Orsuli.ge - FAQ - საკეისრო კვეთა

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
FAQ - საკეისრო კვეთა

საკეისრო კვეთა ხშირად ორსულის სურვილით და გადაწყვეტილებით კეთდება და არა სამედიცინო ჩვენებებიდან გამომდინარე. ამიტომ ამ ოპერაციული ჩარევის ირგვლივ მრავალი კითხვა არსებობს, მიმოვიხილოთ ყველაზე ხშირად დასმული კითხვები.

შეიძლება თუ არა ჩატარდეს საკეისრო კვეთა მხოლოდ ორსულის სურვილით, ყოველგვარი სამედიცინო ჩვენების გარეშე?

საქართველოში ორსულ ქალს ამის შესაძლებლობა აქვს - საკეისრო კვეთის ჩატარების გადაწყვეტილების მიღებაში ორსული და მეანი თანაბარი უფლებებით სარგებლობენ ანუ მხოლოდ ორსულის სურვილით ეს პროცედურა ტარდება (თუ რომელიმე მეანი უარს ეტყვის ორსულს, მას შესაძლებლობა აქვს იპოვოს სხვა მეანი, რომელიც დათანხმდება ქალის სურვილს).

თუმცა კითხვაზე პირდაპირი პასუხი ცალსახად - არაა, არ შეიძლება მხოლოდ ორსული სურვილით, განსაკუთრებით იმ პირობებში, თუ მან არ იცის საკეისრო კვეთის უარყოფითი შედეგები და უკუჩვენებები, ჩატარდეს ასეთი ოპერაციული ჩარევა.

ვინ და როდის წყვეტს საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ ორსულისთვის საკეისრო კვეთის ჩატარება აუცილებელია და ერთადერთი გამოსავალია?

საკეისრო კვეთის ჩვენებები ყველაზე ხშირად გამოჩნდება ორსულობის გინეკოლოგიური 30-32-ე კვირიდან (ამ ეტაპამდე მათ ან არ აქცევენ ყურადღებას, ან ჯერ არ ფიქსირდება). ამ პერიოდიდან ორსულობის მეთვალყურეობით დაკავებული ექიმი-გინეკოლოგი დააყენებს საკითხს იმის შესახებ, რომ შესაძლებელია ორსულმა ვერ იმშობიაროს ბუნებრივი გზით და მას დასჭირდეს საკეისრო კვეთა, მაგრამ ეს მხოლოდ ალბათობა და წინასწარი მსჯელობაა.

მთავარ პასუხისმგებლობას ამ  გადაწყვეტილებაზე იღებს მეანი, გადაწყვეტილებას წინ უძღვის ორსულის სამედიცინო ისტორიის გაცნობა, დამატებითი კვლევები და სხვა სპეციალისტებთან (ორთოპედთან, ენდოკრინოლოგთან, კარდიოლოგთან) კონსულტაციები. ასეთი ტიპის პატრონაჟი ტარდება 32-36-ე კვირის განმავლობაში (ანუ წინასწარი ეჭვის დროს მეანს ორსულმა უნდა მიაკითხოს მაქსიმუმ 34-ე კვირაზე). ამ დროს ფასდება რამდენად აქვს ორსულ ქალს საკეისრო კვეთის ჩატარების ჩვენებები, რა რისკებს შეიცავს მისთვის ბუნებრივი გზით მშობიარობა, ყველა აზრის და კვლევის შედეგის შეჯერებით მეანი წყვეტს საკეისრო კვეთის აუცილებლობას და ნიშნავს უკვე ოპერაციის კონკრეტულ თარიღს.

თუ პირველი ბავშვი საკეისროთია გაჩენილი, შემდეგშიც აუცილებელია თუ არა ისევ ოპერაციის გაკეთება?

თუ მიზეზი, რომლის გამოც საკეისრო კვეთა ჩატარდა, აღარ არსებობს და ორსულობაც გართულების გარეშე მიმდინარეობს, თუ ექოსკოპიური კვლევა ცხადყოფს, რომ ნაწიბური სრულფასოვანია და არც ნაყოფია დიდი, ბუნებრივი მშობიარობა შესაძლებელია, ოღონდ სასურველია, წინა საკეისრო კვეთიდან  2 წელი მაინც იყოს გასული.

თუ ქალი 2-ჯერ და მეტჯერ არის ნაოპერაციევი და უკანასკნელი ოპერაციიდან გასულია არ არის 3 წელი, ამ შემთხვევაში ბუნებრივი მშობიარობა სარისკოა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ასეთი ქალებიც მშობიარობენ ბუნებრივი გზით, თუ ექოსკოპია აჩვენებს, რომ ნაწიბური სრულყოფილია და ნაწიბურის არეში ტკივილები არ აღინიშნება. ოღონდ საჭიროა მშობიარობის დინამიკის მკაცრი კონტროლი.

როგორ დგინდება გეგმიური საკეისრო კვეთის ჩატარების თარიღი?

გეგმიური საკეისრო კვეთის ჩატარების თარიღის დადგენისთვის ფასდება ორსულის და ნაყოფის მდგომარეობა. ამ დროს გადამწყვეტია ნაყოფის დღესრულობა ანუ მომწიფების ხარისხი, რაც მოიცავს მის წონას, რომელიც 2500 გრამზე მეტი უნდა იყოს, მის ანთროპომეტრიულ მაჩვენებლებს, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მომწიფების ხარისხს, მის მდებარეობას საშვილოსნოს ღრუში (რადენადაა თავი ჩასული მენჯის ღრუში).

ორსული ქალის მზაობის შეფასებას მეანთან ერთად ადგენს ანესთეზიოლოგი, სპქციალისტები შეაფასებენ ორსულის საშვილოსნოს და მუცლის ღრუს სხვა ორგანოების, გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მდგომარეობას, განსაზღვრავენ ანესთეზიის სახეობას.

ამის შემდგომ ორსულობის გინეკოლოგიურ 38-ე კვირაში (უხშირესად) ქალისთვის სასურველი თარიღის გათვალისწინებით ინიშნება ოპერაციული მშობიარობის ჩატარების კონკრეტული დღე.

როგორ უნდა მოემზადოს ორსული ქალი გეგმიური საკეისრო კვეთის წინ?

უშუალოდ წინა საოპერაციო მზადება მოიცავს: წინა ღამით მსუბუქ საღამოს ვახშამს, ჰიგიენური შხაპის მიღებას, 12-14-საათიან ძილს. თავად ოპერაციის დღეს დილიდან არ შეიძლება კვება და წყლის მიღებაც კი. ოპერაციამდე 2 საათით ადრე აუცილებელია გამწმენდი ოყნის ჩატარება (საჭიროა  წინასწარ შეთანხმდეს ქალი ოყნას სამშობიაროში ჩაუტარებენ, თუ სახლში უნდა ჩაიტაროს).

დანარჩენ წინასაოპერაციო პროცედურებს ორსულს ჩაუტარებენ სამშობიარო სახლში.

ანესთეზიის რომელ მეთოდებს მიმართავენ დღეს საკეისრო კვეთის დროს?

ამჟამად არსებობს ანესთეზიის ორი გზა: ზოგადი (ენდოტრაქეული ნარკოზი) და რეგიონული (ეპიდურული/ სპინალური ანესთეზია). წამყვანი კლინიკები უპირატესობას ანიჭებენ ეპიდურულ/სპინალურ ანესთეზიას, როგორც დედისა და ნაყოფისთვის გაუტკივარების ყველაზე სასურველ და დამზოგველ მეთოდს. ასეთი ანესთეზიის დროს მგრძნობელობა ითიშება სხეულის განსაზღვრულ  (ქვედა) ნაწილში, მაგრამ პაციენტის ცნობიერება გამოთიშული არ არის. ამ დროს ხანგრძლივი მოქმედების საანესთეზიო საშუალება შეჰყავთ ეპიდურულ სივრცეში, რომელიც ხერხემლის წელის მიდამოში მდებარეობს. იმის გამო, რომ აქ გადის სხეულის ქვედა ნაწილის ნერვები, ინექციის შემდეგ ეს მიდამო ყოველგვარ მგრძნობელობას კარგავს. ეპიდურალურ სივრცეში სპეციალური კათეტერის საშუალებით შეყვანილი ადგილობრივი ანესთეტიკი ბლოკავს იმ ნერვებს, რომლებსაც იმპულსები თავის ტვინისკენ მიაქვთ. ეპიდურალური ანესთეზიისთვის საჭიროა დაახლოებით 20-30 წუთი.

ენდოტრაქეულ ნარკოზს უპირატესობა ენიჭება მაშინ, როდესაც საკეისრო კვეთა ტარდება ექსტრემალური ჩვენებით (პლაცენტის აცლა, პერინატალური სისხლდენა, ნაყოფის დისტრესი), ასევე - კოაგულოპათიის, სისტემური ინფექციისა და დედის ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიის შემთხვევაში, პრეეკლამფსიისა და ეკლამფსიის დროს, როდესაც არსებობს რეგიონული ანესთეზიის უკუჩვენება, დაბოლოს, მაშინ, როდესაც პაციენტი ამა თუ იმ მიზეზით უარს ამბობს რეგიონულ ანესთეზიაზე. მეანობაში ზოგადი ანესთეზიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება სანარკოზე ნივთიერებების ხანგრძლივი ნეგატიური გავლენა ქალის ნერვულ სისტემაზე.  ასევე არასასურველია ენდოტრაქეალური ნარკოზის მოქმედება ნაყოფზე, რომლის დროსაც ახალშობილი იბადება ე.წ. მედიკამენტოზური დეპრესიით, საანესთეზიო ნივთიერებების გავლენა მას გაყვება ორ კვირამდე, ურღვევს მას წოვით და სუნთქვით აქტივობებს, ტონუსს, ძილის და ღვიძილის რითმს, ხშირად იწვევს ინტრაკარნიალურ (ქალასშიდა) ჰიპერტენზიას.

რა პროცედურებს მოიცავს საკეისრო კვეთა და რამდენ ხანს გრძელდება?

წინა-საოპერაციო მომზადების და ანესთეზიის შემდგომ ორსული ქალის მუცელს ამუშავებენ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით და ფარავენ სტერილური ზეწრებით, მკერდის არეში ამაგრებენ ზღურბლს, რათა ორსულმა ქალმა არ უყუროს ოპერაციის პროცესს. კვეთენ მუცლის კედელს ჰორიზონტალურად ბოქვენის ზემოთ, გაათავისუფლებენ გზას საშვილოსნოსკენ, კვეთენ საშვილოსნოს ასევე ჰორიზონტალურად, ხსნიან სანაყოფე პარკს, ამის შემდეგ მეანი საშვილოსნოს ღრუში შეაღწევს ხელით, მოათავსებს პატარას კომფორტულად და ამოიყვანს მას, უკვე ამის შემდეგ გადაიჭრება ჭიპლარი, ახალშობილი პირველ ჩასუნთქვას აკეთებს და ტირის. მეანი კვლავ ხელით მოაცლის საშვილოსნოს კედელს მომყოლს და ამოაქვს ჭრილობიდან. ბოლო ეტაპზე იკერება ჯერ საშვილოსნოს კედელი სპეციალური ძაფით, რომელიც 3-4 თვეში თავისით გაიწოვება, შემდეგ ხდება მუცლის ღრუს მთლიანობის აღდგენა, ბოლოს კანზე ედება ნაკერები და ეფინება სტერილური სახვევი. თავად ოპერაცია გრძელდება 20-40 წუთი.

ოპერაციიდან 12- 24 საათის განმავლობაში მელოგინე ოპერაციისშემდგომ ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაყავთ, სადაც მის მდგომარეობაზე მონიტორინგი მიმდინარეობს - კონტროლდება არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, საშვილოსნოს ტონუსი და შეკუმშვის ინტენსივობა, გამონადენის ოდენობა, შარდის გამოყოფის სიხშირე. მელოგინეს უტარდება გადასხმები, რომლითაც შეყავთ ფიზიოლოგიური ხსნარი (სითხის დანაკადის აღსადგენად), სისხლის შემცვლელი პრეპარატები, ტკივილგამაყუჩებლები, ანტიბიოტიკები (მეანის გადაწყვეტილებისამებრ), საშვილოსნოს შეკუმშვის მასტიმულირებელი პრეპარატები. ქალის მუცლის ქვედა ნაწილზე თავსდება ყინულებით სავსე სათბური, რაც უზრუნველყოფს სისხლდენის ინტენსივობის შემცირებას და საშვილოსნოს შეკუმშვის სტიმულაციას.

როდის აძლევენ საწოლიდან ადგომის უფლებას მელოგინეს  საკეისრო კვეთის შემდეგ?

ინტენსიური თერაპიის პალატაშივე ოპერაციიდან 6 საათში წამოსვამენ მელოგინეს, 9 საათში მისცემენ დგომის უფლებას (სიარული ჯერ არარეკომენდებულია). საწოლიდან ადგომის და სიარულის უფლება მას აქვს მხოლოდ ინტენსიური თერაპიის პალატის დატოვების შემდეგ. კარგია, თუ ადრევე „მომარაგებული“ ექნება ქალს სპეციალური ოპერაციისშემდგომი ბანდაჟი, რომელიც სამშობიაროში მას  გაცილებით დაუადვილებს მოძრაობას (ამ ბანდაჟის ჩაცმის უფლებას მელოგინეს ასევე ჩვეულებრივ პალატაში გადაყვანის შემდეგ მისცემენ).

ბავშვის დაჭერა მელოგინესთვის შესაძლებელი ხდება ოპერაციიდან მე-3-5 დღეს, საკეისრო კვეთის შემდეგ რეკომედებულია ბავშვის კვება წოლით მდგომარეობაში (არა ჯდომითში).

როდის გამოწერენ ქალს სამშობიაროდან საკეისრო კვეთის შემდეგ?

ქალის მდგომარეობის მიხედვით მეანი ოპერაციიდან მე-5 დღეს გამოწერს ქალს სამშობიაროდან, ამასთან მე-6 დღეს მას დაიბარებენ საშვილოსნოს ექოსკოპიურ კვლევაზე და ნაკერების მოსახსნელად. თუმცა თუ ადგილი აქვს პოსტ-ოპერაციულ გართულებებს, ქალი შესაძლოა 7 დღე დატოვონ სამშობიარო სახლში.

როგორი რეჟიმი უნდა დაიცვას ქალმა სახლში საკეისრო კვეთის შემდეგ?

საკეისრო კვეთის შემდეგ ქალისთვის რეკომენდებულია ხშირი წოლა სახლშიც, ბავშვის მოვლაში სასურველია ოჯახის წევრების დახმარება. ძუძუთი კვება სასურველია გაგრძელდეს წოლით პოზაში (ნაკლებად ჯდომით პოზებში);

საკეისრო კვეთის შემდეგ სასურველია კუჭის მოქმედება იყოს ყოველდღიური და არ განვითარდეს ყაბზობა, ამისთვის რეკომენდებულია შესაბამისი დიეტა და ბიფიდუმ- და ლაქტო-ბაქტერიების შემცველი პრეპარატების მიღება;

აბაზანების მიღება და ცურვა ნებადართულია 1.5 თვის შემდეგ, სრულფასოვანი ფიზიკური დატვირთვა - 2 თვის შემდეგ, სქესობრივი კავშირის განახლება - 6 კვირის შემდეგ, კონტრაცეპციის ღონისძიებების ჩატარება - 2 წელი.


© 2015 ყველა უფლება დაცულია