგენა დაბადების წონის ციფრებამდე.

ფიზიოლოგიური სიყვითლე  - უვითარდება ყველა ახალშობილს სხვადასხვა ინტენსივობით და განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ახალშობილის ორგანიზმში იწყება ე.წ. „ზრდასრული“ ჰემოგლობინის შემცველი ერითროციტების სინთეზი, მუცლადყოფნის პერიოდიდან „შემორჩენილი“ ე.წ. ფეტალური ჰემოგლობინის შემცველი და დედის ერითროციტები კი ინტენსიურად იშლება. ამ დროს გამოიყოფა დიდი ოდენობით ნაღვლის პიგმენტი - ბილირუბინი, რომლის გაუვნებელყოფისთვის სისხლიდან მისი გაწოვა ხდება კანში და ლორწოვან გარსებში.

დამახასიათებელი სიმპტომატიკა - კანის მოყვითალო-ფორთოხლისფერი შეფერილობა, თვალის სკლერების მოყვითალო ელფერი ჩნდება მე-2-3 დღეს თავის მიდამოებიდან, შემდეგ ვრცელდება მთელს სხეულზე, მაქსიმალური ინტენსივობა აღინიშნება მე-4-5 დღეს, დროულ ახალშობილებში მთლიანად გაივლის მე-10 დღეს, დღენაკლ ახალშობილებში მე-2-3 კვირას.

რეკომენდაცია - შეძლებისდაგვარად ხანგრძლივი ყოფნა მზიან და ჟანგბადით მდიდარ გარემოში.

ფიზიოლოგიურ საზღვრებს სცდება, როდესაც სიყვითლე ჩნდება მე-2 დღემდე პერიოდში, ყვითლად შეიფერება ახალშობილის ხელისგულები და ფეხისგულები, იცვლება მისი ზოგადი მდგომარეობა (პატარა მოდუნებულია, ძალიან დიდხანს ძინავს, უარს ამბობს კვებაზე), განავალის ფერი მოთეთრო ხდება, სიყვითლე არ გაივლის მე-14 დღის შემდეგ.

სქესობრივი კრიზისი  - უვითარდება ახალშობილების 2/3-ს, ძირითადად გოგონებს, და განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მუცლადყოფნის პერიოდში დედის ესტროგენების „გარემოში“ მყოფი ნაყოფი ახალშობილობის დროს მათი ზეგავლენისგან თავისუფლდება, რის გამოც პატარას ორგანიზმი განიცდის ჰიპო-ესტროგენემიას.

დამახასიათებელი სიმპტომატიკა - მკერდის ჯირკვლების შესიება, დესქვამაციური ვულვო-ვაგინიტი - მოთეთრო-მოსერო გამონადენი სასქესო ორგანოებიდან, მილია - 2 მმ-მდე დიამეტრის მოთეთრო-მოყვითალო გამონაყარი ცხვირზე, შუბლზე, სახის სხვა ნაწილებზე, ძალიან იშვიათად მეტრორაგია - სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან.

 მკერდის ჯირკვლის შესიება იწყება მე-3-4 დღიდან, მე-8-10 დღისთვის გაივლის, გამონადენი სასქესო ორგანოებიდან აღინიშნება მე-4-7 დღეს, 1-2 დღეში თავისთავად გაივლის (მათ შორის სისხლიანიც), მილია გამოჩნდება მე-3-4 დღეს და შესაბამისი ჰიგიენის პირობებში თავისთავად გადაივლის მე-14 დღისთვის.

რეკომენდაცია - შესაბამისი ჰიგიენური პროცედურების დაცვა, დაბანა თბილი წყლით (ვიდრე გარდამავალი მდგომარეობები არ გაივლის არ შეიძლება ღრუბელის ხმარება), ნატურალური თეთრეულის ხმარება.

ფიზიოლოგიურ საზღვრებს სცდება, როდესაც მკერდი ჯირკვლები შესიებასთან ერთად გაწითლდება, სასქესო ორგანოებიდან გამონადენი არ გაივლის 2 დღის შემდეგ, მილიას გამონაყარი იკეთებს წითელ წრეს, მისი თავი სითხით ივსება, რომელიც სკდება და ტოვებს პატარა ჭრილობას.

ცვლილებები კანზე  - უვითარდება ყველა ახალშობილს სხვადასხვა ინტენსივობით და განპირობებულია იმ გარემოებით, რომ თხევადი გარემოდან ახალშობილი „საცხოვრებლად“ გადადის აიროვან გარემოში. ასეთივე მდგომარეობა აღენიშნება მოზრდილი ადამიანის კანს, როდესაც ხანგრძლივად სითხეში ყოფნის შემდეგ მოხვდება და გამოშრება ჰაერზე.

დამახასიათებელი სიმპტომატიკა - ერითემა ანუ კანის შეწითლება, რომელიც იწყება დაბადებისას კანის საცხისგან გაწმენდისთანავე, იმატებს მე-2 დღისთვის, პირველი კვირის ბოლოს კი გაქრება და გადადის აქერცვლაში, რომელიც გამოჩნდება მე-4-5 დღეს და სრულად გაივლის მე-14 დღისთვის.

რეკომენდაცია - შესაბამისი ჰიგიენური პირობების დაცვა, დამატენიანებელი სპეციალური საცხების ხმარება (რომელთაც აქვთ რეკომენდაცია, რომ მათი გამოყენება უსაფრთხოა 0 წლიდან).

ფიზიოლოგიურ საზღვრებს სცდება, როდესაც ერითემა რჩება მე-14 დღის შემდეგ, მისი ინტენსივობა იმატებს და გადადის კანის მასიურ აქერცვლაში.

სამშობიარო სიმსივნე - უვითარდება ზოგიერთ ახალშობილს, განსაკუთრებით გახანგრძლივებული მშობიარობის შედეგად დაბადების შემთხვევაში. გამოიხატება თავის თხემის და კეფის არეში მცირე შესიებული უბნის არსებობით და უკავშირდება ვენურ შეგუბებას. თავისთავად გაივლის 1-2 დღის მანძილზე და არ სჭირდება არანაირი მკურნალობა.

ფიზიოლოგიურ საზღვრებს სცდება, თუ შესიებული უბნის დიამეტრი იზრდება და წითლდება.

გარდამავალი ჰიპოთერმია  - უვითარდება ზოგიერთ, განსაკუთრებით დღენაკლ და წონის დეფიციტის მქონე ახალშობილს და უკავშირდება მათში არსებულ თერმორეგულაციის უარყოფით ბალანსს - ახალშობილის ორგანიზმი იმაზე მეტ სითბოს გასცემს, ვიდრე თავად გამოიმუშავებს, ამის გამო მათი სხეულის ტემპერატურა 1-2˚C -ით მცირდება. ჰიპოთერმიული მდგომარეობა გამოსწორდება მე-2-3 კვირის ბოლოსთვის, როდესაც სხეულის მასის დეფიციტი აღდგება და მასის „ნაზარდი“წარმოიქმნება.

ფიზიოლოგიური დისპეფსია და გარდამავალი დისბაქტერიოზი - უვითარდება ყველა ახალშობილს სხვადასხვა ინტენსივობით და განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ახალშობილის ნაწლავებში დაბადების შემდგომ მიმდინარეობს მიკროფლორის დასახლება. დაბადებიდან 10-20 საათის განმავლობაში მისი ნაწლავები ასეპტიურია, მე-3-5 დღემდე მიმდინარეობს ნაწლავების დასახლება ყველანაირი მიკროორგანიზმებით - ბიფიდუმბაქტერიებით, კოკებით, სოკოებით, თუმცა 1-2 კვირის თავზე ბიფიდობაქტერიები „გამოდებნის სხვა პათოლოგიურ ორგანიზმებს და რჩება, როგორც ძირიტადი მიკროფლორა.

დამახასიათებელი სიმპტომატიკა - დაბადებიდან მე-4 დღეს ახალშობილის განავალი მომწვანო ხდება, შეიცავს ლორწოს და კოლტებს გამოიყოფა ხშირად - 8-10 ჯერ, მე-7 დღიდან კი განავალი ჩვეული რითმით 5-6-ჯერ დღეში გამოიყოფა, მოყვითალო ხდება, აქვს ფაფისებრ კონსისტენცია.

რეკომენდაცია - ძუძუთი კვება.

ფიზიოლოგიურ საზღვრებს სცდება, თუ განავლის კონსისტენცია და ინტენსივობა შეცვლილი რჩება მე-14 დღის შემდეგ.


© 2015 ყველა უფლება დაცულია