Orsuli.ge - ოპტიმალური შუალედი

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ოპტიმალური შუალედი

ცოტა ხნის წინ თქვენ შესაძლოა არც ფიქრობდით მეორე ბავშვზე, ჯერ კიდევ „ცოცხალი“ იყო განცდა, რომელიც გამოგყვათ წინა მშობიარობიდან. თუმცა გავიდა დრო, ჩამთავრდა მღელვარე, უძინარი, სველი ღამეები და ... უკვე გსურთ მეორე ბავშვი გყავდეთ. აქ ყველაზე მთავარი კითხვა იბადება - რა ოპტიმალური შუალედი უნდა იქნას დაცული შემდგომი დაორსულებისთვის და რატომ? 

რას ამბობენ ექიმები?

ყველაზე ადრეული ოვულაცია მეძუძურ ქალებში ფიქსირდება მშობიარობიდან მე-7 კვირაში, ქალებში კი, რომლებიც ძუძუს არ აჭმევენ ბავშვს - მე-4 კვირაში, ამ დროს ფიზიოლოგიურად უკვე შესაძლებელია დაორსულება. თუმცა ორსულობა, ნაყოფის კვება „მძიმე“ დატვირთვაა ქალის ორგანიზმისთვის და წინა ორსულობის შემდეგ ორგანიზმის სრული „აღდგენისთვის“ საჭირო ოპტიმალური შუალედის დაცვის გარეშე ჩნდება მეორე ორსულობისას გართულებების ჩამოყალიბების რისკი.

ამიტომ ექიმების რეკომენდაციაა:

ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ  სასურველია შემდეგ დაორსულებამდე გასული იყოს მინიმუმ 1 წელი, ოპტიმალური ვადაა - 2-2.5 წლიანი შუალედი.

რატომ ამდენი? მხედველობაში მიიღება ძუძუთი კვების პერიოდი, რომელიც 1 წელი მაინც უნდა გაგრძელდეს, შემდგომში ორგანიზმის რეაბილიტაციის, ფიზიოლოგიური, ჰორმონული და მეტაბოლური პროცესების დასტაბილურების კიდევ წელიწადნახევარი: ნორმალურ ფუნქციონირებას უნდა დაუბრუნდეს ქალის რეპროდუქციული სისტემა, მენჯის მიდამოს კუნთები, სარძევე ჯირკვლები, აღდგეს სისხლი და საკვები ნივთიერებების შინაგანი მარაგები.

საკეისრო კვეთის შემდეგ  ინტერვალი სასურველია კიდევ უფრო ხანგრძლივი იყოს და მოიცავდეს 3-3.5 წელს. ეს პერიოდი აუცილებელია, რადგან საჭიროა საშვილოსნოს კედელზე კვეთის შემდეგ წარმოქმნილი ნაწიბური ჩამოყალიბდეს, რათა საშვილოსნოს კედელმა გაუძლოს შემდგომ „გაჭიმვას“. თუ საკეისრო კვეთის შემდეგ ორსულობა დაიგეგმება, სასურველია გადამოწმდეს ექოს მეშვეობით ნაწიბურის მდგომარეობა.

ორსულობებს შორის ოპტიმალური შუალედის დარღვევამ შესაძლოა გამოწვიოს შემდეგი პრობლემები და გართულებები:

◊  ქვედა კიდურების და სასქესო ორგანოების თრომბოფლებიტი და თრომბოზი;

◊  ნაადრევი მშობიარობა;

◊  საშვილოსნოსა და ნაყოფს შორის სისხლის მიმოქცევის დარღვევები;

◊  ბავშვის მცირე წონა;

◊  სისხლდენა მშობიარობის დროს ან შემდეგ.

თუმცა არც ამ პერიოდის გახანგრძლივებაა სასიკეთო (8 და მეტი წელი), ასაკის მატებასთან ერთად ქალს ეზრდება განვითარების შეფერხებისა და გენეტიკური პათოლოგიების (მაგ. დაუნის სნდრომის) მქონე ნაყოფის განვითარების რისკი.

რას ამბობენ დედები?

დედები თვლიან, რომ რაც უფრო მცირეა ბავშვებს შორის სხვაობა, მით უფრო „ადვილად და ერთად“ გაიზრდებიან ისინი, ეს მათ კარიერულ წინსვლასაც ძალიან არ დააზარალებს. საწინააღმდეგოდ შესაძლოა ითქვას, რომ მიყოლებული ბავშვები იწვევენ დედის მორალურ და ფიზიკურ გამოფიტვას, ბავშვებს შორის ყურადღების და ზრუნვის გადანაწილების პრობლემებს, რომლის დროსაც ხშირად უფროსი ბავშვები იჩაგრებიან.

ოქროს შუალედი  -  არსებობს და მთავარია ოჯახმა გადაწყვიტოს, რომ ის მზადაა ახალი პატარა არსების შემომატებისთვის, რადგან სასურველი ბავშვი, რომელიც დაბადებამდე უყვართ და რომელსაც მთელი ოჯახი ელოდება - ნამდვილი ბედნიერებაა ყოველთვის!


© 2015 ყველა უფლება დაცულია