Orsuli.ge - ორსულობის დროს ანალიზების გიდი

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ორსულობის დროს ანალიზების გიდი

ორსულობის მართვა, რომელიც მხოლოდ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და ორსულობის დადგენის შემდეგ უნდა განხორციელდეს, მოიცავს გეგმიური და საჭიროებების მიხედვით ჩასატარებელი ანალიზების სქემას.

გინეკოლოგთან სულ პირველი ვიზიტი ორსულობის გინეკოლოგიურ მე-5-8 კვირაზე ძირითადად ემსახურება ორსულობის დადგენას. ორსულთა უმრავლესობა ექიმთან ვიზიტის გარეშეც ახერხებს ამას (თავად იტარებს ორსულობის ტესტს ან პირადი ინიციატივით მიმართავს ექოსკოპიურ კვლევაზე), ამიტომ როდესაც გეგმიური ანალიზების სქემაზე საუბრობენ, ათვლას იწყებენ უშუალოდ გინეკოლოგთან გეგმიური ვიზიტების წამოწყების თარიღიდან, რომელიც არ უნდა გადასცილდეს გესტაციის 12 კვირას.

გეგმიური ანალიზები უნდა ჩატარდეს ორსულის გინეკოლოგთან გეგმიური ვიზიტების ფარგლებში მთელი ორსულობის განმავლობაში 4-ჯერ.

პირველი გეგმიური ვიზიტის დროს - ორსულობის გინეკოლოგიურ 12-კვირამდე გაიდლაინებით აუცილებლად ითვლება შემდეგი ანალიზების ჩატარება:

√  სისხლის ანალიზი - საერთო;

√  სისხლის ანალიზი - სისხლის ჯგუფისა და რეზუს ფაქტორის განსაზღვრა;

√  სკრინინგი ინფექციებზე - შიდსი, В-ჰეპატიტი, სიფილისი, წითურა;

√  შარდის საერთო ანალიზი - პროტეინურიისა (შარდში ცილები) და ბაქტერიურიის (შარდში ბაქტერიები) გამოსავლენად ტესტ-ხაზების მეშვეობით, ასევე შარდის ნალექის მიკროსკოპიით ან შარდის დათესვით.

√  საშოს ნაცხის ანალიზი და დათვალიერება სარკეებში.

ამავე ვიზიტის ფარგლებში ექიმმა შესაძლოა საჭიროებების მიხედვით დაამატოს შემდეგი ანალიზები:

√  სისხლის ანალიზი - ბიოქიმიური;

√  სისხლის ანალიზი - ჰორმონებზე - პროგესტერონი, ესტროგენი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები (TSH, შესაძლოა T3, T4) და სხვა;

√  სისხლის კოაგულოგრამა - შედედების ფუნქციის კვლევა;

√  სკრინინგი ინფექციებზე - TORCH ინფექციები (ტოქსოპლაზმოზი, წითურა, ციტომეგალოვირუსი, ჰერპესი), ქლამიდია, C-ჰეპატიტი.

√  გენეტიკური პათოლოგიების სკრინინგი - „ორმაგი ტესტი“ - სისხლში (1) ქორიონული გონადოტროპინის და (2) РАРР-А - ორსულობასთან ასოცირებული პლაზმური А -ცილის კონცენტრაციების დადგენა.

მეორე გეგმიური ვიზიტის დროს - ორსულობის გინეკოლოგიურ 18-20-კვირას გაიდლაინებით აუცილებლად ითვლება შემდეგი ანალიზების ჩატარება:

√  სისხლის ანალიზი - საერთო;

√  შარდის ანალიზი - საერთო.

ამავე ვიზიტის ფარგლებში ექიმმა შესაძლოა საჭიროებების მიხედვით დაამატოს შემდეგი ანალიზები:

√  გულოზოტოლერანტობის ტესტი - (1) უზმოზე, (2-3) 75 გ. გლუკოზის მიღებიდან ერთი და ორი საათის შემდეგ სისხლში გლუკოზის განსაზღვრა - ე.წ. გესტაციური ფარული დიაბეტის გამოსავლენად;

√  სისხლის ანალიზი - ბიოქიმიური;

√  სისხლის კოაგულოგრამა - შედედების ფუნქციის კვლევა;

√  სისხლის ანალიზი - ჰორმონებზე;

√  გენეტიკური პათოლოგიების სკრინინგი - „სამმაგი ტესტი“ - სისხლში (1) ქორიონული გონადოტროპინის β-სუბერთეულის, (2) ალფა-ფეტოპროტეინის და (3) თავისუფალი ესტრიოლის კონცენტრაციების დადგენა.

√  შარდის ნალექის მიკროსკოპია და შარდის დათესვა;

მესამე გეგმიური ვიზიტის დროს - ორსულობის გინეკოლოგიურ 30-32-კვირას გაიდლაინებით აუცილებლად ითვლება შემდეგი ანალიზების ჩატარება:

√  სისხლის ანალიზი - საერთო;

√  შარდის ანალიზი - საერთო.

ამავე ვიზიტის ფარგლებში ექიმმა შესაძლოა საჭიროებების მიხედვით დაამატოს შემდეგი ანალიზები:

√  სისხლის ანალიზი - ბიოქიმიური;

√  სისხლის კოაგულოგრამა - შედედების ფუნქციის კვლევა;

√  სისხლში ჟანგბადის პარციალური წნევის (SPO2) განსაზღვრა - პულსოქსიმეტრია;

√  საშოს ნაცხის ანალიზი - თუ არსებობს პათოლოგიური გამონადენი სასქესო ორგანოებიდან და სისხლის საერთო ანალიზში მომატებულია ლეიკოციტების რაოდენობა.

მეოთხე გეგმიური ვიზიტის დროს - მშობიარობამდე, ორსულობის გინეკოლოგიურ 36-38-კვირას გაიდლაინებით აუცილებლად ითვლება შემდეგი ანალიზების ჩატარება:

√  სისხლის ანალიზი - ჰემოგლობინის კონცენტრაციის დადგენა;

√  შარდის ანალიზი - პროტეინურიის (ცილები შარდში) დადგენა;

ამავე ვიზიტის ფარგლებში ექიმმა შესაძლოა საჭიროებების მიხედვით დაამატოს შემდეგი ანალიზები:

√  სისხლის ანალიზი - ბიოქიმიური;

√  სისხლის კოაგულოგრამა - შედედების ფუნქციის კვლევა;

√  სისხლში ჟანგბადის პარციალური წნევის (SPO2) განსაზღვრა - პულსოქსიმეტრია.

ანალიზების აღწერა, ინტერპრეტაცია და ნორმები


© 2015 ყველა უფლება დაცულია