Orsuli.ge - ახალშობილის განვითარება

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ახალშობილის განვითარება

დაბადებიდან თავისი ცხოვრების პირველი 28 დღის ჩათვლით ახალმოვლენილ ადამიანს ახალშობილი ქვია.

ახალშობილის ორგანიზმი, ხვდება რა მისთვის სრულიად ახალ გარემოში, ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის:

გულ-სისხლძარღვთა სისტემა და ფილტვები იცვლის ანატომიურ შენებას და იძენს ახალ ფუნქციებს, პატარა იწყებს დამოუკიდებელ კვებას, მას ასევე ესაჭიროვება „ზრუნვა“ სითბოს შენარჩუნებაზე, ვიდრე მიღებული საკვებით კანქვეშ შესაბამისი ოდენობის ცხიმს არ დაიგროვებს და ინფექციური აგენტებისგან დაცვაზე,

ახალშობილს უვითარდება ტრანზიტორული (გარდამავალი) მდგომარეობები, რომლებიც სწორი მოვლის შედეგად უკვალოდ გაივლის - მასის კლება, გარდამავალი ცხელება, ფიზიოლოგიური სიყვითლე, სასქესო კრიზი, იმუნოდეფიციტი, ცვლილებები კანზე.

ახალშობილობის პერიოდს პატარა ატარებს იმავე „გრაფიკით“, როგორიც გამომუშავებული ჰქონდა მუცლადყოფნის პერიოდში:

მას დღე-ღამეში ჯამურად ძინავს 16-18 საათი, ღვიძავს 6-8 საათი, ღვიძილის დროს იკვებება და ვითარდება.

ახალშობილი იკავებს იმავე პოზებს და ისევე მოძრაობს, როგორც საშვილოსნოს შიგნით იყო „მიჩვეული“:

ძილის დროს ხელები, ფეხები და თავი სხეულისკენ აქვს მოზიდული, ამით ის იცავს თავს სითბოს დაკარგვისგან, მისი კუნთების ტონუსი მომატებულია, ამიტომ ხელის მტევნები მუშტად აქვს შეკრული, ღვიძილის დროს ქაოტურად და ერთდროულად ამოძრავებს ხელებს და ფეხებს, ეს მისი ნერვული სისტემის მოუმწიფებლობის „დამსახურებაა“ - ჯერ მხოლოდ ასეთი მოძრაობები აქვს დასწავლილი.

ახალშობილის აქტივობა უკავშირდება მხოლოდ საშვილოსნოსშიდა განვითარების პერიოდიდან გამოყოლილ ე.წ. თანდაყოლილ რეფლექსებს - ზოგიერთი მათგანი დარჩება მთელი სიცოცხლის მანძილზე, ზოგიერთი გაქრება 3-4 თვეში.

განვითარების მაჩვენებლები

ახალშობილი პირველ დღეებში იკლებს  წონაში. ის იბადება სითხის გარკვეული მარაგით, რომელსაც დაბადებისთანავე კარგავს სითხის გამოყოფის გაძლიერების გამო, ამიტომ პირველ დღეებში ის დაბადების წონაზე 3-10%-ით ნაკლებს იწონის. შემდგომში სწორი კვების პირობებში ის იმატებს ყოველდღიურად 20-30 გრამს, დაბადების წონას დაახლოვებით 7-14 დღეში აღიდგენს, შემდგომში პირველი თვის ბოლოსთვის მისი მთლიანი ნამატი უკვე დაბადების წონიდან 450-550 გრამს შეადგენს.

ახალშობილი საშუალოდ 2.5-3.8 სანტიმეტრით იზრდება და პირველი თვის ბოლოსთვის ბიჭების სიმაღლე 48.5 – 57.5 სანტიმეტრს შეადგენს, გოგონების - 47.90 – 56.70 სმ.

დროული ახალშობილის თავის გარშემოწერილობა 34-36 სმ-ია, პირველი თვის ბოლოს კი – დაახლოებით 38 სმ-ს აღწევს.

ახალშობილობის პერიოდში პატარა მკვეთრად სხვა გარემოში ხვდება - სითხოვანი გარემოდან აიროვან გარემოში გადაინაცვლებს, ამიტომ მისი ორგანიზმი შესაბამის „გადაწყობას“ იწყებს:

გულ-სისხლძარღვთა სისტემა იცვლება კარდინალურად - თუ ნაყოფობის პერიოდში პლაცენტური სისხლის მიმოქცევის არსებობისას მას  წინაგულებს შორის ჰქონდა ე.წ. ოვალური ხვრელი და აორტა და ფილტვის არტერიების დაკავშირებული ე.წ. ბოტალის სადინარი, დაბადებისას პირველი ჩასუნთქვის შედეგად - ფილტვის არტერიები ივსება სისხლით, წარმოქმნილი წნევის გამო წინაგულებს შორის ოვალური ხვრელი იხურება და ბოტალის სადინარი იკეტება.

რისთვისაა საჭირო ეს ცვლილებები? ამით პატარას წარმოექმნება ორი დამოუკიდებელი და ჩაკეტილი სისხლის მიმოქცევის წრე - მცირე ანუ ფილტვის წრის მეშვეობით სისხლი ხვდება ფილტვებში და ჟანგბადით მდიდრდება, დიდი ანუ აორტის წრის მეშვეობით კი სისხლი სხეულის ყველა „კუთხე-კუნჭულს“ ამარაგებს ჟანგბადით და, ამასთანავე, ჟანგბადით გამდიდრებული და ჟანგბადით ღარიბი სისხლი ერთმანეთს არ ერევა.

ახალშობილის გულის ნორმალური რითმია - 120-140 დარტყმა/წუთში.

ახალშობილი აღარაა დაკავშირებული პლაცენტასთან, შესაბამისად ჭიპლარი, რომელიც პლაცენტიდან სისხლის მიღების ფუნქციას ასრულებდა, მას „აღარ სჭირდება“. ამიტომ დაბადების დროს გადაჭრილი ჭიპლარის ტაკვი სითხის დაკარგვის შედეგად თანდათან მუმიფიცირდება (მოხმება) და თავისით მოძვრება 5-7 დღეში, მის ადგილას წარმოქმნილი ჭიპის ჭრილობა შეხორცდება საშუალოდ 14 დღეში (მაქსიმუმ 45 დღეში).

ახალშობილი იწყებს დამოუკიდებელ სუნთქვას  - ჭიპლარის გადაჭრის შედეგად მის ორგანიზმში დაგროვილი ნახშირორჟანგი ააქტიურებს თავის ტვინში არსებულ სუნთქვის ცენტრს, რომელიც თავის მხრივ აძლევს სიგნალს გულმკერდის კუნთებს. ამ კუნთების შეკუმშვის და მოდუნების შედეგად ჰაერი შეიწოვება ფილტვებში (დგუშის პრინციპით), სადაც ჰაერით ივსება ყველა აქამდე ჩაჩუტული ალვეოლა (ფილტვის ქსოვილი შედგება უწვრილესი ბრონქიოლებისგან და მათზე გადაკრული პატარა ბუშტებისგან, რომლებსაც ალვეოლები ქვია). ალვეოლებს გარშემო აკრავს სისხლძარღვები, საიდანაც სისხლში დაგროვილი ზემოთხსენებული ნახშირორჟანგი გადადის ალვეოლებში, ალვეოლებიდან კი ჟანგბადი გადაისროლება სისხლში, ეს გაზთა მიმოცვლა მარტივი დიფუზიით ხდება.

ახალშობილის სუნთქვის სიხშირე პირველ კვირას არარეგულარულია და 30-50 სუნთქვითი მოძრაობა (სმ) ფიქსირდება წუთში, შემდგომში ის რეგულარული ხდება და 50-60 სმ/წუთში შეადგენს.

ახალშობილის ნერვული სისტემის მომწიფებულობაზე მსჯელობა შესაძლებელია ორი ძირითადი მახასიათებლით - (1) რამდენადაა განვითარებული კუნთთა ტონუსი - დროულ ახალშობილში ტონუსი მომატებულია, დღენაკლი, „მოუმწიფებელი“ ახალშობილი დუნეა. ყველაზე ნათლად კუნთთა ტონუსის შესახებ შესაძლოა ვიმსჯელოთ კიდურების გაშლის დროს რამდენად გვიწევს პატარა წინააღმდეგობას და შეკრულია თუ არა მისი მტევნები მუშტად, (2) ტირილის ხასიათის მიხედვით - დროული ახალშობილი ტირის მკაფიოდ, დღენაკლის ხმა კი „სუსტია“.

ახალშობილი, როგორც კი „მოიწესრიგებს“ სისხლის მიმოქცევის და სუნთქვის ფუნქციებს, იწყებს ზრუნვას კვებაზე, მას ამ აქტივობაში მუცლადყოფნის დროს უკვე ჩამოყალიბებული ე.წ. თანდაყოლილი რეფლექსები ეხმარება. ახალშობილი აბსოლუტურად მომზადებულია დედის რძით კვებისთვის - მან იცის წოვა, ყლაპვა, მისი კუჭ-ნაწლავის სისტემა „ფლობს“ ფერმენტების იმ ნაკრებს, რომელიც მზადაა დაბადებისთანავე გადაამუშავოს ეს პირველი საკვები პროდუქტი.

ახალშობილი დაბადებისთანავე გამოყოფს მის პირველ განავალს - მეკონიუმს, ეს მუცლადყოფნის პერიოდში გამოყოფილი ნაღველის და სანაყოფე წყლების გადამუშავების შედეგად დაგროვილი მასაა. შემდგომში ის დედის რძის გადამუშავების შემდგომ დარჩენილი „პროდუქტების“ გამოყოფას შეუდგება: მე-2-3 დღეს განავალი მოყვითალო ფერისაა (ამ დღეებში სარძევე ჯირკვლებში გამომუშავებული რძე ძალიან ბევრ ცხიმს შეიცავს და ხსენი ეწოდება), მე-4 დღეს განავალი მომწვანო ხდება, უფრო თხევადია და დღე-ღამეში 10-ჯერ გამოიყოფა - ეს  ნაწლავებში ახალი ფლორის „დასახლების“ შედეგია, მე-6-7 დღიდან განავალი „იბრუნებს“ ყვითელ ფერს, ფაფისებრი კონსისტენციისაა და გამოიყოფა 5-6-ჯერ დღე-ღამეში.

ახალშობილს უჭირს დამოუკიდებელი თერმორეგულაცია, დაბადებამდე ის სტაბილურად 37˚C ტემპერატურულ გარემოში ცხოვრობდა და სხეულის ეს ტემპერატურა ჰქონდა, დაბადების შემდგომ მისი სხეულის ტემპერატურა 1-2 ˚C - ით მცირდება. ახალშობილმა სითბოს შესანარჩუნებლად საჭირო ცხიმოვანი ქსოვილი დედის რძით მიღებული ცხიმოვანი ნაერთების დაგროვების შედეგად უნდა შეივსოს, ამიტომ მას განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება პირველი კვირების განმავლობაში იმისთვის, რომ არ გადაცივდეს.

ახალშობილის მხედველობა და სმენა ჯერ განუვითარებელია. ის საგნებს ხედავს ბუნდოვნად დაახლოვებით 20-25 სმ მანძილზე, მას არ ესმის ხმამაღალი ბგერები, ვერ აღიქვამს ხმაურს, ამიტომ შეუძლია ძილი ბგერებით სავსე გარემოში. თუმცა აღსანიშნავია, რომ არჩევს დედის ხმას და მის ტონალობებს, სავარაუდოდ ეს ახალშობილს მუცლადყოფნის პერიოდიდან გამოყვება, ასევე ცნობს ოჯახის წევრების იმ ხმებსაც, რომლებიც მას საშვილოსნოში ესმოდა.

ახალშობილს ყნოსვის და გემოვნების  შეგრძნებები კარგად აქვს განვითარებული, არჩევს ტკბილ და მწარე გემოებს, დაბადებისთანავე იმახსოვრებს და ცნობს დედის სუნს, დისკომფორტს იწვევს მასში მკვეთრი სუნები.

ახალშობილს ყველაზე ინტენსიურად აქვს განვითარებული შეხების შეგრძნება - ის დიდ სიამოვნებას იღებს კანით-კანზე კონტაქტით.

ახალშობილის იმუნური სისტემა ფლობს მხოლოდ იმ ანტისხეულებს, რომლებიც დედისგან ანუ პასიურად გადაეცა. ის გარემოსთან შეხებისას ხვდება ახალ ინფექციურ აგენტებს და თანდათან იმუშავებს ახალ-ახალ ანტისხეულებს, ამიტომ ახალშობილობის პერიოდში სასურველია პატარა არ „გადაიტვირთოს“ ბევრი ინფექციური აგენტით, განსაკუთრებით სასურველია ვირუსული ინფექციების მატარებლებთან კონტაქტის შემცირება (თუმცა ეს არ ნიშნავს მთელი ცხოვრების მანძილზე მის სტერილიზაცია, რჩევა ეხება პირველ 28 დღეს).

კვება

ახალშობილის კვების სიხშირე ძალიან მაღალია, რადგან:

მისი კუჭი იმდენად პატარაა, რომ შეუძლებელია მოახდინოს საკვების დიდი რაოდენობით მიღება და გადამუშავება, ამიტომ ახალშობილის სწორი განვითარებისთვის საჭიროა მისი ხშირი კვება;

ძუძუთი კვების დროს ბავშვის ფსიქიკაში აღდგება დედა-ნაყოფი-ს ის კავშირი, რომელიც მას საშვილოსნოსშიდა განვითარების პერიოდში ჰქონდა, ამიტომ ახალშობილის ფსიქიკის სწორი ჩამოყალიბებისთვის სასურველია მისი ხშირი „ძუძუსთან მიყვანა“.

ახალშობილის კვების ერთადერთი უპირობო რეკომენდაციაა - ძუძუთი კვება შეუზღუდავად - მოთხოვნის მიხედვით.

კვების შემდგომ ახალშობილს ახასიათებს ამოქაფება - ის რძის ნაწილს უკან იღებს, თუმცა ეს ძალიან მცირე ნაწილია, ნორმად ითვლება 1 სადილის კოვზის მოცულობის რძის ამოქაფება.

ძილი

ახალშობილს ძინავს დღე-ღამეში 16-18 საათი, რადგან მისი ნერვული სისტემა ძალიან ბევრ უცხო სიგნალს იღებს და მალე იფიტება.

როგორ ანაწილებს ახალშობილი ძილის და ღვიძილის ეპიზოდებს - ეს დედის ორსულობის დროს ემოციური სტატუსის და ძილ-ღვიძილის რითმზეა დამოკიდებული - ამ რითმის მიხედვით ჯერ კიდევ ნაყოფობის ხანაში გამოიმუშავებს პატარა თავისი ცხოვრების „პერიოდულობას“.

ღამის განმავლობაში მომატებული ღვიძილის ეპიზოდების შემთხვევაში, შეგიძლიათ ახალშობილს ასწავლოთ ხანგრძლივი ღამის ძილი - (1) ძილის დროს კანით-კანზე კონტაქტით (ჩახუტებული ძილით) და (2) დღის მანძილზე ხშირი გამოღვიძებით და კვებით (დაახლოვებით 8-10ჯერ).

ყველაზე ხანგრძლივი, გადაბმული ძილის ეპიზოდი ახალშობილისთვის მოიცავს მხოლოდ 3-4 საათს, ღვიძლის ეპიზოდი - 20-30 წუთს.

ძილის დროს, თუ ახალშობილმა ჩაძინებამდე საკმარისად ჭამა, მას ეპიზოდურად გამოუვლინდება ე.წ. „სიმაძღრის“ ღიმილები - ეს ტუჩის კუნთების კრთომითი მოძრაობებია. ასეთი ღიმილი ნიშანია ექიმებისა და დედისთვის, რომ ახალშობილს კვების დეფიციტი არ აქვს.

ქცევა

ახალშობილის ქცევა აბსოლუტურად რეფლექტორულია ანუ გაუაზრებელი და მექანიკურია. მისი მოქმედებები ეყრდნობა ძირითადად ორ ინსტინქტს:

კვებითს - ის გრძნობს შიმშილს და ტირილის საშუალებით იქცევს ყურადღებას, რათა კვებონ,

თავდაცვითს - ის გრძნობს მისთვის უცხო გარემოს და ყოველი მიუღებელი გარემო ზემოქმედების საპასუხოდ ტირის, რათა კანით-კანზე კონტაქტის (ხელში აყვანის), ძუძუს წოვის და დედის გულისცემის მოსმენის საშუალებით ისევ „აღმოჩნდეს“ მისთვის მეგობრულ გარემოში.

ახალშობილს აქვს ხუთი ქცევითი მოდელი:

მშვიდი ღვიძილი - პატარას თვალები გახელილი აქვს, ხელებს და ფეხებს არ ამოძრავებს, ყურადღებას აფიქსირებს ახლო მდებარე საგნებზე - ამ დროს ახალშობილი ჯერ ძირითადად მხედველობის საშუალებით შეიმეცნებს და სწავლობს გარემოს.

აქტიური ღვიძილი - მშვიდი ღვიძილისგან განსხვავებით პატარა აქტიურად ამოძრავებს ხელებს და ფეხებს, ყურადღების კონცენტრაცია ხდება საკუთარ სხეულზე, ის ამ დროს ვარჯიშობს და ავითარებს საკუთარ ნერვ-კუნთოვან სისტემას.

ტირილი - პატარა გარემოსგან გამოწვეული დიკომფორტის გამო ტირის, მისი სუნთქვა გახშირებულია, მოძრაობითი აქტივობა ძალიან მომატებული, ამ დროს ყურადღება ნულის ტოლია, ამ მოდელიდან გამოსვლა მას შეუძლია მხოლოდ დისკომფორტის გამომწვევი ფაქტორის მოხსნის შემდეგ.

ზედაპირული ძილი - პატარას ქუთუთოები დაშვებულია, ფეხები და ხელები მიბჯენილია სხეულზე, აღენიშნება სახის და კიდურების კრთომები, ყურადღება ნულამდეა, მხოლოდ ნებისმიერი გამღიზიანებლის შედეგად ადვილად გადადის წინა მდგომარეობებში.

ღრმა ძილი - პატარა სრულიად მოდუნებულია, ხელები და ფეხები აბსოლუტურად მოდუნებულ მდგომარეობაში უდევს სხეულზე ან საწოლზე, სახე გამომეტყველების გარეშე, სუნთქავს მშვიდად და თანაბარად.


© 2015 ყველა უფლება დაცულია