Orsuli.ge - ნაყოფის გულისცემა

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ნაყოფის გულისცემა

ნაყოფის გულისცემა - მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლო მაჩვენებელია. გულისცემის რითმი ყველაზე საიმედოდ ახასიათებს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა „მდგომარეობას“, ერთ-ერთი პირველი პასუხობს ცვლილებებით არასასურველ პათოლოგიურ სიტუაციებს, ამიტომ ექიმი-გინეკოლოგი მთელი ორსულობის მანძილზე განუწყვეტლივ ახორციელებს ნაყოფის გულისცემის მონიტორინგს.

გულის განვითარება იწყება მისი ჩანასახოვანი წარმონაქმნისაგან, რომელიც ორსულობის გინეკოლოგიური მე-4 კვირის ბოლოს ჯერ ღრუ მილაკს წარმოადგენს.

საშუალოდ ორსულობის გინეკოლოგიური მე-5 კვირის ბოლოდან  ჩანასახოვანი გული იწყებს პულსირებას (ცემას).

ორსულობის გინეკოლოგიური  მე-8-9 კვირისთვის გულს უკვე ოთხი „განყოფილება“ აქვს: ორი წინაგული და ორი პარკუჭი, ისევე, როგორც მოზრდილ ადამიანს.

გამომდინარე იქიდან, რომ ნაყოფი ჯერ არ სუნთქვას დამოუკიდებლად და ჟანგბადი მას დედის სისხლით მიეწოდება, ნაყოფის გულს აქვს თავისებური შენება - გააჩნია მარჯვენა და მარცხენა წინაგულებს შორის მცირე ოვალური ხვრელი (1) და არტერიული ე.წ. ბოტალის სადინარი (2), რომლითაც აორტა დროებით პირდაპირ შეერთებულია ფილტვის არტერიასთან. ამ თავისებურებებით განსხვავდება ნაყოფის გული მოზრდილის გულისაგან. ნაყოფის გულისთვის ასეთი აგებულება საჭიროა  იქედან გამომდინარე, რომ ფილტვში სისხლის მიმოქცევა ჟანგბადის „მოსაპოვებლად“ მას არ სჭირდება და სისხლი ორგანიზმში ე.წ. ფილტვის (მცირე) წრის გარეშე მოძრაობს. დაბადების შემდგომ, იწყებს რა ახალშობილი საკუთარი ფილტვებით სუნთქვას, წინაგულებს შორის არსებული ხვრელი და ბოტალის სადინარი სამუდამოდ იხურება.
ნორმაში ნაყოფის გულისცემის სიხშირე ორსულობის ვადებთან მიმართებაში ცვალებადობს,  რაც უკავშირდება ნაყოფის ვეგეტატიური ნერვული სისტემის ჩამოყალიბებას, და შემდეგნაირია:

       
5 week 85-105 11 week 153-177
6 week 105-125 12 week 150-174
7 week 125-140 13 week 147-171
8 week 140-170 14 week 146-168
9 week 155-175 15-28 weeks 140-160
10 week 161-179 29+ week 120-160

ნაყოფის გულისცემის მონიტორინგი შემდეგი ღონისძიებებითაა შესაძლებელი: გულისცემის აუსკულტაცია (მოსმენა), ექო-კარდიოგრაფიული კვლევა, კარდიოტოკოგრაფია. 

აუსკულტაცია (მოსმენა) ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდია, საჭიროა ერთადერთი ინსტრუმენტი - სამეანო სტეტოსკოპი - პატარა მილი, რომელსაც გინეკოლოგი ერთი გაფართოვებული ბოლოთი ადებს ორსულს მუცელზე და მეორე ბოლოთი  „საკუთარი ყურით“უსმენს პატარას. სტეტოსკოპის ფორმა არ შეცვლილა უხსოვარი დროიდან და საუკეთესო სტეტოსკოპები ტრადიციულად მზადდება ხის მასალისგან. ნაყოფის გულის ტონების მოსმენა გინეკოლოგთან ყოველი ვიზიტის შემადგენელი აუცილებელი ნაწილია.

გულის ტონები მკაფიოდ ისმინება ორსულობის მე-20 კვირიდან, თუმცა მე-8 კვირიდან შესაძლებელია მათი გარჩევა.

აუსკულტაციის დროს ისმის სხვა „ხმები“-ც: ნაწლავის ყურყური (გარდამავალი არარეგულარული), აორტისა და საშვილოსნოს სისხლძარღვების ტონები (ტონური„ხმაური“, რომელიც დედის პულსს ემთხვევა).

აუსკულტაციის დროს გინეკოლოგი საზღვრავს: გულის შეკუმშვების სიხშირეს, რითმულობას და შეკუმშვების სიმკვეთრეს.

ნორმაში ნაყოფის გულის ტონები მოისმინება როგორც თანაბარ-რითმული ორდარტყმიანი „ხმაური“. გინეკოლოგი ასევე ეძებს წერტილს, სადაც ყველაზე უკეთ ისმინება გულისცემა, ამით ის საზღვრავს ნაყოფის მდებარეობასაც. როდესაც ნაყოფი თავით წინ მდებარეობს, გულისცემა ყველაზე უკეთ ისმის ჭიპის ქვევით მარცხნივ ან მარჯვნივ ნაყოფის ხერხემლის მიმართულების მიხედვით. ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობისას გულისცემა მკვეთრად ჭიპის არეში ისმის. ნაყოფის ჯდომით წინმდებარეობის დროს გულისცემა ისმის ჭიპის ზევით პროექციებში.

გინეკოლოგისთვის მნიშვნელოვანი მახასიათებელია გულის ცემის რითმულობაც: რითმულია გულისცემა, თუ დარტყმებს შორის შუალედი ერთნაირია. არითმული გულისცემა დამახასიათებელია გულის თანდაყოლილი მანკებისა და ნაყოფის ჰიპოქსიის (ჟანგბადის უკმარისობის)-სათვის. ნაყოფის გულის ტონების სიმკვეთრის კლება ე.წ. მოყრუება ასევე  ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ჰიპოქსიური მდგომარეობის მახასიათებელია.

ნაყოფის გულისცემა კარგავს სიმკვეთრეს, თუ:

პლაცენტა მდებარეობს საშვილოსნოს წინა კედელზე;

ჭარბი ოდენობითაა სანაყოფე წყლები;

ორსულის ჭარბი წონის დროს მუცლის წინა კედელზე სქელი ცხიმოვანი შრეა;

ნაყოფის მოძრაობითი აქტივობა მომატებულია.

ექოსკოპიური მონიტორინგი

ორსულობის დასაწყისში ნაყოფის გულისცემის განსაზღვრა ინსტრუმენტალურად ხდება მხოლოდ  ექოსკოპიური კვლევის დროს. ინტრავაგინალური ექოსკოპიით (ექოსკოპის თავის საშოში მოთავსებით) ემბრიონის გულისცემის მოსმენა შესაძლებელია ორსულობის გინეკოლოგიური მე-5-6 კვირიდან, ხოლო ტრანსაბდომინალური ექოსკოპიით (მუცელზე მოთავსებით) - მე-6-7 კვირიდან.

ცუდი პროგნოზული ნიშნებია გულის რითმის შენელება 85-100 დარტყმამდე (ბრადიკარდია) და გახშირება 200 დარტყმაზე მეტად (ტაქიკარდია). ამ დროს ძირითადი მანიპულაციაა გულის რითმის ცვლილების მიზეზის დადგენა და გამოსწორება.

ემბრიონის განვითარების შეფერხებაზე მეტყველებს 8 მმ ემბრიონის გულის ცემის არარსებობა, მაგრამ ერთი ექოსკოპიური კვლევით ამ დიაგნოზის დასმა არ ხდება, ის აუცილებლად უნდა გადამოწმდეს 5-7 დღიანი ინტერვალების შემდეგ.

II-III ტრიმესტრებში ექოსკოპიური სკანირებით ფასდება:

ნაყოფის გულის მდებარეობა - ნორმაში გული მდებარეობს მარცხნივ და განივი სკანირებისას იკავებს გულმკერდის 1/3-ს,

გულის ცემის რითმი - ნორმა 140-160 დარტყმა/წუთში და რითმულობა.

ორსულობის ბოლო ვადაზე გულის ცემის სიხშირეს და რითმს ცვლის დედაზე მოქმედი ფაქტორები - ფიზიკური დატვირთვის ინტენსივობა, სიცივე/სიცხე, რესპირატორული ავადობა და სხვ.

მთავარი ფაქტორი, რომელიც ნაყოფის გულისცემის რითმს ცვლის არის მისთვის მიწოდებული ჟანგბადის დეფიციტი - ჰიპოქსია. ჰიპოქსიის დასაწყისში რითმი ჩქარდება (160 დარტყმაზე მეტია), ქრონიკული დეფიციტის შედეგად კი მცირდება - 120 დარტყმაზე ქვევით.

გულის თანდაყოლილი მანკების კვლევისათვის გამოიყენება ე.წ. „ოთხკამერიანი განაკვეთი“. ეს ულტრაბგერითი გამოსახულებაა, რომელზეც ჩანს გულის ოთხივე ღრუ. იგი ტარდება მხოლოდ შესაბამისი ჩვენების შემთხვევაში.

ნაყოფის ექოკარდიოგრაფია

ექოკარდიოგრაფია ექოსკოპიური კვლევაა, რომლის დროსაც  „მთავარი დაკვირვების ობიექტი“ ნაყოფის გულია. ამ დროს ძირითადი ორგნაზომილებიანი რეჟიმის გარდა გამოიყენება ექო-სკანირების სხვა რეჟიმებიც - М-რეჟიმი და დოპლერის რეჟიმი.

ნაყოფის სპეციალიზირებული ექოკარდიოგრაფიის ჩვენებებია:

ორსულის ასაკი - 38 წელზე ზემოთ;

ორსულის შაქრიანი დიაბეტი;

ორსულობის დროს მწვავე ინფექციური პროცესების განვითარება;

ორსულის ან უკვე დაბადებული და-ძმების თანდაყოლილი გულის მანკები;

ნაყოფის ჰიპოქსია;

ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება;

აუსკულტაციით ან წინა ექოსკოპიური კვლევებით დაფიქსირებული გულისცემის სიხშირისა და რითმის დარღვევები.

ოპტიმალური ვადა ექოკარდიოგრაფიის ჩასატარებლად არის ორსულობის გინეკოლოგიური 18-28 კვირა.

კარდიოტოკოგრაფია

კარდიოტოკოგრაფიის საშუალებით უფრო დეტალურად ფასდება ნაყოფის გულის რითმის დარღვევა, ეს ნაყოფის გულის ელექტროკარდიოგრამაა.

ოპტიმალური ვადა ექოკარდიოგრაფიის ჩასატარებლად არის ორსულობის გინეკოლოგიური 29-40 კვირა.

კარდიოტოკოგრაფიის მთავარი ჩვენებაა ნაყოფის ჰიპოქსია.

კარდიოტოკოგრაფიული კვლევისას ითვლება გულის რითმის საშუალო სიხშირე (ბაზალური რითმი), რომელიც ნორმაში 120-160 დ/წთ-შია, გულის რითმის ვარიაბელობა, მიოკარდიული რეფლექსი (ნაყოფის მოძრაობის დროს სიხშირის გაზრდა, ნორმაში 20 დ/წთ-ით).

ნაყოფის ჰიპოქსიაზე მიუთითებს: გულის ბაზალური რითმის მატება (≥160 დ/წთ) ანუ ტაქიკარდია, ასევე კლება (≤120დ/წთ) ანუ ბრადიკარდია, მიოკარდიული რეფლექსის არარსებობა - გულის რითმი არ იცვლება ნაყოფის მოძრაობის დროს.


© 2015 ყველა უფლება დაცულია