Orsuli.ge - ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხება

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხება

მდგომარეობას, როდესაც საშვილოსნოსშიდა განვითარების პროცესში ნაყოფს ვერ მიეწოდება საკმარისი ოდენობის საკვები ნივთიერებები და ამით ირღვევა მისი ზრდისა და განვითარების პროცესი, ეწოდება ნაყოფის პრენატალური (საშვილოსნოსშიდა) განვითარების შეფერხება ან ნაყოფის ჰიპოტროფია (ტროფოს - კვებას ნიშნავს).

მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც ვლინდება ამ მდგომარეობის არსებობა, ნაყოფის წონაა. ნაყოფის ჰიპოტროფიაზე საუბრობენ, როდესაც ორსულობის 18-ე კვირის შემდგომ მისი წონა (დადგენილი ექოსკოპიუირ კვლევის დროს) ჩამორჩება ორსულობის ვადასთან შესაბამისი ნორმის ქვედა ზღვარს (10-პროცენტილურ მაჩვენებელს).

ნაყოფის პრენატალური განვითარების შეფერხება შესაძლოა იყოს სიმეტრიული, როდესაც მისი წონა, ანთროპომეტრული ზომები (BPD, OFL, HC, FL, HL ) და შინაგანი ორგანოების განვითარება (AC) თანაბრად ჩამორჩება ნორმას და ასიმეტრული, როდესაც თავის ტვინის და ჩონჩხის განვითარება ნორმის ფარგლებშია და მხოლოდ წონა და შინაგანი ორგანოების განვითარება არ შეესაბამება ასაკობრივ მაჩვენებლებს, შესაბამისად მუცლის გარშემოწერილობაც (AC) ნორმის ქვედა მაჩვენებელზე ნაკლებია.

ხარისხის მიხედვით ნაყოფის ჰიპოტროფია არის:

პირველი ხარისხის - შემცირებული პარამეტრები გესტაციურ ვადას 2 კვირით ჩამორჩება;

მეორე ხარისხის - შემცირებული პარამეტრები გესტაციურ ვადას 3-4 კვირით ჩამორჩება;

მესამე ხარისხის - შემცირებული პარამეტრები გესტაციურ ვადას 4 კვირაზე მეტად ჩამორჩება.

ნაყოფის პრენატალური განვითარების შეფერხებას იწვევს ფეტო-პლაცენტური უკმარისობა, რომლის დროსაც დედის ორგანიზმის და/ან პლაცენტის პათოლოგიები განაპირობებენ ნაყოფის „შიმშილს“ - საკვები ნივთიერებების მიწოდების დეფიციტს. ასეთი პათოლოგიებია:

დედის ასაკი (≤18 და ≥35 წელზე)

დედის წონის დეფიციტი ორსულობამდე, დედის წონის მატების შეფერხება ორსულობის დროს

დედის კვების მოუწესრიგებლობა

დედის ფსიქოემოციური სტრესების სიხშირე

დედის ქრონიკული დაავადებები - განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტი და ჩიყვი

დედის საშვილოსნოს პათოლოგიები - მანკები (ორკუზიანი, უნაგირა საშვილოსნო), მიომა, ქრონიკული ინფექციის კერები (ენდომეტრიტი)

დედის ჰესტოზი (გვიანი ტოქსიკოზი)

დედის ხშირი ვირუსულ-რესპირატორული ავადობა ორსულობის პერიოდში

მრავალნაყოფიანი ორსულობა

დედის და ნაყოფის რეზუს-კონფლიქტი

პლაცენტის მიმაგრების პათოლოგიები (დაწეული, წინამდებარეობა)

პლაცენტის ნაადრევი მომწიფება, კალციფილატები

პლაცენტის ინფარქტი/სისხლჩაქცევა, აშრევება

ჭიპლარის მარყუჟი, გამოვარდნა, კვანძები

როგორ დიაგნოსტირდება ნაყოფის  საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხება ანუ ჰიპოტროფია?

ნაყოფის ჰიპოტროფიაზე ეჭვის მიტანა ხდება ორსულის წონის და მუცლის გარშემოწერილობის მატებაზე დაკვირვებით, ასევე გინეკოლოგის მიერ ორსულის მუცლის წინა კედლიდან პალპაციით, როდესაც ექიმი ხელით გასინჯვით აფასებს საშვილოსნოს ფუძის დგომას და ნაყოფის ზომებს.

ნაყოფის ჰიპოტროფიის უტყუარი დიაგნოსტირება ხდება ფეტომეტრიის და ნაყოფის ბიოფიზიკური პროფილის შეფასების გზით.

ნაყოფის ფეტომეტრია არის მისი ზომების დადგენა ექოსკოპიური კვლევისას, რისთვისაც გამოიყენება წინასწარ დადგენილი ანთროპომეტრული მაჩვენებლების სკალა. ეს მაჩვენებლებია:

EFW  - ნაყოფის წონა და CRL - ნაყოფის სიგრძე,

BPD  - ნაყოფის თავის ბიპარიეტალური ზომა და OFD - თავის შუბლ-კეფის დიამეტრი,

HC  - ნაყოფის თავის გარშემოწერილობა,

AC  - ნაყოფის მუცლის გარშემოწერილობა,

FL - ნაყოფის ბარძაყის ძვალის სიგრძე და HL - ნაყოფის მხრის ძვლის სიგრძე.

გარდა თავად მაჩვენებლებისა, ფეტომეტრიის დროს ჰიპოტროფიის უკეთ შესაფასებლად გამოიყენება ზოგიერთი ამ მაჩვენებლის თანაფარდობა, რასაც ფეტომეტრიულ ინდექსებს უწოდებენ, ესენია:

BPD/OFD - ინდექსი აფასებს ნაყოფის თავის განვითარებას;

FL/BPD - ინდექსი აფასებს ქვედა კიდურების განვითარებას;

HC/AC და FL/AC - ინდექსები აფასებენ მუცლის და შინაგანი ორგანოების განვითარებას, ასიმეტრიული ჰიპოტროფიის დროს მხოლოდ ეს ორი ინდექსი ირღვევა.

ფეტომეტრული მაჩვენებლების და ინდექსების ნორმები:

ორსულობის გინეკოლოგიური მე-18-29 კვირის განმავლობაში იხილეთ აქ.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-30-40 კვირის განმავლობაში იხილეთ აქ.

ნაყოფის ბიოფიზიკური პროფილის კვლევა მოიცავს ნაყოფის მოძრაობითი აქტივობის შეფასებას და სასუნთქი მოძრაობების ინტენსივობის დადგენას.

ეს მეთოდი ნაყოფის ჰიპოტროფიის კვლევის უფრო დამატებითი ინსტრუმენტია და საშუალებას იძლევა ნაყოფის განვითარების ხარისხზე ვიმსჯელოთ, როდესაც ფეტომეტრია ნაყოფის ზრდის ხარისხის შეფასების უნიკალური ხერხია.

ნაყოფის მოძრაობითი აქტივობის შეფასება ხდება ექოსკოპიური კვლევის დროსაც, მაგრამ რადგან მიმდინარე ექოსკოპიური კვლევა ხანმოკლე პროცესია, მისი ჩატარების დროს ნაყოფს შესაძლოა ეძინოს კიდეც, ამიტომ ორსულ ქალს ავალებენ ჩაატაროს მისი პატარას მოძრაობების 6-საათიანი მონიტორინგი. ამისთვის დედა დღის 12 საათიდან 6 საათამდე ითვლის თავისი პატარას ყველა მოძრაობას, მიღებული ციფრი გასაშუალდება 6საათზე და მიღებულ იქნება 1 საათში საშუალოდ რამდენი მოძრაობა შეასრულა ნაყოფმა. ნორმაში ნაყოფის მოძრაობების აქტივობა 1 საათში 6-7 -ს შეადგენს.

ნაყოფის სუნთქვითი მოძრაობების დადგენა ექსკლუზიურად ექოსკოპიური კვლევის ფარგლებში წარმოებს, ნორმაში სუნთქვითი მოძრაობები გესტაციის მე-20-26 კვირაზე - 50-60-ს შეადგენს, 27 კვირიდან დაბადებამდე - 40-ს.

გარდა თავად სუნთქვითი მოძრაობების დათვლისა, მის დასახასიათებლად გამოდგება სანაყოფე წყლების რაოდენობაც (სანაყოფე წყლების ინდექსი), რადგან სანაყოფე წყლების მთავარი „წარმომქმნელი“ სწორედ ნაყოფის მიერ სუნთქვითი მოძრაობების ფარგლებში მათი გადაყლაპვა და შემდეგ შარდის სახით გამოყოფაა. თუ ექოსკოპიური კვლევით ფიქსირდება მცირეწყლიანობა, ეს მიუთითებს, რომ ნაყოფის განვითარება ჩამორჩება მის ნორმალურ მაჩვენებლებს (შესაძლოა ამ დროს ზრდის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშიც კი იყოს).

ნაყოფის პრენატალური განვითარების შეფერხების ანუ ჰიპოტროფიის მკურნალობა მოიცავს:

◊  დედის ორგანიზმში არსებული, ნაყოფის ჰიპოტროფიის გამომწვევი მიზეზების მკურნალობას (მდგომარეობის სტაბილიზაციამდე წოლით რეჟიმს);

◊  დედის კვებითი რეჟიმის სტიმულირებას, დამატებით გლუკოზის და ვიტამინების შემცველი პრეპარატების ტრანსფუზიას (ვენაში გადასხმას);

◊  ტოკოლიტიკების (საშვილოსნოს ტონუსის დამაქვეითებელი პრეპარატების) დანიშვნას;

◊  უჯრედების მემბრანოსტაბილიზატორების და ცილების სინთეზის მასტიმულირებელი პრეპარატების დანიშვნას.

თუ ამ მკურნალობის შედეგად ნაყოფის ზრდის სტიმულირება და გესტაციურ ვადასთან შესაბამისობაში მოყვანა ვერ იქნება მიღწეული 2 კვირის განმავლობაში, მაში დგება ორსულის ჰოსპიტალიზაციის (საავადმყოფოში გადაყვანის) საჭიროება. თუ ორსულობის ვადა საშუალებას იძლევა (30 კვირა და მეტია) და ჰიპოტროფიის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა ვერ ხერხდება, სტაციონარში დგება საკეისრო კვეთით მშობიარობის საკითხი.


© 2015 ყველა უფლება დაცულია