Orsuli.ge - ექოსკოპიური პარამეტრების განმარტებები და ნორმები

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ექოსკოპიური პარამეტრების განმარტებები და ნორმები

ექოსკოპიური დიაგნოსტიკა, ორსულობის ვადიდან გამომდინარე, ტარდება სხვადასხვა კლინიკური ინფორმაციის მოპოვებისთვის და ორსულობის ფიზიოლოგიური განვითარების მეთვალყურეობის პროცესში ეხმარება გინეკოლოგს. ყველა ორსულს აინტერესებს ამ კვლევის პასუხში ჩამოწერილი პარამეტრების მნიშვნელობა და ნორმები. მიუხედავად იმისა, რომ არასამედიცინო ენაზე ძნელია სრული განმარტების გადმოცემა, ჩვენ შევეცადეთ მცირედ მაინც „დავაკვალიანოთ“ ჩვენი ორსულები ამ მიმართულებით.

ულტრაბგერითი კვლევა ანუ ექოსკოპია ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და იაფი მეთოდია, რომლის საშუალებითაც შესაძლოა მთელი ორსულობის მანძილზე დავაკვირდეთ ქალის ორგანიზმში და მის შიგნით მზარდი პატარას სხეულში განვითარებულ ცვლილებებს. ორსულობის სხვადასხვა ვადაზე ამ კვლევის მთავარ ამოცანებს წარმოადგენს:

√  ორსულობის ფაქტის დადასტურება;

√  ემბრიონის/ნაყოფის ზომების და წონის გაზომვა და მათგან გამომდინარე ორსულობის ვადის განსაზღვრა;

√  ემბრიონის/ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობის (სისხლის მიმოქცევის, ნერვული და სხვა ფუნქციების) შეფასება;

√  ნაყოფის განვითარების დეფექტების აღმოჩენა;

√  პლაცენტის ზომების, მიმაგრების ადგილის, სიმწიფის ხარისხის იდენტიფიკაცია;

√  ამნიონური (სანაყოფე წყლების) მოცულობის (რაოდენობის) და თვისობრივი მაჩვენებლების კვლევა;

√  ბავშვის სქესის დადგენა.

ექოსკოპია ორსულობის დროს სკრინინგული ტიპის კვლევაა ანუ ის სავალდებულოდ ყველა ორსულმა უნდა ჩაიტაროს ფიზიოლოგიური პროცესიდან გადახრების აღმოსაჩენად და საპროფილაქტიკოდ. მთელი ორსულობის მანძილზე აუცილებელია ჩატარდეს მინიმუმ 5 ექოსკოპიური კვლევა:

I - ორსულობის გინეკოლოგიურ 5-8 კვირაში,

II – ორსულობის გინეკოლოგიურ 10-12 კვირაში,

III – ორსულობის გინეკოლოგიურ 18-24 კვირაში,

IV -  ორსულობის გინეკოლოგიურ 30-32 კვირაში,

V - 36 კვირის შემდგომ მშობიარობამდე.

ექოსკოპიური კვლევის ჩატარების ჯერადობა შესაძლებელია გაიზარდოს ჩვენებებიდან გამომდინარე, როდესაც ორსულს აღენიშნება:

√   მუცლის ძლიერი ტკივილი,

√  საშოდან სისხლიანი გამონადენი,

√  ნაყოფის ზომების მკვეთრი შეუსაბამობა (განვითარებაში ჩამორჩენა) ორსულობის რეალურ ვადასთან მიმართებაში, ნაყოფის განვითარების ანომალიები,

√  პლაცენტის მიმაგრების ანომალიები,

√  მრავალნაყოფიანი ორსულობა,

√  ნაყოფის არასწორი მდებარეობა.

მაგრამ რადგანაც არ არსებობს მტკიცებითი ბაზა, რომ ულტრაბგერითი დასხივება აბსოლუტურად უსაფრთხოა ნაყოფისთვის, სასურველია მინიმუმამდე იქნას შემცირებული ამ მანიპულაციის გამოყენება (რათქმაუნდა თუ ამის საფუძველს იძლევა ორსულობის მიმდინარეობის სურათი).

ექოსკოპიური კვლევის დროს გამოიყენება ორი სენსორული თავი - ინტრავაგინალური (დათვალიერება ხდება საშოს მხრიდან) და აბდომინალური (დათვალიერება ხდება მუცლის წინა კედლიდან). აბდომინალური კვლევისთვის სასურველია შარდის ბუშტი გავსებული იყოს, ამიტომ წინასწარ ქალს სთხოვენ მიიღოს ს1-1.5 ლ სითხე, ინტრავაგინალურის დროს პირიქით - ქალს სთხოვენ დაცალოს კვლევის წინ შარდის ბუშტი.

ექოსკოპიური კვლევის დროს დაკვირვების ობიექტებს - ქალის და მომავალი ბავშვის სხეულს - ახასიათებენ წინასწარ დათქმული პარამეტრების მიხედვით, რომლებსაც ექოსკოპიური პარამეტრები ეწოდება. მათი განმარტებებია:

CRL - ემბრიონის თხემ-კუდუსუნის სიგრძე (Crown-rump length -) - სიგრძე ემბრიონის თავის ყველაზე წარზიდული ნაწილიდან (თხემის ძვლიდან) კუდუსუნის ძვლის ბოლო წერტილამდე.

SAC Size - სანაყოფე ბუშტის (კვერცხის) შიდა საშუალო დიამეტრი - იმპლანტაციის შემდეგ საშვილოსნოს კედელში ჩამაგრებულია ოვალური ფორმის სანაყოფე ბუშტი (ზოგჯერ სანაყოფე კვერცხად მოიხსენიებენ), რომელშიც მოთავსებულია ემბრიონი. ამ ოვალის ყველაზე გრძელი და ყველაზე მოკლე დიამეტრების საშუალო არითმეტიკულია სანაყოფე კვერცხის შიდა საშუალო დიამეტრი.

EFW  - ნაყოფის წონა (estimated fetal weight) - ულტრაბგერით კვლევის დროს ვერ აიწონება ნაყოფი, ამიტომ ექოსკოპიის პასუხში მოცემული ნაყოფის წონა Shephard -ის მიერ შემუშავებული ფორმულის შედეგია, რომლითაც თავის, მუცლის მოცულობითი ზომებიდან გამომდინარე გამოითვლება შესაბამისი წონა.

BPD  - ნაყოფის თავის ბიპარიეტალური ზომა (Biparietal diameter) - მანძილი ნაყოფის თხემის ყველაზე წარზიდულ ნაწილებს შორის.

OFD - თავის შუბლ-კეფის დიამეტრი (occipitofrontal diameter) - თუ შუბლის და კეფის ყველაზე წარზიდულ ნაწილებზე შევკრავთ ოვალს და შემდეგ ამ წარზიდულ ნაწილებს შორის მანძილს გავიგებთ, რაც ამ ოვალის დიამეტრია, ეს იქნება ბიპარიეტალური დიამეტრის მაჩვენებელი.

HC  - ნაყოფის თავის გარშემოწერილობა (head circumference) - თუ თავის შუბლის, თხემის, კეფის წარზიდულ ნაწილებზე შემოვავლებთ ოვალს, განვსაზღვრავთ ამ ოვალის სიგრძეს და მივიღებთ მოცემულ პარამეტრს.

AC  - ნაყოფის მუცლის გარშემოწერილობა (abdominal circumference) - თუ მუცლის წარზიდულ ნაწილსა (ძირითადად ჭიპლარის მიმაგრების ადგილი) და წელის არეში ყველაზე შეზნექილ წერტილს შორის შევკრავთ ოვალს, განვსაზღვრავთ ამ ოვალის სიგრძეს და მივიღებთ მოცემულ პარამეტრს.

FL - ნაყოფის ბარძაყის ძვალის სიგრძე (femur length) - ეს პარამეტრი ბარძაყის ძვალის ზედა და ქვედა წარზუდულ ნაწილებს შორის შუა ხაზის სიგრძეა.

HL - ნაყოფის მხრის ძვლის სიგრძე (humerus length) - ეს პარამეტრი მხრის ძვალის ზედა და ქვედა წარზუდულ ნაწილებს შორის შუა ხაზის სიგრძეა.

FHR - ნაყოფის გულისცემის რითმი (fetal heart rate) - იზომება ნაყოფის გულის შეკუმშვების რაოდენობა (დარტყმა) ერთ წუთში.

AFI - ამნიონური (სანაყოფე) წლების ინდექსი (Amniotic Fluid Index) - სანაყოფე წყლების მოცულობა, რომელიც გამოიანგარიშება საშვილოსნოს შიდა ფართის დაყოფით ოთხ მართობულ კვადრატად, იზომება თითეული კვადრატის ზედა ჯიბის მოცულობა, ამ მოცულობების დაჯამებით იქმნება ამნიონური ინდექსი.

NTT - ნაყოფის საყელოს სივრცის (კისრის ნაოჭის) სისქე (nuchal translucency thickness) - ისაზღვრება იმ ადგილის სისქე, რომელიც მდებარეობს  ნაყოფის კისრის მიდამოში კანის ზედაპირსა და ხერხემლის კისრის განყოფილებას შორის.

DCL - ყვითელი სხეულის შიდა დიამეტრი (diameter of the corpus luteum) - საკვერცხეში იმ ფოლიკულის მაგივრად, რომელშიც წარმოიშვა კვერცხუჯრედი, ორსულობისას ფორმირდება ე.წ. ყვითელი სხეული, მის ყვითელ ფერს განაპირობებს ლუთეინის შემცველობა. იზომება ამ წარმონაქმნის დიამეტრი.

FH - საშვილოსნოს სიმაღლე (Fundal height) - იზომება მანძილი ბოქვენის სიმფიზსა და საშვილოსნოს ფსკერის ყველაზე მაღალ წერტილს შორის.

RI - რეზისტენტობის ინდექსი (resistive index) - ფასდება სისხლძარღვში სისხლის დინების სიჩქარე და სისხლძარღვების კედლების წინააღმდეგობის უნარი. რეზისტენტობის ინდექსი ითვლება ფორმულით:    

RI = (PSV-EDV) / PSV= (სისხლის მაქსიმალური სისტოლური სიჩქარე - სისხლის საბოლოო დიასტოლური სიჩქარე) / სისხლის მაქსიმალური სისტოლური სიჩქარე.

PI - პულსაციური ინდექსი (pulsatility index) - ფასდება სისხლძარღვში სისხლის დინების სიჩქარის ცვალებადობა და  სისხლძარღვის გამტარუნარიოანობა.

PI = (PSV - EDV) / TAV = (სისხლის მაქსიმალური სისტოლური სიჩქარე - სისხლის საბოლოო დიასტოლური სიჩქარე) / სისხლის საშუალო სიჩქარე.

SDR - სისტოლურ-დიასტოლური თანაფარდობა (systolic-diastolic ratio) - იზომება სისხლის სისტოლური და დიატოლური სიჩქარეების თანაფარდობა.

SDR = PSV/ EDV = სისხლის მაქსიმალური სისტოლური სიჩქარე / სისხლის საბოლოო დიასტოლური სიჩქარე.

პირველი ექოსკოპიური კვლევა ორსულობის გინეკოლოგიურ მე-5-8 კვირის ვადაზე ტარდება, დაწვრილებით იხილეთ აქ.

მეორე ექოსკოპიური კვლევა ორსულობის გინეკოლოგიურ მე-10-12 კვირის ვადაზე ტარდება, დაწვრილებით იხილეთ აქ.

მესამე ექოსკოპიური კვლევა ორსულობის გინეკოლოგიურ 18-24 კვირის ვადაზე ტარდება, დაწვრილებით იხილეთ აქ.

მეოთხე ექოსკოპიური კვლევა ორსულობის გინეკოლოგიურ 30-32 კვირის ვადაზე ტარდება, დაწვრილებით იხილეთ აქ.

მეხუთე ექოსკოპიური კვლევა მშობიარობამდე ტარდება 36 კვირის შემდგომ, ყველაზე ხშირად 38-40 კვირის ფარგლებში, ყველაზე მთავარი სამეანო ინფორმაციის შესაკრებად, დაწვრილებით იხილეთ აქ.


© 2015 ყველა უფლება დაცულია