Orsuli.ge - ანალიზების აღწერა, ინტერპრეტაცია და ნორმები

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ანალიზების აღწერა, ინტერპრეტაცია და ნორმები

სისხლის საერთო ანალიზი 

ანალიზის დროს განისაზღვრება სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობრივი და თვისობრივი პარამეტრები.

ანალიზი ტარდება ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს მინიმუმ 3-ჯერ:

ორსულობის გინეკოლოგიურ 12 კვირამდე

ორსულობის გინეკოლოგიურ 18-24 კვირას

ორსულობის გინეკოლოგიურ 30-32 კვირას

მშობიარობამდე - ორსულობის გინეკოლოგიურ 36 კვირისთვის - შესაძლოა მხოლოდ ჰემოგლობინის მაჩვენებელი განისაზღვროს.

!მიზანი - საშუალებას აძლევს ექიმებს შეაფასონ ორგანიზმის საერთო მდგომარეობა: ორგანიზმში მიმდინარე დარღვევების დროს ყველაზე პირველი (სიმპტომების გამოჩენამდე) იცვლება სწორედ ამ ანალიზის მაჩვენებლები, ასევე ამ ანალიზით კომპლექსურად ჩანს არა რომელიმე ერთი სისტემის, არამედ მთელი ორგანიზმის მდგომარეობის „სურათი“.

სისხლის საერთო ანალიზის დროს განსაზღვრული პარამეტრების განმარტებები და ნორმები იხილეთ აქ.

სისხლის ჩაბარება საერთო ანალიზისთვის სასურველია მოხდეს დილის საათებში.

შარდის საერთო ანალიზი  

ფასდება შარდის ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები და შარდის ნალექის მიკროსკოპიული შემცველობა.

ანალიზი ტარდება ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს მინიმუმ 3-ჯერ:

ორსულობის გინეკოლოგიურ 12 კვირამდე

ორსულობის გინეკოლოგიურ 18-24 კვირას

ორსულობის გინეკოლოგიურ 30-32 კვირას

მშობიარობამდე - ორსულობის გინეკოლოგიურ 36 კვირისთვის - შესაძლოა ჩატარდეს შარდში მხოლოდ ცილების კონცენტრაციის განსაზღვრა.

!მიზანი - შარდის საერთო ანალიზი საშუალებას აძლევს ექიმებს შეაფასონ როგორც თავად საშარდე სისტემის - თირკმელების, შარდის ბუშტის - ფუნქციონირება, ასევე ინფორმაციას იძლევა სასქესო ორგანოებში განვითარებული დარღვევების ყველაზე ადრეული გამოვლინებების შესახებ, ამიტომ მას პროფილაქტიკურ კვლევასაც უწოდებენ.

შარდის საერთო ანალიზის დროს განსაზღვრული პარამეტრების განმარტებები და ნორმები იხილეთ აქ.

შარდის ანალიზისთვის შარდის სპეციალურ კონტეინერში შეგროვების წინ აუცილებელია გარეთა სასქესო ორგანოების ჰიგიენური ღონისძიებების ჩატარება (საპნით ჩაბანა), ანალიზისთვის საჭიროა შეგროვდეს დილის შარდი. კონტეინერში მოთავსებული მასალა სასურველია მიეწოდოს ლაბორატორიას შეგროვებიდან არაუმეტეს 2 საათის პერიოდში.

სისხლის ანალიზი სისხლის ჯგუფზე და რეზუს-ფაქტორზე

გამოვლინდება ორსული ქალის სისხლის ჯგუფისადმი და რეზუს-ჯგუფისადმი კუთვნილება.

ანალიზი ტარდება ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს მხოლოდ 1-ხელ ორსულობის გინეკოლოგიურ 12 კვირამდე პერიოდში.

თუ აღმოჩნდა, რომ დედის სისხლი არ შეიცავს რეზუს-ანტიგენებს (ანუ რეზუს-უარყოფითია), ანალიზის გადამოწმება სასურველია ხელმეორედ რამდენიმე დღეში. ანალიზი უტარდება მამასაც. მამის სისხლში რეზუს-ანტიგენების აღმოჩენისას (ანუ სისხლი რეზუს-დადებითია), იგეგმება ორსული ქალის სისხლის ანალიზი რეზუს-ანტიგენისადმი ანტისხეულების აღმოსაჩენად 20 კვირის ვადამდე. ამ ანტისხეულების აღმოჩენისას იწყება  რეზუს-კონფლიქტის პროფილაქტიკა  - სპეციალური შრატის შეყვანა. ანალიზი რეზუს-ანტისხეულებზე პირველი დადებითი პასუხის შემთხვევაში მეორდება ყოველ 2 კვირაში ერთხელ მშობიარობამდე (10-12-ჯერ საშუალოდ).

!მიზანი - სისხლის ჯგუფის დადგენა საჭიროა მშობიარობის დროს სისხლის დაკარგვის შემთხვევაში გადასხმისთვის საჭირო ჯგუფის სისხლის მოსამზადებლად. რეზუს-ჯგუფის დადგენა და რეზუს-ანტისხეულების გამოვლენა აუცილებელია დედასა და ნაყოფს შორის რეზუს-კონფლიქტის თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების დროულად დასაწყებად.

სისხლის ჯგუფის და რეზუს-კუთვნილების ანალიზის დროს განსაზღვრული პარამეტრების განმარტებები და ნორმები იხილეთ აქ.

სისხლის ბიოქიმიური ანალიზი

იზომება სისხლში სხვადასხვა ბიოქიმიური კომპონენტების კონცენტრაცია.

ანალიზი არ ტარდება ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს. ანალიზის ჩატარების საჭიროება გამოიკვეთება ექიმის მიერ, თუ:

ორსულ ქალს ორსულობამდეც აღენიშნებოდა შინაგანი ორგანოების (ღვიძლის, თირკმელების, გულის, სისხლის, ნაწლავების) დაავადებები ან ამ ორსულობისას გამოუვლინდა ამ დაავადებების დამახასიათებელი სიმპტომატიკა;

ორსულ ქალს აქვს ჰიპერტენზია (მაღალი წნევა) ან ჰიპოტენზია (დაბალი წნევა), ჭარბი წონა ან წონის დეფიციტი,  ანემია, ძლიერი ადრეული ტოქსიკოზი (ხშირი ღებინება), შარდვის შემცირება, გაძლიერება და/ან შეუკავებლობა, შაკიკი (თავის ძლიერი ტკივილი), კრამპი (კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვები);

მიყოლებული ორსულობაა - წინა მშობიარობიდან გასულია ერთ წელზე ნაკლები;

ნაყოფს აღენიშნება ჰიპოქსიის და/ან განვითარების შეფერხების ნიშნები.

!მიზანი - კვლევა საშუალებას აძლევს ექიმს მოახდინოს დიაგნოსტიკა - როგორ მუშაობენ შინაგანი ორგანოები (ღვიძლი, თირკმლები, გული, ნაწლავები და სხვ), როგორ მიდის ორსულის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა (ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდების), როგორია ვიტამინების და მიკროელემენტების შემცველობა.

სისხლის ბიოქიმიური ანალიზის დროს განსაზღვრული პარამეტრების განმარტებები და ნორმები იხილეთ აქ.

სისხლის ჩაბარება ბიოქიმიური ანალიზისთვის უნდა მოხდეს მკაცრად უზმოზე (ბოლო კვებიდან  10-12 საათის შემდგომ), დილის საათებში.

სისხლის კოაგულოგრამა (ჰემოსტაზიოგრამა) 

ანალიზისას იზომება სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი ნივთიერებების კონცენტრაციები.

ანალიზი არ ტარდება ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს. ანალიზის ჩატარების საჭიროება გამოიკვეთება ექიმის მიერ, თუ:

ორსულ ქალს ორსულობამდე აღენიშნებოდა სისხლის შედედების ფუნქციის მატება და ვენების ვარიკოზული დაავადებები (მათ შორის ბუასილი) და ღვიძლის დაავადებები;

ორსული ქალი ორსულობამდე იღებდა ჰორმონულ კონტრაცეპტივებს ხანგრძლივად (6 თვე და მეტხანს);

ორსულ ქალს წინა ორსულობისას ჰქონდა თრომბოფილიები (ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი), პლაცენტის ინფარქტი ან ნაადრევი აცლა, მკვდრადშობადობა, ნაადრევი აბორტი;

ორსულ ქალს ამ ორსულობისას გამოუვლინდა ჰიპერკოაგულაციაზე მიმანიშნებელი სიმპტომატიკა - გაჩნდა ვენების ვარიკოზი, ბუასილი, ჰიპერტენზია (მაღალი წნევა);

ორსულ ქალს ამ ორსულობისას აღენიშნება გართულებები:

რომელთა განმაპირობებელი მიზეზი ხშირად ჰიპერკოაგულაციაა - ფეტო-პლაცენტური უკმარისობა და ჰიპოქსია (სისხლში ჟანგბადის პარციალური წნევა დაბალია, დოპლეროგრაფიული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში არაა),

რომლებიც მეორადად იწვევენ ჰიპერკოაგულაციას - ორსულთა ანემია, გესტაციური დიაბეტი;

ორსულ ქალს ჰიპერკოაგულაციის გამო უკვე ჩაუტარდა ანტიკოაგულაციური თერაპია და ახლა მცირე ტრამვებზე აღენიშნება გახანგრძლივებული სისხლდენა.

!მიზანი - კვლევა საშუალებას აძლევს ექიმს დროულად მოახდინოს დიაგნოსტიკა თუ რამდენად ბლანტია ორსულის სისხლი, ხომ არ არის საშიშროვება გაჩნდეს თრომბები, გადაიკეტოს სისხლძარღვები (განსაკუთრებით პლაცენტის) და გაიზარდოს  ნაყოფის ჰიპოქსიის და/ან განვითარების შეფერხების რისკი.

სისხლის კოაგულოგრამით განსაზღვრული პარამეტრების განმარტებები და ნორმები იხილეთ აქ.

სისხლის ჩაბარება კოაგულოგრამისთვის უნდა მოხდეს მკაცრად უზმოზე (ბოლო კვებიდან  10-12 საათის შემდგომ), დილის საათებში.

სისხლის ანალიზი ინფექციებზე

ანალიზისას იზომება ორგანიზმში სხვადასხვა ინფექციური აგენტის არსებობა (ჯაჭვურ-პოლიმერაზული რეაქციის მეთოდით) და ინფექციების „წინააღმდეგ“ გამომუშავებული ანტისხეულების სახეობა და კონცენტრაცია ან ტიტრი (იმუნო-ფერმენტული მეთოდით).

ანალიზი ტარდება ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს სკრინინგის სახით (აუცილებელი პროფილაქტიკური კვლევა ყველა ორსულში, მიუხედავად იმისა, სახეზეა თუ არა ამ ინფექციების სიმპტომატიკა) ორსულობის გინეკოლოგიურ 12-კვირამდე პერიოდში შემდეგ ინფექციებზე -

შიდსი, В-ჰეპატიტი, სიფილისი, წითურა.

საშოს ნაცხის ანალიზის შედეგებისა და გამოხატული სიმპტომატიკის მიხედვით, ექიმი წყვეტს გააღრმავოს თუ არა სისხლის კვლევა ინფექციებზე, პირველ რიგში ორსულობის გინეკოლოგიურ 12 კვირამდე მიმდინარეობს სქესობრივი გზით გადამდები და ქალის სასქესო ორგანოებში „ბინადარი“ ანთებითი დაავადებების გამომწვევი

ე.წ. TORCH ინფექციების - ტოქსოპლაზმოზი, წითელა, ციტომეგალოვირუსი, ჰერპესი

და სხვა გავრცელებული ინფექციების - ქლამიდია, C-ჰეპატიტი, გონორეა, ურეოპლაზმა, მიკოპლაზმა და სხვა.

მიმართ გამომუშავებული ანტისხეულების სახეობისა და კონცენტრაციის (ტიტრის) დადგენა.

!მიზანი - კვლევა საშუალებას აძლევს ექიმს ორსულის ორგანიზმში გამოავლინოს ნაყოფის სიცოცხლისთვის საფრთხის მატარებელი ინფექციების არსებობა, მათ მიერ გამოწვეული ინფექციური პროცესის მიმდინარეობის ხასიათი (მწვავეა თუ ქრონიკული, იგივე „მიძინებული“), ორსულობისას დაშვებული მედიკამენტებით უმკურნალოს მათ, რათა ნაყოფი არ დაინფიცირდეს საშვილოსნოს შიგნით ან მშობიარობისას. 

ინფექციების გამოსავლენად სისხლის ანალიზით განსაზღვრული პარამეტრების განმარტებები და ნორმები იხილეთ აქ.

სისხლის ინფექციებზე კვლევისას ანალიზისთვის სისხლის აღების დროსა და სხვა ფაქტორებს მნიშვნელობა არ აქვს.

სისხლის ანალიზი ჰორმონებზე

ანალიზისას იზომება სისხლის პლაზმაში ორსულობაზე „პასუხისმგებელი“ ჰორმონების კონცენტრაცია.

ანალიზი არ ტარდება ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს, ანალიზის ჩატარების საჭიროება გამოიკვეთება ექიმის მიერ ორსულობის გინეკოლოგიურ 12 კვირის ვადამდე და შემდგომ (ჩვენებების მიხედვით), თუ:

ორსული ქალი მიეკუთვნება რისკ-ჯგუფს: ასაკი 35 წელზე მეტია, წინა ორსულობები მიმდინარეობდა გართულებებით, მათ შორის იყო მკვდრადშობადობა, ნაადრევი აბორტი, სისხლდენა და სხვა,

არსებობს ეჭვი, რომ საშვილოსნოსგარე ორსულობაა ან არ ვითარდება ემბრიონი,

არსებობს ეჭვი, რომ ნაყოფს აქვს გენეტიკური დაავადებები ან განვითარების შეფერხება,

ორსულობა მიმდინარეობს გართულებებით,

ორსულ ქალს ორსულობამდე აღენიშნებოდა ენდოკრინული და გინეკოლოგიური ორგანოების დაავადებები, მოუწესრიგებელი ჰქონდა ჰორმონული ფონი.

!მიზანი - კვლევა საშუალებას აძლევს ექიმს დაადგინოს ორსულობის მართვაში მონაწილე ჰორმონების კონცენტრაცია და თავიდან აიცილოს მათი ნაკლებობის (იშვიათად სიჭარბის) მიზეზით განვითარებული ორსულობის სხვადასხვა გართულებები.

სისხლში ჰორმონების კონცენტრაციის კვლევის პარამეტრების განმარტებები და ნორმები იხილეთ აქ.

სისხლის ჩაბარება ჰორმონებზე უნდა მოხდეს აუცილებლად დილის საათებში, უზმოზე.

სისხლის ანალიზი გენეტიკური პათოლოგიების გამოსავლენად

ანალიზისას ისაზღვრება იმ ჰორმონებისა და აქტიური ნაერთების კონცენტრაცია, რომელთა მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა მიუთითებს ნაყოფის გენეტიკური პათოლოგიის არსებობაზე.

ანალიზი ტარდება ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს სკრინინგის სახით ორჯერ:

ორსულობის მე-11-14 კვირის ვადაზე - „ორმაგი ტესტი“-ს სახით, როდესაც ისაზღვრება (1) РАРР-А  და (2) β- hCG - ქორიონული გონადოტროპინი-ს კონცენტრაციები;

ორსულობის მე-16-20 კვირის ვადაზე - „სამმაგი ტესტი“-ს სახით, როდესაც ისაზღვრება (1) β- hCG - ქორიონული გონადოტროპინი-ს, (2) თავისუფალი ესტრიოლი - E3-სა და (3) ალფა-ფეტოპროტეინი - AFP-ის კონცენტრაციები.

!მიზანი - კვლევა საშუალებას აძლევს ექიმს დაადასტუროს/უარყოს ნაყოფის გენეტიკური პათოლოგიების (დაუნის, ედვარდსის და სხვა სინდრომები) არსებობა.

სისხლის „ორმაგი“ და „სამმაგი“ ტესტის შემადგენელო კომპონენტების ნორმები იხილეთ აქ.

სისხლის პულსოქსიმეტრია (SPO2)

ანალიზისას ისაზღვრება სისხლში ჟანგბადის პარციალური წნევა, რითიც შესაძლებელია სისხლის ერითროციტების ჰემოგლობინის ჟანგბადით გაჯერების დონე დადგინდეს.

ანალიზი ტარდება ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს სკრინინგის სახით 32-34 კვირის ვადაზე ან ნაყოფის ჰიპოქსიაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში (რისკ-ფაქტორების არსებობისას) ორსულობის ნებისმიერ ვადაზე.

!მიზანი - კვლევა საშუალებას აძლევს ექიმს განსაზღვროს ორსული ქალის სისხლის ჟანგბადით გაჯერების დონე, რითიც შესაძლებელია დროულად აღმოფხვრილ იქნას ნაყოფის ჰიპოქსიის განვითარების რისკები.

სისხლში ჟანგბადის პარციალური წნევის ნორმები იხილეთ აქ.


© 2015 ყველა უფლება დაცულია