Orsuli.ge - ფიზიოლოგიური მშობიარობის ეტაპები

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ფიზიოლოგიური მშობიარობის ეტაპები

ფიზიოლოგიური მშობიარობის პროცესი სამ პერიოდად ანუ ეტაპად იყოფა:

პირველი ეტაპი - საშვილოსნოს ყელის გახსნა

ეს ეტაპი იწყება საშვილოსნოს ყელის გადასწორებით და მისი გახსნით 2 სმ-მდე და გრძელდება საშვილოსნოს ყელის სრულ გახსნამდე - 10 სმ-მდე (სამშობიარო მოქმედების დაწყებამდე ყელის სიგრძე  3-5 სმ-ია, მისი დიამეტრი კი სულ რამოდენიმე მილიმეტრია).

საშვილოსნოს ყელის გახსნა სამშობიარო პროცესის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია. ბუნებრივი მიმდინარეობისას იგი გრძელდება პირველმშობიარეებისთვის 10-11 სთ, განმეორებით მშობიარობის შემთხვევაში - 6-7 სთ, თუმცა შესაძლოა გახანგრძლივდეს 20-22 საათამდე (ეს გახანგრძლივებული მშობიარობაა).

სამშობიარო მოქმედების პირველი ეტაპი იწყება საშვილოსნოს მიერ შეკუმშვების ინიცირებით, რასაც სამშობიარო შეტევების დაწყებასაც უწოდებენ. ეს შეტევები შესაძლოა წინა-სამშობიარო პერიოდშიც შეინიშნოს, მაგრამ კარდინალური განსხვავება იმაშია, რომ სამშობიარო მოქმედების დაწყებას თან ერთვის რეგულარული სამშობიარო შეტევები, თავად შეტევა (ტკივილის და დაქაჩვის შეგრძნება) გრძელდება 15-20 წამს, ხოლო შეტევებს შორის ინტერვალი 15-20 წუთია. სამშობიარო შეტევებს შორის ინტერვალი თანდათან მცირდება და როდესაც ის 10 წუთს მიაღწევს, მომასწავებელია იმისა, რომ ყელის გახსნის ეტაპი ბოლო ფაზაში გადადის.

სამშობიარო შეტევის მექანიზმი ასეთია: საშვილოსნო, როგორც თავისებური კუნთოვანი ქსოვილისგან შექმნილი „გუდა“, სადაც მოთავსებულია ნაყოფი, მისი გუმბათოვანი ნაწილიდან იწყებს შეკუმშვას, ეს კუმშვითი ტალღა ვრცელდება გუმბათიდან ყელისკენ, ამით საშვილოსნოს კედლები ამოქაჩავენ ყელს ზემოთ და აიძულებენ მას გაიხსნას.

სამშობიარო მოქმედების დაწყებას უზრუნველყოფს ორი ჰორმონული „სიგნალი“, პირველი და მთავარი მოდის თავად ნაყოფისგან, რომელიც გამოყოფს სპეციალური „მშობიარობა-მასტიმულირებელ“ ჰორმონებს, მეორე სიგნალს აგზავნის  გაწერილი საშვილოსნოს კედლები, ორივე „წყაროდან“ ინფორმაციის მიღების შემდგომ ორსული ქალის ჰიპოფიზი იწყებს ჰორმონის - ოქსიტოცინის - გამომუშავებას, ამ ჰორმონის ზეგავლენით იწყებს საშვილოსნოს კუნთოვანი აპარატი შეკუმშვებს ანუ სამშობიარო შეტევებს.

საშვილოსნოს ყელის გახსნა სამ ფაზად მიმდინარეობს, პირველი ლატენტური ფაზა პირველმშობიარეებში გრძელდება 6 საათი, განმეორებით მშობიარეებში - 5 საათამდე. ამ ეტაპზე სამშობიარო შეტევები მცირე ამპლიტუდისაა და მათ შორის პერიოდი 1 საათამდე მეყეობს მინიმუმ. ამ ფაზაში საშვილოსნოს ყელი იხსნება 3-4 სმ-მდე. შემდეგი აქტიური ფაზის დროს შეკუმშვების ამპლიტუდა იზრდება, საშვილოსნოს ყელის გახსნის სიჩქარეც მატულობს (ყოველ საათში იგი 2 სმ-დე იზრდება) და ფაზის ბოლოსთვის ყელის დიმატრი უკვე 8 სმ-ია. მესამე შენელების ფაზაში შეკუმშვების ამპლიტუდა იკლებს, ქალის ორგანიზმი თითქოს მშობიარობამდე პატარა შესვენებას იღებს, ამ ფაზის ბოლოს ყელის დიამეტრო 10-12 სმ-ს აღწევს და ამ მდგომარეობას ყელის სრული გახსნა ეწოდება.

საშვილოსნოს ყელის გახსნასთან ერთად ნაყოფი სამშობიარო გზებისკენ მოძრაობას იწყებს. ნაყოფის თავი ჩამოვა საშვილოსნოს უკიდურეს ქვედა წერტილში, მობრუნდება ისე, რომ შუბლის ნაწილით აღმოჩნდეს საშოს ზემოთ. ამგვარად ყელის სრული გახსნისთვის ნაყოფი მზადყოფნაშია, რომ გაიაროს დედის სამშობიაო გზები.

ამასთანავე საშვილოსნოს ყელთან შექმნილი წნევის გრადიენტის შედეგად სანაყოფე გარსის ქვედა ნაწილი გახსნილი ყელისკენ შეისრუტება და გაწელვის შედეგად სკდება, შედეგად სანაყოფე წყლების ნაწილი ჩამოიღვრება, ამას სანაყოფე წყლების დაღვრა ეწოდება. ფიზიოლოგიურად სანაყოფე წყლების დაღვრა უნდა მოხდეს მესამე ფაზის ბოლოსთვის, როდესაც საშვილოსნოს ყელი თითქმის სრულად გახსნილი იქნება, თუმცა ხანდახან სანაყოფე გარსი თავისით არ იხსნება და მხოლოდ მეანის ჩარევის (სკალპელით გახეთქვის) შემდეგ ხდება სანაყოფე წყლების დაღვრა, ხანდახან ადგილი აქვს  სანაყოფე წყლების ნაადრევ დაღვრას (20-30% შემთხვევებში), როდესაც სანაყოფე ბუშტი სკდება მაშინ, როდესაც საშვილოსნოს ყელი სრულად არაა გახსნილი, ეს შეიძლება სამშობიარო შეტევების ლატენტურ ან აქტიურ ფაზაში მოხდეს, ან შესაძლოა სამშობიარო შეტევების აღმოცენებამდეც განხორციელდეს (მშობიარობის დაწყების პირველი სიმპტომი აღმოჩნდეს).

სანაყოფე წყლების დაღვრისას გამოიყოფა ე.წ. წინა წყლები (სანაყოფე წყლების ის ნაწილი, რომელიც ნაყოფის თავის ქვემოთ აღმოჩნდება), რის შედეგადაც ნაყოფის თავი საშვილოსნოს სულ ქვედა ნაწილში აღმოჩნდება (უშუალოდ საშოს თაღის ზემოთ) და თავით „დააცობს“ ყელს, ამიტომ წყლების გარკვეული რაოდენობა ნაყოფის თავის ზემოთ დარჩება, მათ უკანა წყლებს უწოდებენ. უკანა წყლების გამოყოფა შემდგომში აღარ ხდება მომენტალურად და ერთბაშად (როგორც წინა წყლების), არამედ  - თანდათან ნაყოფის სამშობიარო გზებში გამოვლის პარალელურად.

საშვილოსნოს ყელის გახსნის პირველ და მეორე ფაზაში ასევე მიმდინარეობს საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი საცობის გათხელება და გამოყოფა, რაც აღიქმება ორსული ქალის მიერ როგორც ლორწოვანი ან ლორწოვან-სისხლიანი გამონადენი. ორსულობის დროს ეს საცობი უზრუნველყოფდა საშვილოსნოს ყელის დახშულ მდგომარეობაში ყოფნას, როდესაც არც ერთ უცხო აგენტებს არ ეძლეოდა შესაძლებლობა მოხვედრილიყო ნაყოფის სტერილურ „სამყოფელში“ (მათ შორის სპერმასაც).

სამშობიარო შეტევებს თან ახლავს საკმაოდ ინტენსიური ტკივილი, გასათვალისწინებელია, რომ ეს  ტკივილი მით უფრო ძლიერია, რაც ნაკლებია ორგანიზმში ჟანგბადის კონცენტრაცია, ამიტომ შეტევის პროცესის ნორმალური წარმართვისა და ტკივილის შემსუბუქებისთვის ქალს ურჩევენ ისუნთქოს სწორად. სწორი სუნთქვა გამოიხატება სუნთქვითი რეჟიმის გარკვეულ სქემატურ ინსტრუქციაში. ამ სქემის მიხედვით შეტევის განმავლობაში სუნთქვა უნდა იყოს სწრაფი და ზედაპირული, შეტევის პიკზე საჭიროა 4 სწრაფი ჩასუნთვა და ერთი გრძელი ამოსუნთქვა (ამით შემცირდება დიაფრაგმის ზეწოლა მუცლის ღრუზე და საშვილოსნოზე), შეტევებს შორის კი სუნთქვა უნდა იყოს ნელი და ღრმა. თუმცა სუნთქვის გარდა, ტკივილის შემსუბუქებას ამ დროს იწვევს სხეულის პოზების ხშირი ცვლა და სიარული, ამიტომ ორსულს ურჩევენ იაროს რაც შეიძლება მეტი, დაჯდეს, ადგეს, მიიღოს სასურველი პოზა, ორგანიზმი თვითონ აკონტროლებს რა პოზაში გაუადვილდება მას ტკივილის გადატანა.

მეორე ეტაპი - ჭინთვები და ნაყოფის დაბადება

ეს ეტაპი იწყება საშვილოსნოს ყელის სრული გახსნის შემდგომ, როდესაც სამშობიარო შეტევებთან ერთად ჭინთვებიც აღმოცენდება. ჭინთვები ნებითი ხასიათისაა და კონტროლდება მშობიარე ქალის მიერ (როდესაც სამშობიარო შეტევები უნებლიე იყო და მათი გაკონტროლება ქალს არ შეეძლო). ჭინთვების დროს საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვებს თან ახლავს და აძლიერებს დიაფრაგმის, მუცლის პრესის და მცირე მენჯის ღრუს კუნთების შეკუმშვებიც. სამშობიარო მოქმედების ეს ეტაპი მთავრდება ნაყოფის გამოდევნით ანუ საკუთრივ ბავშვის დაბადებით.

მეორე ეტაპის ხანგრძლივობა პირველმშობიარეთათვის 30-40 წუთს შეადგენს, განმეორებით მშობიარეთათვის კი შესაძლოა 15 წუთი გასტანოს, რაც უფრო გამოცდილია ქალი, მით უფრო სწორად და სწრაფად ჩაამთავრებს მშობიარობის ამ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს.

ჭინთვების აღმოცენებისთანავე საჭიროა მშობიარე ქალის გაუნძრევლად მოთავსება უკვე იმ პოზაში, რაშიც ის აპირებს მშობიარობას, ჩვენს ქვეყანაში ეს გინეკოლოგიური სავარძელია (თუმცა არსებობს მშობიარობის სხვა პოზები, მათ შორის წყალში მშობიარობაც).

ჭინთვის დაწყებისას მშობიარემ უნდა გააკეთოს ღრმა ჩასუნთქვა ცხვირიდან და შემდგომ გააჩეროს სუნთქვა, ეს საშუალებას მისცემს დიაფრაგმას მაქსიმალურად დააწვეს მუცლის ღრუს და საშვილოსნოს.ჭინთვის ბოლოსკენ (როცა ტკივილი შემცირებას იწყებს) ამოსუნთქვის პარალელურად ქალმა უნდა დაჭიმოს მუცლის პრესი, თუმცა უნდა მოერიდოს სახის და ყელის კუნთების დაჭიმვას (ეს შეცდომა მშობიარობის შემდგომ ქალს თავს შეახსენებს). თუ ჭინთვა დიდხანს გრძელდება, სუნთქვის შეჩერება შეუძლებელი იქნება, ამიტომ მშობიარემ უნდა ამოისუნთქოს პირით და კიდევ ერთი ღრმა ჩასუნთქვის შემდგომ შეაჩეროს კვლავ სუნთქვა. ჭინთვებს შორის სუნთქვა უნდა იყოს მშვიდი და ღრმა.

სამშობიარო მოქმედების ეს ეტაპი მნიშვნელოვანი მომენტია მომავალი პატარას ცხოვრებაშიც - მას გასავლელი აქვს სამშობიარო გზები - საშვილოსნოს ყელი, საშო, მენჯის ძვლებს შორის არსებული ხვრელი, შორისის კუნთები.

სწორედ ამ გზების გადალახვაში ეხმარება დედა თავის პატარას. პირველი ეფექტური გაჭინთვის შედეგად ჯერ კიდევ ნაყოფის თავი თავისი შუბლის ბორცვებით აწვება სამშობიარო გზების კუნთოვან გვირაბს და სასქესო ხვრელიდან გამოჩნდება ბავშვის თავის ქვედა პოლუსი (მენჯით წინამდებარეობისას - დუნდულები). ჭინთვის დამთავრებისას ბავშვის თავი ისევ შეიმალება საშოში. კიდევ რამდენიმე ეფექტური ჭინთვა და ბავშვის თავი მთლიანად დაიბადება - ჯერ გამოჩნდება კეფის და თხემის ნაწილები, შემდეგ სახის ნაწილი (ამ დროს პატარას სახე ძირითადად ქვევითაა მიქცეული). თავი ბავშვის სხეულის ყველაზე დიდი ნაწილია, ამიტომ მისი დაბადება ყველაზე რთული პროცესია, ის უნდა „გამოეტიოს“ სამშობიარო გზებში, ამისთვის დედის მენჯის ძვლების სახსრები „იხსნება“ და მყესები დუნდება, შორისის კუნთები იძენენ ელასტიურობას, თავად ბავშვის თავის ქალას ძვლებს ერთამნეთთან შემაკავშირებელი ზონა ელასტიური რჩება (არ ლაგდება კალციუმი), რომ პატარას თავს შესაძლებლობა ჰქონდეს საჭიროების შემთხვევაში შეიკუმშოს.

თავის დაბადების შემდეგ ჭინთვის დროს ბავშვის სხეული 45˚-ით შემობრუნდება სახით დედის ან მარჯვენა ან მარცხენა ბარძაყისკენ, ამ დროს მისი მხრები გამოჩნდება სასქესო ხვრელიდან, შემდეგი გაჭინთვის შედეგად ერთბაშად იბადება სხეული და ფეხები, ეს ნაწილი ბავშვის სამშობიარო გზებიდან გამოდევნის ყველაზე იოლ და ნაკლებად მტკივნეულ ეპიზოდად ითვლება.

 

მთლიანად ბავშვის გამოდევნისთანავე ახლადმოვლენილი პატარა აკეთებს თავის პირველ ჩასუნთქვას. ამ დროს მისი ჩაჩუტული ფილტვების ქსოვილი იხსნება და ივსება ჰაერით, როგორც ამბობენ პირველი ჩასუნთქვა საკმაოდ მტკივნეული უნდა იყოს და ამიტომ მას თან ახლავს უკვე ახალშობილად მოვლენილი პატარას პირველი ტირილი, თუმცა არც ერთ ჩვენგანს არ გვახსოვს ეს მომენტი, ამიტომ ძნელია ზუსტი დასკვნების გაკეთება.

ამის შემდგომ მეანი გადაჭრის დედასთან მაკავშირებელ ორგანოს - ჭიპლარს, რომლითაც ნაყოფი 9 თვის მანძილზე იღებდა ყველაფერს, რაც მას სჭირდებოდა სიცოცხლისთვის - ჟანგბადს, საკვებს, ჰორმონებს, იმუნურ სხეულებს და  კიდევ ბევრ სხვა რამეს (რაც ჯერ კიდევ შესაძლოა არ იცის მეცნიერებამ).

ამის შემდგომ ახალშობილს სწრაფად ასუფთავებენ და ბანენ, გაუთავისუფლებენ  პირის ღრუს ლორწოსაგან, თვალებში აწვეთებენ 30%-იან ნატრიუმის სულფაცილს (ბლენორეისგან თავდასაცავად), მოაცილებენ ტანზე არსებულ საცხს, რომელიც მას საშვილოსნოდან გამოყვა, ჭიპლარზე ახალშობილის ჭიპის რგოლიდან 2 და 10 სანტიმეტრის დაშორებით ადებენ ორ დამჭერს, ამუშავებენ ჭიპლარს 5% იოდის სპირტხსნარით და 96% სპირტით და გადაჭრიან მას ამ ორ დამჭერს შორის. დარჩენილი ტაკვი ახალშობილს უკვე შემდგომ საშუალოდ 8-10 დღეში მოვარდება თავისით.

ნეონატოლოგ-პედიატრი ახალშობილის მდგომარეობას შეაფასებს აპგარის შკალის მიხედვით. ეს შკალა ეფუძნება ხუთი მაჩვენებლის - გულისცემის, სუნთქვის, კუნთოვანი ტონუსის, რეფლექსების და კანის ფერის - შეფასებას. ახალშობილის დამაკმაყოფილებელი/ნორმალური ჯანმრთელობა ამ შკალის მიხედვით 8-10 ქულის ფარგლებში შეფასებით დაფიქსირდება.

ამის შემდგომ ბებია ქალი ახალშობილს მოათავსებს დედის მუცელზე, ითვლება, რომ ამ გარემოში ახალშობილს უადვილდება მშობიარობისგან გამოწვეული სტრესის გადალახვა, ის უსმენს იმ ნაცნობ ხმას - დედის გულისცემას - რომელიც მას მთელი საშვილოსნოსშიდა „ცხოვრების“ მანძილზე ესმოდა და რაც მისთვის სიმშვიდის და კმაყოფილების გარანტი იყო. ასევე განიხილება შესაძლებლობაც, რომ პირველი ინფექციური ფონი, რომელთანაც სტერილური გარემოდან გამოსულ ახალშობილს შეხება ექნება, ეს დედის მიკროფლორა აღმოჩნდება, რომლისადმი ჯერ კიდევ საშვილოსნოსშიდა ცხოვრების პერიოდში გადაეცა მას იმუნიტეტი.

მესამე ეტაპი - მომყოლის დაბადება

მესამე ეტაპი ყველაზე უმტკივნეულო და ხანმოკლეა, იგი მოიცავს ნაყოფის დაბადების შემდგომ საშვილოსნოში დარჩენილი პლაცენტის აშრევებას და დარჩენილ ჭიპლართან და სანაყოფე პარკთან ერთად გარეთ გამოდევნას. პლაცენტა, დარჩენილი ჭიპლარი და სანაყოფე პარკი მომყოლის სახელწოდებითაა ცნობილი. ეს ეტაპი იწყება ბავშვის დაბადებიდან 10-20 წუთის შემდგომ.  მომყოლის დაბადებისთვის ქალს ისევ გაჭინთვა უხდება, რადგან საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვაა კვლავ საჭირო ამ წარმონაქმნის სასქესო გზებიდან გამოდევნისთვის. მომყოლის აშრევება ხდება საშვილოსნოს ლორწოვანის სისხლძარღვებთან კავშირის გაწყვეტის შედეგად, ამიტომ მომყოლთან ერთად ქალის საშვილოსნოდან გამოიყოფა 300 მლ სისხლი, რომელიც ამ კავშირების გაწყვეტის გამო გამოიყოფა საშვილოსნოს ღრუში, მაგრამ ეს ფიზიოლოგიურ სისხლდენად ითვლება და არ საჭიროებს ჩარევას.

როგორ აშრევდება პლაცენტა - რამდენად სრულად და რამდენად ჩაიკეტება აშრევების შემდეგ საშვილოსნოს ლორწოვანის სისხლძარღვები - განაპირობებს იმას, განუვითარდება თუ არა ქალს მშობიარობის შემდგომი  პათოლოგიური სისხლდენა. თუ ბავშვის დაბადებიდან 30 წუთის შემდგომ მომყოლი თავისით არ დაიბადება, მაშინ საჭირო ხდება მეანის ჩარევა.

დაბადების შემდგომ ხდება პლაცენტის დათვალიერება და შეფასება, ეს ეხმარება მეანს - შეაფასოს ხომ არ დარჩა საშვილოსნოში პლაცენტის ნაწილი (ამ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ენდომეტრიტი და მშობიარობის შემდგომი სისხლდენა) და პედიატრ-ნეონატოლოგს - სწორად დაინახონ ახალშობილის განვითარების ხელისშემშლელი მოსალოდნელი რისკები, რადგან თუ პლაცენტას აქვს ქრონიკული ჰიპოქსიური მდგომარეობაში განვითარებისთვის დამახასიათებელი შენება, არის მასში სისხლჩაქცევები და გადაგვარებული უბნები, მაშინ ქრონიკული ჰიპოქსიისგან გამოწვეულ ფუნქციურ დარღვევებს უნდა ველოდოთ ახალშობილშიც და მათ დროულად უნდა ვუმკურნალოთ.

მომყოლის დაბადების შემდგომ მეანი ათვალიერებს მშობიარის საშვილოსნოს ყელს, გარეთა სასქესო ორგანოებს და შორისს, თუ აქ ქალს აღენიშნება ჩახევები და/ან ჩაჭრილი უბნები, მაშინ მეანი ამუშავებს და კერავს მათ. ამის შემდგომ მშობიარე ქალს მუცელზე ადებენ ყინულებით სავსე სათბურს და 1.5-2 საათი ტოვებენ სამშობიარო დარბაზში, რათა დააკვირდნენ, რომ მას არ განუვითარდეს მშობიარობის შემდგომი სისხლდენა.



ხშირად დასმული კითხვები

  • როგორ გაიგებს ორსული, რომ მას უკვე მშობიარობა დაეწყო?

    სამშობიარო მოქმედების დაწყება ორსულმა შესაძლოა აღიქვას სამი სიმპტომიდან ერთ-ერთის გამოჩენით:

    1. რეგულარული სამშობიარო შეტევების დაწყებით - ეს არის საკმაოდ ძლიერი ტკივილის და დაქაჩვის შეგრძნება ბოქვენის არის მიღმა, რომელიც 15-20 წამს გრძელდება, რეგულარულია და მათ შორის შუალედი 20-30 წუთია. თუ ასეთი შეგრძნება გამოჩნდა, მაგრამ ხუთი-ექვის შეტევის შემდეგ გადაიარა, ეს ნიშნავს, რომ ჯერ წინა-სამშობიარო ტკივილებია და მშობიარობის ფაზა არ დაწყებულა;

    2. სანაყოფე წყლების დაღვრით - როდესაც ქალი ბარძყების შიდა ზედაპირზე გრძნობს სითხის ნაკადს ან ტუალეტზე მოშარდვის გარეშე სასქესო გზებიდან გამოყოფს სითხეს (ხშირად სამშობიარო შეტევა კუჭში გასვლის გრძნობას გავს, ამ მიზნით ორსული ჯდება ტუალეტზე და ამ დროს დაიღვრება სანაყოფე წყლები);

    3. საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი საცობის გამოყოფით - როდესაც ორსული ქალის სასქესო გზებიდან ერთბაშად გამოიყოფა ლორწოვანი ან ლორწოვან-სისხლიანი გამონადენის ნაფლეთი.

  • რამდენ ხანში უნდა დამთავრდეს მშობიარობა, რა ითვლება ნორმად?

    ძალიან მნიშვნელოვანია მშობიარობს ქალი პირველად, თუ ეს განმეორებითი მშობიარობაა.

    თუ ქალი პირველმშობიარეა ფიზიოლოგიური სამშობიარო მოქმედება მთლიანად ნორმის ფარგლებში შესაძლოა გაგრძელდეს მაქსიმუმ 12-16 საათი, აქედან: 

    10-14 საათი შესაძლოა გასტანოს სამშობიარო შეტევებმა - ამ დროით მონაკვეთში პირველი 6 საათის განმავლობაში საშვილოსნოს ყელი გაიხსნება 2 თითზე, შემდეგი 2 საათის მანძილზე - 3 თითზე და ბოლო 3 საათის განმავლობაში - გახსნა 4 თითზე დაფიქსირდება და დაიღვრება სამშობიარო წყლები;

    30-40 წუთი - ნაყოფის დაბადების პროცესმა, რომლის შემდგომ დგება შესვენების დრო - 20 წუთი, შემდეგ ახალი ჭინთვების ტალღა წარმოიქმნება და დაიბადება მომყოლიც - 15 წუთში.

    განმეორებით მშობიარეებში სამშობიარო მოქმედება გასტანს 8-9 საათს, აქედან სამშობიარო შეტევების ხანგრძლივობა შემოკლდება 6-7 საათამდე, ნაყოფი დაიბადება 15-20 წუთში, მოცდის და მომყოლის დაბადება ზუსტად იგივე დროით მონაკვეთში განხორციელდება.

  • როდის უნდა მიმართოს სამშობიაროს ორსულმა ქალმა დაუყოვნებლივ?

    ორსული დაუყოვნებლივ მიმართავს სამშობიაროს, თუ:

    ორსულმა ქალმა  დაღვარა წყლები (წყლების დაღვრიდან 2 საათის შემდეგ ნაყოფი საშვილოსნოში უკვე მწვავე ჰიპოქსიას განიცდის და იზრდება მისი დაზიანების რისკი);

    ორსულ ქალს აქვს სამშობიარო შეტევები (თუნდაც არარეგულარული) უკვე 48 საათია;

    ორსულ ქალს აქვს რეგულარული სამშობიარო შეტევები, რომელთა შორის შუალედი 10-15 წუთამდე მერყეობს;

    ორსულ ქალს აქვს გამონადენი - ლორწოვან-სისხლიანი ან სისხლიანი.

    გასათვალისწინებელია, რომ  ასეთი სიმპტომატიკის არსებობისას უმჯობესია რაც შეიძლება ახლომდებარე სამშობიაროს მიმართვა (გზამ ნახევარ საათზე მეტი არ უნდა დაიჭიროს) და ორსულის გადაყვანა სამშობიარომდე განხორციელდეს სასწრაფო დახმარების მანქანით. 

     

  • რა პროცედურები უტარდება ორსულ ქალს უშუალოდ მშობიარობამდე სამშობიარო სახლში?

    სამშობიარო სახლში ორსულ ქალს მიმღებში გასინჯავს მეანი, თუ გადაწყდა, რომ მშობიარობის დროა - მას გახდიან ტანსაცმელს და ჩააცმევენ სამშობიარო ხალათს და ჩუსტებს, ჩაუტარებენ ჰიგიენურ პროცედურებს - ბოქვენის არის ჩაპარსვასა და კუჭ-ნაწლავის გამორეცხვას ოყნის საშუალებით. ამის შემდგომ, თუ სამშობიარო შეტევები აქტიურ ფაზაშია და ორსული 2 თითზე მაინცაა გახსნილი - მას გადაიყვანენ წინასამშობიარო ბლოკში; თუ სამშობიარო შეტევები ლატენტურ ფაზაშია და გახსნა ჯერ არაა 2 თითზე - ქალს ჯერ მოათავსებენ პალატაში. მეანი კლინიკური სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვეტს გაუკეთდეს თუ არა ქალს "დამაჩქარებელი" საშუალებები. ზუსტად ამ დროს უნდა გადაწყდეს იკეთებს თუ არა ქალი გაუტკივარებას.

    ყოველივე ამის შემდგომ ორსულ ქალს პერიოდულად სინჯავს მეანი და ამოწმებს რამდენადაა გახსნილი საშვილოსნოს ყელი. როგორც კი აღინიშნება ყელის სრული გახსნა ან დაიღვრება სანაყოფე წყლები, მშობიარეს სასწრაფოდ გადაიყვანენ სამშობიარო ბლოკში და მოათავსებენ გინეკოლოგიურ სავარძელზე. 

© 2015 ყველა უფლება დაცულია